თამარის მონეტები, თამარის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტები. იჭრებოდა ორნაირი სახის – „წესიერი" და „არაწესიერი" ჭედვისა. პირველი მრგვალი ფორმისა და გარკვეული მასისაა, ხოლო მეორე – სხვადასხვა ფორმისა და მასის. ეს ე. წ. „ვერცხლის კრიზისის" ხანაა და ამ დროს მთელ მახლობელ აღმოსავლეთში იჭრებოდა„არაწესიერი"ფორმისა და სხვადასხვა მასის სპილენძის მონეტები, რ-ებიც ბაზარზე ვერცხლის იძულებითი კურსით მიმოიქცეოდა. თამარის სახელი პირველად მეფე გიორგი III-ის ფულზეა გამოსახული, თანამმართველად მისი გამოცხადების შემდეგ (1178). სპილენძის მონეტა „არაწესიერი" ჭედვისაა. მის ერთ მხარეს, წნული ხვეულების ვარდულში, დაქარაგმებული ასომთავრულით წერია სახელი „თამარ", ვარდულის ბუდეებში ასევე ასომთავრულით – „ადიდენ ღმერთმან მეფე და დედოფალი". მეორე მხარეს, ვარდულის ცენტრში, ასომთავრული წარწერაა – „გი", გარშემო – „ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფე". 1184 თამარი საქართვ. მეფე გახდა და თავისი სახელით მოჭრა სპილენძის „არაწესიერი ჭედვის" მონეტა, რ-ის შუბლზე მხედრულით გამოსახულია თამარის სახელი, გარშემო ასომთავრულით – „სახელითა ღვთისათა, იქნა ჭედა ვერცხლისი ამის, ქორონიკონსა ოთხასშვიდს" (1187) ან „ქორონიკონსა ოთხასოცდაათს" (1210); ზურგზე ხუთსტრიქონიანი არაბ. ზედწერილია: „დედოფალი დიდებული, მშვენიერება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი, განადიდოს ღმერთმან ძლევანი მისნი", ხოლო გარშემო არაბულადვე: „განადიდოს ღმერთმან დიდება მისი, განაგრძოს ჩრდილი მისი და განამტკიცოს კეთილდღეობა მისი". თამარისა და დავით სოსლანის სახელით 1200 მოჭრილი სპილენძის ფული „წესიერი" ჭედვისაა, მისი მასაა 6–7 გ. შუბლზე დროშისთავის მსგავსი ფიგურული ნიშანია, რ-ის ორივე მხარეს მთავრულით დაქარაგმებულია თამარისა და დავითის სახელები; კუთხეებში „ქრონიკონი 420" (1200) ან, იშვიათად, მის გარშემო ზურგზე არაბული, ოთხსტრიქონიანი ზედწერილია: „დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი". თ. მ. საქართველოში ნაპოვნია როგორც ერთეულები, ისე განძის სახით (ვეჯინის), აგრეთვე ქართ. ფულის დიდი განძის შემადგენლობაში (რუსთავის, „განჯისკარის", ლილოს,„რიყის", ნიჩბისის).
ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანიაი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; ლ ო მ ო უ რ ი თ., ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938.
ი. ჯალაღანია