გორგაძე სერგი რომანოზის ძე (1876, სოფ. ილემი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 1929, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა ქუთ. სას. სასწავლებელი (1890), შემდეგ – თბილ. სას. სემინარია (1897) და სწავლა განაგრძო ყაზანის სას. აკად. ისტ. ფაკტზე. მისი უმთავრესი ისტ. ნაშრომებია: „წერილები საქართველოს ისტორიიდან" (წგ. 1–2, 1906–08), „საქართველოს მე-18 ს. სამხედრო ისტორიის მასალები" (1927) და სხვ. გ. ავტორია ქართ. ვერსიფიკაციის პირველი სისტემ. კურსისა („ქართული ლექსი", 1930), რ-შიც განხილულია მახვილის, მეტრიკის, სტროფიკის, რითმისა და ლექსის კომპოზიციის საკითხები. გ-მ შეადგინა ქართ. ლიტ-რის ქრესტომათიები: „ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია" (1915), „ჩვენი ახალი მწერლობა" (წგ. 1–2, 1917–18) და სხვ. მანვე გამოსცა ბესიკის თხზულებანი (1912), ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა" (1914), იაკობ ხუცესის (ცურტაველის) „შუშანიკის წამება" (1917). საყურადღებოა გ-ის გამოკვლევა „ქართული სადასიტყვაობა" (1915), რ-იც ქართ. წინადადების საკითხებს ეძღვნება. თავისი დროისათვის ძალზე საჭირო წიგნად იყო მიჩნეული აგრეთვე მისი „ქართული მართლწერა" (1916). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: საქართველოს ეკლესია და მისი დასაწყისი, «მოამბე», 1905, №3, 4, 5; ქართული წყობილსიტყვაობა, ტფ., 1912; ქართული ლექსი, თბ., 1930.
ლიტ.: ა ბ ა შ ი ძ ე ზ., სერგი გორგაძე ქართლის მოქცევის ქრონოლოგიის შესახებ, თბ., 1997; მ ი ს ი ვ ე, სერგი გორგაძე ქართული ეკლესიის იერარქიული მდგომარეობის შესახებ (IV–VI სს.), თბ., 1997; გ ა წ ე რ ე ლ ი ა ა., რჩეული ნაწერები, ტ. 2, თბ., 1965; გ რ ი გ ა ლ ა შ ვ ი ლ ი ლ., სერგი გორგაძე, კრ.: ძველი ქართული მწერლობის მკვლევარნი, თბ., 1986.
თ. დოიაშვილი