თბილისი

თბილისი – ზოგადი ცნობები. ქალაქის მმართველობა. ბუნება. მოსახლეობა.

თბილისის საერთო ხედი
თბილისის სიმბოლური გასაღები
თბილისის დროშა
თბილისის საკრებულო
თბილისის გერბი.
 

ზოგადი ცნობები. (1936-მდე – ტ ფ ი ლ ი ს ი). თ., საქართველოს დედაქალაქი. ქვეყნის პოლიტ.- ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტ.-საგანმან. და სამეცნ. ცენტრი, საქართვ. პრეზიდენტის, მთავრობისა და აღმასრ. ხელისუფლების სხვა ორგანოების, საქართვ. უზენაესი სასამართლოს, სხვა სახელმწ. დაწესებულებების ადგილსამყოფელი.

ქალაქის მმართველობა. ქალაქის მართვა ხორციელდება თვითმმართველობის პრინციპის საფუძველზე. ადგილ. თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თ. არის მუნიციპალიტეტი – თვითმმართველი ქალაქი, რ-იც სარგებლობს საჯარო სამართლის იურიდ. პირის სტატუსით. თ-ის მუნიციპალიტეტს კოდექსით მინიჭებული აქვს არსებითად სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსი უფლებამოსილებები და ფინანს. და ქონებრივი გარანტიები (იხ. თვითმმართველობა).

თ-ში თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს – ს ა კ რ ე ბ უ ლ ო ს და აღმასრ. ორგანოთა სისტემის – მ ე რ ი ი ს მეშვეობით. მერია აერთიანებს ქალაქის მერს, ქალაქის მთავრობას, მერიის სტრუქტურულ ერთეულებს და ქალაქის რაიონების გამგეობებს. მერი არის მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი და უმაღლესი აღმასრ. ორგანო. მერი თავმჯდომარეობს ქალაქის მთავრობას, შემადგენლობაში შედიან მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და რაიონების გამგებლები. საკრებულოს და მერს ირჩევენ საყოველთაო, თავისუფალი, რომლის თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით. საკრებულოს შემადგენლობაში შედის პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული 25–25 დეპუტატი.

ადმინისტრაციულად თ. დაყოფილია 10 რაიონად: გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის. თ-ის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულია მის შემოგარენში მდებარე რამდენიმე ათეული სოფელი.

თ-ს აქვს გერბი, დროშა და სხვა სიმბოლოები. იგი უცხოეთის მრავალ ქალაქთან დაკავშირებულია მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებით. 1979 დაწესდა თ-ის საპატიო მოქალაქის წოდება.

ი. კობახიძე

ბუნება. თ. მდებარეობს აღმ. საქართველოში, მტკვრის ორივე მხარეს, თბილისის ქვაბულში, ზ. დ. 380–750 მ სიმაღლეზე, ჩრდ. განედის 41041' და აღმ. გრძედის 44047'- ზე. ქალაქს აღმ-ით, სამხრ-ით და ნაწილობრივ დას-ით ესაზღვრება გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ჩრდ-ით და დას-ით – მცხეთის მუნიციპალიტეტი. ფართ. 505 კმ². აქედან განაშენიანებულია ტერიტ. დაახლ. 40%. მოსახლ. 1081,7 ათ. კაცი (საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგების მიხედვით).

თ-ს საკვანძო ადგილი უჭირავს საქართვ. ერთმანეთისაგან განსხვავებულ ლანდშაფტურ რეგიონებს შორის. აქ თავს იყრის დიდი ფიზ.- გეოგრ. ერთეულები: თრიალეთის ქედი, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის ვაკეები, ივრის სტეპური ზეგანი და სხვ. ქალაქს ჩრდ-ით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრ. მთისწინეთი, აღმ-ით – ივრის ზეგნის ჩრდ.-დას. მონაკვეთი, დას-ით და სამხრ-ით – თრიალეთის ქედის განშტოებები. ვრცელია თ-ის მიდამოების საზღვრები. იგი მოიცავს თ-ის ქვაბულს და მის ფარგლებსაც შორდება. საზღვარი ჩრდ-ით გაუყვება საწკეპელას, არმაზისა და საგურამოს ქედებს, აღმ-ით – მდ-ების საცხენისისა და ლოჭინის ხეობებს, სამხრ-ით – თელეთისა და კოჯრის ქედებს, დას-ით გადაკვეთს მდ. ვერეს და უერთდება საწკეპელას ქედს.

თ-ს ჩრდ.-დას-იდან სამხრ.-აღმ-კენ კვეთს მდ. მტკვარი, რ-ის ხეობის გამომუშავებაში უდიდესი როლი შეასრულა ეროზიულ-დენუდაციურმა პროცესებმა. მათი კვალი კარგადაა აღბეჭდილი მტკვრის ტერასების სახით. რელიეფში ნათლადაა გამოხატული მდინარის მარჯვ. და მარცხ. მხარეებს შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებანი. მარჯვ.მხარე უფრო მაღლა მდებარეობს, უმეტესად მთაგორიანია; რელიეფი ძირითადად წარმოდგენილია თრიალეთის ქედის ანტიკლინური განშტოებებით და მათ შორის მოქცეული სინკლინური ხევებითა და ხეობებით. რელიეფი უფრო ციცაბოა, ძლიერ არის დაღარული მდინარეთა ხეობებითა და ხრამებით. მარცხ. მხარეს შედარებით დაბალი მდებარეობა აქვს, რელიეფი უფრო ნაზია, უმეტესად დანაწევრებულია მცირე სიღრმის ხევებითა და ხრამებით.

თ-ის სამხრ. საზღვარზეა თელეთის ქედი. მასზე აღმართული მთებიდან თავისი მოხდენილი მდებარეობით გამოირჩევა შავნაბადა (825 მ), რ-იც ზემოდან დაჰყურებს კუმის-წალასყურის ვაკეს და ქედის სამხრ. ფერდობზე შეფენილ სოფლებს. დას-ით თელეთის ქედის გაგრძელებაა კოჯრის ქედი, რ-ის სამხრ. კალთაზე აღმართულია მწვ. აზეულა (1351 მ). თ-ის სამხრ. ნაწილშია ფონიჭალის (სოღანლუღის) ვაკე და სოფ. ფონიჭალა.

თელეთის ქედის ჩრდ-ით მდებარეობს კრწანისის ვაკე. თავისი აღმ. დაბოლოებით თ-ის ფარგლებში შემოდის და თითქმის მტკვრის ნაპირამდე აღწევს მდ-ების წავკისისწყლისა და კრწანისისხევის წყალგამყოფი თაბორის ქედი. რელიეფის საინტერესო ფორმაა სოლოლაკის ქედი, რ-იც დას. ბოლოთი მთაწმინდის ქედს უკავშირდება, ხოლო აღმ. ფლატოვანი ფერდობით ებჯინება მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირს. მთაწმინდის ქედის სამხრ.-დას. ნაწილში აღმართულია უძო (1419 მ), ჩრდ. კალთაზეა კუს ტბა. ქედის სამხრ. ფერდობი თანდათან გადადის წავკის-ოქროყანის დახრილ და დახრამულ ვაკეში. მთაწმინდის ქედის ჩრდ-ით მდებარეობს ვერის ხეობა, რ-ის მარცხ. ნაპირს გაუყვება ნაციხრისსერი. ვერის ხეობის მარჯვ. მხარეს გაშენებულია თ-ის უბნები – ვაკე და ბაგები, მარცხ. მხარესაა ახალგაზრდა დანალექებით დაფარული საბურთალოს ვაკე, რ-იც დას-ით დელისის ვაკით მთავრდება. დელისს ჩრდ-ით საზღვრავს უზუმბარის სერი, რ-ის კალთები განაშენიანებულია (ე. წ. ნუცუბიძის პლატო).

მდინარე მტკვარი.

მტკვრის მარჯვ. მხარეს აღმართულია მდ-ების ვერისა და დიღმისწყლის წყალგამყოფის, მსხალდიდის ქედის აღმ. მონაკვეთი – ლისის ქედი, რ-ის ჩადაბლებულ ნაწილზე, ტაფობში, მდებარეობს ლისის ტბა. ტაფობის ჩრდ-ით, მდ. დიღმისწყლის მარჯვ. მხარეს, ვაშლიჯვრის დასახლებაა, მარცხ. მხარეს გაშლილია დიღმის ვაკე; მის გაგრძელებას მტკვრის მარცხ. სანაპიროზე წარმოადგენს დიდუბის ვაკე.

განსხვავებული რელიეფია მტკვრის მარცხ. მხარეს. აქ ერთადერთი მთიანი ადგილია საგურამოს ქედი, უმეტესი ნაწილი კი უჭირავს ივრის ზეგნის ჩრდ.-დას. მონაკვეთს – ბორცვიან-ტალღოვან ვაკეს, რ-იც ვრცელდება საგურამოს ქედის გაყოლებით მდ. ლოჭინიდან ავჭალა-გლდანამდე. ზეგნის რელიეფში შეხამებულია მცირე სიმაღლის მთები (ქაშვეთის გორა, წელუბანი, პატარა გორა, დიდი გორა, კვირიკობის მთა, ძეძვი, ყეენი, მახათა), დაბალი სერები, ბრტყელძირიანი ტაფობები და მშრალი ხევები და ხეობები. ზეგანზე მიედინება მდ-ები: გლდანისხევი, ხევძმარი, ორხევი, ლოჭინი და სხვ. ვრცელი ტაფობი უჭირავს თბილისის წყალსაცავს, გაყვანილია სამგორის სარწყავი სისტემის არხები. მტკვრის მარცხ. მხარეს ყურადღებას იქცევს ახალგაზრდა, ფხვიერი ნალექებით დაფარული ავჭალის ვაკე, სადაც მდებარეობს ავჭალისა და გლდანის დასახლებები.

საგურამოს ქედის სამხრ. მთისწინა სერების კალთებსა და ივრის ზეგნის ჩრდ.-დას. კიდეზე აღმართული გორაკ-ბორცვების ფერდობებზე შეფენილია თ-ის უბნები: მუხიანი, ზღვისუბანი (ყოფ. თემქა), ნაძალადევი, ჩუღურეთი, კუკია, ელია და სხვ. თ-ის წყალსაცავის სამხრ.-აღმ-ით ვარკეთილის, ორხევის, ლილოს და სხვ. დასახლებებია.

ქალაქისა და მისი მიდამოების რელიეფისათვის დამახასიათებელია მეწყრული მოვლენები, შეიმჩნევა ანთროპოგენური რელიეფიც, რაც უმეტესად ხელოვნური ტერასებით არის გამოხატული. ასეთი ტერასები (მთაწმინდის ქედის, მახათას, ძეძვის, ყეენის, ლოტკინის გორასა და სხვა ფერდობებზე) ქალაქის ორივე მხარესაა. თ-ს ადრე რამდენიმე მცირე მდინარე კვეთდა. ასეთი იყო ავანაანთხევი, ეკალხევი, ვარდისუბნისხევი, ვარაზისხევი (მარჯვ. მხარე), კუკიისხევი, ჩუღურეთისხევი, დოლაბაურისხევი (მარცხ. მხარე) და სხვ. ეს ხევები ძლიერი წვიმის დროს ივსებოდა წყლით, რ-იც ძლიერ ნაკადად ეშვებოდა ფერდობებიდან და დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს. ამჟამად ყველა ეს ხევი გადახურულია (ზოგიერთი – ამოვსებულიც) და მათ ზემოთ მოასფალტებული ქუჩები და ბაღებია გაშენებული.

თ-ისა და მისი შემოგარენის რთული და მრავალფეროვანი რელიეფი გარკვეულ სიძნელეს ქმნის ქალაქის განაშენიანებისათვის, მეორე მხრივ, განუმეორებელ სილამაზეს ანიჭებს ქალაქს.

საქართვ. ტერიტ., როგორც კავკ. რეგიონის განუყოფელი ნაწილი, მაღალი ს ე ი ს მ უ რ ი  ა ქ ტ ი ვ ო ბ ი თ გამოირჩევა. თ-ის ფარგლებში XIII ს-იდან აღნუსხულია 1000-მდე მიწისძვრა, რ-თა ეპიცენტრები სხვა რ-ნებშია. ადგილ. გეოლ. პირობების გათვალისწინებით ქალაქის მიდამოებში გამოყოფილია 6, 7 და 8-ბალიანი (4–6 მაგნიტუდის) სეისმური უბნები.

თ-ის მიდამოებში არის ნავთობი (იხ. თბილისის ნავთობის საბადოები), ღრმა ცირკულაციის ცხელი გოგირდიანი წყლები (იხ. თბილისის თერმული წყლები), ცივი გოგირდწყალბადიანი წყლები, არაღრმა ცირკულაციის გრუნტის წყლები, საშენი მასალა (სააგურე-საკრამიტე თიხა, გაჯი, კვარციანი ქვიშაქვა), მარილები (მირაბილიტი).

„ჰ ა ვ ი თ ა არს მშვენი და მხიარული... ზაფხულს ცხელი და არა გაუძლისი. ზამთარ ცივი. გაზაფხულ-შემოდგომა მშვენი და სატრფო", – ასე ახასიათებს თ-ის ჰავას ვახუშტი ბატონიშვილი. ქალაქი და მისი მიდამოები მდებარეობს ზომიერად მშრალი სუბტროპ. ოლქის აღმ. პერიფერიაზე. სუბტროპ. ზონაში მდებარეობა და მცირე ღრუბლიანობა განაპირობებს მზის ნათების მნიშვნელოვან ხანგრძლივობას (2112 სთ წელიწადში) და ინტენსივობას წლის ყველა სეზონში, მზის რადიაციის სიუხვე კი მთელი წლის განმავლობაში – ნიადაგისა და ჰაერის საკმაოდ მაღალ ტემპ-რას. თ-ის და მისი მიდამოების ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა დაახლ. 2°C-ით აღემატება თავისი განედის ტემპ-რას. ნიადაგის ზედაპირის საშ. წლ. ტემპ-რა თ-ის ცენტრში 15°C-მდეა, ჰაერისა 12,7°C-მდე (დიღომი 12,1°C, ბოტან. ბაღი 12,5°C, მთაწმინდის პლატო 10,8°C). ყველაზე ცივი თვეა იანვარი, რ-ის საშ. ტემპ-რაა 0,9°C (დიღომი 0,3°C, ბოტან. ბაღი 1,3°C, მთაწმინდის პლატო –0,6°C). პირველი ყინვები ნოემბრის მეორე დეკადაში ჩნდება, უკანასკნელი მარტის ბოლო რიცხვებშია. აბსოლ. მინ. ტემპ-რა –23°C-მდეა (შემოგარენში –28°C). ასეთი დაბალი ტემპ-რა თ-ში იშვიათია, უფრო ხშირია –10, –12°C. ყველაზე ცხელი თვეა ივლისი, რ-ის საშ. ტემპ-რაა 24°C. ქალაქის შემოგარენში უფრო ცხელია აგვისტო. არის დღეები, როდესაც ტემპრა 30°C-ზე მეტია. აბსოლ. მაქს. ტემპ-რაა 40–41°C. თ-ის განაშენიანებულ ნაწილში და, საერთოდ, დაბალ ზონაში ჰაერის საშ. ტემპ-რა სეზონების მიხედვით ასეთია: ზამთრის საშ. ტემპ-რა 1,8°C-ია, გაზაფხულისა 11,4°C, ზაფხულისა 22,7°C, შემოდგომისა 13,6°C.

ღრუბლიანობა ზომიერია. მოღრუბლულ დღეთა რაოდენობაა 100–130 წელიწადში. ჰაერის საშ. წლ. შეფარდებითი ტენიანობა – 65–70%. ნალექების საშ. წლ. რაოდენობა 450-იდან 650 მმ-მდეა (ვაზიანი – 452 მმ, მთაწმინდის პლატო – 625 მმ), ირგვლივ მდებარე მაღალ ადგილებში – 650–900 მმ. ნალექიან დღეთა რაოდენობა დაბალ ნაწილში საშუალოდ 80–85 წელიწადში, მაღალ ნაწილში – დაახლ. 120. ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი – იანვარში.

სეზონების მიხედვით ნალექიანობა შემდეგნაირად ნაწილდება: გაზაფხულზე მოდის ნალექების წლ. ჯამის 34%, ზაფხულში – 30,2%, შემოდგომაზე – 23%, ზამთარში – 12,8%. თბილ პერიოდში, განსაკუთრებით მაისსა და ივნისში, ხშირია თავსხმა წვიმა, რ-საც თან ახლავს ელჭექი (საშ. 20–40 დღე წელიწადში), ზოგჯერ – სეტყვა (2–4 დღე). ნალექი თოვლის სახით შეიძლება მოვიდეს ნოემბრიდან აპრილამდე. თოვლიანია საშ. 15 დღე წელიწადში, თოვლის საფრის დღეღამური სიმაღლეა 1–10 სმ, მაქს. სიმაღლე – 30–40 სმ, შემოგარენში – 50 სმ.

თ-სა და მის მიდამოებში უმთავრესად ქრის ჩრდ.-დას-ისა და სამხრ.-აღმ-ის ქარი. ქარის საშ. წლ. სიჩქარე ტერიტ. დიდ ნაწილში არის 3–4 მ/წმ, სამგორის, დიღმისა და საბურთალოს გაშლილ ადგილებში – 6–7 მ/წმ, ცალკეულ შემთხვევებში ჩრდ.-დას. ქარის სიჩქარე 40 მ/წმ-ზე მეტია. ძლიერქარიანი (15 მ/წმ-ზე მეტი) დღეების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 20-მდეა. განსაკუთრებით ქარიანია გაზაფხული. წლის თბილ პერიოდში ადგილობრივი მთა-ხეობის ქარიც ქრის: დღისით – როგორც წესი, ქვემოდან ზემოთ, ხოლო ღამით – პირიქით (ამ ტიპს მიეკუთვნება ე. წ. „კოჯრის ნიავი").

ქალაქისა და მისი მიდამოების ჰავა ჯანსაღია, საუკეთესოა ადამიანის საცხოვრებლად და სამეურნეო საქმიანობისათვის. შემოგარენში ბევრი საგარეუბნო კურორტი და სააგარაკო ადგილია: კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, წოდორეთი, წყნეთი და სხვ. (იხ. აგრეთვე თბილისის კურორტების ჯგუფი).

ჰიდროგრაფიული ქსელის ხასიათის მიხედვით თ-ის მიდამოები ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: მტკვრის მარჯვ. მხარის ქსელი უფრო ხშირია. მდინარეებს ვიწრო ხეობა, მეტი ვარდნა და დახრილობა აქვთ. მარცხ. მხარეს სუსტად განვითარებული მეჩხერი ქსელია, მდინარეები ვაკის ტიპისაა, ფართოკალაპოტიანი. წყალშემკრები ტერიტ. ფართობია 3000 კმ². ზედაპირული ჩამონადენის მთავარი არტერიაა მდ. მტკვარი, რ-იც თ-ის ტერიტორიაზე დაახლ. 35 კმ-ზე მიედინება. მტკვარი ტრანზიტული მდინარეა. მისი ჰიდროლოგიური რეჟიმი უმთავრესად თ-ის ფარგლებს გარეთ ყალიბდება, ადგილობრივი ჰიდროლ. პროცესების გავლენა კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში აღინიშნება. ქალაქსა და მის შემოგარენში მტკვრის შენაკადებია: მარჯვნივ – დიღმისწყალი, ვერე, წავკისისწყალი; მარცხნივ–გლდანისხევი, ხევძმარი, ორხევი, ლოჭინი.

ჰიდროგრ. ქსელში გარკვეულ როლს თამაშობს მცირე პერიოდული მდინარეები (ვარაზისხევი, ვარდისუბნისხევი, გაბაანთხევი, ეკალხევი, ავანაანთხევი, კუკიისხევი, დოლაბაურისხევი, ჩუღურეთისხევი და სხვ.) და მშრალი ხევები, რ-ებიც მხოლოდ წვიმის დროს ივსება წყლით. მდ. მტკვრისა და მისი შენაკადების სამეურნ. გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. მათ წყალს იყენებენ სასმელად და სარწყავად, ხმარობენ მრეწველობასა და ენერგეტიკაში. ტბებს შორის მნიშვნელოვანია ლისისა და კუს ტბები. თ-ის ჩრდ.-აღმ. ნაწილში, მლაშე ტბების ადგილას, 1951 შეიქმნა თ-ის წყალსაცავი.

ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების გამო თ-ისა და მისი მიდამოების ნ ი ა დ ა გ ი  დიდი ნაირგვარობით გამოირჩევა. აქ უმთავრესად გავრცელებულია რუხი ყავისფერი, მდელოს რუხი ყავისფერი, ნეშომპალა-სულფატური (გაჯიანი), ალუვიური, ბიცობი, ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგები. თ-ის მიდამოებში ინტრაზონალურად გვხვდება სხვადასხვა ხარისხით დამლაშებული ნიადაგები, რ-თა გამოყენება შესაძლებელია მაღალი აგროტექ. ღონისძიებების ჩატარების შემდეგ. ძლიერ განვითარებულია ეროზიული პროცესები, რის გამოც დიდი ფართობი უჭირავს მცირე სისქის, ძლიერ ჩამორეცხილ, ხირხატიან ნიადაგებს. მათ ზედაპირზე გაშიშვლებულია სხვადასხვა ქანი. თ-ის პარკებსა და ბაღებში გვხვდება სხვადასხვა ხარისხით გაკულტურებული ნიადაგი, რ-საც მთლიანად დაკარგული აქვს ბუნებრივი სახე და ამა თუ იმ ნიადაგის კულტ. ვარიანტს წარმოადგენს.

თ. ცენტრ. ამიერკავკ. ფლორისტულ რაიონში მდებარეობს. მისი მიდამოების ფ ლ ო რ ა (უმაღლესი მცენარეები ხავსების გამოკლებით – მცირე რაოდენობით გვიმრანაირები და შიშველთესლოვანები, ძირითადად ფარულთესლოვანები) 2000-მდე სახეობას ითვლის. რაოდენობრივად, წამყვანი ოჯახებისა და გვარების მიხედვით, თ-ის მიდამოების ფლორა აღმ. ხმელთაშუაზღვის, წინა აზიისა და აღმ. ამიერკავკ. ფლორის მსგავსია. აქა-იქ გვხვდება ჩრდ. ფართოფოთლოვანი და ტაიგის ფლორის წარმომადგენლები.

თ-ის ფლორაში გვხვდება როგორც ვიწრო ლოკალური, ისე ფართოდ გავრცელებული ენდემური მცენარეები. ბევრია აგრეთვე ცენტრ. და სამხრ. კავკასიის ენდემი. მათ ნათესაური კავშირი აქვთ ევრ. სტეპურ, წინააზიურ, მცირე აზიურ, აღმოსავლეთამიერკავკასიურ, პალეოარქტიკულ, ჰოლარქტიკულ, ხმელთაშუა ზღვის და კოლხურ ფლორასთან. ქალაქის მიდამოები მეცნიერებისათვის მანამდე უცნობი რამდენიმე სახეობების აღწერის კლასიკური ადგილია.

თ-ის მიმდებარე ტერიტ. გამოირჩევა მცენარეთა თანასაზოგადოებების (ფიტოცენოზების) დიდი მრავალფეროვნებით, რაც გამოწვეულია ამ მიდამოების განსაკუთრებული გეოგრ. მდებარეობით (გამოხატულია აღმ. საქართველოს თითქმის ყველა ლანდშაფტის თავისებურება). მცენარეული საფრისათვის დამახასიათებელია ნახევრად უდაბნოსა და სტეპის (ველის) მცენარეულობა, სიმშრალის მოყვარული ბუჩქნარი, ფართოფოთლოვანი ტყე და სხვა მცენარეული ტიპები.

თ -ის მიდამოებში, 500–800 მ სიმაღლეზე (მცხეთის მიდამოები, კარსანი), შემორჩენილია წარსულში შედარებით ფართოდ გავრცელებული მშრალი ნათელი ტყეები, მდელოს მცენარეულობა მეორეულია და გავრცელებულია მთის ქვედა და ზედა სარტყლის ტყისა და ჭალის ტყის ადგილზე. იქვე გვხვდება წყლისა და ჭაობის მცენარეულობაც.

მოსახლეობა. თ-ის თანამედროვე ტერიტორიაზე ადამიანის დამკვიდრება და შემდგომ აქ მსხვილი დასახლ. პუნქტის გაჩენა-განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული საქართვ. მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან. ისტ. ცნობების თანახმად ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა და ეთნიკური შემადგენლობა სხვადასხვა პერიოდში მკვეთრად იცვლებოდა საქართვ. სოც.-პოლიტ. გარემოებათა შესაბამისად.

1926 (უფრო ადრინდელი მონაცემები მოცემულია ცხრილში) თ-ის მოსახლეობამ შეადგინა 294,0 ათ. კაცი, 1939 – 519,8 ათ., 1959 – 703,0 ათ., 1970 – 891,9 ათ., 1979 – 1056,0 ათ., 1989 – 1243,0 ათ. საქართვ. მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნ. საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგების მიხედვით თ-ში, მერიის ფარგლებში, მოსახლეობამ შეადგინა 1081679 კაცი (საქართვ. მთელი მოსახლეობის 24,9%), სიმჭიდროვემ 1 კმ 2-ზე – 4425,8 კაცი.

თ. უძველესი დროიდან გამოირჩევა მოსახლეობის ეთნ. სიჭრელით. 2002 აღწერის მიხედვით, დედაქალაქში ცხოვრობდა: ქართველი – 910712 (მთელი მოსახლ. 84,2%), სომეხი – 82586 (7,6%), რუსი – 32580 (3%), იეზიდი – 17116 (1,6%), აზერბაიჯანელი – 10942 (1,0%), ოსი – 10268 (0,9%), ბერძენი – 3792 (0,35%), უკრაინელი – 3328 (0,3%), აგრეთვე აფხაზები, ებრაელები, ქისტები და სხვ.

თ-ის მოსახლ. სარწმუნოების მიხედვით კი შემდეგნაირად განაწილდა: მართლმადიდებელი სარწმუნოებისა იყო 988664 კაცი, კათოლ. – 2715, სომხ.-გრიგორიანული – 51687, მაჰმადიანური – 11438, იუდეური – 2320. 2002 აღწერით ყოველ ათას მამაკაცზე მოდიოდა 1214 ქალი, 100 წლისა და მეტი ასაკისა იყო 35 კაცი, აქედან – 9 მამაკაცი და 26 ქალი.

რ. გაგნიძე

გ. გიგინეიშვილი

ი. კობახიძე

ე. ლოლუა

გ. ნახუცრიშვილი

დ. უკლება

მ. შევარდნაძე

შ. ჯავახიშვილი

 

II. ისტორია.

„ვახტანგ გორ­გასალი". მხატვარი გ. გ ე­ გ ე ­ჭ კ ო ­რ ი

მტკვრის შუაწელის ტაფობი, რ-ზეც გაშლილია ახლანდ. ქალაქი თ., თავისი ბუნებრივ-გეოგრ. ხელსაყრელი პირობების გამო მოსახლეობამ უძველესი პერიოდიდანვე აითვისა. ძვ. წ. V–IV ათასწლეულიდან დაწყებული მტკვრის ორივე სანაპირო უწყვეტად იყო დასახლებული იმ დრომდე, ვიდრე თ. ქალაქურ დასახლებად გადაიქცეოდა. ეს დასტურდება იმ არქეოლ. გათხრებით, რ-ებიც ახლანდ. ქალაქის ტერიტორიაზე მრავალი ათეული წელიწადია ტარდება. თ-ის ტერიტორიაზე ნასახლარები 6000 წლის წინა პერიოდით თარიღდება. ნუმიზმატიკური და არქეოლ. მასალის საფუძველზე ფიქრობენ, რომ ახ. წ. I–II სს-ში თ-ის ტერიტორიაზე უნდა წარმოქმნილიყო ქალაქური ტიპის დასახლება (იხ. სტ. თბილისის არქეოლოგიური ძეგლები). IV ს-ში აქ ციხე იყო, რ-იც ამავე საუკუნის 70-იან წლებში სასანური სპარსეთის დიდმოხელის – პიტიახშის რეზიდენციას წარმოადგენდა.

V ს. შუა წლებიდან თ. ქართლის მეფეთა ხელშია, ხოლო V ს. ბოლოს უკვე ქალაქად იქცა. ეს მოვლენა ვახტანგ I გორგასლის სახელთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მცხეთიდან სანადიროდ გამოსული ვახტანგი ტყეში შემთხვევით წააწყდა ცხელ გოგირდოვან წყაროს, რ-შიც მისი შევარდენი ნანადირევი ხოხბითურთ ჩაიფუფქა. მეფეს მოეწონა ადგილმდებარეობა და ბრძანა აქ ქალაქის აშენება, რ-საც თბილი წყაროების გამო „თბილისი“ უწოდა. მისმა მემკვიდრემ დაჩი უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაასრულა ზღუდე-გალავნის აგება და, მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თ-ში გადმოიტანა.

ძველქართულად ქალაქს „ტფილისი“ ("ტფილი"-დან) ერქვა და ამ სახელწოდებით გავრცელდა იგი სხვა ხალხთა ენებში (რუსულსა და ევროპულში – „ტიფლის“; არაბულ-სპარსულში – „თიფლის“; სომხურში – „ტფღის“; ბერძნულში – „ტეფილის“). მაგრამ, გარდა ამ ჩვეულებრივი სახელწოდებისა, ისტორიულად დასავლელი ქართველები (მეგრელ-ჭანები, სვანები) მას „ქართის“ უწოდებდნენ, ქართლის სამეფოს უძველესი ცენტრის „ქართლის“ (არმაზის) მიხედვით. თ-ის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდ. „აბანოთუბანი“). სამხრ.-აღმ-ით ქალაქი შემოფარ` გლული იყო ბაღებით, ჩრდ.-აღმით მტკვარი საზღვრავდა, სამხრ.- დას-ით – თაბორის ქედის კალთები, სამხრ-ით კი – წავკისისწყალი (იხ. ლეღვთახევი). IV საუკუნეშივე წარმოიშვა თ-ის მეორე უბანი კალა ციხითურთ. შემდგომში ქალაქი იზრდებოდა მტკვრის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. ზრდას ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრ. მდებარეობა: იგი სამხრ. კავკასიაზე გამავალი აღმ.-დას-ისა და ჩრდ.-სამხრ-ის დამაკავშირებელი სავაჭრო მაგისტრალების გადაკვეთის ადგილზე იყო. თ. თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა.

VI ს. 30-იან წლებში სპარსელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს და თ. თავიანთი დიდმოხელის – მარზპანის რეზიდენციად აქციეს. ქალაქში მაინც რჩებოდა ადგილ. ეროვნ. ხელისუფლება ქართლის მამასახლისისა და მთავართა სახით, ხოლო 70-იანი წლებიდან იგი ქართლის სახელმწიფოს უზენაესი ხელისუფლის – ერისმთავრის რეზიდენცია გახდა. როგორც ირკვევა, VI ს-ში და VII ს. დასაწყისისათვის ქალაქის ჩრდ.-დას. საზღვარი ახლანდ. ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე მიდიოდა. სიონში თბილელი ეპისკოპოსი იჯდა, ხოლო შიდაციხეში მეფეერისმთავრების რეზიდენცია იყო.

VII ს. 20-იან წლებში, როდესაც ქართლი სპარსეთის ვასალური სახელმწიფო იყო, მას ალყა შემოარტყეს ბიზანტიელთა და ხაზართა შეერთებულმა ჯარებმა (იხ. თბილისისათვის ბრძოლა 627–628). VII ს. შუა წლებიდან იწყება არაბთა ბატონობა (იხ. არაბობა). VIII ს. 40-იანი წლებიდან თ-ში დამკვიდრდა არაბი ხალიფის ნაცვალი, არაბი დიდმოხელე ამირა, და საფუძველი ჩაეყარა თბილისის საამიროს. IX ს. დამდეგიდან არაბი ამირების სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერების გამო გახშირდა დამსჯელი ექსპედიციები ქართლში (იხ. ბუღა თურქის ლაშქრობა 853–854). მიუხედავად ამისა, IX ს. ბოლოდან მთელი X ს. განმავლობაში თ-ის საამირო, რ-იც ამ დროისთვის მოიცავდა დაახლ. ქვემო ქართლის ტერიტორიას, დიღმის ხეობას და მტკვრის მარცხ. სანაპირო ზოლს, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა.

VIII–X სს. თ-ის გარეგნული სახისა და ეკონ. ვითარების შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია შემონახული ქართ., არაბ. და სომხ. წყაროებში. იოანე საბანისძის (VIII ს.) მიხედვით, მტკვრის მარჯვ. მხარეს იყო განლაგებული საკუთრივ ქალაქი არაბი ამირას სასახლითურთ, რ-ის მახლობლადაც ეკლესია იდგა. მტკვრის მარცხ. სანაპიროზე, მაღლობზე, კლდის პირზე, ციხესიმაგრე (სადილეგო) იყო; იქვე მდებარეობდა ქალაქის სასაფლაო (ამ ადგილს საგოდებელი ერქვა). ამ დროს აქ ქალაქური დასახლება აღარ დასტურდება. დაახლ. ასეთივე ვითარება იყო IX–X სს-შიც. ამ დროს თ-ის გალავანი, ამირას სასახლე და სხვა ნაგებობანიც ძელური ყოფილა, რითაც ისარგებლა ბუღა თურქმა და ქალაქი ცეცხლს მისცა (როგორც ჩანს, ძველი, V–VI სს-ში ნაგები ქვის გალავანი VII–VIII სს. ბრძოლების დროს დანგრეულა. იგი ხის საფორტიფიკაციო ნაგებობით შეუცვლიათ). თ-ის დაუფლებისათვის ცვალებადი წარმატებით ებრძოდა ამირას ბაგრატ IV. 1045 თ-ის ხელისუფლება ქალაქის წარჩინებულთა – თბილელი ბერების ხელში გადავიდა. 1068 სელჩუკიანთა სულთანმა ალფ-არსლანმა დალაშქრა და დაიკავა ქალაქი. 1082–1122 შორის თ-ს კვლავ თბილელი ბერები განაგებდნენ.

XII ს. დასაწყისიდან, დავით IV აღმაშენებელმა დაიწყო გეგმაზომიერი ბრძოლა საქართველოსა და კავკასიის გაერთიანებისთვის, რაც თ-ის შემოერთებით უნდა დამთავრებულიყო. 1121 დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ დავით აღმაშენებელმა თ-ც აიღო (1122 იანვარი) და „ოთხას წელ სპარსთა ქონებული“ დედაქალაქი კვლავ საქართველოს დაუბრუნა. დავით IV, ითვალისწინებდა რა იმ გარემოებას, რომ თ. საუკუნეთა განმავლობაში მაჰმადიანურ სამყაროში იყო მოქცეული, პატივით ეკიდებოდა მუსლიმანებს, ყურადღებას იჩენდა მათი სარწმუნოების მიმართ. დავითის მიერ თბილისელი მუსლიმანებისთვის დაწესებული შეღავათები მისი შვილის – დემეტრეს მეფობაშიც მოქმედებდა (ალფარიკი).

XII ს. განმავლობაში მიმდინარეობდა თ-ის საქალაქო წესწყობილებისა და, საერთოდ, ცხოვრების ეროვნ. ყაიდაზე გარდაქმნა, „გაქართულება“. თუკი ამ საუკუნის ბოლოს და შემდეგაც თ-ის საქალაქო მმართველობის სამოხელეო ტერმინოლოგიაში კიდევ გვხვდება არაბ.-სპარს. სიტყვები, ეს მხოლოდ გარეგნული ფორმაა (მაგ., თ-ის გამგებელს ამიერიდან „ქალაქის ამირა“, ხოლო XII ს. ბოლოდან – „ქალაქის ამირთა ამირა“ ერქვა), თუმცა თავისი რეალური შინაარსით ქალაქური მმართველობა უკვე ქართ. იყო. იმდროინდელ წყაროებში მოხსენიებული არიან თ-ის ამირთა ამირას ხელქვეითი მოხელენი: „მუქიფი, მუშრიბი, ქალაქის ამირანი, მეჭურჭლენი ქალაქისანი“ და საქალაქო ეკონომიკასთან თუ გამგებლობის სხვა სფეროსთან დაკავშირებული „ხელოსანნი“, რ-ნიც ამირთა ამირასთან ერთად სახელმწ. „ფინანსთა მინისტრის“ – მეჭურჭლეთუხუცესის – უწყებაში შედიოდნენ.

თ-ს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთთან, ინდოეთთან, ირანთან, ეგვიპტესთან, ბიზანტიასთან და, რა თქმა უნდა, სამხრ. და ჩრდ. კავკასიის ქვეყნებთან. XI–XII სს-ში თ-ის დასახლება გაიზარდა. მართალია, მისი სამხრ.-აღმ. საზღვარი საუკუნეების განმავლობაში იგივე დარჩა (ახლანდ. სამასი არაგველის სახ. ბაღთან), მაგრამ ქალაქი მტკვრის აყოლებით ფართოვდებოდა და XII ს. ბოლოს ლურჯი მონასტერი უკვე მის ფარგლებში შედიოდა. კიდევ უფრო გაფართოვდა ისნის უბანიც, სადაც სამეფო სასახლე და კარის ეკლესია იდგა. ქალაქი კვლავ გალავან-კოშკებით იყო დაცული. XI ს. მემატიანემ ამ გამაგრების სისტემის რამდენიმე სახელიც კი შემოგვინახა: წყალყინის და კართა კოშკები, თაბორი, ქალაქის ციხესიმაგრე დარიჯელი. მტკვარზე დიდი ერთმალიანი ხიდი იყო გადებული. იქვე წისქვილები იყო ჩარიგებული, რ-ებიც ნაპირზე ჯაჭვით იყო დამაგრებული. მოედანზე, ბაზარი მდებარეობდა. ავლაბარში მტკვრისპირა კლდეზე გამაგრებული ნაგებობები იდგა. XIII ს. დასაწყისის წყარო გვამცნობს: „წყალი ციხეს ძალიან ახლო ჩაუდის, ასე რომ, რასაც სარკმელებიდან გადმოაგდებენ და გადმოყრიან, წყალში ცვივა“.

უცხოელი თვითმხილველი მოგზაურ-ისტორიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ თ. ფრიად კეთილმოწყობილი ქალაქი იყო. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ასეთი ცნობა: XII ს. II ნახევარში ქალაქში 40 გოგირდის აბანო იყო, XIII ს. დასაწყისში კი მათმა რიცხვმა უკვე 65 მიაღწია; აქვე გაშენებული იყო საავადმყოფოები, ქარვასლები და სხვ. გაიზარდა მოსახლ. რაოდენობაც. თუ IX ს. შუა წლებისათვის თ-ში დაახლ. 50000-მდე მცხოვრები ითვლებოდა, XII ს. დამდეგს მათი რაოდენობა 100000 გახდა. სამეფო კარის გარდა, აქ სახლები ფეოდ. არისტოკრატიასაც ჰქონდა. თ-ის „მკვიდრებად“ ითვლებოდნენ მოქალაქეთა პრივილეგიური ზედაფენის წარმომადგენლები, პირველ რიგში – დიდვაჭრები. მათ გვერდით, ცხადია, საშ. და წვრილი ვაჭრებიც იყვნენ, რ-ებიც ამქრულ ორგანიზაციებში გაერთიანებულ ხელოსნებთან ერთად „ქალაქის ერს“ ქმნიდნენ. სოც. იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგა ქალაქის უპოვარი მოსახლეობა – „ქალაქის გლახაკნი“.

გარდა სავაჭრო-ეკონ. თუ პოლიტ. მნიშვნელობისა, თ. იმ დროისთვის მნიშვნელოვანი კულტ. ცენტრი იყო. ეკლესიების, ქრისტ. კულტ. კერების გვერდით მეჩეთებიც საკმაო რაოდენობით იდგა, არსებობდა ნაგებობანი მუსლიმანი მქადაგებლებისათვის, სუფიებისა და პოეტებისათვის. ერთი იმდროინდელი ავტორის ცნობით, XII ს-ში თ. მრავალეროვანი ქალაქი იყო. აქ მუსლიმანები და ქართველები ერთმანეთში აღრევით ცხოვრობდნენ.

მეორე ავტორი (ალ-სამანი) მოგვითხრობს, რომ თ. სახელგანთქმული იყო თავისი სწავლულებით, რ-თაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ მეცნ. და კულტ. ისეთ ცენტრებთან, როგორიც იყო ბაღდადი, იერუსალიმი, დამასკი, მერვი, ნიშაბური, ისპაანი, მექა, ჰალაბი (ალეპო) და სხვ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ უაღრესად გაცხოველებული სავაჭრო-ეკონ., კულტ.-პოლიტ. ურთიერთობის შესატყვისი იყო თ-ის მკვიდრ მოქალაქეთა სოც. განვითარების დონეც. კერძოდ, თამარის მეფობის პირველივე წლებში დაწყებულ პოლიტ. მოძრაობაში, რ-საც ყუთლუ-არსლანი ხელმძღვანელობდა, თ-ის მოქალაქეთა ზედაფენას გარკვეული წვლილი მიუძღვის (იხ. სტ-ები: ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა, „კარავი“).

1226 თ-ზე ილაშქრა ხვარაზმის სულთანმა ჯალალედინმა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა, ქალაქი აოხრდა (იხ. ხვარაზმელები საქართველოში). XIII ს. 40-იან წლებში მონღოლები გამოჩდნენ, თუმცა თ. მაინც ქვეყნის ცენტრად რჩებოდა. 1249 თ-ში მონღოლთა წინააღმდეგ დაიგეგმა შეთქმულება, რ-იც შინაგამცემთა წყალობით ჩაიშალა. ასევე მარცხით დამთავრდა 1259 და 1260 აჯანყებები. 1254 მონღოლებმა საქართველო მთლიანად აღწერეს და 14 სახის გადასახადი დაუწესეს.

ხვარაზმელთა და მონღოლთა შემოსევებს შეეწირა ქალაქის სამხრით მდებარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეთუნეო სახელოსნო უბანი, რ-იც მდებარეობდა „განჯის კარად“ წოდებულ ქალაქის ძვ. ზღუდის შემორჩენილ ნაწილთან (სამასი არაგველის სახ. ბაღის ტერიტ., იხ. სტ. „განჯისკარი“). საერთოდ, XIII ს. თ-ის მოსახლეობა ეკონ. სიდუხჭირეს განიცდიდა, რის დასტურიც იყო ქალაქში გლახაკ-დავრდომილთა სიმრავლე.

მონღოლთა ბატონობის შემდეგ, 1261–62 მეფეებმა დავით ნარინმა და დავით ულუმ „დაამტკიცეს, რათა განყონ სამეფო და საჭურჭლე ორად“, ამასთან ორად გაიყვეს „თავადნი სამეფოსი“. ასევე გაყვეს „ტფილისი – ორად, ქუთაისი – ორად“ (ჟამთააღმწერელი).

XIV ს. შუა წლებში საქართველოში და, კერძოდ, თ-ში მძვინვარებდა შავი ჭირის ეპიდემია. ამ უბედურებას ისიც დაერთო, რომ 80-იან წლებში საქართვ. სამხრ. საზღვარი გადმოლახა თემურლენგის ურიცხვმა ლაშქარმა, დაარბია ჯავახეთი და თ-ისკენ გამოემართა. საგულდაგულოდ გამაგრებული თ-ის ციხე თემურლენგის ლაშქარმა, ერთი შეტევით ვერ აიღო, დახოცილთა რაოდენობა კი მეტად დიდი იყო. თემურლენგი თ-ს კიდევ სამჯერ დაესხა თავს (იხ. აგრეთვე თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში). ეს დამანგრეველი ლაშქრობები დროის მეტად მცირე მონაკვეთში მოხდა, რის გამოც ქალაქის მოსახლეობა დანგრეულ, გადამწვარ თ-ში სამშ.-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას ვეღარ ახერხებდა.

ალექსანდრე I-ის მეფობისას დაიწყო დანგრეული ქვეყნის შეძლებისდაგვარად შენება-აღდგენა, თ-ს დაუბრუნდა გახიზნული მოსახლეობა, თანდათან გამოცოცხლდა მოშლილი საქალაქო მეურნეობა. სა­ხელმწ. შემოსავლის გაზრდის მიზნით მეფემ შემოიღო გადასახადი მალი – კომლზე ორმოცი თეთრი. აღნიშნულმა ღონისძიებამ სულ მალე გამოიღო შედეგი და ქვეყანაში დაიწყო აღმავლობა, აღორძინდა დაქცეული ეკლესია-მონასტრები და ა. შ. ამის შემდეგ ალექსანდრე I-მა ზემოხსენებული გადასახადი გააუქმა.

1440 თავრიზის მმართველმა ჯეჰან-შაჰმა თ. დაანგრია, ააოხრა და ცეცხლს მისცა (იხ. ჯეჰან-შაჰის ლაშქრობანი სა­ქარ­თვე­ლო­ში). 1466 ქუთაისიდან თ-ში გადმოვიდა და გიორგი VIII-ის საწინააღმდეგოდ სამეფო ტახტი დაიკავა ბაგრატ VI-მ (ქართლ-იმერეთის მეფე). 1474 თ-ში ­კვლავ მძვინვარებდა შავი ჭირის ეპიდემია, რ-მაც მოსახლ. დიდი ნაწილი შეიწირა.

1477 აყ-ყოიუნლუს თურქმანთა გამგებელმა უზუნ-ჰასანმა თ-ში თავისი გარნიზონი ჩააყენა (იხ. უზუნ-ჰასანის ლაშქრობები სა­ქართვე­ლო­ში 1477). 1478 იანვარში უზუნ-ჰასანის სიკვდილით ისარგებლეს ქართველებმა – მეციხოვნე ყიზილბაშები გაჟლიტეს და ქალაქი გაათავისუფლეს. 1487 და 1490 ­მტრის შემოტევები თ-ზე უშედეგოდ დასრულდა, ქალაქს აღმშენებლობისა და მშვიდობიანობის მოკლე პერიოდი დაუდგა. 1490, სა­ქარ­თვე­ლოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, თ. მხო­ლოდ ქარ­თლის სამეფოს პოლიტ. და ადმ. ცენტრი გახდა.

შაჰ ისმაილ I-ის თ-ზე ლაშქრობების (1520–21) დროს ყიზილბაშებმა ციხისთავის ღალატის გამო (სპარსელებმა იგი დიდი ქრთა­მით მოისყიდეს) ქალაქი აიღეს, დამპყრობლებმა ხელი მიჰყვეს მოსახლეობის ძარცვას, ხოცვა-ჟლეტას; დაანგრიეს ქალაქი და მისი ეკლესია-მონასტრები, სიონის ეკლესიიდან გამოიტანეს ღვთისმშობლის ხატი, მეტეხის ხიდის ყურესთან დაასვენეს და იქ ძალით მირეკილ ქრისტ. მოსახლეობას აიძულებდნენ ზედ ფეხით გაევლოთ. ბრძა­ნე­ბის შეუსრულებლობისათვის ურჩებს სიკვდილით სჯიდნენ. 1524 ისმაილ I მოკვდა, რი­თაც ­კვლავ ისარგებლეს ქართველებმა და დავით X-მ თ. დაიბრუნა.

XV–XVI სს-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ქალაქის სოც. ცხოვრებაში, რაც მოქალაქეთა ფენის დაშლით და ყმა-ვაჭართა და ყმა-ხელოსანთა მომრავლებით გამოიხატა. ამიერიდან მოქალაქედ მხო­ლოდ სამეფო, სადედოფლო, საეკლ. მსხვი­ლი ვაჭრები და, გამონაკლისის სახით, ზოგი ხელო­სანი იწოდებოდა. მოქალაქის წოდების მიღება დიდი პატივი იყო და დიდ პრივილეგიადაც ითვლებოდა. მოგვიანებით მოქალაქის წოდების მიღების განმსაზღვრელი საგანგებო წესებიც შემოიღეს. მოქალაქედ არ ითვლებოდა (არ იწოდებოდა) ქალაქში მცხოვრები და მოსაქმე კერძო საბატონო ყმა ვაჭარი. მოქალაქეები მხო­ლოდ სამეფო გადასახადით – მახტით იბეგრებოდნენ, ყმა ხელოსნები და ყმა ვაჭრები კი – სხვა­და­სხვა გადასახადით, რ-საც უხდიდნენ როგორც მეფეს, ისე თავიანთ უშუალო ბატონს.

1541 თ-ს მოადგა შაჰი თამაზ I, რ-მაც გულბაათ ციხისთავის ღალატით ისარგებლა, თ-ის ციხე აიღო და თავისი მეციხოვნეები ჩააყენა. დაიწყო გაუთავებელი ბრძოლა თ-ისთვის. ლუარსაბ მეფის გარდაცვალების (1556) შემდეგ იგი მისმა შვილმა სიმონ I-მა გააგრ­ძელა. სიმონ I-ს არა მარტო თ-ში მყოფი მაჰმადიანების წინააღმდეგ უხდებოდა ბრძოლა, არამედ თავისი ძმის – დაუთ-ხანის (დავით XI) წინააღმდეგაც, რ-იც თ-ში იყო გამაგრებული.

1576 თამაზ I გარდაიცვალა, ხოლო 1578 დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი. 1578 ირანელებმა დაპატიმრებული ქარ­თლის მეფე სიმონი გაათავისუფლეს და ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად სა­ქარ­თვე­ლო­ში გამოისტუმრეს. ამ დროს ოსმალებს ლალაფაშის მეთაურობით თ-ის ციხე უკვე დაკავებული ჰქონდათ. მათ დააარსეს თ-ის საბეგლარბეგო, რ-ის პირველი ბეგლარბეგი მეჰმედ-ფაშა იყო. სიმონ მეფე ქართლში და, კერძოდ, ქალაქში გამაგრებულ ოსმალებს მოსვენებას არ აძლევდა. მიუხედავად ამისა ოსმალთა ბატონობა თ-ში 1606-მდე გაგრძელდა.

1606 ირანის მბრძანებელი აბას I სა­ქარ­თვე­ლოსკენ გამოემართა, უბრძოლველად აიღო ლორე, დმანისის ციხე და მდ. ალგეთზე დაბანაკდა. ოსმალებმა შაჰს მორჩილების არზა აახლეს. თ-ის ციხის დასაკავებლად გაიგზავნა ალი-ყული-ხან შამლუ, რ-მაც ციხეში, ბრძა­ნე­ბის თანახმად, „შამლუს ტომის ღაზიებისა და მეთოფეების ერთი რაზმი... დასტოვა“, შემდეგ კი „მისი უდიდებულესობა თვით გაემართა თბილისის ციხისაკენ და სიფრთხილის თვალით განიხილა მისი ავი და კარგი“ (ისქანდერ მუნში, XVII ს.).

სპარსელი ისტორიკოსის ცნობით, თ-ში ცხოვრობენ ქართველები, სომხები და ცოტაოდენი მუს­ლიმანები: „ქრისტიანების ეკლე­სიები და სალოცავები, უმთავრესად ძველები, იმ ქალაქში და მის სანახებში ბევრია“. პირველი ლაშქრობის დროს შაჰ-აბასმა პოლიტ. მოსაზრებით არ დაარბია ქალაქი, მეტიც, ლუარსაბ II-ის თხოვნით 1610 მან თ-ის ციხე ქართველებს დაუთმო. 1614 და 1616 შაჰმა ­კვლავ დალაშქრა თ., რის შედეგადაც ქალაქი მნიშვნელოვნად დაზარალდა. 1625, მარტყოფის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ქართველებმა ქალაქი აიღეს, მაგრამ თ-ის ციხე ყიზილბაშებს დარჩათ (იხ. აბას I-ის ლაშქრობანი სა­ქარ­თვე­ლოში).

თბილისის ხედი. გრავიუ­რა. ჟ. შარდენის წიგნიდან. 1672.

ქარ­თლის მეფე როსტომმა (1632–58) თავისი ქვეყნის საკეთილ­დღეოდ გამოიყენა ირანსა და ოსმალეთს შორის 1639 დადებული საზავო ხელშეკრულება და დაიწყო დანგრეული ქვეყნისა და თ-ის აღდგენითი სამუშაოები, რაც გამოიხატა როგორც ქალაქის გარეგანი სა­ხის სასიკეთოდ შეცვლით, ისე მისი ეკონ. ცხოვრების წინსვლა-აღორძინებითაც. გამოცოცხლდა აღმ-იდან მომავალი სატრანზ.-სავაჭრო გზა: განჯა– შამქორი–თ.–გორი–ახალ­ქა­ლა­ქი, საქარავნო გზების მოსაწესრიგებლად მდ. ვერეზე აიგო ქვითკირის ბურჯებზე შემდგარი ერთმალიანი ხიდი (ე. წ. „ბეჰბუდას ხიდი“).

როსტომ მეფემ სიონის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ეკლესიის სამხრით, საკათედრო ტაძრის ნებართვით ააგო ქარვასლა. სამაგიეროდ იგი კისრულობდა ეკლესიისათვის ყოველწლიურად ქარვასლის შემოსავლიდან 100 მარჩილის გადახდას (XVII ს. დასასრულს ქარვასლა დომენტი თბილელის კუთვნილებაში გადავიდა. ამიტომაა, რომ მომდევნო ხანის საბუთებში იგი „თბილელის ქარვასლის“ სა­ხელითაა ცნობილი). ქარვასლამ ჩვენამდე შეცვლილი სახით მოაღწია. თ-ის ეკონ. აღორძინების მიზნით როსტომ მეფემ ქალაქის კარებთან მდგომ მებაჟეთა თვითნებობის აღსაკვეთად 1639 გამოსცა საგანგებო კანონი-ბრძანება – „ყანუნ-ლამა“. ამ დოკუმენტით ირკვევა, თუ რა მრავალფეროვანი საქონელი შემოდიოდა თ-ში და რა სოლიდურ შემოსავალს აძლევდა სამეფო ხაზინას მასზე დაწესებული ბაჟი.

თ. გარეგნულად მნიშვნელოვნად შეცვალა სიონსა და ანჩისხატის ეკლესიას შორის ჩადგმულმა როსტომ მეფის ახალმა, ვახუშტის ცნობით, „...მტკურის გარდაკიდებით, ყიზილბაშთა რიგის“ (ე. ი. სპარსული სტილი) სამეფო სასახლემ. ამ სასახლის აშენებას მოჰყვა ქალაქისა და, კერძოდ, ანჩისხატისა და სიონის უბნების მოსახლეობის სოც. სტრუქტურის შეცვლა. მეფის სასახლესთან ახლოს საკარმიდამოებს იძენდნენ და სასახლეებს იშენებდნენ ქართვ. ფეოდალები – მუხრანბატონები, ორბელიანები, ამილახვრები, ბარათაშვილები, სამეფო სამოხელეო აპარატის წარმომადგენლები.

ახ. სასახლის აგების შემდეგ როსტომ მეფემ კალის ციხიდან წამოსული კედლით, რ-იც მეტეხის ხიდამდე აღწევდა, ქალაქი ორად გაყო: „შეავლო ხიდის ყურიდამ ზღუდე და ქმნა ვითარცა კალის ციხემდე, განჰყო ქალაქი და ციხე“ (ვახუშტი), რის შედეგადაც XVII ს. თ-ში გაჩნდა ახ. მიკროტოპონიმი, ადგილის სახელი – დაბლა ციხე, სადაც ძირითადად ქალაქელი მაჰმადიანები ცხოვრობდნენ. როსტომმა დაბლა ციხეში დადგა ორი მეჩეთი, „ციხეს გარეთ ერთი... და განჯის კართან – ერთი“. საგულისხმოა, რომ როსტომმა, როგორც მაჰმადიანმა, თავის სასახლესთანაც აიშენა მეჩეთი.

ქალაქისა და ციხის გამყოფ კედელში დატანებული იყო მათი დამაკავშირებელი „ციხის კარი“. ამ კედლის ჩრდ.-დას-ით, ქალაქის მხარეს, მოექცა თ-ის უძველესი (პირველი) მოედანი, ქალაქის ადმ.-პოლიტ. და ეკონ. ცენტრი (აქ იყო განლაგებული ზარაფხანა, სამეფო დივანხანა და მრავალი სავაჭრო-სახელოსნო დუქანი). მოედანს ციხის კართან სიახლოვის გამო „ციხის მოედანი“ შეერქვა (შემდგომში – ქვემო მოედანი და თათრის მოედანი). ქალაქისა და ციხის გამყოფი კედელი 1750 თეიმურაზ II-ის ბრძანებით აიღეს, რის შედეგადაც ქალაქი და დაბლა ციხე გაერთიანდა. აღსანიშნავია, რომ თუ როსტომმა სამეფო სასახლესთან მეჩეთი აიშენა, დედოფალ მარიამს სამეფო სასახლესთან დაუწყია კარის ეკლესიის მშენებლობა (დაუმთავრებია სიმონ ბატონიშვილს).

როსტომ მეფის დროს დაწყებული ქვეყნის ეკონ. და პოლიტ. მომძლავრება ვახტანგ V შაჰნავაზის დროსაც გრძელდებოდა. ვახტანგ V-მ ირანის შაჰის სულეიმანის მიერ გამოგზავნილი ვერცხლის ფულით განაახლა გარეშე მტრის შემოსევებისა და ჟამთასვლისაგან მორღვეული ქალაქის გალავანი.

1672 თ-ში ჩამოვიდა ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი. 1701 თ-ს ეწვია ფრანგი ბოტანიკოსი და მოგზაური ჟ. ტურნეფორი. მისი ცნობით თ-ში 20000 მცხოვრები იყო. მოგზაური აღწერს ქართლის მეფის ერეკლე I ნაზარალიხანის მიერ აგებულ კიდევ ერთ სამეფო სასახლეს, რ-იც როსტომის სასახლის გვერდით იდგა. ტურნეფორის „მოგზაურობას“ ახლავს მხატვარ ობრიეს მიერ შესრულებული თ-ის სურათი.

XVII–XVIII სს. მიჯნაზე თ-ში გარკვეული კულტ. აღმავლობაც შეინიშნებოდა, განსაკუთრებით ვახტანგ VI-ის დროს. 1709 დაარსდა პირველი სტამბა, სადაც 1712 დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი", ლოცვანი და სხვ. ამას გარდა, მეფე ვახტანგის თაოსნობით შეიქმნა ქართ. საკანონმდებლო კრებ. „დასტურლამალი“. ასევე აღსანიშნავია ამ დროს მომუშავე სწავლულ კაცთა კომისია, რ-საც სათავეში ედგა ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი. ვახტანგ VI-მ აღადგინა და ახ. პერანგით შემოსა სიონის საკათედრო ტაძარი. XVIII ს. დამდეგს სიონის მახლობლად მოეწყო ხელნაწერ წიგნთა საცავი.

საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა თ-ის გარეგნული სახე, ქალაქის ზღუდის კართა რაოდენობა და მათი სახელები. ქალაქს მტკვრის მარჯვ. სანაპიროზე, სამხრ. მხრიდან, დატანებული ჰქონდა აბანოს კარი, განჯის კარი; დას. მხრიდან – კოჯრის კარი, დიღმის კარი; ჩრდ-იდან – მოედნის კარი, ქვემო წყლის კარი. XVIII ს. II ნახევარში, ქვემო წყლის კარის გაუქმების შემდეგ (ქვემო წყლის კართან მდებარე მუხრანბატონების კარმიდამოს გაფართოება-გაზრდის გამო), მოედნის კარს შეეცვალა სახელი და ზემო წყლის კარი დაერქვა. მტკვრის მარცხ. სანაპიროზე, თ-ის გალავანში, ორი კარი იყო დატანებული: ავლაბრის კარი (ეს იყო მთ. კარი, სადაც თავს იყრიდა ჩრდ-იდან და აღმ-იდან წამოსული ქალაქში შემოსასვლელი ყველა გზა) და პატარა კარი, საიდანაც იწყებოდა ავჭალის დიდი გზა. თ-ის ყველა კარს თავისი დამცველი ბურჯი (ან კოშკი) ჰქონდა, სადაც იდგა საგანგებო მოხელე – მეკარე. ასევე კართან (არა ყველგან) იდგა მებაჟე, რ-იც ზედამხედველობას უწევდა ქალაქში შემოტანილ საქონელს.

XVII–XVIII სს. თ-ს გარს ერტყა ქალაქისპირა სას.-სამ. და სახელოსნო დანიშნულების სოფლები და გარეუბნები, რ-თა პროდუქცია და ნაწარმი (მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, ღვინო, თიხის ჭურჭელი, აგური, კრამიტი) შემოდიოდა თ-ის ბაზარზე. XVI–XVIII სს. თ-ის სამოხელეო აპარატი რამდენჯერმე შეიცვალა, რაც გამოიხატებოდა ზოგიერთი მოხელის სახელწოდების შეცვლით; მაგ., თ-ის ამირთა ამირას ნაცვლად XVI ს-იდან შემოვიდა და საბოლოოდ დამკვიდრდა ქართ. სახელი მოურავი (თ-ის პირველი მოურავი იყო გიორგი სააკაძე, 1609). შემდეგი მოხელე თავისი უფლებებით იყო მამასახლისი, მაგრამ XVI ს-ში თ-ში მელიქის სახელის შემოსვლამ მამასახლისის უფლებები შეზღუდა და ქალაქის მოურავის შემდეგ იგი სიგელ-გუჯრებში იხსენიება (იხ. სტ-ები სიგელი, გუჯარი). საბოლოოდ, XVIII ს-ში ამ ორ სახელოს ხშირად ერთი პირი ფლობდა. აღნიშნული სახელოების გარდა, თ-ში იყო: ყაფანდარი, ჯარჩი, ნაცვალი, ქედხუდა, ქალანთარი, მინბაში (ციხისთავი), მუშრიბი. თ-ის ყოფა-ცხოვრებაში გაჩნდა განსაკუთრებული, ე. წ. ქალაქური კოლორიტი თავისი ჩაცმულობით, გასართობ-სანახაობებით (იხ. სტატიები ყეენობა, ბერიკაობა, ყაბახი). თ-ში არსებობდა ხელოსანთა და ვაჭართა ამხანაგობები – ამქრები (ასნაფები). თითოეულ ამქარს მეფის მიერ დანიშნული, ხელოსანთა უხუცესი ოსტატი – უსტა (უსტაბაში) ედგა სათავეში.

1723 კახთა მეფემ კონსტანტინე II (მაჰმად ყული-ხანი) დაქირავებული ლეკთა ლაშქრის დახმარებით აიღო, დაარბია და გაძარცვა ქალაქი. 1724 ქართლის მეფემ ვახტანგ VI-მ მრავალრიცხოვანი ამალით დატოვა თ. ამავე წელს კონსტანტინე II-მ თ-ს მომდგარ ოსმალთა ჯარის სარდალს სოღანლუღში გადასცა ქალაქის კლიტე-გასაღები. ამიერიდან ყიზილბაშთა ბატონობა ოსმალთა ბატონობით შეიცვალა. ოსმალებმა დაიწყეს კონსტანტინეს მიერ დანგრეული თ-ის ციხესიმაგრეების შეკეთება – გამაგრება. მათ ფართო გეგმები ჰქონდათ ქართ. სახელმწიფოებრიობისა და მთელი კულტურის გადასაგვარებლად, რის განხორციელებასაც თ-იდან აპირებდნენ, კერძოდ, მოსახლეობა უნდა გაემაჰმადიანებინათ, სიონის ტაძარი მეჩეთად ექციათ. მაგრამ 1727 ოსმალების ამ გადაწყვეტილებას წინ აღუდგნენ ქართვ. პატრიოტები დომენტი IV კათოლიკოსისა და გივი ამილახვრის მეთაურობით. 1735 ქართლში დიდი აჯანყება დაიწყო, თ. ოსმალებმა უბრძოლველად დატოვეს. ოსმალების წასვლის შემდეგ თ. სპარსელებმა ხანჯალ-ხანს (გამაჰმადიანებული ორბელიან-ყაფლანიშვილი) გადასცეს და „ოსმალობა“ ისევ „ყიზილბაშობით“ შეიცვალა.

1745 თეიმურაზ II სვეტიცხოველში ქართლის მეფედ ქრისტ. წესით აკურთხა კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა. 1748 ერეკლე II-მ საბოლოოდ დაამარცხა ტახტის პრეტენდენტი აბდულა-ბეგი, რ-იც დაქირავებული ლაშქრით ცდილობდა თ-ის დაკავებას. ამავე წელს ერეკლე II-მ თ-ის ციხეებიდან განდევნა ყიზილბაშთა გარნიზონები. აღმ. საქართველო პოლიტ. და ეკონ. აღმავლობის გზას დაადგა. თ. კვლავ კავკასიის ერთ-ერთი პოლიტ.-ეკონ. და კულტ. ცენტრი გახდა. 1755 დაარსდა სემინარია, რ-შიც ძირითადად ისწავლებოდა ფილოს. საგნები; აღდგა ზარაფხანა, წამალხანა და სხვ. 1750 თ-ში დაარსდა ქართ. პროფ. თეატრი, გაიხსნა სას. სასწავლებლები სიონის, ანჩისხატის, მეტეხის, ქაშვეთის, კალოუბნის ეკლესიებთან.

თეიმურაზ II-მ თ-ში 1749–53 ჟამთა სვლისაგან მოძველებული სამეფო სასახლეების (როსტომის, ერეკლე I-ის, ვახტანგ VI-ის) ადგილზე ააგო ახ. სასახლე, სადაც კახეთის მეფემ – ერეკლე II-მ დარეჯან დადიანზე იქორწინა. 1762 ქართლის მეფე თეიმურაზ II რუსეთს გაემგზავრა და მალევე გარდაიცვალა. ერეკლე II ქართლ-კახეთის სამეფოს მეფე გახდა, თ. კი – აღმ. საქართველოს დედაქალაქი.

1765 წ. 5 დეკემბერს თ-ში გამოაშკარავდა შეთქმულება მეფე ერეკლე II-ის წინააღმდეგ (იხ. პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765).

1770 აქ ჩამოვიდა რუს. დიპლომატი, ნ. იაზიკოვი, რ-საც ეკუთვნის იმდროინდელი ქალაქის აღწერა. მისი გადმოცემით, თ. მეტად ხალხმრავალი ქალაქი იყო, რ-ის მოსახლეობა 5000 კომლს შეადგენდა. იქ იდგა ქვითკირის სახლები. ქალაქში ბევრი ვაჭარი ტრიალებდა. 1782 ჩატარდა თ-ისა და მისი გარეუბნების აღწერა.

1783 წ. 24 ივლისს რუს. იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (იხ. გეორგიევსკის ტრაქტატი 1783), რ-საც 1784 ხელი მოაწერა ერეკლე II-მ. 1784 წ. 23 იანვ. თ-ში ჩამოსულმა პოლკოვნიკმა ტამარამ ერეკლე II-ს გადასცა რუს. იმპერატორის მიერ გამოგზავნილი სამეფო რეგალიები და სამფარველო სიგელი. რუს. მთავრობის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ს. ბურნაშოვი (1783–87), აღწერს თ-ს და მოგვითხრობს, რომ აქედან უცხო ქვეყნებში გასაყიდად გადიოდა სპილენძის ჭურჭელი, ბამბეულის ნაწარმი, ცხენის აღკაზმულობა, რკინეულობა, ტანსაცმელი, ქუდები, საომარი იარაღი; თ-ში იმ დროს 500 სავაჭრო-სახელოსნო დუქანი იყო, რაც ქალაქის გაცხოველებულ ეკონ. საქმიანობაზე მიგვანიშნებს; იყო ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქ-ნაც.

1795 სექტემბერში თ-ს შემოესია ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი. ეს იყო არნახული დამანგრეველი შემოსევა, რ-საც ვერ გადაურჩა ქალაქში მდგარი ვერც ერთი საერო თუ საეკლ. დანიშნულების ნაგებობა (იხ. კრწანისის ბრძოლა 1795). ერეკლე II-მ დაავალა აღა-მაჰმად-ხანის მიერ დანგრეული თ-ის აღდგენა გიორგი ბატონიშვილს, რ-იც ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა ქალაქიდან გახიზნული თუ ტყვედ წაყვანილი მოსახლეობა დაებრუნებინა და ნანგრევებად ქცეული თ. ფეხზე დაეყენებინა.

რუს. იმპერატორის ალექსანდრე I-ის 1801 წ. 12 სექტ. მანიფესტის თანახმად, აღმ. საქართველო რუს. გუბერნიად, თ. კი საგუბერნიო ქალაქად გამოცხადდა. თ-ში მთავარმართებელი გენ. კ. კნორინგი 1802 წ. 9 აპრილს ჯარის თანხლებით შემოვიდა. გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები უხეშად დაირღვა, განხორციელდა სამეფოს ფაქტობრივი ანექსია. 1802-იდანვე იწყება ეროვნ. ძალების მუდმივი ბრძოლა ქართ. სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის.

მთავარმართებელ ე. გოლოვინის (1838–42) დროს შემუშავდა დებულება „თბილისის საზოგადოებრივი მმართველობის შესახებ“, რ-ის ძალითაც, ქალაქის მოსახლეობის ზედაფენას უფლება მიეცა, შეექმნა საქალაქო სათათბირო ქალაქისთავისა და ექვსი ე. წ. ხმოსნის შემადგენლობით, რითაც გადაიდგა ნაბიჯი სამოქალაქო მმართველობისაკენ, ამასთანავე რამდენადმე შეიზღუდა პოლიციის თვითნებობა. 1844 პირველ მეფისნაცვლად კავკასიაში დაინიშნა მ. ვორონცოვი, რ-მაც შედარებით მეტი ყურადღება მიაქცია იმპერიის განაპირა მხარის სოც.-ეკონ. და კულტ. განვითარებას, მისი დედაქალაქის, თ-ის, კეთილმოწყობას.

1864 თ-ში იყო 2870 ევრ. ყაიდის მაღაზია და აზიური დუქანი, 14 ქარვასლა. თ-ში სულ უფრო მეტი რაოდენობით იყიდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები და, თავის მხრივ, სულ უფრო მეტ სამრეწვ. საქონელს აწვდიდა იგი სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას. 1808 თ-ში ხელოსნობას ეწეოდა 980 ოჯახი. 1824 მათი რიცხვი 2020-მდე გაიზარდა. თბილისური ხელოსნობა თანდათან კარგავდა ტრად. შუასაუკუნეობრივ იერს, შეკვეთით მუშაობას ბაზრისათვის წარმოება ცვლიდა.

XVIII ს. ბოლოს (აღა-მაჰმადხანის შემოსევამდე) თ-ში 20 ათ. მცხოვრები იყო.

70-იანი წლების ბოლოს თ-ის მოსახლეობა უკვე 100 ათასს აჭარბებდა [მოსახლეობის დინამიკა იხ. თავში: ზოგადი ცნობები. ქალაქის მმართველობა. ბუნება. მოსახლეობა (ქვეთავი მოსახლეობა)]. ახალმოსულები თანდათან იკავებდნენ ქალაქის გარეუბნებს. ადმ. დანიშნულების შენობები აღიმართა გოლოვინის (ახლანდ. შოთა რუსთაველის) პროსპექტზე. აშენდა მთავარმართებლისა და მეფისნაცვლის სასახლე, სამხ. შტაბისა და სხვა დაწესებულებათა შენობები. ძირითადად მაღალი ფენის წარმომადგენლებმა დაიკავეს სოლოლაკი, მთაწმინდა, მიხეილის პროსპექტი (ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირი) ქუჩა. ქალაქის ფარგლებში მოექცა ხარფუხი, ორთაჭალა, კუკია, ჩუღურეთი, ვერე. მოგვიანებით დაიწყო დიდუბის, ნაძალადევის, ვაკის განაშენიანება. ბინათმშენებლობაში ფულის დაბანდება მომგებიან საქმედ იქცა.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მრავალწლიანი შრომის შედეგად შეადგინა თ-ის მოსახლ. შედარებით მაღალი ფენის სახელობითი სია. ეკონ. შეძლების შესაბამისად, პირველი ხარისხის მოქალაქედ აღიარეს 53, მეორე ხარისხისად – 93, ხოლო მესამე ხარისხისად – 97 ოჯახი. ამას დაუმატეს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი რამდენიმე შეძლებული მოქალაქე და სულ მოქალაქეთა სიაში დააფიქსირეს 245 ოჯახი. 1861 მათ უმრავლესობას მიანიჭეს მემკვიდრეობით თ-ის საპატიო მოქალაქის წოდება. გარკვეულ დრომდე თ-ის თავისუფალ მოსახლეობას მხოლოდ პრივილეგირებულ წოდებათა წარმომადგენლები – თავადაზნაურები, საპატიო მოქალაქეები და მოხელეები შეადგენდნენ. XIX ს. 40–50-იან წლებში თავისუფალ მოქალაქეებად აღიარეს ე. წ. მეშჩანები და სახაზინო გლეხები, რის შედეგადაც ქალაქის თავისუფალი მოსახლ. რაოდენობა 80%-მდე გაიზარდა.

1865 ქალაქისთავმა მთავრობის ნებართვით თბილისელებს შეაწერა ახ. გადასახადი, დაბეგრა სახელოსნო, სავაჭრო და სხვა დაწესებულებები. ამან ქალაქის დაბალი ფენის პროტესტი გამოიწვია (იხ. ამქართა აჯანყება თბილისში 1865). შედეგად თ-ის მოსახლ. ზედაფენამ უფლება მიიღო აერჩია 100-ხმოსნიანი სათათბირო, რ-იც, თავის მხრივ, აირჩევდა განმკარგულებელ სამმართველოსა და ქალაქისთავს.

1870 წლის საერთო საიმპერატორო კანონის საფუძველზე 1874 მიწურულს თ-ში გატარდა საქალაქო რეფორმა. თ-ის საქალაქო სათათბირო განმკარგულებელი ორგანო იყო. მის მიერ არჩეული გამგეობა ქალაქისთავის მეთაურობით (1875–78 ქალაქისთავის პოსტი დ. ყიფიანს ეკავა) აღმასრ. ფუნქციებს ასრულებდა. ორივე ეს ორგანო ერთად განასახიერებდა ადგილ. (საქალაქო) თვითმმართველობას, რ-ის ძირითადი მოვალეობა იყო კომუნ. მეურნეობის კეთილმოწყობა და გამგებლობა. მის კომპეტენციაში შედიოდა აგრეთვე ვაჭრობა-მრეწველობისათვის ნორმალური პირობების შექმნა, სკოლების, ბიბლიოთეკა-სამკითხველოების, საავადმყოფოების, საქველმოქმედო დაწესებულებების დაარსება და დაფინანსება.

1879 ქართვ. საზ. მოღვაწეთა ინიციატივით თ-ში დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ხალხის გათვითცნობიერებასა და კულტ. დონის ამაღლებაში დიდი როლი შეასრულა პერიოდულმა პრესამ. თ-ში იბეჭდებოდა „დროება“, „ივერია“, „კრებული“, „სასოფლო გაზეთი“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“, „მოამბე“, „ამირანი“, „ისარი“, „სახალხო ფურცელი“ და სხვ. თ. იყო წიგნის გამოცემის ცენტრი. აქ დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი", ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას და სხვათა მხატვრული ნაწარმოებები, ძველი ქართ. ლიტ-რის ძეგლები. ამასთან, XIX ს. 80-იან წლებში ეგზარქოსმა პავლემ ქართ. ეკლესიის გარუსების მიზნით თ-ის სემინარიაში აკრძალა ქართ. საერო და სას. ლიტ-რა. ამავე პერიოდში იყო ქართ. ენის ყველა სასწავლებლიდან განდევნის მცდელობა.

1872 დამთავრდა რკინიგზის მშენებლობა თ-იდან ფოთამდე, 1883 ქალაქი რკინიგზით დაუკავშირდა ბათუმსა და ბაქოს. დაარსდა რამდენიმე მსხვილი საწარმო. თ-ში ამოქმედდა საკრედიტო დაწესებულებები: საადგილმამულო (იხ. სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი) და კომერც. ბანკები, რუს. სახელმწ. და კერძო ბანკების განყ-ბები, ურთიერთდამკრედიტებელი საზ-ბები. XIX–XX სს. მიჯნაზე გაძლიერდა კაპიტალის, წარმოებისა და ვაჭრობის კონცენტრაციის ტენდენცია, ჩამოყალიბდა რამდენიმე სააქციო საზ-ბა და მსხვილი ფირმა.

XIX ს. 70-იან წლებში თბილისელი მუშები 7-ჯერ გაიფიცნენ. 80–90-იან წლებში გაფიცვებმა შედარებით ორგანიზებული ხასიათი მიიღო. XIX–XX სს. მიჯნაზე თ-ში გააქტიურდნენ რუსი სოციალ-დემოკრატები და მათი ქართვ. თანამოაზრეები. 1901 ვ. ლენინის მიმდევრებმა ჩამოაყალიბეს ს.-დ. ორგანიზაციების ხელმძღვ. ცენტრი – თბილ. კომიტეტი. 1904 ჩატარდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა.

1905–07 რევ. დროს თ-ში შეიქმნა აჯანყების ცენტრი. მან ხელში ჩაიგდო ამიერკავკ. რკინიგზის სამმართველო და ფოსტა-ტელეგრაფი; წითელმა რაზმებმა დაიკავეს ნაძალადევი და დიდუბე. 17 და 23 დეკემბერს თბილისელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მთავრობის ჯარს, მაგრამ დამარცხდნენ. შენელებულად, შეცვლილი ფორმით რევოლუცია 1906–07 წლებშიც გრძელდებოდა.

კონკა (ცხენის რკინიგზა). მიხეილის ხიდი. ფოტო. 1890.

XX ს. დამდეგს გაორმაგდა ჯერ კიდევ 1887 ამოქმედებული ავჭალის წყალსადენის ქსელი. 1884 გაყვანილი ცხენის რკინიგზა (კონკა) 1904 ელექტროტრამვაით შეიცვალა. თ-ის ქუჩებში ნავთის ფარნების ადგილი თანდათან ელექტროლამპიონებმა დაიკავა. საქალაქო თვითმმართველობა სწავლა-განათლებაზე ყოველწლიურად საშ. ხარჯავდა 450 ათ. მანეთს, იგი გამოდიოდა უმაღლ. სასწავლებლის დაარსების ინიციატორად. 1890 საამისოდ გადადებული ჰქონდა 100 ათ. მანეთი და 200 დეს. მიწა, მაგრამ მეფის მთავრობამ თ-ში უმაღლ. სასწავლებლის გახსნის ნებართვა არ გასცა. XX ს. დამდეგს ზუბალაშვილებისაგან შეწირული თანხით თვითმმართველობამ მოაწყო სახალხო სახლი, ამის შემდეგ მალევე დააარსა ბიბლიოთეკა-სამკითხველო და მუნიციპალური მუზეუმი.

რუს. 1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მარტის პირველ რიცხვებში, პოლიტ. საქმიანობისა და მიმართულებისათვის ტონის მიმცემი გახდა თ-ის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო. მალე ჩამოყალიბდა თ-ის აღმასრ. კომიტეტი, რ-შიც შევიდა მუშათა დეპუტატების საბჭოს, საქალაქო სათათბიროსა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ხუთ-ხუთი წარმომადგენელი. რუს. დროებითმა მთავრობამ უნდობლობა გამოუცხადა ადგილებზე შექმნილ მმართველობის ორგანოებს. მან თ-ში შექმნა თავისი ფილიალი, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, რ-შიც შეიყვანეს სოციალისტ-ფედერალისტი კ. აბაშიძე და სოციალ-დემოკრატი ა. ჩხენკელი. რუსეთში 1917 წ. 25 ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, 15 ნოემბერს თ-ში ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის კომისარიატი – დროებითი მთავრობა, რ-ის თავ-რედ აირჩიეს სოციალ-დემოკრატი ე. გეგეჭკორი. პარალელურად, 1917 ნოემბ. ბოლოს, თ-ში გაიმართა საქართვ. ეროვნ. ყრილობა. ყრილობამ აირჩია ეროვნ. საბჭო, რ-მაც ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა.

1918 წ. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლად გამოცხადდა. შეიქმნა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკა. დამოუკიდებლობის წლებში (1918–21) ძირითად პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ სოციალ-დემოკრატები, რ-თა ლიდერი იყო ნ. ჟორდანია. თ. იყო საქართვ. დედაქალაქი, მთ. სახელმწ. დაწესებულებათა რეზიდენცია, სხვა მნიშვნელოვან დაწესებულებათა ადგილსამყოფელი. თ-ს განაგებდა დემოკრ. საწყისებზე გარდაქმნილი საქალაქო თვითმმართველობა – მუნიციპალიტეტი. გაუქმდა საარჩევნო ცენზი და სხვა შეზღუდვები, დაკანონდა საყოველთაო საარჩევნო უფლება. 1918 საქართვ. სოციალ-დემოკრატებთან ერთად წინასაარჩევნო ბრძოლაში მონაწილეობდნენ სოციალისტ-ფედერალისტები და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ). 1919 წ. 2 თებერვალს გაიმართა თბილ. სათათბიროს არჩევნები. მასში მონაწილეობას იღებდა ხმის უფლების მქონე თბილისელთა 51% (35366 კაცი). გაიმარჯვა საქართვ. ს.-დ. პარტიამ, რ-მაც საქალაქო სათათბიროში 69 ხმოსანი გაიყვანა. თ-ის სათათბიროში თავისი ფრაქციები შექმნეს ედპ-მ (10 ხმოსანი) და სოციალისტ-ფედერალისტებმა (7 ხმოსანი). სხვა მცირე პარტიებმა და ჯგუფებმა საქალაქო სათათბიროში გაიყვანეს მხოლოდ 4 ხმოსანი. 1919 წ. 17 თებერვალს ჩატარდა საქალაქო სათათბიროს პირველი სხდომა. ხმოსნებმა ქალაქისთავად (მოურავად) აირჩიეს სოციალ-დემოკრატი ბ. ჩხიკვიშვილი, მის ამხანაგად – გ. კონიაშვილი.

1917 თ-ში გაიხსნა საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლებლები – კონსერვატორია და თბილისის პოლიტექნიკური ინ-ტი, 1918 – ქართ. ეროვნ. უნ-ტი (იხ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივ. ჯავახიშვილის სახელობისა); 1919 საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა დ. არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი" (იხ. ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი ზ. ფალიაშვილის სახელობისა). 1920 დაარსდა საქართვ. ეროვნ. სამხატვრო გალერეა, რ-ის ბაზაზე შემდგომში შეიქმნა საქართვ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმი.

1921 საბჭ. რუსეთმა დაარღვია 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება, რ-ითაც აღიარებული იყო საქართველოს სუვერენიტეტი, და მის დასაპყრობად წითელი არმია გამოგზავნა. თ-ის დამცველი საქართვ. ჯარისა და სახ. გვარდიის მებრძოლები ამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. 1921 წ. 25 თებერვალს თ-ში მე-11 არმია შემოვიდა (იხ. თბილისის დაცვა 1921).

საქართველოს ხელმეორე ანექსიის შემდეგ თ. საქართვ. საბჭ. სოციალ. რესპ. დედაქალაქი გახდა. 1921 წ. 25–26 თებერვალს შეიქმნა თ-ის რევკომი, რ-საც ხელმძღვანელობდა ს. თოდრია. 1921 წ. 3 დეკემბერს ჩატარდა მუშათა და წითელარმიელთა დეპუტატების თ-ის საქალაქო საბჭოს არჩევნები. საქალაქო საბჭოს აღმასრ. კომიტეტი ქალაქში ხელისუფლების უმაღლესი ორგანო გახდა.

1922 დეკემბერში შეიქმნა ამიერკავკ. ფედერ. რესპუბლიკა. ქართველ კომუნისტთა, კერძოდ, პარტიის თ-ის კომიტეტის ერთი ნაწილი (ე. წ. „ნაციონალ-უკლონისტები"), ამიერკავკ. ფედერაციის წინააღმდეგი იყო და მოითხოვდა საქართველოს პირდაპირ შესვლას სსრ კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ ეს წინადადება არ გავიდა – თ. ამიერკავკ. პოლიტ. და ადმ. ცენტრად იქცა.

თ-ში მუშაობდა სსრ კავშირის სახელმწ. ბანკის კანტორა, სას.- სამ. ბანკი, კომუნ. ბანკი. 1922 წ. 10 სექტემბერს მოწყობილ შაბათობაზე საძირკველი ჩაეყარა ზაჰესის (ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური) მშენებლობას; დაიწყო სისტემ. მუშაობა წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციისათვის (1922 თ-ის მოსახლეობის 26,8% წერა-კითხვის უცოდინარი იყო); გარდაიქმნა სახ. განათლების სისტემა; შეიქმნა ახ. უმაღლესი სასწავლებლები. 1925 წ. 21 მაისს დაიწყო რეგულ. რადიოგადაცემები; შეკეთდა ავჭალის წყალსადენის ჰიდროტექ. ნაგებობანი, გაიყვანეს წყალსადენი თ-ის განაპირა უბნებში. 1932 ივნისს მწყობრში ჩადგა ნატახტრის წყალსადენი. 1934 დამთავრდა ტრამვაის გადაყვანა ფართოლიანდაგიან ქსელზე. 1932 თ-ის ქუჩებში გამოჩნდა პირველი ავტობუსი, 1937 დაიწყო ტროლეიბუსის რეგულ. მოძრაობა. შეუდგნენ ძვ. ქუჩების გაფართოებას, ახ. ქუჩების გაყვანას, სკვერების მოწყობას, შეკეთდა ხიდები (მუხრანის, ორთაჭალის, მეიდნის), ჩატარდა ქალაქის ფარგლებში არსებული ორბელიანების კუნძულის სანაპიროს გასამაგრებელი სამუშაოები. 1935 საექსპლუატაციოდ გადაეცა მტკვრის სანაპიროს მონაკვეთი ელბაქიძის სახ. და მარქსის სახ. (ახლანდ. გალაკტიონისა და ზაარბრიუკენის) ხიდებს შორის.

ამავე დროს თ., როგორც ყოველთვის, იყო ეროვნ.-განმათ. მოძრაობის, დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლის ცენტრი. საყოველთაო აჯანყების მოსამზადებლად 1922 აქ შეიქმნა ხელმძღვანელი შტაბი, დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი), რ-შიც შედიოდნენ პოლიტ. პარტიების წარმომადგენლები (იხ. აგვისტოს აჯანყება 1924). ინდუსტრიალიზაციის წლებში მოხდა თ-ის სამრეწველო ობიექტების რეკონსტრუქცია. 1927 ამუშავდა ზაჰესის პირველი რიგი (სრული სიმძლავრით ამუშავდა 1938), აშენდა ჩელუსკინელთა (ამჟამად თამარ მეფის) სახ. ხიდი. ვაკეში გაიშალა სამოქალაქო მშენებლობა, მთაწმინდის პლატოზე და ყოფილ მადათოვის კუნძულზე გაშენდა პარკები. ქალაქს შეემატა მსხვილი ხუროთმოძღვრული კომპლექსები: მთავრობის სასახლის პირველი რიგი, იმელის შენობა, ფუნიკულიორის პლატოს ზედა სადგური და სხვ. 1936 მიღებული სსრკ კონსტიტუციისა და 1937 მიღებული საქართვ. სსრ კონსტიტუციის საფუძველზე 1939 ჩატარდა მშრომელთა დეპუტატების თ-ის საქალაქო საბჭოსა და რაიონული საბჭოების პირველი არჩევნები. 1941 დაარსდა საქართვ. სსრ მეცნ. აკადემია. ამავე დროს თ-ში განსაკუთრებული ინტენსიურობით მოქმედებდა ოცდაათიანი წლების პოლიტ. რეპრესიების მანქანა, რ-მაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

II მსოფლიო ომის დროს თ. გახდა რესპ. სამხ.-სამობილიზაციო ცენტრი. თ-მა შეიარაღებულ ძალებში წარგზავნა 80 ათასზე მეტი მებრძოლი. სამრეწვ. საწარმოები გადავიდა სამხ. პროდუქციის წარმოებაზე, რაშიც მონაწილეობდნენ ფრონტისპირა რ-ნებიდან თ-ში ევაკუირებული სამრეწვ. საწარმოები. ომის პერიოდში ქალაქის მრეწველობამ ფრონტს მისცა 217 ათ. ავტომატი, 6,9 ათ. ნაღმსატყორცნი და სხვ. ფრონტს პროდუქციას აწვდიდნენ მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები. 1941 ნოემბრისთვის თ-ში იყო 29 საევაკუაციო ჰოსპიტალი (11800 საწოლით).

ომის შემდგომ, 1948, თ-ის სამრეწვ. პროდუქციამ 1,5-ჯერ გადააჭარბა 1940 დონეს. ი. სტალინისა და საფრ. ხელმძღვანელის გენ. შ. დე გოლის 1945 შეთანხმებით, საქართველოს დაუბრუნდა ე. თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი ეროვნ. განძი, რ-მაც ბინა დაიდო თ-ში 1946 დაარსებულ ხელოვნ. მუზეუმში. 50–60-იან წლებში მაგისტრ. გაზსადენების (ყარადაღი – თ. და ორჯონიკიძე – თ.) გაყვანის შემდეგ თ-მა მიიღო ბუნებრივი გაზი, 1957 დაიწყო რეგულ. ტელეგადაცემები (1965 თ. რადიოსარელეო ხაზით ჩაერთო საკავშ. სატელევიზიო გადაცემებში), 1958 ამუშავდა საჰაერო-საბაგირო გზა.

1956 ქართვ. ახალგაზრდობის ნაწილმა უსამართლოდ მიიჩნია ნ. ხრუშჩოვის მიერ ი. სტალინის კულტის კრიტიკის დროს გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება, თ-ში მოაწყო მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგები და მანიფესტაციები, რასაც ხელისუფლებამ იარაღი დაუპირისპირა (იხ. ცხრა მარტი 1956).

1958 აღინიშნა თ-ის 1500 წლის იუბილე, 1966 – შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე. 1978 ოქტომბერში პირველად ჩატარდა ახ. სახალხო ყოველწლიური დღესასწაული თბილისქალაქობა (იხ. სტ. თბილისობა).

1978 საქართვ. ახ. კონსტიტუციის პროექტიდან, წინა კონსტიტუციებისაგან განსხვავებით, ამოიღეს მუხლი საქართვ. სახელმწ. ენად ქართ. ენის გამოცხადების შესახებ, რასაც მოჰყვა თბილისელების, უპირატესად სტუდენტი ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის საპროტესტო მანიფესტაცია, რ-იც წარმატებით დასრულდა – ქართ. ენამ სტატუსი შეინარჩუნა (იხ. თოთხმეტი აპრილი 1978).

1988–89 გააქტიურდა ეროვნ.- განმათ. მოძრაობა. 1988 წ. 12 ნოემბერს მთავრობის სასახლის წინ დაიწყო მიტინგი, რ-იც 22 ნოემბ. მასობრივ შიმშილობაში გადაიზარდა. 29 ნოემბ. აქცია მშვიდობიანად შეწყდა. 1989 მარტში აფხაზეთის გამოყოფის მოთხოვნას თ-ში დიდი მანიფესტაცია და მიტინგების სერია მოჰყვა. მიტინგებზე სხვა პოლიტ. მოთხოვნებიც გაჟღერდა, რ-თა შორის მთავარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. მშვიდობიანი მიტინგი საბჭოთა ჯარმა უმოწყალოდ დაარბია, იყო მსხვერპლი. 9 აპრილის ღამე ეროვნ. ტრაგედიად იქცა (იხ. ცხრა აპრილი 1989).

1990 წ. 28 ოქტომბერს მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების შედეგად გაიმარჯვა ზ. გამსახურდიას ბლოკმა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო". 1991 წ. 26 მაისს ზ. გამსახურდია არჩევნების გზით გახდა საქართვ. რესპ. პრეზიდენტი. მის წინააღმდეგ მალევე გააქტიურდა ოპოზიცია – თ-ში იმართებოდა მიტინგები, შიმშილობები, მჯდომარე აქციები. ოპოზიცია მოითხოვდა ახ. საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ხელისუფლება კომპრომისზე არ მიდიოდა. 20–21 დეკემბერს დაძაბულობა შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, იყო მსხვერპლი. თ-ში დაიწვა უნიკალური შენობები.

XX ს. 90-იანი წლების დასაწყისში ქალაქის ეკონ. და სოც. მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან სამხედრო მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულთა სიმრავლემ (300 ათასზე მეტი ადამიანი). მძიმე ეკონ. პირობების გამო თ. დატოვა ათეულ ათასობით მოქალაქემ.

მიტინგი მთავრობის სახლთან. 1989 წლის აპრილი.

1994 შეიქმნა პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", რ-იც 1995–2003 საქართველოში წამყვანი პარტია გახდა. 1998 წ. თ-ში ჩატარდა თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნები. ადგილების დიდი ნაწილი ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვეს. 2003 წ. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადების გამო ოპოზიციამ მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიასა და ნ. ბურჯანაძის ხელმძღვანელობით დაიწყო საპროტესტო აქციები. ამ მოვლენებს „ვარდების რევოლუცია" ეწოდა. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები" ქვეყნის მმართველი ძალა გახდა.

2007 წ. 7 ნოემბერს თ-ში მოეწყო ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია, რაც ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებით აქციის დაშლითა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დამთავრდა. პოლიციამ დაარბია ტელეკომპანია „იმედის" ოფისიც. 2008 წ. აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე, საქართველოსთვის წარუმატებელი ომის დროს რუს. სამხ. ავიაციამ დაბომბა თ-ის შემოგარენიც. გაიზარდა ლტოლვილთა რიცხვი, მ. შ. თ-ში.

2011 გაზაფხულზე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოაწყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, რ-საც ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება მოჰყვა.

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია „ქართული ოცნება". ამავე წლიდან საქართველოს პარლამენტი თ-იდან ქუთაისში გადავიდა.

ა. ბენდიანიშვილი

თ. ბერიძე

დ. მუსხელიშვილი

მ. ნათმელაძე

ა. საყვარელიძე

 

III. აღმსარებლობა.

ანჩისხატის ეკლესია.

თ-ის ტერიტორიაზე წინაქალაქური პერიოდის სამლოცველო ტაძარი ან სხვა ამ სახის ძეგლი აღმოჩენილი არ არის, მაგრამ საყოფაცხოვრებო ინვენტარი, ასევე დაკრძალვის რიტუალები და სამარხთა ფორმების სახეცვლილებები აშკარად ავლენს ძვ. და ახ. წელთაღრიცხვის მიჯნაზე ჩამოყალიბებულ მითოსს მოკვდავ და მკვდრეთით აღდგენად ღვთაებებზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ არმაზის თაყვანისცემა თ-ის ტერიტორიაზეც იყო გავრცელებული, რადგან არმაზი შემოვიდა არა როგორც მხოლოდ მცხეთელთა, არამედ როგორც ქართლოსის შთამომავალთა სახელმწ. გამაერთიანებელი ღვთაება.

სხვა რელიგიათაგან ერთ-ერთი, რ-იც ამ სივრცეში ქრისტიანობის შემოსვლის წინ იყო ფეხმოკიდებული, არის იუდაიზმი. თანახმად გადმოცემისა, ებრაელები მცხეთასა და მის შემოგარენში ნაბუქოდონოსორის დროს (ძვ. წ. VI ს.) შემოსულან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძვ. და ახ. წელთაღრიცხვათა მიჯნაზე ისინი თ-ის მიდამოებშიც გამოჩნდებოდნენ. ქართლში ფეხმოკიდებული ყოფილა მანიქეველობა, მაგრამ ყველაზე მომძლავრებული იყო მაზდეანობა (იხ. ზოროასტრიზმი). სპარსელებმა თ-ის ვიწრობებში ააშენეს ციხე, ჩააყენეს თავიანთი გარნიზონი და პიტიახში დასვეს (IV ს.). ცხადია, სპარს. კონტინგენტს საკუთარი სალოცავიც ექნებოდა. თ-ში, კლდისუბანში, ბეთლემის ზედა ეკლესიის (ფეთხაინის) მახლობლად, შემორჩენილია შენობა, რ-საც ტრადიციულად "ათეშგას", ანუ "ცეცხლის სა­გზებელს" ეძა­ხი­ან (იხ. ათეშ­გა­ჰი).

IV ს. პირ­ველ მე­სა­მედ­ში იბე­რია­ში სა­ხელმწ. რე­ლი­გი­ად ქრის­ტია­ნო­ბა გამო­ცხად­და. V ს. და­მლევს მე­ფე ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა შე­ა­ფა­სა თ-ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და განიზ­რა­ხა შე­ექ­მნა ქვეყ­ნის ახ., პო­ლიტ. და სა­რწმუ­ნო­ებ­რივ-კულტ. ცენ­ტრი, რ-ის გა­ვლე­ნა მთელ ამი­ერკავ­კა­სი­ას გა­სწვდე­ბო­და. მარ­თა­ლია, კა­თოლი­კო­სის ტახ­ტი მცხე­თა­ში დარჩა, მაგ­რამ სა­ეკლ. მშე­ნებ­ლო­ბა­თა მას­შტა­ბი თ-ის დე­და­ქა­ლა­ქო­ბის პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ცხად­ყოფს მის გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­რწმუ­ნო­ებრივ და­ტვირ­თვას. V ს. მიწურულს თ-ს უკვე ჰყავდა ეპისკოპოსი, რ-იც თბილელად იწოდებოდა. ამ პე­რიოდ­ში ქალაქში აშენ­და სი­ო­ნი – ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტაძარი, ანჩისხატი – მარიამ წმიდის ეკლესია, გოლგოთის ჯვრისა და ბეთლემის (მოგვიანებით „ფეთხაინი") ეკლესიები. მაზდეანობა საბოლოოდ VII ს-ში შეცვალა ისლამმა.

არაბობა ერთ-ერთი უმძიმესი ხანაა საქართვ. ისტორიაში. VII ს-ში თ-ში ამირა დაჯდა და ქალაქი საერთო კულტ.-ისტ. პროცესებს მნიშვნელოვნად გამოეთიშა. არაბთა გამანადგურებელმა შემოსევებმა შეასუსტა მისი კავშირი ბიზანტიასთან, ქართ. ეკლესია იზოლირებული დარჩა დანარჩენი ქრისტ. ცენტრებისაგან. არაბთა ბატონობის პერიოდში თ-ში შეიქმნა ქვეყნის დანარჩენი ნაწილებისაგან განსხვავებული პოლიეთნიკური გარემო და მისი შესაბამისი სარწმუნოებრივი სპექტრი. მომრავლდა მუსლიმანი მოსახლეობა, აშენდა მეჩეთები, ქალაქსა და ქვეყნის რეგიონებს შორის დამყარდა რეალობის ფარგლებში შესაძლო კულტ.-ეკონ. წონასწორობა, თანაცხოვრების პირობებში აღმოცენდა სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევართა შორის რელიგ. მიმტევებლობა.

IX–XI სს. ქართ. ეკლესიამ, ფილოს. აზროვნებამ, ქრისტ. კულტურამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – მთელ საქართველოში ქრისტიანობა ჭეშმარიტ ეროვნ. სარწმუნოებად იქცა. საქართვ. ჩრდ.- დას. და სამხრ.-დას. პროვინციებში დაიწყო ქვეყნის გაერთიანების პროცესი. V ს-ში მიღებული საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიურობა VII– VIII სს-ში განმეორებით გაცხადდა ქართვ. საეკლ. მოღვაწეთა მიერ. გამოიკვეთა სხვა კონფესიებთან ურთიერთობის ტენდენციები. მიუხედავად იმისა, რომ დავით IV აღმაშენებელმა თ. კვლავ საქართველოს დედაქალაქად აქცია (1122), კათოლიკოსის სასაყდრო ქალაქად ისევ მცხეთა რჩებოდა, თუმცა ქრისტ. პოლიტიკა თ-იდან ტარდებოდა მთელ კავკასიაში.

XVII–XVIII სს-ში ქართლკახეთის ტახტზე მუსლიმანი მმართველები ისხდნენ. მოსახლ. ნაწილი მუსლიმანობას იღებდა, ნაწილი სომხ. კონფესიაზე გადადიოდა და "სომხდებოდა", რასაც დიდად უწყობდა ხელს ირან-თურქ. მხარდაჭერა სომხ. ეკლესიისადმი. ქალაქის მუსლიმანები თავიდან სუნიტები იყვნენ, შიიტები აქ მოგვიანებით გამოჩნდნენ. ირკვევა, რომ XIX ს. დამდეგისათვის თ-ში 5 მეჩეთი ყოფილა. აქედან სამი XVII ს-ში აუშენებია როსტომ მეფეს. ამავე დროს, საქართვ. ეკლესია, ქართვ. მოღვაწეები ყოველნაირად ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ქრისტ. სარწმუნოება, ეროვნ. კულტურა.

თ-მა განსაკუთრებული როლი შეასრულა კათოლიკობასთან ურთიერთობაში. 1054 განხეთქილების დროს, როდესაც ბერძნებისა და ლათინების ეკლესიები ერთმანეთს დაშორდა, ამ დაპირისპირებას ქართველებში უკიდურესად მწვავე ფორმა არ მიუღია. ასევე ლოიალური ჩანს ლათინთა დამოკიდებულება ქართველთა მიმართ. X ს-იდან იწყება ახ. ურთიერთობა კათოლიკეებთან. ცხოველდება მისიონერთა საქმიანობა. პირველად გამოჩნდნენ ფრანცისკელი, ანუ მინორიტი ბერები, მათ შემდეგ, 1240, თ-ში თავიანთი მონასტერი დაუფუძნებიათ დომინიკელებს. 1245 შემდგომ გამოჩნდა მისიონერთა ახ. ჯგუფი, რ-იც პაპმა ინოკენტი IV-მ გამოგზავნა მახლობელ აზიასა და კავკასიაში. მისიონერები თავდაპირველად თ-ის მისიონში ჩამოდიოდნენ, აქედან კი სამოღვაწეოდ სხვა ქვეყნებშიც მიდიოდნენ. 1329 კათოლიკური საეპისკოპოსო ქ. სმირნიდან თ-ში გადმოიტანეს. დაწესდა კათოლ. კათედრა, რ-ის ეკლესიას საეპისკოპოსო ეკლესია ეწოდა და ქართ. ტიპიკონი მიეცა (იხ. აგრეთვე თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო). მ. თამარაშვილს აღნუსხული ჰყავს თბილ. ცამეტი ეპისკოპოსი. კონსტანტინოპოლის აღების შემდგომ ოსმალებმა გზები გადაკეტეს და საქართველოს დას-ისგან სრული იზოლაცია დაემუქრა. მიუხედავად სიძნელეებისა, რომი მაინც ახერხებდა თთან ურთიერთობის შენარჩუნებას. ამით დამთავრდა საქართველოსა და რომის ეკლესიის ურთიერთობის ძვ. ხანა, რ-იც XI–XVII სს. მოიცავს. მომდევნო პერიოდში პირობები საგრძნობლად შეიცვალა.

XVIII ს. ბოლოს თ-ის განადგურებამ კათოლიკეთა საქმიანობას დიდი ზიანი მიაყენა. XIX ს. 30–40-იან წლებში რუსეთმა კათოლიკეებს აუკრძალა საქართველოში საქმიანობა. მიუხედავად ამისა, თ-ში კათოლიკობას არსებობა არ შეუწყვეტია. ამჟამად თ-ში ორი კათოლ. ეკლესია მოქმედებს. კათოლ. მრევლისათვის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო რომის პაპის იოანე პავლე IIის ვიზიტი თ-ში 1999.

შუა საუკუნეებში თ-ში დასტურდება ებრაელთა ძლიერი დიასპორა. X ს-იდან აქ განვითარების მაღალი დონისათვის მიუღწევია ებრაულ ფილოს.- თეოლ. სკოლას და იგი თალმუდისტებისა და ყარაიმების სექტების გვერდით "თბილისურ სექტად" ჩამოყალიბებულა. ცნობილია, რომ მათი მიმდევრები თ-ში XII ს-შიც ცხოვრობდნენ. ებრაელები თვლიან, რომ ისინი საქართველოში იერუსალიმის პირველი ტაძრის დანგრევის შემდეგ მოვიდნენ და ძველთაგანვე თავს უცხოდ არ გრძნობდნენ. ისინი არც ქართველებს მიაჩნდათ გარეშეე ბად. თ-ში ებრაელთა უბანს მოიხსენიებს ალ-ფარიკი (XII ს.), ებრაელებს ახსენებს მარკო პოლოც (XIII ს.). ყველა ეს ცნობა ცხადყოფს, რომ არაბობის პერიოდში და შემდგომაც თ-ში ებრაელთა დიასპორა საკმაოდ კარგ პირობებში ცხოვრობდა.

XIX ს. დამდეგს თ-ში მოსახლე ებრაელები ე. წ. სეფარიდული ტრადიციის წარმომადგენლები არიან. XIX ს-ში ქალაქში გაჩნდა აშქენაზთა თემი – ევრ. ტრადიციის ებრაელები, რ-ებიც ძირითადად რუსეთიდან შემოვიდნენ. ებრაელები საქართველოსა და თ-ში ქართ. მოსახლეობასთან უმჭიდროეს კავშირში ცხოვრობდნენ. XIX ს-ში სამშობლოში ებრაელთა თავმოყრისა და გაერთიანების იდეამ ხორცი შეისხა სიონიზმის სახით, სიონისტური წრეები თშიც ამოქმედდა. ებრაელთა თემების ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა სინაგოგა, რ-იც ამჟამადაც მოქმედებს (აშქენაზებისა და სეფარიდების).

სინაგოგა. XX ს. დასაწყისი.

თ-ში ძველთაგანვე უნდა ყოფილიყო ფეხმოკიდებული სომხ. სამოციქულო ეკლესია. VII ს-ში, სომეხ- ქართველთა საეკლ. განხეთქილების შემდგომ, სომხ. ეკლესიამ ეთნ. მნიშვნელობა შეიძინა. XI ს-იდან, როდესაც სომხ. სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა, კავკასიაში ქრისტიანთა თავშესაფრად და დამცველად საქართველო იქცა. საქართველოს გავლენა გამოიხატა ქალკედონელების გააქტიურებით როგორც სომხეთში, ისე საქართველოში მცხოვრებ სომეხთა შორის. საქართვ. სახელმწიფოს დასუსტებისა და დაქუცმაცების შემდეგ ეს პროცესი მინელდა და ჩაქრა. გარდა მიგრირებული სომხებისა, სხვადასხვა დროს ქართვ. მეფეებს თავად შემოჰყავდათ სომხ. მოსახლეობა, ძირითადად ქალაქებიდან აყრილი ვაჭარ- ხელოსნები, და ასახლებდნენ საქართვ. ქალაქებში, უმთავრესად თ-ში. ამ ვითარებამ ხელი შეუწყო მათი სოც. და ეკონ. სტატუსის ჩამოყალიბებას. ეკონომიკურად მომაგრებულმა სომხურმა ეკლესიამ და "უნიტორებმა" აქტ. სარწმუნოებრივი ბრძოლა გააჩაღეს. ისინი ახერხებდნენ ძვ. ქართ. ეკლესიების დასაკუთრებას, ამასთანავე ცდილობდნენ საქართველოდან კათოლიკეების განდევნას და თავიანთი სარწმუნოების დამკვიდრებას. ამჟამად (2013) საქართველოში სომხ. საეპისკოპოსოს სრული სახელწოდებაა "სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქია". არქიეპისკოპოსის რეზიდენცია თ-ში მდებარეობს. ქალაქში ორი სომხ. ეკლესია მოქმედებს: წმ. გიორგის კათოლიკე ეკლესია და ეჩმიაძინის წმ. გიორგის ეკლესია.

პ. იოსელიანის ცნობით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეკლესიების გარდა (სიონი, მეტეხი, ანჩისხატი, მამადავითი), XIX ს-ში თ-ში მოქმედებდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია ვერეზე (ლურჯი მონასტერი), რსაც ვახუშტი ბაგრატიონი წმინდა გიორგის ეკლესიად მიიჩნევს; შაჰნავაზის ასულის ელენეს მიერ 1680 აშენებული ღვთისმშობლის ეკლესია, რ-იც 1775 განუახლებია ერეკლე II-ის ასულს მარიამს, 1840 შეუკეთებია თავად ფარსადან ციციშვილს, ამის შემდეგ კი შენობა კერძო მფლობელის ხელში გადასულა. პ. იოსელიანის ჩამონათვალში არის ბერძნების მიერ ავლაბარში აშენებული წმ. მარინეს ეკლესია, რ-იც 1824 მიტროპოლიტ იოანეს უფლის მირქმის ეკლესიად განუახლებია; ეგზარქოს ევგენის მიერ განახლდა ასევე კვირაცხოვლის ეკლესია (თომა მოციქულის), რ-იც XVII ს. ბოლოს საქართვ. მთავარეპისკოპოსს ქრისტეფორეს აუშენებია თემურლენგის დროს დანგრეული ძვ. ეკლესიის ადგილზე. პ. იოსელიანის ცნობით, წმ. ჯვრის ეკლესია (ჯვარის მამა) ეკუთვნოდა იერუსალიმის საპატრიარქოს. მისი აზრით, მიუხედავად საქართვ. ეკლესიის ანტიოქიისადმი იერარქიული დამოკიდებულებისა, საქართვ. მეფეებს გაუმართავთ იერუსალიმის ეკლესიის "ვითარცა ყოველთა ქრისტიანეთა დედის", საყდარი. ეს ეკლესია ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის სამი ეკლესიის – წმ. ელიას, წმ. ჯვრის და წმ. იაკობის – ბერებს. წმ. ეკატერინეს ეკლესია, რ-იც ააშენა დავით აღმაშენებელმა სინას წმ. ეკატერინეს ეკლესიის ანალოგიით, თემურლენგმა დაანგრია, აღადგინა ალექსანდრე დიდმა, საბოლოოდ დაინგრა 1795. მის ადგილზე სინელმა ბერებმა მცირე ეკლესია ააშენეს, მაგრამ, რადგან მრევლი გაიზარდა და ძვ. შენობა აღარ ყოფნიდათ, 1861 გადააკეთეს და ხელმეორედ აკურთხეს; წმ. ირაკლისა და დარიას ეკლესია 1822 რუსების მიერ ფერისცვალების ეკლესიად იკურთხა. თ-ში იდგა კიდევ წმინდა გიორგის კარის ეკლესია, აგებული ვახტანგ VI-ის ძმის სიმონის მიერ; ქაშვეთის ძვ. ეკლესია, კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია, წმ. სამების ეკლესია. ამათ გარდა იყო XIX ს. დამდეგს აგებული მირქმის ეკლესია, ახლანდ. წმ. ნიკოლოზის ეკლესია ჩუღურეთში და მიქელ მთავარანგელოზის ეკლესია ავლაბარში.

XIX ს-ში მოქმედ თუ გაუქმებულ ეკლესიებთან ერთად თ-ში და მის შემოგარენში იყო მრავალი დანგრეული ეკლესია. პ. იოსელიანს ჩამოთვლილი აქვს: აბოს სამლოცველო; წმ. დავით გარეჯელის დროებითი სადგომი მეტეხის კლდეში; ნათლისმცემლის ტაძარი, დანგრეული თემურლენგის მიერ და აღდგენილი ნათლისმცემლის უდაბნოს ბერების ღვაწლით ალექსანდრე დიდის დროს; კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია ავლაბარში; ელია წინასწარმეტყველის ეკლესია მახათას მთაზე, კრწანისის ღვთისმშობლის ეკლესია (მდებარეობს კრწანისის მაღლობზე, მოქმედი და მართლმადიდებლური იყო თეიმურაზ IIის დრომდე, შემდეგ სომხებმა დაიკავეს). ჩამოთვლილი ეკლესიები და სალოცავები საკმაოდ სრულად გვიხატავს XIX ს. თ-ის მოსახლეობის სარწმუნოებრივ პანორამას.

ამ მრავალრიცხოვანი მართლმადიდებლური ეკლესია-სალოცავების გვერდით თ-ში, მისი არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტ. განმავლობაში მრავლად იყო სხვა რელიგიის მიმდევართა სალოცავები. ეს აიხსნება იმით, რომ სხვა სარწმუნოების მიმდევრებს არასოდეს განუცდიათ დევნა-შევიწროება.

XIX ს. თ-ში ძირითადად სამი დიდი კონფესიური ჯგუფი გამოიკვეთა – მართლმადიდებლობა, გრიგორიანობა (სომხ. ეკლესია) და ისლამი. წლების განმავლობაში კონფესიათა რიცხობრივი მაჩვენებელი განუხრელად იცვლებოდა. ქალაქში მატულობდა მართლმადიდებელთა რაოდენობა. 1899 ეკლესიათა რიცხვმა უკვე 48-ს მიაღწია. თ-ის უმთავრესი ეკლესია, სადაც ყველა ეთნოსის მართლმადიდებელი ლოცულობდა (ზოგჯერ არამართლმადიდებელი ქრისტიანიც), იყო სიონი (ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია).

ბერძნული ეკლესია. 1853/54

მეორე ჯგუფს შეადგენდნენ სომეხი გრიგორიანელები. თ-ში მათმა რიცხვმა XIX ს. II ნახევარში და XX ს. დასაწყისში მნიშვნელოვნად იმატა, მიზეზი ომებით გამოწვეული მიგრაცია იყო. XIX ს-ში ქალაქში მცხოვრებ მუსლიმანთა შემადგენლობაში შიიტებიც იყვნენ და სუნიტებიც – 1876 აღწერით შიიტები მოსახლ. 3,7 %-ს შეადგენდნენ, სუნიტები კი – 0,7 %-ს. როგორც ჩანს, იუდაიზმის მიმდევრები თავიანთი რიცხობრივი სიმცირის გამო კონკურენციას ვერ უწევდნენ უმთავრეს კონფესიებს, თუმცა XIX ს-იდან დაწყებული XX ს. 70-იან წლებამდე მათი რიცხვი მუდმივად იზრდებოდა. XX ს. ბოლოს თ-ში ებრაელთა რაოდენობის სწრაფი კლება გამოიწვია მასობრივმა გადასახლებამ ისრაელში.

XIX ს. შუა წლებიდან რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, გამოჩნდნენ რუსი სექტანტები. რუს. იმპერია მათ დევნიდა და განაპირა რეგიონებში, მ. შ. საქართველოში, ასახლებდა. რუსეთში ისინი XVII ს-ში მომხდარი საეკლ. განხეთქილების შედეგად წარმოიშვნენ. მაშინ ე. წ. "ძველი რწმენის მიმდევრები" (სტაროვერები) გამოვიდნენ ოფიც. ეკლესიის წინააღმდეგ, რ-იც რეფორმის ჩატარებას აპირებდა. მოგვიანებით გაჩნდნენ დუხობორები, ანუ "სულით მებრძოლი ქრისტიანები", მოლოკნები და კიდევ მრავალი სხვა. მოლოკნები კომპაქტურად დასახლდნენ ქალაქში, დუხობორების კოლონია გაჩნდა ჯავახეთში (იხ. სექტანტობა).

თ-ში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ხალხ. დღესასწაულებსა და რიტუალებს, რ-ებიც, ოფიც. რელიგიების გავლენის მიუხედავად, თავიანთი შინაარსით შეიცავდა უძველეს რწმენა- წარმოდგენათა შრეს. ხალხ. დღესასწაულების გარდა, საერთო- ხალხ. და ქალაქური მასშტაბი შეიძინა მრავალმა საეკლ. დღესასწაულმა, მ. შ. აღსანიშნავია ნათლისღება (ამ დღეს ქართვ. და სომეხი ხელოსნები ამქრის გაშლილი დროშებით ერთად ჩადიოდნენ წყალზე, მტკვრის ნაპირზე, წარმოსახვით – იორდანეზე), ნინოობა, სურბსარქისობა (იმართებოდა დიდმარხვამდე ორი კვირით ადრე და მონაწილეობას იღებდნენ მუსლიმანებიც. ამ დღესასწაულს ისინი ნადირ- ნაბეს ეძახდნენ), ყველიერი (იმართებოდა კრივი), დიდი მარხვის დასაწყისი (ყეენობა), ვნების კვირის ოთხშაბათი (ჭიაკოკონობა), აღდგომა, კვირაცხოვლობა, ვნების კვირის პარასკევი, ჯოჯოობა (წმ. დოდოს დღესასწაული, აღდგომის კვირის სამშაბათი), ახალკვირა, მაისობა (1–7 მაისი), თელეთობა, გიორგობა გაზაფხულისა (23 აპრილი), ვიჭაკი, მამადავითობა, სამებობა, კათოლიკური გარდამოხსნა (თეთრებში გამოწყობილი ქალწულები წავიდოდნენ ეკლესიიდან სასაფლაომდე და გზაზე ყვავილებს ყრიდნენ), სურბ-კარაპეტი, ღვთისმშობლის მიძინება, შობა და ა. შ.

რუსეთთან მიერთების (1801) შემდეგ საქართვ. ეკლესიას ადგილი მიუჩინეს რუს. იმპერიის საეკლ. იერარქიაში. იმპერია ვერ შეურიგდა ქართ. ავტოკეფალიური ეკლესიისა და მისი მეთაურის, სრულიად საქართვ. კათოლიკოსპატრიარქის, სტატუსს. 1811 აღმ. საქართველოში გაუქმდა ავტოკეფალია. ეკლესიის წინამძღოლად დაინიშნა ეგზარქოსი. მოსალოდნელ უსიამოვნებათა თავიდან აცილების მიზნით ეგზარქოსად დაინიშნა ქართველი, ვარლამ ქსნის ერისთავი, მისი მომდევნო ყველა ეგზარქოსი რუსი იყო. სიონი შეაკეთეს და რუსი ეგზარქოსების კათედრად აქციეს. დაიწყო ქართ. ეკლესიის ნამდვილი რბევა. მრავალრიცხოვანი საეპისკოპოსოები ოთხამდე დაიყვანეს, გაანადგურეს და დაიტაცეს ძვირფასი საეკლ. ინვენტარი, შეღებეს უძველესი მხატვრობა. იძარცვებოდა და ისპობოდა საეკლ. თუ საერო დოკუმენტები, ხელნაწერები, რაც გადარჩა, პეტერბურგში წაიღეს. უმთავრესი ბოროტება, რაც რუსეთის ეკლესიამ საქართველოში და თ-ში განახორციელა, იყო ეკლესიიდან ქართ. ენის განდევნა. ეს აქცია მიზნად ისახავდა მოსახლეობის გარუსებაში სარწმუნოებისა და ეკლესიის მექანიზმის ჩართვას.

1917 წ. 12 (25) მარტს საქართვ. სამღვდელოებამ აღადგინა ავტოკეფალია, რ-იც რუს. დროებითმა მთავრობამ ცნო, მაგრამ ამას არ თანხმდებოდა რუს. ეკლესია. 1917 წ. 17 სექტემბერს საქართვ. ეკლესიის საჭეთმპყრობლად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონ II. 1920 წ. 27 ივნ. საეკლ. კრებამ კათოლიკოსად დაამტკიცა მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე).

თ-ის გამოცოცხლებული რელიგ. ცხოვრება შეიცვალა საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდგომ. ისინი, პირველ ყოვლისა, ებრძოდნენ ქართ. ეკლესიას, მის მეთაურებს, საზ. მოღვაწეებს, რადგან ეკლესია და მისი მესვეურები ეროვნ. ინტერესების გამომხატველად და დასაყრდენად მიაჩნდათ. ლეონიდეს გარდაცვალების შემდეგ, 1921 კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულმა ამბროსი ხელაიამ გენუის საერთაშ. კონფერენციას მიმართა მემორანდუმით საქართველოში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო. შემდგომი კათოლიკოს-პატრიარქები იყვნენ ქრისტეფორე III ციცქიშვილი, კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III ფხალაძე, ეფრემ II სიდამონიძე, დავით VI დევდარიანი.

1977 წ. 23 დეკემბერს სრულიად საქართვ. კათოლიკოს- პატრიარქად აირჩიეს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II შიოლაშვილი. 1990 მოხდა საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიისა და მისი კათოლიკოს- პატრიარქის უფლებამოსილებათა საერთაშ. აღიარება.

საქართველოსა და თ-ში გაიშალა ფართო საეკლ. მშენებლობა. აიგო ორ ათეულზე მეტი მართლმადიდებელი ეკლესია. ამათგან უმთავრესია თ -ში, ელიას უბანში, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აშენებული წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, რ-იც 2004 წ. 23 ნოემბერს იკურთხა (მშენებლობა დაიწყო 1996). საქართვ. სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის როლი ქვეყნის ისტორიაში კონსტიტუციითაა აღიარებული.

ი. სურგულაძე

IV. არქიტექტურა.

მთაწმინდის ხედი ჩუღურეთიდან. XIX ს. 80-იანი წლები.

თ. საუკუნეების განმავლობაში მისი განვითარების ყოველ ეტაპზე ყალიბდებოდა დროისათვის შესაბამის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. აქ არქიტ. საშუალებით აისახა ქალაქის ყოფითი სახე, ტრადიციები, კულტურა. თ-ის ქალაქთმშენებლობით ფორმირებაზე, გარდა პოლიტ. ვითარებისა, ეკონ. მდგომარეობისა, რელიეფისა, კლიმ. პირობებისა და მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობისა, გავლენა იქონია ქალაქზე გამავალმა ევროპა-აზიის დამაკავშირებელმა საქარავნო გზის არსებობამ. ისტ. კოლიზიების გამო თ. მრავალჯერ დაქცეულა და კვლავ აღმდგარა. აღა-მაჰმად-ხანის გამანადგურებელი შემოსევის შედეგად (1795) საერო ხასიათის ნაგებობებიდან არაფერი შემოგვრჩა, გარდა მეფე როსტომის სასახლის აბანოსი (შემდგომ ზარაფხანისა), რ-მაც XXI ს. 10-იან წლებში მთლიანად იცვალა სახე.

თ-ის განვითარების ისტორიაში იკვეთება სამი ძირითადი ეტაპი: პირველი – დაარსებიდან XVIII ს. მიწურულამდე, მეორე – XIX ს. დასაწყისიდან XX ს. პირველი ნახევრის ჩათვლით, მესამე კი – XX ს. 40-იანი წლებიდან დღემდე.

ჩვენამდე მოღწეული ძვ. ქალაქის განაშენიანება ძირითადად შედგება საცხოვრებელი სახლებისაგან, რ-ებიც მიეკუთვნება XIX ს-სა და XX ს. დასაწყისს. უძველეს კალას უბანში ქალაქგეგმარებითი სტრუქტურა იმეორებს გვიანდ. ფეოდ. ხანის ქალაქგეგმარებით სტრუქტურას, თუმცა მნიშვნელოვნად სახეცვლილია მეტეხის ხიდის მიმდებარე განაშენიანება და სამეფო კარის სივრცის გეგმარებითი სტრუქტურა.

შემორჩენილია XIX–XX სს. თ-ის ამსახველი ისტ.-კარტოგრაფიული მასალა, დ. ერმაკოვის, ა. როინაშვილის მდიდარი ფოტოარქივი, მოგზაური მხატვრების ჩანახატები, დოკუმენტური კინოფილმები, ლიტ. ნაწარმოებები.

გვიანფეოდ. ხანის თ-ის არქიტექტურაზე შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ შემორჩენილი ჩანახატებით (შარდენი, ტურნეფორი) და ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილი (1735) ქალაქის გეგმითა და აღწერით. XVII–XVIII სს-ში თ. ოთხი ნაწილისაგან შედგებოდა: 1. სეიდაბადი, ანუ "საკუთრივ თბილისი" – ქალაქის უძველესი, მინერალური წყლების უბანი; 2. კალა – ქალაქის უმთავრესი ნაწილი; იგი შემოფარგლული იყო ციხე-გალავნით და 6 კარით; 3. ისანი (შემდეგდროინდელი, ავლაბარი) – მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დასახლება; 4. გარეთუბანი – საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია ქალაქის ზღუდის ჩრდ-ით, ქალაქს გარს ერტყა [განსაკუთრებით სოლოლაკის (სალალაკის) უბანში] "წალკოტნი და სავარდენი, ყოვლის ხილითა და ყვავილითა სავსე".

თბილისური ქალაქგეგმარებითი სტრუქტურა ქალაქთმშენებლობის თვალსაზრისით არაერთგვაროვანია. ამ ზონის ცალკეულ უბნებს საერთო ღირებულებებთან ერთად აქვთ განსხვავებული ქალაქთმშენებლობითი მახასიათებლები. ასე რომ კალის, მეტეხ-საჩინოს, აბანოთუბნისა და ნაწილობრივ ხარფუხის ურბანული განვითარების პრინციპები ერთნაირია, ხოლო სოლოლაკის, "დვორცოვის", მთაწმინდის და ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირის და მიმდებარე ტერიტორიის – სრულიად განსხვავებული. ამავე დროს კალის, აბანოთუბნის, მეტეხ- საჩინოს და ნაწილობრივ ხარფუხის განაშენიანების მრავალი ელემენტი (საცხოვრებელი სახლის არქიტ.-სტილისტური მახასიათებლები) უმრავლეს შემთხვევაში ერთმანეთის იდენტურია. აქ გაბატონებულია ე.წ. თბილისური "ამპირული სახლი", ხოლო სოლოლაკის და ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირის განაშენიანების ძირითად ელემენტს – საცხოვრებელ სახლებს აქვს თბილისური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი დეტალები. ასეთებია XX ს. პირველ ათწლეულში ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი მოდური სტილით (ეკლექტიკა, მოდერნი, ფსევდოგოთიკა, ფსევდომავრიტანული, კლასიციზმი და ა.შ.) აგებული შენობა-ნაგებობები; ასეთივე მდგომარეობაა ე.წ. "დვორცოვის" ზონაში, მთაწმინდის კალთის ქვედა ტერასაზე და, ნაწილობრივ, ვერის უბანში.

თ-ის ისტ. უბნები არაერთგვაროვანი სტრუქტურისაა. მიუხედავად ამისა, თვით ამ სტრუქტურების ძირითადი მაფორმირებელი საცხოვრებელი სახლები ერთგვარი პრინციპებითაა დაგეგმილი – ე.წ. თბილისურეზოიანი საცხოვრებელი სახლებით (მიუხედავად მოდური სტილის გავლენისა), რაც განპირობებულია მდგრადი ყოფითი ტრადიციებით. ამ ტიპის სახლებით არის შექმნილი თბილისური ქუჩების განუმეორებელი სახე და კოლორიტი. ასეთი სახლის გეგმარებითი სტრუქტურა იკინძება შიდა ეზოს გარშემო, რ-იც მეტწილად არასწორი გეომ. ფორმისაა, ერთ მხარეს გახსნილია, უმეტეს შემთხვევაში – ქუჩისკენ. მათ ვუწოდებთ ნახევარატრიუმულ სახლებს, რ-თა ეზოები გარშემორტყმულია გადახურული ხის აივნებით. ისინი ხშირად ფასადებზეც გამოდის. არსებობს ტრადიცია "სალაყბო" აივნებისა, მათ სახლების დამაკავშირებელი ფუნქცია აკისრიათ. ასეთი სტრუქტურის მქონე სახლები შესაძლებლობას უქმნის მაცხოვრებლებს, დაამყარონ უშუალო კონტაქტი ერთმანეთთან, მეზობელ ეზოსთან, ქუჩასთან. თ-ის განაშენიანებისაგან ეკლესიები მკვეთრად არ გამოიყოფა. უფრო მეტიც, ისინი წარმოადგენენ განაშენიანების ისეთსავე ელემენტს, როგორსაც სხვა ფუნქციის შენობები. ამავე დროს ქალაქის საერთო კომპოზიციაში დომინანტებად რჩებიან. შემოსული ევრ. კულტურა და ახ. არქიტ. მოდა ვერ თრგუნავს ტრად. ყოფას და მხოლოდ თავისებურად, თბილისურად ადაპტირდება.

თ-ის არქიტ.-მხატვრულ სახეს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი ბუნებრივი ლანდშაფტი, რ-ზეც ქალაქია შეფენილი და ქმნის განუმეორებელ, დასამახსოვრებელ პანორამას. თანამედროვე ქალაქის შუაგულში მოექცა ისტ. უბნები. 1976, საქართვ. მთავრობის გადაწყვეტილებით, თ-ის ისტ. უბნები – კალა, აბანოთუბანი, ხარფუხი, მეტეხის ქიმის განაშენიანება გამოცხადდა სახელმწ. დაცვით ზონად. 1985 დაცვით ზონაში შევიდა მთაწმინდა, სოლოლაკი, ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია.

მიხეილის (ახლანდელი ჩუღურეთის) ხიდი. XIX ს. 90-იანი წლები.

XIX ს. დამდეგიდან თ. სწრაფად ვითარდებოდა და იზრდებოდა, ვეღარ ეტეოდა ისტ. საზღვრებში და გალავნის გარეთ დაიწყო ტერიტორიების ათვისება. მოისპო ქალაქის გალავანი და კარები. ქალაქის ადმ.-კულტურულმა და სავაჭრო ცენტრმა გარეთუბანში გადაინაცვლა (ახლანდ. თავისუფლების მოედნის მიმდებარე უბნები). მდინარის მარჯვენა მხარეს ჩამოყალიბდა თ-ის მთავარი არტერია – გოლოვინის პროსპექტი (ახლანდ. რუსთაველის გამზირი) და ოლღას (ახლანდ. კოსტავას) ქუჩა; მარცხენა მხარეს კი, მოგვიანებით (XIX ს. შუა წლები) – ქალაქის მეორე გრძივი მაგისტრალი – მიხეილის პროსპექტი (ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირი); აშენდა ხიდები – ვორონცოვის (1851–53 წწ. არქიტ-ები – ჯ. სკუდიერი; ამჟამინდელი ჩუღურეთის ხიდი, რეკონსტრუირებულია 1960, ინჟ. – გ. ქარცივაძე, არქიტ-ები: გ. მელქაძე, შ. ყავლაშვილი), ვერის (1884, ინჟ. ს. უმანსკი; 1953 მის ადგილზე აიგო ახალი, ამჟამინდელი გალაკტიონ ტაბიძის ხიდი; ინჟ. გ. ჩომახიძე, არქიტ. მ. მელია), მუხრანის (1911, აკად. ე. პატონი, შედუღების წესით აგებული პირველი ხიდი რუს. იმპერიაში; 1965 იგი შეცვალა ახალმა – ბარათაშვილის ხიდმა, ინჟ. გ. ქარცივაძე, არქიტ-ები – შ. ყავლაშვილი, ვ. ქურთიშვილი).

თ-ის ქალაქთმშენებლობაში დაინერგა გეგმარებითი პრაქტიკა. ახ. უბნების განაშენიანება შედარებით რეგულ. ხასიათს ატარებდა. გარეთუბანში, კუკიაზე ჩატარდა კეთილმოწყობითი სამუშაოები, გაშენდა რამდენიმე ბაღი და სკვერი; წავკისის ხეობაში, ყოფ. სამეფო ბაღების ადგილზე – ბოტანიკური ბაღი (1845); ყაბახის ადგილზე – ალექსანდრეს ბაღი (1859, არქიტ. ო. სიმონსონი); დიდუბის უბანში – მუშთაიდის ბაღი (ახლანდ. კულტ. და დასვენების პარკი) და სხვა. თ-ში გაიყვანეს თავდაპირველად კონკის (1883), შემდეგ ტრამვაის (1904) ხაზები, მამადავითის მთაზე ააგეს ფუნიკულიორი (იხ. თბილისის ფუნიკულიორი) (1905). XX ს. პირველ ათწლეულში თ-ის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრები ვრცელდებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე – ძვ. ქალაქიდან ვარაზისხევსა და მდ. ვერემდე (დაწყებული იყო ვაკისა და საბურთალოს დასახლებებიც), ხოლო მარცხენა ნაპირზე – ისნიდან დიდუბემდე და ორთაჭალიდან ნავთლუღამდე.

XIX ს. დამდეგიდან 60-იან წლებამდე თ-ის ოფიც. მშენებლობაში ინერგებოდა რუს. იმპერიაში იმ დროს გავრცელებული ე.წ. გვიანდ. რუს. კლასიციზმი: მთავარმართებლის სახლი (1802–07; 1865–68; სასახლედ გადააკეთეს არქიტ. ო. სიმონსონის პროექტით. ნაგებობამ ამ სახით მოაღწია დღემდე. ახლანდ. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე); ყოფილი შტაბის შენობა (საფუძველი ჩაეყარა 1824); ი. ზუბალაშვილის სახლი (30-იანი წლები, არქიტ. ჯ. ბერნარდაცი. შემდეგ აქ სას. სემინარია იყო; ამჟამად შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმია) და სხვა. ამ ხანებში აშენებული ქარვასლებისა და აბანოების არქიტექტურაში (განსაკუთრებით ინტერიერში) კვლავ იგრძნობა აღმ. კულტ. გავლენა.

XIX ს. 40-იანი წლებისათვის ჩამოყალიბდა ორ- და სამსართულიანი, ე.წ. თბილისური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა. მასში ორგანულად არის შერწყმული კლასიცისტური ფორმები, ელემენტები და ადგილობრივი ტრადიციები. ეზოს მხრიდან სახლის თითქმის მთელი ფასადის გასწვრივ, ასევე მთავარ ფასადზე მიშენებულია ხის აივანი, რ-ის ფართობი ხშირად ჭარბობს ოთახების ფართობს. ამის საუკეთესო ნიმუშები ახლაც გვხვდება როგორც ძვ. ქალაქის ფარგლებში (კალა, აბანოთუბნის ჩათვლით), ისე შედარებით ახ. უბნებში (სოლოლაკი, მთაწმინდა, მტკვრის მარცხ. სანაპიროს ცენტრ. უბნები, კუკია).

XIX ს. მეორე ნახევრიდან თ-ის არქიტექტურაში გაჩნდა ახალი ტიპის ნაგებობები – შემოსავლიანი საცხოვრებელი სახლები, ფაბრიკა-ქარხნები, ბანკები, დიდი მაღაზიები, სასტუმროები, რკინიგზის სადგური, საგამოფენო პავილიონები და სხვ. სახლები შენდებოდა სხვადასხვა სტილის მიბაძვით, დამკვეთის გემოვნებით. ამ პერიოდის ნაგებობათაგან აღსანიშნავია: ქარვასლის თეატრი (1851, არქიტ. ჯ. სკუდიერი; დაიწვა 1874), მთავარმართებლის რეკონსტრუირებული სასახლე (1868), სამხედრო ტაძარი (1897, არქიტ. დ. გრიმი; ახლანდ. მთავრობის სახლის ადგილას), ქალაქის საბჭოს, შემდგომ მერიის შენობა (80- იანი წლები, არქიტ. პ. შტერნი, ა. ოზეროვი, თავდაპირველი შენობის არქიტ. ჯ. სკუდიერი, 1851). სახაზინო თეატრი (1880–96, არქიტ. ვ. შრეტერი; ახლანდ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი; რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1954, არქიტ. გ. ლეჟავა; 1973, არქიტ. ლ. მეძმარიაშვილი, მ. ჩაჩანიძე). დიდების ტაძარი (XIX ს. 80-იანი წლები, არქიტ. ა. ზალცმანი; ახლანდ. სურათების ეროვნ. გალერეა); ქართვ. თავად-აზნაურთა კლუბი (შემდგომ ა. გრიბოედოვის რუსული დრამის თეატრი); არტისტული საზ-ბის თეატრი (1901, არქიტ. კ. ტატიშჩევი, ა. შიმკევიჩი; ახლანდ. შოთა რუსთაველის სახ. დრამ. თეატრი), ქართ. გიმნაზია (1906, არქიტ. ს. კლდიაშვილი; ახლანდ. თსუ-ის პირველი კორპუსი), საკრედიტო საზ-ბის შენობა (1913, არქიტ. მ. ოჰანჯანოვი, შემდგომ ეროვნ. ბანკის შენობა), სასტუმრო "მაჟესტიკი" (XX ს. 10-იანი წლები, არქიტ. გ. ტერ-მიქელოვი, შემდგომ სასტუმრო "თბილისი") და სხვა.

XX ს. დასაწყისში გაძლიერდა ინტერესი ქართ. ისტ. არქიტექტურისადმი. ასე აშენდა რამდენიმე საზ. და საცხოვრებელი სახლი: ქაშვეთის ახალი ეკლესია (1910, არქიტ. ლ. ბილფელდი, თანაავტორი არქიტ. ე. ანდრეოლეტი), სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი (1916, არქიტ. ა. კალგინი, მხატვარი ჰ. ჰრინევსკი; ახლანდ. პარლამენტის ეროვნ. ბ-კა) და სხვ.

XX ს. 30-იანი წლებიდან დაიწყო თ-ის გეგმიანი სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები. გაფართოვდა და კეთილმოეწყო ჩელიუსკინელების ქუჩის (ახლანდ. თამარ მეფის გამზირი) მონაკვეთი რკინიგზის სადგურიდან დავით აღმაშენებლის გამზირამდე, "ზემელი", ვერის დაღმართი (ახლანდ. მ. ჯავახიშვილის ქ.); ახლანდ. თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის აღმართი, ვაგზლის მოედანი და სხვა. აგრეთვე მუშათა რ-ნის ნაძალადევის მთავარი არტერიები; მოეწყო და განაშენიანდა გმირთა მოედანი, აიგო ჩელიუსკინელების ხიდი (1935, ინჟ. კ. ზავრიევი, ნ. სლოვინსკი, არქიტ. ნ. სევეროვი). გაჭრეს ჩელიუსკინელების ქუჩა, გაიყვანეს ქუჩა (1933–40) მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩელიუსკინელებისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის; გაშენდა კომკავშირის (ახლანდ. სოლოლაკის) ხეივანი (1935), პარკი მთაწმინდის პლატოზე (1938, არქიტ. ზ. და ნ. ქურდიანები, ე. ციციშვილი. ფართობი 115 ჰა) და სხვ.

შედგა ქალაქის ისტორიაში პირველი გენ. გეგმა (1932–34; საავტორო კოლექტივი: თ-იდან – არქიტ. გ. გოგავა, ზ. ქურდიანი; ხარკოვის "გიპროგრადიდან" – არქიტ. ი. მალოზემოვი, ეკონომისტი გ. შელეიხოვსკი).

სოც. ყოფის გავლენით თ-ის არქიტექტურაში გაჩნდა ახ. სახის ნაგებობები – მუშათა კლუბები, საბავშვო ბაღები და ბაგები, კულტ. და დასვენების პარკები და სხვა. დაიწყო საცხოვრებელ კვარტალთა კომპლექსების დაპროექტება და მშენებლობა. აიგო საცხოვრებელი სახლები რუსთაველის გამზირის დასაწყისში (1939, არქიტ. მ. მელია, ა. ქურდიანი, ს. ყუბანეიშვილი), ბარათაშვილის ქუჩაზე (1941, არქიტ. ს. დემჩინელი, ა. ქურდიანი, გ. ჯანდიერი), გმირთა მოედანზე 100-ბინიანი საცხოვრებელი სახლი თერთმეტსართულიანი კოშკური ნაწილით (1939, არქიტ. მ. კალაშნიკოვი. პირველად საბჭოთა კავშირში აქ გამოიყენეს მცოცავი ხის ყალიბები) და სხვა.

XX ს. 20–30-იან წლებში იყო სერიოზული მცდელობა ისტ. არქიტ. მოტივების გამოყენებისა: საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ფასადის რეკონსტრუქცია (1929, არქიტ. ნ. სევეროვი), "დინამოს" სტადიონი (1937, არქიტ. ა. ქურდიანი, კონსულტანტი ა. კალგინი. ამჟამად რეკონსტრუირებულია; არქიტ-ები ა. და გ. ქურდიანები, კონსტრუქტორი შ. გაზაშვილი). კონსტრუქტივიზმის გავლენით აშენდა რამდენიმე ნაგებობა: საქართვ. კპ ცკ-ის ყოფ. შენობა (1930, არქიტ. ნ. სევეროვი), გაზეთ "ზარია ვოსტოკას" რედაქციის შენობა (1929, არქიტ. დ. ჩისლიევი), 1940 არქიტ. მ. შავიშვილი აშენებს თსუ-ის მეორე კორპუსს. შემოქმედებითი ძიების მაგალითია 2 მნიშვნელოვანი ნაგებობა – საქართვ. სსრ მთავრობის სახლის ზედა კორპუსი (1938 არქიტ. ვ. კოკორინი, თანაავტორი გ. ლეჟავა) და ყოფილი მარქსიზმლენინიზმის ინ-ტის თ-ის ფილიალი (1938, არქიტ. ა. შჩუსევი. ბარელიეფები – მოქანდაკეები: ი. ნიკოლაძე და თ. აბაკელია). მიღწევებთან ერთად XX ს. 30-იანი წლების მეორე ნახევარში თ-ის საცხოვრებელი და საზ. ნაგებობების არქიტექტურაში თავი იჩინა პომპეზურობით, მორთულობებით გატაცებამ. ამ ტენდენციამ მეტი განვითარება პოვა 40–50-იანი წლების პირველი ნახევრის თ-ის არქიტექტურაში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შედგა თ-ის მეორე გენ. გეგმა (1948–52, არქიტ-ები: ვ. ზოლოტუხინი, ზ. ქურდიანი, ეკონომისტი ვ. ნეფედოვი, თანაავტორები: ა. ანდრიაძე, ი. კოჩინევა, ბ. მამინაიშვილი, ნ. მიქაძე, ე. ნუცუბიძე, მ. ჯაფარიძე). ქალაქთმშენებლობაში ჩატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები: შეიქმნა მარჯანიშვილის სახ. მოედანი (40-იანი წლების მიწურული); გაიყვანეს განივი მაგისტრალები – ვარაზისხევი, გურამიშვილის ქუჩა (50-იანი წლები); მაგისტრალი მტკვრის ორივე ნაპირის გასწვრივ (70-იანი წლები), თბილისის აეროპორტის ავტოტრასა (ინჟ. ი. ოვანოვი, არქიტ-ები: ვ. ბახტაძე, შ. ყავლაშვილი), მეტეხის პლატოს ქვეშ ორგვირაბიანი საავტომობილო ტრასა (1975, ინჟ. მ. ქებულაძე, არქიტ. ვ. ბახტაძე, რ. კიკნაძე, შ. ყავლაშვილი) და სხვ. აღსანიშნავია თ-ის მეტროპოლიტენის მშენებლობა. გაშენდა გამარჯვების პარკი (საფუძველი ჩაეყარა 1945, არქიტ-ები: ქ. დგებუაძე, ე. ციციშვილი, ფართ. 220 ჰა), დაიწყო ხელოვნური წყალსაცავის, თბილ. ზღვის და მის გარშემო ტყეპარკის, ლანდშაფტური დენდროპარკის მშენებლობა და დასვენების ზონის მოწყობა. გაიზარდა თ-ის ტერიტორია. მთლიანად ათვისებულია ვაკის, საბურთალოს, მცირე დიღმის რ-ნები. დამთავრდა ღრმაღელის, ავჭალის, ფონიჭალის მშენებლობა და კეთილმოწყობა. დაიწყო ვარკეთილის, გლდანის, ავშნიანის, ბაგების და სხვა ტერიტორიების განაშენიანება.

სასახლის ქუჩა. კავკასიის სა­ოლქო შტაბი (მარცხნივ) და სასტუმ­რო "დვორცოვიე ნომერა". XIX ს. 90იანი წლები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ინდივიდ. პროექტებით საცხოვრებელი სახლების მშენებლობა: ჭავჭავაძის გამზირი, 11 (1954, არქიტ-ები: ქ. სოკოლოვაქურდიანი, ი. ჩხენკელი), კამოს ქ. 4 (1955, არქიტ. მ. მელია), კამოს ქ. 2 (1964, არქიტ-ები: გ. მელქაძე, ლ. ხარაშვილი, შ. ყავლაშვილი), ნიკოლაძის 3 (1949, არქიტ. ა. მიმინოშვილი), 2 სახლი მარჯანიშვილის მოედანზე (1947–48, არქიტ. მ. მელია) და სხვ. გრძელდებოდა შემოქმედებითი ძიება ქართ. ისტ. არქიტ. გამოყენების მიზნით: ყოფილი ზოოვეტერინარული ინტისა (1954, არქიტ. ს. რევიშვილი) და კავშირგაბმულობის სახლის (1954, არქიტ. ი. ჩხენკელი) ფასადების რეკონსტრუქცია, ადმ. სახლი რუსთაველის გამზირზე (ახლანდ. მეცნ. ეროვნული აკად. შენობა, 1958, არქიტ-ები: კ. ჩხეიძე, მ. ჩხიკვაძე) და სხვ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართვ. სსრ მთავრობის სახლის მთავარი კორპუსი (1953, არქიტ. ვ. კოკორინი, გ. ლეჟავა).

XX ს. 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყო ძირითადად დიდ, თავისუფალ ტერიტორიებზე; განაშენიანება ხდებოდა ტიპობრივი პროექტებით, ინდუსტრიული მეთოდებით, ასაწყობი კონსტრუქციებით. განაშენიანდა საბურთალო (მშენებლობა დაიწყო 1956, 330 ჰა ტერიტორიაზე 45 ათასი მცხოვრებისათვის. ავტორები: ა. ბაქრაძე, დ. გრძელიძე, ი. და შ. ყავლაშვილები), დიღომი (მშენებლობა დაიწყო 1960, 150 ჰა ტერიტორიაზე 25 ათასი მცხოვრებისათვის, ავტორები: ნ. მიქაძე, ი. მოსულიშვილი, ი. ჩხენკელი) და სხვ. მიმდინარეობდა გლდანის საცხოვრებელი მასივის ინტენს. განაშენიანება (მშენებლობა დაიწყო 1974, 745 ჰა ტერიტორიაზე 147 ათასი მცხოვრებისათვის, ავტორები: თ. ბოჭორიშვილი, ბ. გელდიაშვილი).

თ-ის ისტ. უბნების ზრდასთან ერთად 60–80-იან წლებში გაჩნდა ახ. დასახლებული უბნები: საბურთალოს, სანზონის, მესამე მასივის, დიღმის, დიდი დიღმის, ბაგების, თემქის, ახალი კრწანისის, ნუცუბიძის პლატოს, გლდანის, მუხიანის, ვარკეთილისა და ვაზისუბნის საცხოვრ. მასივები. 1975 თ-ის მოსახლეობის რაოდენობამ მილიონ კაცს გადააჭარბა.

გაიყვანეს ახალი მაგისტრალები: ვარაზისხევი, რ-მაც გმირთა მოედანი ვაკესთან დააკავშირა; გურამიშვილის ქუჩა (ახლანდ. მ. თამარაშვილის ქუჩა), რ-მაც საბურთალო ვაკესთან დააკავშირა; მდ. მტკვრის ორივე ნაპირის გასწვრივი მაგისტრალი, აეროპორტის ტრასა; მეტეხის კლდოვანი მასივის ქვეშ – ორგვირაბიანი საავტომობილო ტრასა. თ-ზე გადის მსხვილი სარკინიგზო, საავტომობილო (აქ არის საქართველოს სამხ. გზის ბოლო პუნქტი) და საავიაციო ტრასა. XX ს. 20-იანი წლებიდან თ-ის ტერიტორია თითქმის 9-ჯერ გაიზარდა.

აშენდა ადმ. სახლები –"ცეკავშირი" (1971, არქიტ. გ. მელქაძე, ნ. ქვარცხავა); საავტომობილო გზების სამინისტროს საინჟ. კორპუსი (1976, არქიტ. გ. ჩახავა, ზ. ჯალაღანია); სპორტული და თეატრალურ-სანახაობითი დანიშნულების სპორტის სასახლე (1961, არქიტ-ები: ვ. ალექსი-მესხიშვილი, ი. კასრაძე, ინჟ. დ. ქაჯაია); საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის დიდი დარბაზი (1971, არქიტ. ი. ჩხენკელი, კონსტრუქტორი შ. გაზაშვილი); სახ. მეურნ. მიღწევათა გამოფენის პავილიონები (1971, არქიტ-ები: ლ. მამალაძე, ვ. ნასარიძე, ჟ. პაპინაშვილი, ვ. ფეიქრიშვილი); ჭადრაკისა და ალპინისტთა კლუბი (1973, არქიტ- ები: ვ. ალექსი-მესხიშვილი, გ. ღუდუშაური); სასტუმროები – "კოლხეთი" (1962, არქიტ-ები: თ. თევზაძე, ნ. ჯობაძე), "ივერია" (1967, არქიტ. ო. კალანდარიშვილი), "აჭარა" (1975, არქიტ. მ. მელია); სამეცნ.-კვლ. და სასწ. დაწესებულებები – სას.-სამ. ინ-ტი (1967, არქიტ-ები: ვ. ალექსი-მესხიშვილი, გ. გაბაშვილი), თსუ-ის ახ. კორპუსი (1968, არქიტ-ები: ს. ბეჟანოვი, შ. კაჭკაჭიშვილი, მ. შავიშვილი, მ. შუბლაძე). ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის, მელიორაციის, მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტები (1967, არქიტ-ები: თ. ალავერდაშვილი, მ. კაკაბაძე), მეცნიერებათა აკად. ცენტრ. სამეცნ. ბიბლიოთეკა (1969, არქიტ-ები: გ. ლეჟავა, ი. ლიბერმანი), მათემატიკის ინ-ტი (1970, არქიტ-ები: გ. ლეჟავა, ვ. ცუხიშვილი) და აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი (1975, არქიტ. ლ. კილაძე); სამკურნალო დაწესებულებები – კურორტოლოგიის ინ-ტი (1958, არქიტ. ი. ზაალიშვილი), 1200-ადგილიანი რესპუბლიკური კლინ. საავადმყოფო (1974, არქიტ-ები: კ. ალექსანდროვი, შ. კაჭკაჭიშვილი, გ. კვიტატიანი, ა. უსკოვი), ოტოლარინგოლოგიური კლინიკა (1975, არქიტ-ები: ვ. აბრამაშვილი, გ. მირიანაშვილი, ლ. ჯანდიერი); სატრანსპ. ნაგებობანი – ავტოვაგზალი (1973, არქიტ-ები: რ. კიკნაძე, შ. ყავლაშვილი, ვ. ქურთიშვილი; მხატვარი ზ. წერეთელი); უნივერმაღი "თბილისი" (1975, არქიტ-ები: რ. ბაირამაშვილი, დ. მორბედაძე, ლ. მეძმარიაშვილი; თანაავტორი ბ. გორდეზიანი) და სხვ.

1971 დამტკიცდა თ-ის მესამე გენ. გეგმა (არქიტ-ები: გ. შავდია, ი. ჩხენკელი, გ. ჯაფარიძე, ა. ჯიბლაძე; ეკონომისტები: ი. ბოლქვაძე, ლ. ლორთქიფანიძე). წინა გენ. გეგმებისაგან განსხვავებით იგი ითვალისწინებდა ქალაქის ტერიტ. ზრდას არა მარტო სიგრძეზე, მდინარის გასწვრივ, არამედ განივადაც – ჩრდ.-აღმით, "თბილისის ზღვის" გარშემო. ახლებურად განიხილება თ-ის ცენტრი – ტრად. გრძივ ღერძს [რუსთაველისა და პლეხანოვის (ახლანდ. აღმაშენებლის გამზირი) პროსპექტები, სანაპიროები] ემატება განივი სივრცობრივგეგმარებითი ღერძი: მთაწმინდა– მახათას მთა.

1975 შესრულდა თ-ის სახელმწ. დაცვითი ზონის სტატუსის მქონე ცალკეული უბნების, ქუჩების რეკონსტრუქცია- რეგენერაცია-ადაპტაციის სამუშაოები კონცეპტუალური პროექტების მიხედვით, კერძოდ, 1979–81 – ნ. ბარათაშვილის და ზ. გამსახურდიას სანაპიროს, ერეკლე II-ის ქუჩის, ახვლედიანის აღმართის განაშენიანება და ცალკეული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია- რეგენერაცია (არქიტ. შ. ყავლაშვილი); 1980–90 – სიონის სანაპიროს, შარდენის ქუჩის, ბამბისა და რკინის რიგების, დუტუ მეგრელის ქუჩასა და ღვინის აღმართს შორის მოქცეული კვარტალის, ორბელიანთა უბნის განაშენიანება, ლესელიძის ქუჩის ზონაში ცალკეული შენობების რეკონსტრუქცია- რეგენერაცია (არქიტ. გ. ბათიაშვილი); 1985–87 – აბანოთუბნის განაშენიანებარეკონსტრუქცია- რეგენერაცია (არქიტ. ა. სოლომნიშვილი).

1989–90 ძვ. ქალაქის სარესტავრაციო- სარეკონსტრუქციო სამუშაოების მასშტაბი ძლიერ შემცირდა, ხოლო 1990–91 წწ. მოვლენებთან დაკავშირებით თითქმის შეწყდა. დიდი სამუშაოები ჩატარდა მხოლოდ ნარიყალაზე, სადაც აღდგა წმ. ნიკოლოზის ეკლესია, მოხდა ციტადელის კონსერვაცია და ნაწილობრივ რესტავრაცია (არქიტ. ტ. კიპაროიძე). 1995 ელიას მთაზე დაიწყო წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რ-იც დასრულდა 2004 (არქიტ. ა. მინდიაშვილი); ინტენსიურად მიმდინარეობს არატიპური მრავალბინიანი სახლების და კოტეჯების მშენებლობა ვაკეში, მთაწმინდაზე, საბურთალოზე, ფიქრის გორაზე; ცალკეული სახლებისა – სოლოლაკში, დიდუბეში, ავლაბარში; 1997 საექსპლუატაციოდ გადაეცა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" (არქიტ-ები: შ. ყავლაშვილი, ვ. ქურთიშვილი); ამავე წელს დაიწყო გორგასლის ქუჩაზე სასტუმრო "ძველი თბილისის" მშენებლობა (არქიტ. ო. ნახუცრიშვილი). 2000 დამთავრდა სასტუმრო "თბილისის" სარეკონსტრუქციოაღდგენითი სამუშაოები, 2002 თავისუფლების მოედანზე აშენდა სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტი" (არქიტ. ვ. ცინცაძე), საპროექტო ინ-ტი "გიპროქალაქმშენი" (რეკონსტრუირებულია როგორც "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისი). 2004–10 განსაკუთრებით გახშირდა რესტორნების, კაფეების, ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობა. ამავე წლებში ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები თ-ის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ახალი, პოლიტ.- ეკონ. სტატუსის შესაბამისი გენ. გეგმის შესადგენად, თუმცა იგი დღემდე არაა დასრულებული. მის სანაცვლოდ შეიქმნა თ-ში მიწათსარგებლობის გეგმა. არ დამტკიცებულა თ-ის სახელმწიფო დაცვითი ზონის – ისტ. ქალაქის – დეტალური დაგეგმარების პროექტი, მიუხედავად ამისა 2005- იდან დაიწყო სარესტავრაციოსარეკონსტრუქციო სამუშაოები კლდისუბანში, "მაედანზე". 2007 აშენდა აეროპორტის ახ. შენობა; 2008–11 ქალაქის საცხოვრებელ უბნებში მოეწყო სპორტ. მოედნები და დაიდგა შსს რაიონული სამმართველოების ე. წ. გამჭვირვალე შენობები. 2009 აშენდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლე – ოფიციალ. რეზიდენცია (არქიტ. გ. ბათიაშვილი, კონსტრუქტორი ო. ჩაკვეტაძე), მრავალფუნქციური ობიექტი "პიქსელი", შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა (არქიტ. მიკელე დე ლუკი). დამთავრდა სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიის" სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 2010 აიგო მემორიალური სტელა გმირთა მოედანზე (არქიტ. ა. დ. კაბო), იუსტიციის სამინისტროს შენობა მტკვრის მარჯვ. სანაპიროზე (არქიტ. მ. ფუქსასი).

2012 აშენდა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" საოფისე შენობა (არქიტ. ი. შარაშენიძე) აეროპორტის ტრასაზე. ეროვნ. ბანკის საკასო ცენტრი (არქიტ. თ. კვანტალიანი), შსს საგანგებო მართვის ცენტრი "112" (არქიტ. დ. გოგიაშვილი), "სოკარის" სათავო ოფისი (არქიტ. "ქობულიები და პარტნიორები"). 2011, გარე იერთან ერთად, განხორციელდა თ -ის პროკურატურის შენობის (არქიტ. ნ. ჯაფარიძე, ნ. საყვარელიძე), სკოლებისა და ზოგიერთი სამკურნ. დაწესებულების არსობრივი მოდერნიზება. 2010–12 მნიშვნელოვანი, ფართომასშტაბიანი სამშ. სამუშაოები გაიშალა ახ. სატრანსპ.-საგზაო კვანძებზე – ახ. მაგისტრალი გაიმართა ვერის ხეობაში, გმირთა მოედანზე, "სატივესთან" (ინჟ. თ. შილაკაძე), გალაკტიონისა და ბარათაშვილის ხიდებთან. რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისი–აეროპორტის დამაკავშირებელ მაგისტრალს. ზოგიერთი ობიექტის მშენებლობა, მრავალი სპეციალისტის აზრით, ქალაქგეგმარებითი აუცილებლობით არ არის ნაკარნახევი, მეტიც, შეუთავსებელია ისტ. თ-ის ლანდშაფტთან და განაშენიანებასთან. 2012 განახლდა, რეკონსტრუქცია და ნაწილობრივი რესტავრაცია ჩაუტარდა და კეთილმოეწყო მარჯანიშვილის ქუჩა (არქიტები: გ. კიკნაძე, ლ. მუშკუდიანი), მარჯანიშვილის მოედანი (არქიტ. ვ. ორბელაძე) და დავით აღმაშენებლის გამზირი (არქიტ-ები: ვ. ორბელაძე, თ. შაშიაშვილი, ზ. ტურძელაძე, ნ. ზაუტაშვილი, მ. სილაგაძე, გ. ციციშვილი, მ. ბუხაიძე, ნ. ბაგრატიონი, მ. ბასილაძე, ე. მახათელაშვილი).

მშვიდობის ხიდი. 2010.

თ-ში სხვადასხვა დროს დაიდგა ქ ა ნ დ ა კ ე ბ ე ბ ი და ს კ უ ლ პ ტ უ რ უ ლ ი კ ო მ პ ო ზ ი ც ი ე ბ ი, მათ შორის: მიხეილ ვორონცოვი (1867, მოქანდაკეები: ნ. პიმენოვი, ნ. კრეიტანი; აიღეს 1922), ალექსანდრე პუშკინი (1892, მოქანდაკე ფ. ხოდოროვიჩი), ნიკოლოზ გოგოლი (1904, მოქანდაკე ფ. ხოდოროვიჩი), მწუხარე საქართველო (ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი, 1913, მოქანდაკე ი. ნიკოლაძე), აკაკი წერეთელი (1922, მოქანდაკე ი. ნიკოლაძე), ეგნატე ნინოშვილი (1923, მოქანდაკე ი. ნიკოლაძე), ბორის ძნელაძე (1930, მოქანდა მარკეები: კ. მერაბიშვილი, რ. თავაძე; აიღეს 1990), ალექსანდრე ყაზბეგი (1933, მოქანდაკე ვ. კოტეტიშვილი; აიღეს 1938), ვლადიმერ (ლადო) კეცხოველი (1936, მოქანდაკე ვ. თოფურიძე; აიღეს 1998), იოსებ სტალინი (1939, მოქანდაკე ს. კაკაბაძე; აიღეს 1961), შოთა რუსთაველი (1942, მოქანდაკე კ. მერაბიშვილი), კონსტანტინე ლესელიძე (1945, მოქანდაკე ი. ნიკოლაძე), ივანე ჯავახიშვილი (1952, მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი), ვლადიმერ ლენინი (1956, მოქანდაკე ვ. თოფურიძე; აიღეს 1989), ქართვლის დედა (1958, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ილია და აკაკი (1958, სკულპტურული კომპოზიცია. მოქანდაკეები ვ. თოფურიძე, შ. მიქატაძე), სულხან-საბა ორბელიანი (1959, მოქანდაკე ტ. სიხარულიძე), ალექსანდრე გრიბოედოვი (1961, მოქანდაკე მ. მერაბიშვილი), სამასი არაგველის მემორიალი (1962, ობელისკი, არქიტ. ა. ბაქრაძე), "მზეჭაბუკი" (1965, მოქანდაკე დ. მიქატაძე), დავით გურამიშვილი (1965, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), ვახტანგ I გორგასალი (1967, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ივანე თარხნიშვილი (1971, მოქანდაკე კ. მერაბიშვილი), "მუზა" (1971, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), მაქსიმ გორკი (1971, მოქანდაკე ა. თოფურიძე), ზაქარია ფალიაშვილი (1973, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), ბესარიონ ქებურია (1973, მოქანდაკე თ. ჭყონია), ვაჟა-ფშაველა (1973, მოქანდაკე გ. ოჩიაური), რაფიელ ერისთავი (1974, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ფიროსმანი (1975, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ნიკოლოზ ბარათაშვილი (1976, მოქანდაკე ბ. ციბაძე), სერგო ორჯონიკიძე (1977, მოქანდაკე მ. მერაბიშვილი; აიღეს 1989), ვლადიმერ მაიაკოვსკი (1978, მოქანდაკე გ. კორძახია), მირზა გელოვანი (1978, მოქანდაკე გ. შხვაცაბაია), გალაკტიონ ტაბიძე (1980, მოქანდაკე დ. მიქატაძე), არჩილ გელოვანი (1980, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), "საქართველოს მატიანე" (1980– 2012, სკულპტურული კომპოზიცია. მოქანდაკე ზ. წერეთელი), დიდების მემორიალი (1981–85, მოქანდაკე გ. ოჩიაური), დიმიტრი გულია (1981, მოქანდაკე ვ. ივანბა), კირილ შჩოლკინი (1982, მოქანდაკე გ. თოიძე; მოიხსნა 2008), "დედა ენა" ("ცოდნის ზარი"; 1983, სკულპტურული კომპოზიცია. მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ნიკოლოზ მუსხელიშვილი (1983, მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი), კონსტანტინე გამსახურდია (1983, მოქანდაკე თ. კიკალიშვილი), პეტრე ბაგრატიონი (1984, მოქანდაკე მ. მერაბიშვილი), იეთიმ გურჯი (1985, მოქანდაკე დ. მიქატაძე), "ვეფხვი და მოყმე" (1985, სკულპტურული კომპოზიცია. მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი (1985, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), გიორგი სააკაძე (1988, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), მიხაი ზიჩი (1988, მოქანდაკე შ. კიში), აკაკი წერეთელი (1990, მოქანდაკე ბ. ავალიშვილი), ექვთიმე თაყაიშვილი (1993, მოქანდაკე ბ. ავალიშვილი), დავით (დოდო) აბაშიძე (1994, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), "წმინდა ნინო" (1994, სკულპტურული კომპოზიცია, ავტორი ზ. წერეთელი), მარი ბროსე (1994, მოქანდაკე დ. მიქატაძე; დაიკარგა 2003), ტიციან ტაბიძე (1995, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), ბორის პაიჭაძე (1995, მოქანდაკე ა. კიკნაველიძე), იოანე პეტრიწი (1995, მოქანდაკე დ. მიქატაძე), პოლიკარპე კაკაბაძე (1996, მოქანდაკე ს. გირკელიძე), მიხეილ თუმანიშვილი (1997, მოქანდაკე გ. ჯაფარიძე), შოთა რუსთაველი (1997, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), დავით IV აღმაშენებელი (1997, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), დავით კაკაბაძე (1988, მოქანდაკე დ. კაკაბაძე), მემედ აბაშიძე (1998, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), დავით ბოლქვაძე (1998, მოქანდაკე ბ. სულხანიშვილი), გიორგი (გია) ჭანტურია (1998, მოქანდაკე გ. წულაძე), კონსტანტინე (კოტე) მარჯანიშვილი (1998, მოქანდაკე ს. გირკელიძე), გიორგი (გოგი) ცაბაძე (1999, მოქანდაკე გ. წულაძე), შოთა ყავლაშვილი (1999, მოქანდაკე თ. კიკალიშვილი), აპოლონ ქუთათელაძე (1999, მოქანდაკე ლ. ვარდოსანიძე), ზურაბ ანჯაფარიძე (1999, მოქანდაკე ო. ფარულავა), მერაბ კოსტავა (1999, მოქანდაკე ვ. არუნაშვილი), გიორგი (გოგი) დოლიძე (2000, მოქანდაკე თ. აბრამიშვილი), გიორგი ლეონიძე (2000, მოქანდაკეები: თ. ღვინიაშვილი, დ. ღვინიაშვილი), ფარნავაზ I (2000, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ევგენი მიქელაძე (2000, მოქანდაკე გ. შხვაცაბაია), ელენე ახვლედიანი (2000, მოქანდაკეები: თ. ღვინიაშვილი, დ. ღვინიაშვილი), მერაბ მამარდაშვილი (2001, მოქანდაკე ე. ნეიზვესტნი), ალექსანდრე (საშა) იოსელიანი (2001, მოქანდაკე მ. ჭყოიძე), ვლადიმერ (ლადო) გუდიაშვილი (2002, მოქანდაკე დ. მიქატაძე), დავით სარაჯიშვილი (2002, მოქანდაკე თ. კიკალიშვილი), ავთანდილ ღოღობერიძე (2003, მოქანდაკე გ. ჯაფარიძე), სერგო ფარაჯანოვი (2004, მოქანდაკე ვ. მიქაბერიძე), აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი (2004, მოქანდაკე გ. შხვაცაბაია), ირაკლი (ჯანო) ბაგრატიონი (2004, მოქანდაკე გ. ჯაფარიძე), ანატოლი სობჩაკი (2004, მოქანდაკე ა. დიომა), ვანო სარაჯიშვილი (2005, მოქანდაკე ო. ფარულავა), კოსტა (კონსტანტინე) ხეთაგუროვი (2005, მოქანდაკე მ. გაგლოევი), "თამადა" (2006, ვანში აღმოჩენილი ძვ. წ. VII ს. ქანდაკების ასლი), მირზა ფატალი ახუნდოვი (2006, მოქანდაკე გ. ქაჯაია), წმინდა გიორგი (2006, მოქანდაკე ზ. წერეთელი), ტარას შევჩენკო (2007, მოქანდაკე ვ. ჩეფელიქი), ჰეიდარ ალიევი (2007, მოქანდაკე ნ. ალიევი), ჯორჯ ბალანჩინი (გ. ბალანჩივაძე; 2008, მოქანდაკე ვ. მიქაბერიძე), შალვა ნუცუბიძე (2008, მოქანდაკე დ. ხმალაძე), ირაკლი აბაშიძე (2009, მოქანდაკე კ. არუნაშვილი), საიათნოვა (2009, სკულპტურული კომპოზიცია. ავტორები: გ. ჯაფარიძე, კ. ქორიძე), სოფიკო ჭიაურელი (2010, მოქანდაკე ლ. ვარდოსანიძე), გივი კარტოზია (2010, მოქანდაკე გ. შხვაცაბაია), ნინო რამიშვილი, ილია (ილიკო) სუხიშვილი (2011, სკულპტურული კომპოზიცია. მოქანდაკე ზ. წერეთელი), რონალდ რეიგანი (2011, მოქანდაკე ა. მონასელიძე), ლეხ კაჩინსკი (2012, მოქანდაკე ა. მჭედლიშვილი), რამაზ ჩხიკვაძე (2013, მოქანდაკე ზ. წერეთელი) და სხვ.

ს. კინწურაშვილი

გ. ბათიაშვილი

ბ. ქუთათელაძე

 

V. ეკონომიკა.

ოქრომჭედელთა დუქანი. XIX ს. 90-იანი წლები.

V–X სს-ში თ. უკვე მეტ-ნაკლებად ინტენს. სამეურნეო ცხოვრებას ეწეოდა. აქ ამზადებდნენ მრავალნაირ ნაწარმს: საოჯახო ჭურჭელს – ჯამებს, ქვევრებს, ჭრაქებს, სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების მინის ჭურჭელს, ლითონის (რკინის, ბრინჯაოს) საყურეებს, ბეჭდებს, აბზინდებს, ძვლისგან ნაკეთებ საოჯახო ნივთებს, აგრეთვე ტყავისა და საფეიქრო ნაწარმს. თითქმის უწყვეტად მოქმედებდა ზარაფხანა. VI ს. ბოლოდან აქ ჭრიდნენ საკუთარ მონეტებს ქართლის ერისმთავრები. VIII ს. დასაწყისიდან მიმოქცევაში იყო უცხ. მონეტაც, რაც სავაჭრო სავაჭროეკონ. კავშირების გაცხოველების მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ VII–X სს. თ. პოლიტიკურად მოწყვეტილი იყო ქართ. ეროვნ. ორგანიზმს, ეკონ. ცხოვრებით მაინც მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღმ. საქართველოს ეკონომიკასთან და ამ მხარის საერთო აღმავლობის გავლენას განიცდიდა. IX–X სს. არაბი ისტორიკოსები, გეოგრაფები და მოგზაურები ალისტახრი და იბნ ჰაუკალი თ-ს ახასიათებენ როგორც დიდ და ეკონომიკურად ძლიერ ქალაქს. დავით აღმაშენებლის მიერ თ-ის განთავისუფლების შემდეგ (1122) იგი გაერთიანებული საქართველოს, წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფოს, ეკონ. ცენტრი გახდა.

იმდროინდელი თ. სავაჭრო მაგისტრალებით უკავშირდებოდა და ვაჭრობდა ინდოეთთან, ჩინეთთან, რუსეთთან, სპარსეთთან, ბიზანტიასთან, ეგვიპტესა და მრავალ სხვა ქვეყანასთან; გარდა ამისა, ქალაქი აბრეშუმის დიდი გზის მნიშვნელოვანი კვანძი იყო. XI–XII სს-ში თ. ხელოსნური წარმოების მსხვილ ცენტრად იქცა. აქ განვითარდა ჭურჭლის, ძვირფასი ქსოვილების, ტანსაცმლის წარმოება; აქაური მჭედლები, ავეჯის მკეთებელი და სხვა ხელოსნები ამზადებდნენ ნაირსახოვან ნაწარმს, წიგნების დასაკაზმავ ტყავს, ხელნაწერ წიგნებს; აქვე იყო საოქრომჭედლო სახელოსნოებიც. XIII ს. დასაწყისისათვის თ-ში უკვე წარმოდგენილი იყო შუა საუკუნეების ქალაქებისათვის დამახასიათებელი ხელოსნობისა და ვაჭრობის თითქმის ყველა დარგი. განსაკუთრებით განვითარდა მეთუნეობა, რასაც ხელს უწყობდა მდიდარი თიხნარი ნიადაგის არსებობა და კერამ. წარმოების ტექნოლ. მაღალი დონე. XIII ს. 20-იანი წლებიდან დაიწყო თ-ის და მთელი საქართველოს ეკონ. და პოლიტ. დაკნინება. XIV ს. პირველ ნახევარში, მონღოლთა ბატონობის დამთავრების შემდეგ, საქართვ. სამეფოს ხელახლა მომძლავრებამ კვლავ შექმნა ხელსაყრელი პირობები ქვეყნის სამეურნ. განვითარებისათვის. ამ დროს თ-ს გაცხოველებული სავაჭრო და ეკონ. კავშირები ჰქონდა ოქროს ურდოსთან, ირანსა და მცირე აზიის ქვეყნებთან, აგრეთვე ჩრდ. იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებთან.

თ-ის ეკონ. ნამდვილი აღორძინება XVII ს. შუა წლებში დაიწყო როსტომ მეფის, შემდეგ კი ვახტანგ V-ის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად. ჟ. შარდენი, რმაც თ-ში XVII ს. 70-იან წლებში იმოგზაურა, აღნიშნავს: "ქალაქი თბილისი მჭიდროდ არის დასახლებული, მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯურის უცხოელი, როგორც აქ; ისინი დიდ ვაჭრობას ეწევიან". ამ დროისათვის თ. ხელოსნური მრეწველობის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრიც იყო სამხრ. კავკასიასა და მთელ ახლო აღმოსავლეთში; აქ განსაკუთრებით განვითარდა სამშ. მასალების (კირი, აგური, კრამიტი, გაჯი და სხვ.) წარმოება. ხელოსნობის მნიშვნელოვანი დარგი იყო საფეიქრო წარმოება, კერძოდ, ლაინის, ჩითის, ტილოს, აბრეშუმის ქსოვა, ღებვა და კერვა. XVII ს. თურქი მოგზაურის ევლია ჩელების თქმით, მთელ ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებით განთქმული ყოფილა თბილისური ბამბა და მისი ნაწარმი. სახელმოხვეჭილი თბილისელი იარაღის მკეთებელი ხელოსნების ნაკეთობანი, უფრო ხმლები და ხანჯლები, ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქალაქში გაჰქონდათ.

XVII–XVIII სს. თ-ს გარს ერტყა ქალაქისპირა სოფლები და გარეუბნები, რ-ებშიც განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა და ხელოსნობა. მათი პროდუქცია და ნაწარმი (მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, ღვინო, თიხის ჭურჭელი, აგური, კრამიტი) შემოდიოდა ქალაქის ბაზარზე. სოფლის მეურნეობის დაწინაურებას ადასტურებს თ-ში (მდინარეებზე: მტკვარსა და ვერეზე) არსებული მრავალი წისქვილი, რ-თა შესახებ ძველთაგანვე წერდნენ უცხოელი მოგზაურები.

XVIII ს. II ნახევარში მეფე ერეკლე II-მ წარმატებით გადაჭრა საშინაო პრობლემები, რითაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონ. განვითარებას. 1763 დაიწყო ახტალის ვერცხლის საბადოების დამუშავება. აქაური ვერცხლის სადნობი საწარმოს საშ. წლ. წარმადობა შეადგენდა 200 ლიტრა ვერცხლს. ალავერდის სპილენძის მაღაროებში 12000 ფუთ სუფთა სპილენძს იღებდნენ. თ-ში აშენდა ლითონჩამომსხმელი საწარმო, გამოშვებული პროდუქციის ნაწილი ზოდების სახით დიდი რაოდენობით გადიოდა უცხოეთის ბაზარზე. თ-ში საგრძნობლად მომრავლდა მანუფაქტურული ტიპის შედარებით მსხვილი საწარმოები. ლითონჩამომსხმელი ქ-ნის ბაზაზე აშენდა ზარბაზნისა და მორტირის ჩამომსხმელი საწარმო. იმდროინდელ თ-ში მრეწვ. ყველაზე განვითარებული დარგი მაინც საფეიქრო წარმოება იყო.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა აღმ. საქართველოს ანექსია, თ. გახდა რუს. იმპერიის ეკონ. ორგანიზმის ნაწილი და უცხოეთთან კავშირსაც რუსეთის მეშვეობით ამყარებდა. ამასთან, XIX ს. დასაწყისიდანვე თ. ინარჩუნებდა მთელი სამხრ. კავკასიის მთავარი სავაჭრო ცენტრის ფუნქციას. თბილისური ნაწარმი დიდი რაოდენობით გაჰქონდათ კავკ. მთიანეთში და სხვა მიმართულებითაც. XIX ს. დამდეგს თბილისელ ვაჭრებს რუსეთში გაჰქონდათ ბამბის ნართი, ბეწვეული, ნედლი და ამოხვეული აბრეშუმი, შალი, საფეიქრო ნაწარმი, ენდრო და სხვ. დიდი გასავალი ჰქონდა ადგილ. წარმოების სპილენძს და მის ნაკეთობებს. რუსეთი თ-ის მეშვეობით ამყარებდა ეკონ. ურთიერთობებს სპარსეთთან და თურქეთთან. საქართველო საგარეო ვაჭრობას ეწეოდა ევრ. ქვეყნებთან – ინგლისთან, საფრანგეთთან და სხვ. ევრ. საქონელი საქართველოში უმთავრესად ფოთის ნავსადგურიდან შემოდიოდა. თ-ის სავაჭრო ქსელი მოიცავდა დაახლ. 2400 სავაჭრო საწარმოს და 14 ქარვასლას.

ქალაქის ეკონომიკაში ვითარდებოდა და მტკიცდებოდა სავაჭროსამრეწვ. კაპიტალი. XIX ს. 60- იანი წლების დასასრულისათვის თ-ში 130-ზე მეტი ფ-კა და ქ-ნა იყო. ამ პერიოდში თ. ტელეგრაფით დაუკავშირდა რუსეთის ქალაქებს. 1870 კი საექსპლუატაციოდ გადაეცა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატელეგრაფო სადგური, რ-იც ლონდონიდან მიღებულ ინფორმაციას კალკუტას გადასცემდა. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა 1872 ფოთთან, ხოლო 1883 – ბათუმსა და ბაქოსთან თ-ის რკინიგზის ხაზით დაკავშირებას. თ-ში ამოქმედდა საკრედიტო დაწესებულებები: საადგილმამულო და კომერც. ბანკები, რუსეთის სახელმწ. და კერძო ბანკების განყბები, ურთიერთდამკრედიტებელი საზ-ბები. XIX–XX სს. მიჯნაზე გაძლიერდა კაპიტალის, წარმოებისა და ვაჭრობის კონცენტრაციის ტენდენცია, ჩამოყალიბდა რამდენიმე სააქციო საზ-ბა.

70-იან წლებში თ-ში განვითარდა მსხვილი საფაბრიკო მრეწველობა. 1870 ამუშავდა ბამბის საქსოვი ფ-კა, რ-შიც 500 მუშა იყო დასაქმებული. 1858 ბოზარჯიანცებმა დაიწყეს თამბაქოს წარმოება. ტყავის ქ-ნებიდან გამოირჩეოდა 1875 გახსნილი ა. ადელხანოვის ტყავის ქარხანა. შემდეგ გაიხსნა ფეხსაცმლის ფკაც. ქალაქში იყო ქეჩის ფ-კები, საპნისა და ზეთსახდელი ქ-ნები, აგრეთვე, რამდენიმე წვრილი თუჯსადნობი ქ-ნა და ლითონის მექან. სახელოსნო. ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების მრავალრიცხოვან საწარმოთა შორის გამორჩეული იყო დ. სარაჯიშვილის მიერ 1888 დაარსებული კონიაკის ქ-ნა – პირველი რუს. მთელ იმპერიაში. სამშ. მასალების მრეწველობაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა ხიმშიაშვილის კრამიტაგურის ქ-ნებს. განვითარდა პოლიგრ. მრეწველობაც, ამუშავდა ქართ. საგამომცემლო ამხანაგობისა და კერძო პირების სტამბები.

თ-ში მრავლად იყო დიდი, მყარად აგებული შენობები, ვრცელი ბაზრები, გოგირდის აბანოები, ქარვასლები.

XIX ს. 80-იანი წლებიდან ყველაზე მსხვილ საწარმოდ იქცა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოები და დეპო, სადაც 4000 მუშა იყო დასაქმებული. XIX ს. განმავლობაში ქალაქისა და მისი შემოგარენის მოსახლეობის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობა. 1900 წლისათვის თ-ში 1500 ფ-კა, ქ-ნა და წვრილი სამრეწვ. საწარმო იყო. მრეწვ. განვითარებამ ძლიერ დააჩქარა ბრუნვავაჭრობა, მარტო თ-ში არსებობდა 2282 სავაჭრო საწარმო. თბილისში გამოჩნდნენ უცხოული სამრეწველო ფირმები, რ-მაც თავიანთი სავაჭროი სახლები და მაღაზიები გახსნეს ქალაქში. ასე მაგალითად XIX ს-ის ბოლოს თბილისში გაიხსნა ცნობილი ამერიკული კომპანია "ზინგერის" საწარმო და მაღაზია. გაიზარდა თ-ის, როგორც დიდი სატრანსპ. კვანძის, როლი. ბაქო– თბილისი–ბათუმის რკინიგზის მაგისტრალიდან გაიყვანეს რკინიგზის ხაზი ერევნისაკენ, გაჩნდა ჭიათურის, ტყიბულის, ბორჯომისა და ბაკურიანის განშტოებები. 1915 დამთავრდა კახეთის რკინიგზის ხაზის მშენებლობა. ვითარდებოდა საქალაქო მეურნეობა: 1887 მწყობრში ჩადგა იმ დროისათვის მძლავრი ავჭალის წყალსადენი, 1893 – თ-ის საქალაქო სატელეფონო სადგური, 1897 დაიწყეს ქალაქის ელექტროდენით განათება. ტრამვაის ვაგონები თ-ში 1904 შემოვიდა და "კონკა" ვიწროლიანდაგიანი ტრამვაით შეიცვალა, 1913 ამუშავდა ქალაქის ელექტროსადგური.

საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობის განმავლობაში (1918–21) ურთულესი საგარეო და საშინაო მდგომარეობის გამო ვერ განხორციელდა ეკონ. ცხოვრების გაჯანსაღების გეგმები. საბჭ. ხელისუფლების პირველ ათწლეულში დედაქალაქში აღადგინეს და რეკონსტრუქცია ჩაუტარეს რევოლუციამდელ 36 საწარმოს, აშენდა 41 ახალი ფ-კა და ქ-ნა. ამავე პერიოდში აშენდა ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (იხ.ზაჰესი), რ-იც 1927 გადაეცა საექსპლუატაციოდ. 1929–40 სამრეწვ. პროდუქციის მოცულობა 6-ჯერ გაიზარდა. ამ წლებში აშენდა ჩარხმშენებელი ქ-ნა, მაუდ-კამვოლის კომბინატი, ქ-ნა "ცენტროლიტი", ფეხსაცმლის ფ-კა "ისანი", ჩაის საწონი ფ-კა, რამდენიმე სამკერვალო ფ-კა, საყოფაცხოვრებო ქიმიის ქ-ნა და სხვ. შესაბამისად გაიზარდა მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა 23,4 ათასიდან 42,6 ათ. კაცამდე.

ევგენი გოლოვინის პროს­პექტი (ახლანდელი შოთა რუსთაველის გამზირი). XX ს. დასაწყისი.

II მსოფლიო ომის პერიოდში თ-ის მრეწველობა თითქმის მთლიანად ფრონტის სამსახურში ჩადგა. დაიწყო იარაღის, სამხ. საჭურვლისა და ამუნიციის წარმოება. ამუშავდა გ. დიმიტროვის სახ. საავიაციო ქ-ნა. თ-ის ი. სტალინის სახ. ორთქლმავალვაგონშემკეთებელმა და ავტოსარემონტო ქნებმა აითვისეს საომარი იარაღის წარმოება.

თ-ის სამრეწვ. განვითარება ომის შემდგომ წლებშიც გრძელდებოდა. აშენდა ელმავალმშენებელი, ლოკომოტივშემკეთებელი, პლასტმასის, კონიაკის ქ-ნები; საიუველირო, წიგნის, №1 ტრიკოტაჟის ფ-კები; სახლთმშენებელი, კერამ. და რძის კომბინატები და სხვა სამრეწვ. საწარმოები. ათობით ფაბრიკა-ქარხანას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. 1970 თ-ის საწარმოებში 110 ათ-მდე მუშა იყო დასაქმებული. მრეწვ. წამყვანი დარგები გახდა მანქანათმშენებლობა და ლითონდამუშავება. სწრაფად ვითარდებოდა მსუბუქი და კვების მრეწველობა. თ-ის მოსახლეობის ზრდამ დღის წესრიგში დააყენა საბინაო მშენებლობის ფართო პროგრამის განხორციელება. 1950–90 აშენდა 11,7 მლნ. მ 2 საცხოვრებელი ფართი (დაახლოებით 1 მლნ. ადამიანის საცხოვრებელი).

ქალაქის გარშემო განვითარდა კომპლ. საბინაო-კომუნ., საწარმოო და სოც. ინფრასტრუქტურული მშენებლობა. გაშენდა ახალი დასახლებები: დიღმის, ვარკეთილის, გლდანის, მუხიანის, ვაშლიჯვრის, ფონიჭალის, დიდი დიღმის. მრავლად აშენდა საცხოვრებელი სახლები ნუცუბიძის პლატოს I–V მიკრორაიონებში. საცხოვრებელი სახლების დიდი რაოდენობით მშენებლობამ და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის თ-ის ცენტრიდან პერიფერიაზე დასახლებამ აუცილებელი გახადა წყალსადენების, სითბური, ელექტროკვების, გაზსადენი მაგისტრალების, გზებისა და ნიაღვარმიმღებების, ასევე კვარტალური თბოსადგურებისა და ელექტროქვესადგურების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კავშირგაბმულობის, საყოფაცხოვრებო, კულტ. და ვაჭრობის, ადმ. ობიექტების მასობრივი მშენებლობა. 50–60-იან წლებში თ-მა მიიღო ბუნებრივი გაზი.

ვითარდებოდა საზ. ტრანსპორტი. 1933 ტრამვაის დაემატა ავტობუსი, 1937 – ტროლეიბუსი. გაიყვანეს საბაგირო გზები, 60- იანი წლების შუახანებში – მეტროპოლიტენი; შედეგად თ -ის სატრანსპ. სისტემამ თანდათან სრულყოფილი სახე მიიღო. ვითარდებოდა საავტომობილო, სარკინიგზო, საავიაციო ტრანსპორტი.

საბჭოთა რეჟიმის პერიოდში საქართველოში შექმნილი ეკონ. სისტემა წარმოადგენდა სსრკ-ის ერთიანი სამეურნეო კომპლექსის განუყოფელ ნაწილს და ემყარებოდა წარმოების საშუალებებზე სახელმწიფოებრივ საკუთრებას. არაბუნებრივმა განვითარებამ განაპირობა ის, რომ საბჭოთა ეკონომიკამ XX ს. 80-იანი წლებისათვის დაღმავალი, ქრობადი სახე მიიღო. ამასთან, საქართვ. ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა და ფუნქციონირების მიმართულებები, განსაზღვრული იყო არა ეროვნ. ინტერესებით და რესპ. წინაშე მდგომი ამოცანებით, არამედ, ძირითადად საბჭ. იმპერიის მიზნებითა და ამბიციებით. ყოველივე ამას, ეკონ. მიზნების გარდა, საფუძვლად ედო პოლიტ. ზრახვები – არც ერთ მაშინდელ რესპუბლიკას და, ცხადია, არც საქართველოს, არ უნდა ჰქონოდა დამოუკიდებლად, ავტონომიურად არსებობის უნარი.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991) განვლილი პირველი ათწლეული თ-ისათვის უკიდურესად რთული და ღრმა წინააღმდეგობრივი სოც.-ეკონ. და პოლიტ. პროცესების განვითარებით ხასიათდება. სსრ კავშირის დაშლამ, რ-ის ზეცენტრალიზებული სახალხომეურნეობრივი კომპლექსის ორგ. შემადგენელი ნაწილი იყო საქართვ. ეკონომიკა, მოკავშირე რესპუბლიკებსა და განსაკუთრებით დიდ ქალაქებს შორის საწარმოოეკონ. კავშირების მთლიანად გაწყვეტამ, თვისებრივად ახ. სისტემაზე – საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის ობიექტური და სუბიექტური ხასიათის სიძნელეებმა, ხელოვნურად ინსპირირებულმა ეთნოკონფლიქტებმა, რ-ებშიც გარე ძალების ხელი ერია, ქვეყნის შიგნით შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, საერთო შინააშლილობამ და კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავებამ თ-ის და მთლიანად საქართვ. ეკონომიკა 90-იანი წლების I ნახევარში კატასტროფის პირამდე მიიყვანა. ინფლაციამ ასტრონომიულ მაჩვენებელს მიაღწია. ყოველივე ამის შედეგად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა.

შექმნილმა უმძიმესმა სოც.-ეკონ. მდგომარეობამ ცხადყო ეკონ. სტაბილიზაციისა და სისტემ. ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავების აუცილებლობა; პროგრამა მიიღეს 1994 თებერვალში. დაისახა ეკონ. გარდაქმნები, ძირითად მიმართულებად განისაზღვრა საფინანსო-საბიუჯეტო და ფულადსაკრედიტო სფეროს გარდაქმნა, პრივატიზების ტემპის მკვეთრი დაჩქარება, ფასების ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საწარმოთა ახ., საბაზრო ეკონ. შესაბამისი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმების (ინდივიდ. საწარმო, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზ-ბა, კომანდიტური საზ-ბა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზბა, სააქციო საზ-ბა, კოოპერატივი) შექმნა.

აღნიშნული პროგრამის რეალიზაციის პროცესში უკვე 1995-იდან გამოიკვეთა ეკონ. სტაბილიზაციის გარკვეული ტენდენციები: ჰიპერინფლაციის დაძლევა, ფულის გაცვლითი კურსის სტაბილურობა, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, საბანკო სისტემის ჩამოყალიბების ნიშნები, ეროვნ. ვალუტის (ლარის) შემოღება (1995), სახელმწ. საკუთრების ტრანსფორმაციის დაწყება; გაუმჯობესდა საინვესტიციო გარემო, დაიწყო საერთაშ. პროექტების განხორციელება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშ. დახმარებებმა.

თ. გახდა ევრაზიის სატრანსპ. დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს აზერბ. ნავთობის საბადოებიდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირება ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით. ეს პროექტი კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის ნავთობის ტრანსპორტირების პირველი პირდაპირი მარშრუტია. მისი მშენებლობის მთლიანმა ხარჯმა 4 მლრდ-ს (აშშ დოლარი) მიაღწია. ამ მილსადენის სიგრძე 1768 კმ-ია, ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წ. მაისში დაიწყო.

დიდმნიშვნელოვანი პროექტია ბაქო– თბილისი–ერზურუმის გაზსადენი, რ-ითაც ბუნებრივი აირი შაჰდენიზიდან (აზერბაიჯანი) საქართველოს გავლით თურქეთს მიეწოდება. 2006 წ. 21 მაისს გაზსადენში პირველი საცდელი ბუნებრივი აირი ჩაიტვირთა და 2006 წ. 20 დეკემბერს ექსპლუატაციაში შევიდა. მისი სიგრძე 692 კმ-ია, ხოლო წლიური გამტარობა – 16 მლრდ. მ 3. მომავალში გათვალისწინებულია გაზსადენის თურქმენულ და ყაზახურ მწარმოებლებთან შეერთება ტრანსკავკასიური გაზსადენის მეშვეობით. საქართველო, როგორც ტრანზიტული სახელმწ., წლიური გაზის გამტარობიდან 5%-ს იტოვებს ტარიფის სახით, ასევე შეუძლია 0,5 მლრდ. მ 3 შეძენა ყოველწლიურად ფასდაკლებით.

სასტუმრო ­"ლონდონი". ფოტო. XIX ს. 90-იანი წლები.

1995–2003 გარკვეული წარმატებების მიუხედავად, თ-ის სოც.-ეკონ. მდგომარეობა მძიმე იყო. ამას განაპირობებდა ობიექტური (უპირველესად ფინანს. პრობლემები მსოფლიო ეკონომიკაში) და სუბიექტური (საშემსრულებლო დისციპლინის, პოლიტ. ნების სისუსტე, ბიუროკრატიზმი, კორუფცია, არასრულფასოვანი საფინანსო-ეკონ. პოლიტიკა) ხასიათის ფაქტორები. 2003 შემდგომ პერიოდში გარკვეული წარმატებებია მიღწეული, რ- თაგან უმთავრესია საინვესტიციო გარემოს, საწარმოო და სოც. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება.

2012 შექმნილმა მთავრობამ უპირველეს ამოცანად დაისახა ბიზნესის სახელმწ. წნეხისგან გათავისუფლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ელიტარული კორუფციის, მონოპოლიების ამოძირკვა, მსოფლიო სტანდარტების დანერგვა მრეწველობაში, მშენებლობაში, საყოფაცხოვრებო სფეროში; სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო ფონდების შექმნა, საბანკო-საფინანსო სისტემის სრულყოფა, უმუშევრობის დონის დაწევა, თბილისელთა ცხოვრების დონის ამაღლება.

გ. ყუფუნია

ლ. აბრამიშვილი

 

VI. განათლება და მეცნიერება. 

თ-ში პირველი ელემენტარული დაწყებითი სკოლები ეკლესია-მონასტრებთან (სიონის, მეტეხის, ქაშვეთის, ანჩისხატისა და სხვ.) შეიქმნა. 1755 ანტონ I-ის ინიციატივით გაიხსნა თბილისის სემინარია, რ-მაც დიდი როლი შეასრულა განათლებისა და კულტ. განვითარებაში. 1778 დაარსდა რუს. ენის შემსწავლელი სკოლა. ეს სკოლები განადგურდა 1795, აღა-მაჰმად-ხანის მიერ თ-ის აოხრების დროს.

რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1802, თ-ში გაიხსნა პირველი საერო ორკლასიანი სკოლა, 1804 – თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, რ-იც 1830 თბილისის პირველ გიმნაზიად გადაკეთდა; 1817 – თბილისის სასულიერო სემინარია და მასთან სას. სასწავლებელი (1818), 1824 – ნერსესის სომხური სას. სემინარია, 1836 – სამაზრო სასწავლებელი და თავად-აზნაურ ოფიცერთა მოსამზადებელი სამხ. სკოლა. 1842 დაარსდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, 1844 – სამხედრო მოსწავლეთა სკოლა თ-ის (კავკასიის) მესანგრეთა ბატალიონთან, 1846 – წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი, 1847 – ვაჟთა სამიჯნე სკოლა. XIX ს. 20–40- იან წლებში თ-ში იყო 18 კერძო სკოლა, უმთავრესად ვაჟთა და ქალთა პანსიონების სახით. 1860 "საქველმოქმედო საზოგადოებამ" გახსნა პირველი კერძო სკოლა ავლაბარში, 1862–70 – 10 სკოლა, 1862 – 4 სკოლა უღარიბეს ოჯახთა შვილებისათვის (1866–70 დაემატა 5 სკოლა). XIX ს. 60-იან წლებში გაიხსნა ხატიანოვსკის ქალთა პანსიონი (1860), დ. ყიფიანის ვაჟთა პანსიონი (1862; ასწავლიდნენ გიმნაზიის პროგრამით), ხლამოვის ვაჟთა (1863), ფავრის ქალთა, ბიუს ვაჟთა, ჰაკესა და კანონიჩის ვაჟთა პანსიონები, ჟინიუს ვაჟთა და ქალთა პანსიონი, რ-ის ბაზაზე ს. მონასტირცევმა და ა. ტერ-აკოფოვმა გახსნეს კერძო გიმნაზია. 1864 შარლეს, ხოლო 1867 ფულკის ხელმძღვანელობით გაიხსნა 2 ფრანგ. სკოლა. 1865 გაიხსნა პირველი რეალური სასწავლებელი, ამავე წელს – ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, 1866 – ალექსანდრე II-ის სახ. ვაჟთა სამასწავლებლო სკოლა.

კლასიკური გიმნაზიის სამკითხველო დარბაზი. ფოტო XIX ს. 80-იანი წლები.

XIX ს. 80-იან წლებში საქართველოში ფართოდ გაიშალა საზ.- პედ. მოძრაობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (დაარსდა 1879) თაოსსასნობით. ამ საზ-ბამ 1880 ი. გოგებაშვილის წინადადებით თ-ში გახსნა დაწყებითი სასწავლებელი. 1881 ქალაქის მმართველობამ გახსნა 2 ქართ. დაწყებითი სკოლა, სადაც სწავლა უფასო იყო. 1909 გაიხსნა თ-ის ქალთა უმაღლესი კურსები. 1915–16-თვის ქალაქში იყო ვაჟთა 7 გიმნაზია, 1 რეალური და 2 კომერციული სასწავლებელი, ქალთა 6 გიმნაზია, წმ. ნინოსა და ქალთა ეპარქიული სასწავლებლები, კადეტთა კორპუსი, იუნკერთა სასწავლებელი, 2 სას. სემინარია, ამიერკავკ. ქალთა ინ-ტი, ქალთა კომერც. სასწავლებელი, ქალთა და ვაჟთა პანსიონები და სხვ. 1917 გაიხსნა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1918 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართვ. განათლების სისტემა გახდა ერთიანი საბჭ. საგანმან. სკოლის განუყოფელი ნაწილი. შეიქმნა სახელმწ. საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების ქსელი. 1921–31 თ-ში გაიხსნა 140-მდე ახ. სკოლა (მ.შ. 4-წლიანი დაწყებითი, 7- და 9-წლიანი შრომის სკოლები სხვადასხვა სპეციალობით და 3–4 წლიანი ტექნიკუმები). 1924 თ-ში იყო 6 უმაღლესი სასწავლებელი (თსუ, პოლიტექ. ინ-ტი, პედ. ინ-ტი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, ამიერკავკ. კომუნისტური უნ-ტი), XX ს. 90-იანი წლების დამდეგს – 239 სკოლამდელი დაწესებულება (42,6 ათ. აღსაზრდელი), 232 საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა (181 ათ. მოსწავლე), 19 სამუსიკო სკოლა, მუს. ათწლედი, თ-ის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 41 პროფტექ. სასწავლებელი (16,7 ათ. მოსწავლე), 25 საშ. სპეც. სასწავლებელი (20,4 ათ. მოსწავლე), 11 უმაღლესი სასწავლებელი (65,3 ათ. სტუდენტი); სკოლისგარეშე დაწესებულებები: პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე, პიონერთა და მოსწავლეთა 6 სახლი, ნორჩ ტექნიკოსთა 4 სადგური, ნორჩ ნატურალისტთა 2 სადგური, საექსკურსიო-ტურისტული სადგური, ბავშვთა და მოზარდთა 25 სპორტსკოლა, ბავშვთა საციგურაო სკოლა, საბავშვო სტადიონი, მხატვრული აღზრდის სახლი, ბავშვთა ნახატების მუდმივი გამოფენა, საბავშვო მხატვრული სკოლა.

XX ს. 90-იანი წლების პოლიტ. და საზ. ცხოვრების სიძნელეებისა და გარდაქმნათა სირთულეების მიუხედავად, საბაზრო ეკონ. პრინციპები საფუძვლად დაედო განათლების სისტემის ყველა საფეხურზე კერძო დაფინანსების სასწავლებელთა დაარსებასა და სასწ. პროცესის ორგანიზაციის დაახლოებას საერთაშ. სტანდარტების დონესთან. ამოქმედდა 1997 წ. 27 იანვარს მიღებული საქართვ. კანონი განათლების შესახებ, 2005-იდან საქართველო გახდა ბოლონიის პროცესის წევრი.

2012-თვის თ-ში იყო 150-მდე სკოლამდელი დაწესებულება [საბავშვო ბაღი სახელმწ. (მერიის) დაქვემდებარებაში], 291 ზოგადსაგანმან. სკოლა, 44 საშ. პროფ. სასწავლებელი (15 სახელმწ., 29 კერძო), 15 სამუსიკო სკოლა, მუს. ათწლედი, თ-ის ქორეოგრ. სასწავლებელი; სკოლისგარეშე დაწესებულებები: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სპორტსკოლა, ბავშვთა საციგურაო სკოლა, საბავშვო სტადიონები, სამხატვრო სკოლა (2). თ-ში არის 36 საერო უმაღლესი სასწავლებელი, სას. აკადემია, სას. სემინარია.

მეცნიერება. საქართველოში

სააბრეშუმო სადგური (დღევანდელი აბრეშუმის და ფულის მუზეუმი). ფოტო. 1887.

სამეცნ. მუშაობა ოდითგან მიმდინარეობდა. თ-ს უკავშირდება ვახუშტი ბატონიშვილის, ვახტანგ VI-ის, ანტონ I-ის, დავით ბატონიშვილის, იოანე ბატონიშვილის და XVII–XIX სს. სხვა მეცნიერთა მოღვაწეობა. მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპი დაიწყო თსუ-ის დაარსების (1918) შემდეგ. ეროვნ. უნ-ტმა მოიზიდა კვალიფიციური სამეცნ. კადრები რუსეთიდან და ევროპიდან (ივ. ჯავახიშვილი, პ. მელიქიშვილი, ვ. პეტრიაშვილი, ა. რაზმაძე, ნ. მუსხელიშვილი, ა. ბენაშვილი, ა. დიდებულიძე და სხვ.). თსუ სულ მალე იქცა ეროვნ. სამეცნ. კადრების აღზრდის ძირითად კერად. უნ-ტის ბაზაზე შეიქმნა დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნ. ცენტრები.

თ-ში ჩამოყალიბდა საყოველთაოდ აღიარებული სამეცნ. სკოლები: საისტორიო, არქეოლ., ენათმეცნ., მათ., ფიზ., ქიმ., ასტრონ., ბიოლ., ფილოს., ფსიქოლ., ხელოვნებათმცოდნეობის და სხვ., რაც დაკავშირებულია ივ. ჯავახიშვილის, ი. ბერიტაშვილის, დ. უზნაძის, ნ. მუსხელიშვილის, გ. ახვლედიანის, ა. ჩიქობავას და მსოფლიოში ცნობილი სხვა მეცნიერების სახელებთან.

1941 დაარსდა საქართვ. მეცნ. აკად., რ-საც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი მეცნიერები ნ. მუსხელიშვილი, ი. ვეკუა, ე. ხარაძე, ა. თავხელიძე, თ. გამყრელიძე. 2014-იდან საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. პრეზიდენტია გ. კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტები: რ. მეტრეველი და თ. ნანეიშვილი.

თ. საქართვ. სამეცნ. ცენტრია, სადაც თავმოყრილია ქვეყნის სამეცნ.-ტექ. პოტენციალის დაახლ. 90%. XX ს. 80-იანი წლების დასასრულს მეცნ. აკადემიაში გაერთიანებული იყო 45 სამეცნ.-კვლ. დაწესებულება, სადაც მუშაობდა 4,3 ათ. მეცნიერი მუშაკი. ფუნქციონირებდა საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტების 9 ფილიალი, 60-მდე სხვადასხვა საპროექტო და უწყებრივი სამეცნ.-კვლ. ინ-ტი. სულ თ-ში მუშაობდა 20,8 ათ. მეცნიერი მუშაკი, მ.შ. 1167 მეცნ. დოქტორი და 6884 მეცნ. კანდიდატი.

2010–11 განხორციელდა საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდ. პირის – სამეცნ.-კვლ. დაწესებულებების (კვლევითი ინ-ტების) – რეორგანიზაცია უმაღლეს საგანმან. დაწესებულებებთან სტრუქტურულ ერთეულებად მიერთების გზით.

საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროსთან დაარსდა შოთა რუსთაველის სახ. ეროვნული სამეცნიერო ფონდი (2005). მისი მიზანია მეცნ. დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, მეცნ. დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზ-ბის ნდობის ჩამოყალიბება. ასევე, სახელმწ. სამეცნ. გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგი. შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი პროექტებს 10 მიმართულებით აფინანსებს.

საქართველოში 1991–2006 მოქმედებდა უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნ. და სამეცნ.-პედ. ატესტაციის ერთიანი სისტემა, რ-ის მართვა, ორგანიზაცია და ექსპერტიზა ევალებოდა საქართვ. სწავლულ ექსპერტთა საბჭოს; საბჭო გასცემდა მეცნ. დოქტორის და მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხის დამადასტურებელ სახელმწ. დიპლომებს, აგრეთვე პროფესორისა და დოცენტის სამეცნ.-პედ. წოდებების დამადასტურებელ სახელმწ. ატესტატებს. 2006-იდან საბჭომ შეწყვიტა არსებობა.

პირველი წ ი გ ნ ს ა ც ა ვ ე ბ ი საქართველოში გაჩნდა ეკლესიამონასტრებთან, როგორც მწიგნობრულ კერებთან. X ს-ში უკვე მოწესრიგებული ჩანს წიგნებით სარგებლობის, მათი დაცვისა და აღნუსხვა-აღწერილობის საქმე. XVIII ს-ში სტამბის გაჩენამ თ-ში და ქართ. სტამბების დაარსებამ რუსეთში ხელი შეუწყო წიგნსაცავების ზრდასა და მათ მოწესრიგებას. მდიდარ საგვარეულო ბ-კებს ფლობდნენ ქართ. არისტოკრატიის გამოჩენილი წარმომადგენლები. XIX ს-ის 90-იან წლებში თბილისში გაიხსნა წიგნის გასაყიდი კერძო მაღაზიებიც.

1830 თ-ში ბ ი ბ ლ ი ო თ ე კ ა გახსნა ეკატერინე კოტოვამ; ეს იყო კერძო ბ-კა-სამკითხველო. 1842 დავით ყიფიანის თაოსნობით დაარსდა საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რ-ის მთავარი ამოცანა იყო თ-ში საჯარო ბ-კის გახსნა. 1846 გაიხსნა მეფისნაცვლის კანცელარიასთან არსებული ბ-კა, რ-იც საფუძვლად დაედო საჯარო ბ-კას. XIX ს. 50-იანი წლებიდან თ -ში გახსნილ ყველა სასწავლებელს თავისი ბ-კა ჰქონდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზ-ბამ გახსნა 200 ბ-კა თ-ის გარეუბნებსა და საქართვ. სოფლებში. 1904–09 ძმებმა ზუბალაშვილებმა საფუძველი ჩაუყარეს სახ. ბ-კა-სამკითხველოს, რ-იც შემდგომ საფუძველად დაედო დედაქალაქის ცენტრ. მასობრივ ბ-კას (იხ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და მისი ფილიალები). 1918 თ-ში დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

საბჭოთა ხელისუფლებას საჭიროდ მიაჩნდა საბიბლიოთეკო ქსელის ჩამოყალიბება და სათანადო კადრების მომზადება; გაიზარდა ყველა საფეხურის სასწ. დაწესებულებათა ბ-კების ქსელი. 1924 დაარსდა წიგნის პალატა, რ-მაც დიდი მუშაობა ჩაატარა წიგნის რეგისტრაციისა და გავრცელების საქმეში. 1941 თ-ში გაიხსნა საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრ. სამეცნ. ბ-კა. XX ს. 90-იანი წლების დასაწყისისათვის თ-ში არსებობდა 2 ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემა: ერთი აერთიანებდა 54 მასობრივ ბ-კა-ფილიალს, რ-ებსაც მეთაურობდა ა. ჯაფარიძის სახ. ცენტრ. სამეცნ. ბ-კა, მეორე კი აერთიანებდა 12 საბავშვო ბ-კას, რ-საც მეთაურობდა ნ. ნაკაშიძის სახ. ბ-კა. 1996 წ. 16 იანვარს საქართვ. პარლამენტმა მიიღო "საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ".

თ-ის ძირითადი ბ-კებია: საქართვ. პარლამენტის ეროვნ., მეცნ. აკად. – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სახელმწ. უნტის, აგრეთვე უმაღლეს სასწავლებლებთან მოქმედი ბ-კები – პედ. ბ-კა, მ. ჯავახიშვილის სახ. მთავარი ბ-კა და მისი ფილიალები.

საქართველოში სიძველეთა დაცვის ტრადიციები შორეული დროიდან არსებობდა, რასაც მოწმობს ისტ. წყაროებში დაცული ცნობები. თ-ის ტერიტორიაზე ს ა მ უ ზ ე უ მ ო კ ო ლ ე ქ ც ი ე ბ ი დადასტურებულია XVIII ს. დასაწყისში (სამეფო სასახლის სალარო). XIX ს-ში კერძო კოლექციონერობის გავრცელებამ დააჩქარა მუზეუმების ჩამოყალიბება; მათ აარსებდნენ საზ-ბებთან, კომიტეტებთან და უწყებებთან. 1852 დაარსდა კავკ. მუზეუმი, 1855 – სას.-სამ. მუზეუმი, 1885 – კავკ. სამხ.-ისტ. მუზეუმი ფ. ა. რუბოს, ი. კ. აივაზოვსკის და სხვა მხატვართა სურათების მდიდარი კოლექციით. იმავე წელს პირველმა ქართველმა ფოტოგრაფმა ა. როინაშვილმა შექმნა კერძო მოძრავი მუზეუმი. 1887 დაარსდა კავკასიის სააბრეშუმო სადგური, 1888 – საეკლ. მუზეუმი (ე.წ. სიძველეთსაცავი), 1889 – შინამრეწველობის მუზეუმი, 1901 – პედ. მუზეუმი, 1908 – საისტორიო- საეთნოგრაფიო საზ-ბის მუზეუმი, 1910 – ქალაქის მუნიციპალური მუზეუმი (იხ. თბილისის ისტორიის მუზეუმი). 1914 თ-ში ანასტასიას ქუჩაზე საფრანგეთის მოქალაქე გ. ტორომანოვმა საკუთარი კოლექციების ბაზაზე დააფუძნა "თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი". 1920 დაარსდა საქართვ. ეროვნ. გალერეა.

სპორტის მუზეუმი. ინტერიერი.

1921, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, ყველა მუზეუმი დაექვემდებარა განათლების სახ. კომისარიატის მუზეუმების მთ. სამმართველოს. საეკლ. და რელიგ. საზ-ბების ქონება სახელმწ. კუთვნილება გახდა, აიკრძალა კულტ. და განათლების საგნების გატანა რესპ. ფარგლებს გარეთ. გაჩნდა ახ. პროფილის მუზეუმები, მაგ., რევ. მუზეუმი. 1927 დაარსდა თეატრ., 1932 – საქართვ. ებრაელთა ისტ.-ეთნოგრ., 1937 – საბავშვო სათამაშოების მუზეუმები და სხვ.

1991 საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენამ განაპირობა ძირეული ცვლილებები სამუზეუმო სისტემაში: გაუქმდა საბჭ. იდეოლოგიით განსაზღვრული მუზეუმები, მოხდა მათი ნაწილის რეორგანიზაცია და ახლებური გააზრება; მუზეუმების ძირითადი ნაწილი დაექვემდებარა კულტ. სამინისტროს, საქართვ. სამუზეუმო სისტემამ თანდათანობით დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში; გაჩნდა კერძო მუზეუმები და სამხატვრო გალერეები.

თ-ში არის საქართველოს ეროვნული მუზეუმი – დიდი სამუზეუმო გაერთიანება, რ-შიც შედის: ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმი, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი, ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), გ. ჩიტაიას სახ. ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ოკუპაციის მუზეუმი; ე. ახვლედიანის, მ. თოიძის, ი. ნიკოლაძის, უ. ჯაფარიძის სახლ-მუზეუმები; აგრეთვე – გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი ფილიალებით; თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; ეროვნული გალერეა; არქეოლ. მუზეუმი; ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი; აბრეშუმისა და ფულის მუზეუმები; დ. ბააზოვის სახ. საქართვ. ებრაელთა ისტორიის მუზეუმი; საბუნებისმეტყველო მუზეუმი "ცხოველთა სამყარო"; კინოს ისტორიისა და თოჯინების მუზეუმები; მ. შენგელიას სახ. ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი; სპორტის მუზეუმი; №1 აფთიაქ-მუზეუმი; ჰაერნაოსნობისა და ავიაციის ისტორიისა და რკინიგზის ისტორიის მუზეუმები; სმირნოვების სახლი – "კავკასიური სახლი"; ი. გრიშაშვილის ბკა- მუზეუმი; დენდროლოგიური მუზეუმი (ბოტან. ბაღი); ანიმაციური თოჯინების მუზეუმი; გეოფიზ. მეცნ. ისტ. მუზეუმი; მინერალების კავშირგაბმულობის ოლიმპიური და ფოტოგრაფიის მუზეუმები; ავლაბრის არალეგალური სტამბამუზეუმი; მირზა-ფათალი ახუნდოვის საქართველო-აზერბაიჯანის კულტ. ურთიერთობების მუზეუმი; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; 18 სახლ-მუზეუმი. თ-ში მოქმედებს 20-ზე მეტი კერძო გალერეა.

მ. ბაქრაძე

თ. ალიბეგაშვილი

 

VII. კულტურა. საუკუნეთა განმავლობაში თ. იყო ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ უ ლ - კ უ ლ ტ უ რ უ ლ ი საქმიანობის მთავარი კერა. თბილისელ მწერლებს ინტენს. ურთიერთობა ჰქონდათ როგორც საქართვ. სხვადასხვა კუთხეში არსებულ საგანმან. კერებთან, ისე საზღვარგარეთის ქართ. სამეცნ.- ლიტ. ცენტრებთან. ჩვენთვის ცნობილი პირველი ნაწარმოები, რ-იც თ-შია დაწერილი, არის იოანე საბანისძის "აბო თბილელის წამება" (VIII ს.). ეროვნ. მწერლობის წინსვლა-განვითარებას დიდად უწყობდა ხელს დავით აღმაშენებელი. მისი "გალობანი სინანულისანი" კი ქართ. ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშია. თამარ მეფის სასახლე მწერლებისა და მეცნ. საკრებულო იყო. თამარის ეპოქაში დაიწერა ქართვ. ხალხის სულიერი კულტ. შედევრი – შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი".

მონღოლთა ბატონობის შემდეგ თ-ის ლიტ. ცხოვრება კვლავ გამოცოცხლდა. დაიწყო საგმირო-სარაინდო თხზულებების თარგმნა, განვითარდა საისტ. მწერლობა, განსაკუთრებით – საისტ. ეპოსი, ლექსიკოგრაფია. ასპარეზზე გამოჩნდნენ მეფე-პოეტები თეიმურაზ I და არჩილ II.

თ-ის ლიტ. ცხოვრების გამოცოცხლების პროცესი კიდევ უფრო აქტიური გახდა XVIII ს. I მეოთხედში, ვახტანგ VI-ის მეფობის დროს. თ-ში დაიწერა ს.-ს. ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა", აქვე შეადგინა მან "სიტყვის კონა". კულტ. განვითარებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თ-ში პირველი სტამბის დაარსება (1708–09) და საგამომცემლო საქმიანობის გაჩაღება. აქ დაიბეჭდა არა მხოლოდ სას. წიგნები, არამედ სასკოლო სახელმძღვანელოც და, რაც მთავარია, – "ვეფხისტყაოსანი" (1712). რუსთაველის პოემის პირველ გამოცემას ვახტანგ VI-მ დაურთო სპეც. გამოკვლევა. ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ თეიმურაზ II, ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი). არისტოკრატიულ-მწიგნობრული ლიტ-რის გვერდით შეიქმნა აშუღური პოეზია, რ-ის თავკაცი იყო მგოსანი და მომღერალი საიათნოვა.

XIX ს-იდან ქართ. საზ.- პოლიტ. და კულტურულ ცხოვრებაში ახ. ერა დაიწყო. რუსეთმა საქართველო გუბერნიებად აქცია. დამპყრობლურმა პოლიტიკამ გამოძახილი პოვა იმ დროის ქართვ. მწერალთა შემოქმედებაში, განსაკუთრებით კი ნ. ბარათაშვილის თავისუფლების სულისკვეთებით გამსჭვალულ პოეზიაში. 1832 თავადაზნაურთა შეთქმულებას თავკაცობდნენ და მასში მონაწილეობდნენ მწერლები: ა. ჭავჭავაძე, ს. დოდაშვილი, გ. ორბელიანი, ა. ორბელიანი და სხვ. ტრაგიკულმა ისტორიულმა მოვლენებმა და ევრ. კულტურასთან ზიარებამ ქართ. მწერლობაში დასაბამი მისცა ახ. მიმართულებას – რომანტიზმს, რ-ის მწვერვალად მიჩნეულია ნ. ბარათაშვილის პოეზია.

1832 წ. იანვრიდან ს. დოდაშვილის თაოსნობით იბეჭდებოდა პირველი ქართ. საზ.-ლიტ. ჟურნ. "სალიტერატურო ნაწილი ტფილისის უწყებათანი" (გამოვიდა ხუთი ნომერი). ს. დოდაშვილმა თავის ნარკვევებში ახ. ლიტ.-ესთეტ. შეხედულებებიც ჩამოაყალიბა. ქართვ. მწერლები ურთიერთობდნენ ა. გრიბოედოვთან, ა. პუშკინთან, მ. ლერმონტოვთან, ა. დიუმასთან, რის შედეგადაც დაიწერა მათი კავკ. თემაზე შექმნილი ნაწარმოებები. ინტენსიურად ითარგმნა ევრ. და რუსი მწერლების (ვოლტერი, უ. შექსპირი, ა. პუშკინი და მრავალი სხვ.) საუკეთესო ნიმუშები. თ-ში გაჩნდა ლიტ. სალონები (იხ. სტ. ლიტერატურულ- მუსიკალური სალონები). გ. ერისთავმა 1852 დააარსა ჟურნ. "ცისკარი", რ-ის გამოცემაც ი. კერესელიძემ განაახლა 1857. სულ უფრო მეტ ძალას იკრებდა მწერალთა ახ. ჯგუფი, რ-თა სახელებს უკავშირდება ჩვენში კრიტ. რეალიზმის ჩასახვა და მომძლავრება.

XIX ს. 60–70-იანი წლები ქართ. ლიტ-რის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო. ამ დროს გამოვლინდა ქართ. ეროვნ. ენერგია და შემოქმედებითი ძალა. მწერლობა გამდიდრდა კლასიკური მხატვრული ნაწარმოებებით. ყოველივე ამის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო სამოციანელთა, ანუ " თერგდალეულთა" თაობა მისი ლიდერების – ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის ხელმძღვანელობით. პეტერბურგიდან თ-ში დაბრუნებულმა, ევრ. სინამდვილესა და კულტურას ნაზიარებმა "თერგდალეულებმა" თავიანთ უპირველეს მოვალეობად მიიჩნიეს მთვლემარე საზ. ცხოვრების გამოფხიზლება, ერის ენერგიის ამოქმედება, პროგრ. იდეების გავრცელება, ეროვნ. ოპტიმიზმის შთაგონება.

"თერგდალეულთა" პირველი თაობის ეროვნ. და სოც. კონცეფციას ერთგულ თანამდგომებად გამოუჩნდნენ ქართვ. კლასიკოსები: ვაჟა-ფშაველა, ა. ყაზბეგი, ი. გოგებაშვილი, დ. კლდიაშვილი, რ-ებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული თ-ის სალიტ. ცხოვრებასთან. ისინი ბეჭდავდნენ თავიანთ ეპოქალურ მხატვრულ თუ პუბლიც. ნაწარმოებებს და უფროს თანამზრახველებთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდნენ პერიოდულ პროგრ. გამოცემებთან ("დროება", "კრებული", "მნათობი", "ივერია", "ჯეჯილი" და სხვ.). "თერგდალეულთა" და მათ მიმდევართა წყალობით თ-ში შეიქმნა მძლავრი ქართ. მთარგმნელობითი სკოლა, რის შედეგადაც მკითხველი მშობლიურ ენაზე გაეცნო მსოფლიო ლიტ-რის მრავალ კლასიკურ ნიმუშს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ი. ჭავჭავაძისა და ი. მაჩაბლის ერთობლივი საქმიანობა უ. შექსპირის პიესების თარგმნაზე, რ-იც შემდეგ ი. მაჩაბელმა გააგრძელა.

XX ს. დასაწყისიდანვე თ-ში შეიქმნა ახ. ლიტ. გაერთიანებები, რამაც უფრო იმრავლა 20-იან წლებში. 1908 დაარსდა "ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოება" (თავ-რე გ. რცხილაძე), 1917 – "ქართველ მწერალთა კავშირი" (თავ-რე კ. მაყაშვილი). 1917 თ-ში აგრძელებდა მოღვაწეობას "ცისფერყანწელთა" ჯგუფი (პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, კ. ნადირაძე, გ. ლეონიძე, რ. გვეტაძე და სხვ.). XX ს. 20-იანი წლების დასაწყისში დაარსდა "აკადემიური მწერლობის კავშირი" (ა. აბაშელი, მ. ჯავახიშვილი, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, კ. გამსახურდია, ი. გრიშაშვილი, შ. დადიანი, პ. ინგოროყვა და სხვ.). საბჭ. ხელისუფლებამ შვა ე. წ. "პროლეტარული მწერლობა". 1922 შეიქმნა ფუტურისტ მწერალთა გაერთიანება (შემდეგ – "ხელოვანთა მემარცხენე ფრონტი"). ლიტ. გაერთიანებათა გარეთ იდგნენ, ან ნაკლებად მონაწილეობდნენ, მათ საქმიანობაში, გ. ტაბიძე, ვ. ბარნოვი, ნ. ლორთქიფანიძე და სხვ. 1928 ყველანი გააერთიანეს "საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციაში".

left

ამავე პერიოდში თ-ში მრავალი სალიტ. ჟურნ.-გაზ. დაარსდა: "მნათობი", "სალიტერატურო გაზეთი" (შემდგომში – "ლიტერატურული საქართველო") და სხვ. 1928 თ-ში დაარსდა საქართვ. საბჭ. მწერლების გამომც. "ფედერაცია" (შემდგომში – "საბჭოთა მწერალი", "ლიტერატურა და ხელოვნება", 1968-იდან დღემდე – "მერანი"). 1931 ტ. ტაბიძისა და გ. ლეონიძის თაოსნობით დაარსდა ლიტ. მუზეუმი.

1932 გაუქმდა ყველა მანამდე არსებული კავშირი და დაჯგუფება და შეიქმნა ერთიანი "საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი" (შემდგომში – საქართველოს მწერალთა კავშირი).

1930-იდან დაიწყო "არასაბჭოურად" მოაზროვნე მწერლების აქტ. დევნა. 1937–38 რამდენიმე ათეული ქართვ. მწერალი ემსხვერპლა პოლიტ. რეპრესიებს, მ. შ. მ. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი, ვ. კოტეტიშვილი და სხვ., ბევრმა სასჯელი შორეულ გადასახლებაში მოიხადა. ტოტალიტარული ხელისუფლება მწერლებისაგან მოითხოვდა კომუნისტური იდეოლოგიისა და ხელოვნურად შექმნილი სოციალ. რეალიზმის მეთოდის შესაბამისად, ანუ მათი დიქტატით, შეექმნათ ნაწარმოებები.

XX ს. 20–30-იან წლებში თ-ში მწერალთა რიგებს შეემატა ახ. თაობა: ა. ბელიაშვილი, ს. ჩიქოვანი, ა. ქუთათელი, ლ. გოთუა, ი. აბაშიძე, გ. აბაშიძე, გ. შატბერაშვილი, ლ. ასათიანი, ი. ნონეშვილი და სხვ., 40-იან წლებში კი მ. ლებანიძე, ა. კალანდაძე, პროზაიკოსები რ. ჯაფარიძე, ო. ჩხეიძე და სხვ.

50-იანი წლების ე. წ. "დათბობის" ხანიდან, როდესაც თ-ში შემოქმედებითი თავისუფლება შედარებით საგრძნობი გახდა, გამოსვლა დაიწყო ახალგაზრდულმა ჟურნ. "ცისკარმა" (1957-იდან რედ. ვ. ჭელიძე), რ-მაც შემოიკრიბა ახ. თაობის მწერალთა უმრავლესობა. შემდგომში ცნობილი გახდა მრავალი შემოქმედის სახელი: ნ. დუმბაძე, ჭ. ამირეჯიბი, ო. ჭილაძე, ა. სულაკაური, მ. მაჭავარიანი, ჯ. ჩარკვიანი, თ. ჭილაძე, გ. რჩეულიშვილი, შ. ნიშნიანიძე, რ. ჭეიშვილი, გ. დოჩანაშვილი, ე. ყიფიანი, რ. ინანიშვილი, რ. ამაშუკელი, ტ. ჭანტურია, გ. გეგეშიძე, გ. ფანჯიკიძე, ო. ჭელიძე, გ. გეგეჭკორი, მ. აბრამიშვილი, ზ. ბოლქვაძე, ნ. გურეშიძე, ნ. კილასონია, მ. კახიძე, მ. ქვლივიძე, მოგვიანებით კი ლ. სტურუა, გ. ჩოხელი, ჯ. ქარჩხაძე, ნ. შატაიძე და სხვ. მათთან ერთად კრიტიკოსები გ. ასათიანი, ო. პაჭკორია, გ. გვერდწითელი, ა. ბაქრაძე, ე. კვიტაიშვილი, თ. წივწივაძე, კ. იმედაშვილი. მათი შემოქმედება გამოირჩეოდა ეროვნ. და სოც. პრობლემების მძაფრი განცდით. ამავე ატმოსფერომ ახ. სული შთაბერა უფროსი თაობის მწერლებს.

თ-ში დაარსდა ახ. პერიოდული გამოცემები ("ლიტერატურნაია გრუზია", 1957; "კრიტიკა", 1972; "საუნჯე", 1974; "ნობათი", 1975; "დრამატურგია", 1984), მხატვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია (1974). ქართ. ლიტ-რა გამდიდრდა შესანიშნავი თარგმანებით. მთარგმნელთაგან აღსანიშნავი არიან: ბ. ბრეგვაძე, ზ. გამსახურდია, ზ. კიკნაძე, თ. ჩხენკელი, დ. წერედიანი, გ. ბაქანიძე, დ. ფანჯიკიძე, ჯ. აჯიაშვილი, გ. შაჰნაზარი და სხვ. 1966 თ-ში დაარსდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, რ-მაც ი. აბაშიძის ხელმძღვანელობით მოამზადა და გამოსცა პირველი ქართ. უნივერსალური ენციკლოპედიის მრავალტომეული. 2002 გამოვიდა ამავე რედაქციის მიერ მომზადებული ენციკლოპედია "თბილისი", ხოლო 2008 – "თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები".

thumb

ეროვნ.-განმათ. მოძრაობა საქართვ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნით დასრულდა (1991), რამაც ლიტ. სამყაროც მთლიანად შეცვალა. XX ს. მიწურულს ქვეყნის ახალმა გზამ და მიზნებმა განაპირობა მწერლობის ახ. შინაარსი და ფორმა, ღირებულებათა გადაფასების აუცილებლობა, დრომოჭმულის უარყოფის პათოსი. ამ პროცესში უფროს თანამოკალმეებთან ერთად ნაყოფიერად ჩაებნენ ახალგაზრდა მწერლები.

თ-ის თემას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართ. ზ ე პ ი რ ს ი ტ ყ ვ ი ე რ ე ბ ა შ ი. იგი მრავალი თქმულება-გადმოცემისა თუ ლეგენდის, ლექსისა თუ სიმღერის შთაგონების წყაროდ იქცა. თუკი სხვა ხალხების ფოლკლორში დედაქალაქი ყოველთვის საკუთარი სახელით მოიხსენიება, ქართ. ზეპირსიტყვიერებაში „თბილისი" და "ქალაქი" ერთი და იმავე მნიშვნელობის ცნებებს წარმოადგენს. თ-ის შესახებ შემორჩენილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშებიდან ყველაზე ძველი ჩანს "თბილისის დაარსების ლეგენდა".

ქართული ჟურნალი სტიკა თ-ში ჩაისახა. პრესის პირველი პერიოდული ორგანო, რომელიც აქ (საერთოდ კავკასიაში) გამოიცა, იყო «საქართველოს გაზეთი» (1819–21; 1820–21 გამოდიოდა «ქართული გაზეთის» სახელწოდებით). 1828 დაარსდა ყოველკვირეული ოფიც. რუს. გაზ. «ტიფლისსკიე ვედომოსტი» (1828–32, რედ. პ. სანკოვსკი), რსაც ჰქონდა ქართულენოვანი ფაქტობრივი დუბლიკატი «ტფილისის უწყებანი» (1828–32, რედ. ს. დოდაშვილი). 1845–46 გამოდიოდა რუს. «ზაკავკაზსკი ვესტნიკის » ოფიც. ნაწილის ქართ. დუბლიკატი «კავკასიის მხარეთა უწყებანი» (რედ. პ. იოსელიანი, ფაქტობრივი ხელმძღვანელი ზ. ფალავანდიშვილი). 1852 ქართვ. მოღვაწეთა ინიციატივითა და კავკ. მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის ხელშეწყობით დაარსდა სალიტ. ჟურნ. "ცისკარი" (1852–53, რედ.- გამომც. გ. ერისთავი; 1857–75, რედ.-გამომც. ი. კერესელიძე).

ქართ. ჟურნალისტიკის ისტორიაში პრინციპულად ახ. ეტაპს იწყებს ქართვ. სამოციანელთა პირველი პერიოდული გამოცემა, ყოველთვიური სალიტ. ჟურნ. «საქართველოს მოამბე» (1863, რედ.-გამომც. ი. ჭავჭავაძე). 1864 გამოიცა პირველი ქართ. საღვთისმეტყველო და საეკლ. ყოველთვიური ჟურნ. "საქართველოს სასულიერო მახარობელი" (რედ.-გამომც. გ. ხელიძე). 1866–85 გამოდიოდა ლიბერალურ- დემოკრ. მიმართულების გაზეთი «დროება», რ-იც 1885 ხელისუფლებამ "მავნე მიმართულების" გამო დახურა (სხვადასხვა წლებში რედაქტორები იყვნენ: გ. წერეთელი, ს. მესხი, კ. ლორთქიფანიძე, ი. ჭავჭავაძე და ი. მაჩაბელი; გამომცემლები: ს. მელიქიშვილი, გ. ქართველიშვილი). 1869–72 ნ. ავალიშვილის რედაქტორობით დაარსდა სალიტ.- სამეცნ. ჟურნ. "მნათობი" (გამომც. ი. ელიოზიშვილი), ხოლო 1871–73 – საზ.-პოლიტ. და სალიტ. ჟურნ. "კრებული" (ოფიც. რედ.-გამომც. გ. წერეთელი, ფაქტობრივი ხელმძღვანელი ნ. ნიკოლაძე). 1877 ი. ჭავჭავაძემ დააარსა საზ.-პოლიტ. და სალიტ. გაზეთი "ივერია" (1877–1906; სხვადასხვა წლებში – გაზეთი, ჟურნალი, ალმანახი, 1886- იდან ისევ გაზეთი; რედ. 1877–1901 – ი. ჭავჭავაძე).

1881–83 თ-ში გამოდიოდა ხალხოსნური მიმართულების ყოველთვიური პოლიტ.-ლიტ. ჟურნ. «იმედი» (რედ.-გამომც. მ. გურგენიძე), 1885–91 – ილუსტრირებული სალიტ.-სამხატვრო გაზეთი "თეატრი" (რედ.-გამომც.: 1885–86 – ვ. აბაშიძე; 1887–91 – ვ. გუნია, ა. ნებიერიძე). 1893 დაარსდა სამეცნ.- სალიტ. გაზ. "კვალი" (1893–97 ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა გ. წერეთელი; 1898–1904 – ნ. ჟორდანია). ნ. ჟორდანიას ხელმძღვანელობის დროს "კვალი" იყო პირველი ლეგალური მარქსისტული გამოცემა რუსეთის იმპერიაში.

1894–1905 თ-ში გამოდიოდა სამეცნ.-სალიტ. ჟურნ. "მოამბე". 1896 დაარსდა საზ.-პოლიტ. ყოველდღიური გაზ. "ცნობის ფურცელი", რ-იც XX ს. დასაწყისში იყო ქართვ. ავტონომისტთა სოციალ.- ფედერალისტური მიმართულების გამოცემა. XIX ს. თ-ში ჩაისახა და განვითარდა ქართ. დარგობრივი პრესა. 1861-იდან ჟურნ. "ცისკრის" დამატების სახით გამოსვლას იწყებს სას.-სამ. (აგრონომიული) ჟურნ. "გუთნისდედა" (1861–76), 1868– 80 გამოდიოდა სას.-სამ. ხასიათის "სასოფლო გაზეთი", ხოლო 1888– 98 – სამეურნეო გაზეთი "მეურნე".

XIX ს. საფუძველი ჩაეყარა საბავშვო პერიოდიკას – გამოდიოდა დასურათებული საბავშვო ჟურნ. "ნობათი" (1883–85), ხოლო 1890– 1923 – დასურათებული საყმაწვილო ჟურნ. "ჯეჯილი".

თ-ში რუსულენოვან გამოცემებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობითა და გავლენით გამოირჩეოდა გაზეთი "კავკაზი" (1846–1918), რ-იც მთელი კავკასიის მასშტაბით რუს. ცენტრ. და ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციოზი იყო. რუსულენოვანი დემოკრ. პრესის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ნ. ნიკოლაძემ (გაზეთები "ობზორ", "ნოვოე ობოზრენიე"). გამოდიოდა სხვა რუსულენოვანი გამოცემებიც.

XX ს. I მეოთხედში თბილისური პრესა მდიდარი იყო სატირულ- იუმორისტული გამოცემებით: "შუამავალი" (1907), "ეშმაკის მათრახი" (1907–08, 1915–17, 1919–21), "ნიშადური" (1907–08), "ტარტაროზი" (1909–10) და სხვ.

XIX ს. დასასრულსა და XX ს. დასაწყისის პრესაში ჩაისახა ქართ. ფოტოჟურნალისტიკა და საგაზეთო-საჟურნალო დიზაინის ხელოვნება.

1900–18 პრესა გამოირჩეოდა ი დ ე ო ლ ო გ ი უ რ - მ ს ო ფ ლ მ ხ ე დ ვ ელობრივი მრავალფეროვნებით. "ივერიის" გამოცემის შეწყვეტის (1906) შემდეგ თ-ის პრესაში საერთო-ეროვნ. ინტერესების გამოხატვა სოც.-ფედერალისტურმა და ეროვნ.-დემოკრ. ჟურნალ-გაზეთებმა იკისრა. ამ პერიოდის ეროვნ.-დემოკრ. მიმართულების გამოცემები იყო ჟურნალები: "ნიშადური" (1907–08), " საქართველო" (1908), "ერი" (1909–10), "კლდე" (1912–15); გაზეთები: "ივერია" (1909), "საქართველო" (1915–21) და სხვ. თ-ის პრესაში ერთ-ერთი ძირითადი ადგილი ეკავა სოც.-ფედერალისტთა გამოცემებს. პარტიის ძირითად ორგანოს გაზეთი "ცნობის ფურცელი" წარმოადგენდა. ამ პერიოდში სოც.-ფედერალისტთა ორგანოები იყო აგრეთვე გაზეთები: "შრომა" (1905), "მიწა" (1906–08), "დროება" (1908–10), "სახალხო გაზეთი" (1909–14), "სახალხო ფურცელი" (1914–17) და სხვა. XX ს. დასაწყისში ქართვ. სოც.-დემოკრატთა ბოლშევიკურმა ფრთამ დააარსა არალეგალური გაზეთები: "ბრძოლა" (1901–02), "ბრძოლის ფურცელი" (1902), "პროლეტარიატის ბრძოლა" (1903–05), "პროლეტარიატის ბრძოლის ფურცელი" (1903–05). 1905–07 გამოდიოდა აგრეთვე ლეგალური სოც.-დემოკრ. პერიოდული ორგანოები: ჟურნალი "მოგზაური" (1905); გაზეთები: "ახალი ცხოვრება" (1906– 07), "მნათობი" (1907), "ახალი დროება" (1906–07) და სხვ. ზოგიერთი ბოლშევიკური გამოცემა რუს. და სომხ. ენებზე გამოდიოდა. გაზ. "კვალის" დახურვის შემდეგ მენშევიკ სოც.-დემოკრატთა პერიოდული ორგანო იყო ჟურნ. "სოციალ-დემოკრატი" (1905). 1905–17 გამოდიოდა არაერთი მენშევიკური ლეგალური გაზეთი და ჟურნალი, მ. შ. გაზეთები: "ცხოვრების სარკე" (1908), "საქმე" (1909–10), "თანამედროვე აზრი" (1915–17) და სხვ. 1905–07 რევ. პერიოდში გამოდიოდა ანარქისტული ("მუშა", "ხმა", ჟურნ. "ნობათი" და სხვა) და ესერული ("პატარა გაზეთი") გამოცემები.

საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის (1918–21) პერიოდში თ-ის პრესა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი იყო. ხელისუფლების ოფიც. პერიოდული ორგანო იყო "საქართველოს რესპუბლიკა" (1918–21), ხოლო მენშევიკ სოც.-დემოკრატთა მთავარი პარტ. გაზეთი – "ერთობა" (1917–21). სხვადასხვა ხასიათის საზ.-პოლიტ. გამოცემებთან ერთად გამოდიოდა ბოლშევიკური გაზეთები: "ბრძოლა" (1917–18), "კომუნისტი" (1920-იდან). არსებობდა დარგობრივი გამოცემებიც ("ჯარი და ერი", "მხედარი", "რესპუბლიკის ჯარი", "მევენახე", "რკინიგზელი" და სხვა). ფართოდ იყო წარმოდგენილი ლიტერატურული პრესა: "მეოცნებე ნიამორები", "მშვილდოსანი" და სხვა. იბეჭდებოდა რუს., სომხ. და აზერბ. ჟურნალ- გაზეთები.

საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ თ-ის პრესა მკაცრად იდეოლოგიზებული და რეგლამენტირებული გახდა; საბჭოთა პერიოდის თბილისურ გამოცემათა შორის უმთავრესი გაზეთები იყო: "კომუნისტი", "ზარია ვოსტოკა", "ახალგაზრდა კომუნისტი", "მოლოდოი რაბოჩი", "სახალხო განათლება", "სოფლის ცხოვრება", " ლიტერატურული საქართველო", "ლელო", "სოვეტაკან ვრასტანი" (სომხურ ენაზე), "სოვეტ გურჯუსტანი" (აზერბაიჯანულ ენაზე); საქალაქო გაზეთები: "თბილისი", "ვეჩერნი ტბილისი"; პარტ. და სამეცნ.-ლიტ. ჟურნალები: "საქართველოს კომუნისტი", "პარტიული სიტყვა", "ეკონომისტი", "საქართველოს ქალი", "ნიანგი", "მნათობი", "მეცნიერება და ტექნიკა", "ცისკარი", "ლიტერატურნაია გრუზია" (რუს. ენაზე); საქართვ. მეცნ. აკად. გამოცემები: "მოამბე", "მაცნე"; აგრეთვე, თსუ-ისა და სხვა უმაღლეს სასწავლებელთა და სამეცნ. დაწესებულებათა პერიოდული გამოცემები.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამ (1991) პრესაში თვალსაჩინო ცვლილებები გამოიწვია. შეიქმნა მრავალი დამოუკიდებელი პერიოდული გამოცემა. დღეისათვის თ-ში გამოდის გაზეთები: "რეზონანსი", "კვირის პალიტრა", "24 საათი", "ახალი თაობა", "ყველა სიახლე", "ალია", "საქართველოს რესპუბლიკა", "ასავალ-დასავალი" და სხვ.; ჟურნალებიდან აღსანიშნავია: "თბილისელები", "სარკე", "ცხელი შოკოლადი", "ლიბერალი", "ტაბულა" და სხვ.

საქართველოში პირველი რ ა დ ი ო გ ა დ ა ც ე მ ე ბ ი დაიწყო 1925 წ. მაისში ნავთლუღის რადიოსადგურიდან, რეგულ. მაუწყებლობა საქართვ. რადიომ კი – 1927 წ. 3 იანვრიდან. 1928 ჩამოყალიბდა თ-ის რადიოცენტრი. დღეისათვის თ-ში მოქმედებს შემდეგი რადიოკომპანიები: "თავისუფლება", "რადიო ფორტუნა", "რადიო უცნობი", "რადიო აფხაზეთის ხმა", "საპატრიარქოს რადიო" და სხვა. ს ა ტ ე ლ ე ვ ი ზ ი ო მ ა უ წ ყ ე ბ ლ ო ბ ა საქართველოში 1956 წ. 30 დეკემბრიდან დაიწყო. პირველი ქართ. ტელესტუდია მოთავსებული იყო კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში. დღეს თ-ში ფუნქციონირებს საქართვ. ტელევიზიის საზ. მაუწყებელი და რამდენიმე დამოუკიდებელი ტელეკომპანია: "რუსთავი 2", "იმედი", "ერთსულოვნება", "კავკასია", "მაესტრო", "ობიექტივი" და სხვა.

გეოგრაფიულმა მდებარეობამ და მოსახლეობის ეროვნულმა ნაირგვარობამ განაპირობა მდიდარი, კულტურათა სინთეზით შეზავებული მრავალფეროვანი ქალაქური მუს. ფოლკლორის შექმნა, რ-მაც, თავის მხრივ, დიდი როლი შეასრულა ახ. ქართ. პროფ. მ უ ს ი კ ი ს ჩასახვასა და განვითარებაში. ქართ. ქალაქური მუს. კულტ. შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით პოეტ-მომღერლებს და მესაკრავეებს.

ქართ. ქალაქური ხალხ. მუსიკა აღმოსავლური და დასავლური განშტოებებისაგან შედგება. ამათგან პირველმა, რ-საც ფესვები შორეულ წარსულში აქვს გადგმული, საბოლოო კრისტალიზაცია განიცადა XVIII ს-ში, როდესაც თ-ში გაჩნდა ე.წ. ძველი ქალაქური სიმღერები. დასავლური განშტოების მუს. ფოლკლორი გაცილებით ახალგაზრდაა.

ქალაქურ მუსიკას სხვადასხვა სახით იყენებდნენ ქართ. პროფ. მუსიკის კლასიკოსები – მ. ბალანჩივაძე, დ. არაყიშვილი, ზ. ფალიაშვილი, ვ. დოლიძე და შემდგომი თაობის კომპოზიტორები, ხოლო ქართ. საესტრადო მუსიკა ძირითადად ქალაქურ მუს. ფოლკლორს ემყარება. XIX ს. ახ. ქართ. პროფ. მუსიკის შექმნის პერიოდია. ამას ხელი შეუწყო თ-ში არისტოკრატიული სალონების ტრადიციამ და ევრ. საკრავების გავრცელებამ; საფუძველი ჩაეყარა ქალაქის თეატრ. და საკონცერტო ცხოვრებას. 1851 გ. დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმურით" გაიხსნა თ-ის საოპერო თეატრი ა. ბარბიერის ხელმძღვანელობით, რ-ის სცენაზეც თითქმის 30 წლის განმავლობაში ერთმანეთს ცვლიდნენ იტალ. დასები. აქ გამოდიოდა აგრეთვე რუს. საოპერო დასი (1890), რ-ის შემადგენლობაში მღეროდნენ ფ. ქორიძე, მ. ბალანჩივაძე; მოგვიანებით – ვ. სარაჯიშვილი, ს. ინაშვილი, ო. ბახუტაშვილ- შულგინა. ქალაქის საკონცერტო ცხოვრების სტიმულირების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გამოჩენილი მუსიკოსების გასტროლები თ-ში. აქ გამოდიოდნენ პ. ჩაიკოვსკი (1886, 1887, 1888, 1889, საავტორო კონცერტს და ოპერა "ევგენი ონეგინს" უდირიჟორა 1890) ; კომპოზიტორები და პიანისტები: ა. რუბინშტეინი (1891), ს. რახმანინოვი (1911, 1916) და სხვ. თ-ში დაიწყო (1894) თ. შალიაპინის კარიერა.

მუს. ცხოვრების ინტენსიურმა განვითარებამ განაპირობა მუს. განათლებისაკენ სწრაფვა. XIX ს. I ნახევარში თ-ში დაარსდა კერძო მუს. კლასები (ე. ეფშტაინი, ლ. იანიშევსკი, ვ. ჩიჟოვი). 1871 შეიქმნა "კავკასიის სამუსიკო საზოგადოება". მუს. განათლების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა აგრეთვე ქართ. გიმნაზია. 1917 წ. 1 მაისს თ-ში გაიხსნა ევრ. ტიპის პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოსა და მთელ კავკასიაში – კონსერვატორია.

თ-ის სცენაზე დაიდგა ეროვნ. საოპერო კლასიკის პირველი ნიმუშები: ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე" (1919), ზ. ფალიაშვილის "დაისი" (1923), მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი" (1926). შეიქმნა სიმფ. ორკესტრი (1924) და სიმებიანი კვარტეტი (1925), პირველი სახელმწ. გუნდი (1927); 1932 დაარსდა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი. თ-ში შეიქმნა მუს. სასწავლო დაწესებულებების ფართო ქსელი.

1933 საქართვ. სახელმწ. სიმფ. ორკესტრის დაარსებასთან ერთად (პირველი სამხატვრო ხელმძღვ. და მთ. დირიჟ. ე. მიქელაძე) თ-ის მუს. ცხოვრება გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა. 1937–42 აშენდა კონსერვ. დიდი საკონცერტო დარბაზი. 1944 დაიწყო მუშაობა საქართვ. სახელმწ. საესტრადო ორკესტრმა რ. გაბიჩვაძის ხელმძღვანელობით და საქართვ. ფილარმონიის სახელმწ. სიმებიანმა კვარტეტმა. 1967 დაარსდა საქართველოს მუს.-ქორეოგრ. საზბა. დაიდგა ო. თაქთაქიშვილის, ბ. კვერნაძის, გ. ყანჩელის და სხვა კომპოზიტორთა ოპერები.

თ-ში სისტემატურად ტარდება საერთაშ. ფესტივალები და კონკურსები. საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა საქართვ. ფილარმონია, ე. მიქელაძის სახ. ეროვნ. სიმფ. ორკესტრი, ჯ. კახიძის სახ. თ-ის სიმფ. ორკესტრი, ნ. სულხანიშვილის სახ. სახელმწ. საგუნდო კაპელა, საქართვ. ეროვნ. სიმებიანი კვარტეტი, კამერული ორკესტრი, ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლი "ერისიონი", ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლები, კამერული ორკესტრები და სხვ.

თ. მრავალი ქართვ. კომპოზიტორის შთაგონების წყაროა; მისდამი მიძღვნილია სხვადასხვა თაობის კომპოზიტორთა ნაირგვარი ჟანრის მუს. ნაწარმოებები, მ. შ. თ-ის "მუსიკალური ემბლემა" – რ. ლაღიძის "სიმღერა თბილისზე", "მუხამბაზი მშობლიურ თბილისს", შ. აზმაიფარაშვილის საორკესტრო სიუიტა "ძველი თბილისის სურათები", ვ. აზარაშვილის საკვარტეტო მინიატიურები "ძველი თბილისის სურათები", ი. კეჭაყმაძის 5 საგუნდო პარაფრაზი "ძველი თბილისის სიმღერები", ო. თაქთაქიშვილის "კანტატა თბილისზე", მუსიკალური კომედიები – ა. კერესელიძის "თბილისის ცის ქვეშ", შ. მილორავას "სიმღერა თბილისზე", ე. ჭელიძის "ჭაღარა თბილისო ჩემო", გ. ცაბაძის სიმღერები თბილისზე, ს. ნასიძის რაფსოდია და სხვა.

თ-ის ქ ო რ ე ო გ რ ა ფ ი უ ლ ცხოვრებაში ბუნებრივად ჩაიწერა უძველესი, მრავალფეროვანი, ტემპერამენტიანი ქართ. ცეკვები, რ-თა შინაარსს განაპირობებდა საყოფაცხოვრებო კალენდარი და რიტუალურ- საკულტო ადათ-წესები. ერთ-ერთი გამორჩეულია თეატრ. სანახაობის – "სახიობის" – წიაღში შექმნილი რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვა "ქართული" (ძველად "სადარბაზო", "სანადიმო", "ლეკური"). შეიქმნა აგრეთვე ქალაქური ყოფის ამსახველი შესანიშნავი ფოლკლორული ნიმუში "კინტაურ-ბაღდადური".

XIX ს. დასაწყისში თ-ში ფართოდ დაინერგა სამეჯლისო ცეკვები, რ-იც სრულდებოდა საოჯახო შეკრებებზე, ლიტ.-მუს. სალონებში. აღსანიშნავია, რომ სამეჯლისო ცეკვების – ვალსის, მაზურკის, პა დე კატრის გვერდით, ცნობილი ქორეოგრაფები დგამდნენ ქართ. ხალხ. ცეკვის სამეჯლისო ვარიანტებს. 1902 თ-ში დაარსდა "ცეკვისა და პლასტიკის სკოლა" (ხელმძღვ. ი. როინიშვილი) და "აზიური ცეკვების სტუდია" (ხელმძღვ. ა. გ. ალექსიძე). XX ს. 20-იანი წლებიდან შეიქმნა ქართ. ხალხ. ცეკვის ანსამბლები; 1935 ანსამბლი დ. ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით გამოვიდა ლონდონის საერთაშ. ფესტივალზე და ლაურეატის წოდება დაიმსახურა, ი. სუხიშვილი კი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ქორეოგრაფიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. აკადემიურმა ანსამბლმა (ამჟამად –"ერისიონი"), ხალხური ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლმა (ამჟამად – "ქართული ნაციონალური ბალეტი") ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის ხელმძღვანელობით.

1852 თ-ის "ქარვასლის თეატრში" (გაიხსნა 1851) მიიწვიეს მოსკ. დიდი თეატრ. მოცეკვავე და ბალეტმაისტერი თ. მონოხინი მცირე საბალეტო ჯგუფთან ერთად. 1852–54 მან დადგა ნაწყვეტები კლასიკური საბალეტო რეპერტუარიდან. 1895 ა. ინოჩენციმ და მ. პერინიმ ჩამოაყალიბეს საბალეტო და სამეჯლისო ცეკვების სტუდია. 1916 მ. პერინის ხელმძღვანელობით გაიხსნა საბალეტო სტუდია, ადგილობრივი საბალეტო კადრების აღზრდის კერა, რ-იც 1920 გადაკეთდა საბალეტო სკოლად. 1935 იგი შეუერთდა სახელმწ. ქორეოგრ. სტუდიას (ხელმძღვ. დ. ჯავრიშვილი, 1935–51), 1957-იდან ქორეოგრ. სასწავლებელია (1951–73 ხელმძღვ. ვ. ჭაბუკიანი).

XX ს. 10-იანი წლებიდან იწყება ეროვნ. ბ ა ლ ე ტ ი ს ფორმირება. შეიქმნა ქართ. საბალეტო პანტომიმები (კომპ. თ. ვახვახიშვილის მუსიკაზე). 1937 მოსკოვში გამართულ ქართ. ხელოვნების დეკადისათვის მომზადდა ა. ბალანჩივაძის ბალეტი "მზეჭაბუკი" ("მთების გული", ბალეტმაისტერი ვ. ჭაბუკიანი, ლიბრეტო გ. ლეონიძის, მხატვარი ს. ვირსალაძე, დირიჟ. ე. მიქელაძე). 1941-იდან თ-ის საბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა ვ. ჭაბუკიანი. საბალეტო კლასიკასთან ხალხ. ცეკვის ელემენტების შერწყმით ვ. ჭაბუკიანმა შექმნა ეროვნ. ბალეტის თავისებური სახეობა. მანვე განავითარა და სრულყოფილებამდე აიყვანა მამაკაცის ცეკვა, მისცა მას მკაფიოდ ვაჟკაცური ხასიათი. ვ. ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტებია: გ. კილაძის "სინათლე", დ. თორაძის "გორდა" და "მშვიდობისათვის". მისი შემოქმედების მწვერვალია ა. მაჭავარიანის "ოტელო" (1957). სხვა მნიშვნელოვანი დადგმებია: ს. ცინცაძის "დემონი", ფ. ღლონტის "განთიადი", რ. გაბიჩვაძის "ჰამლეტი". თ-ის საბალეტო დასს სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ მ. ლავროვსკი, გ. ალექსიძე, ნ. ანანიაშვილი (2004-იდან).

თ-ში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა როგორც ხალხ. საიმპროვიზაციო თ ე ა ტ რ ი, ასევე თოჯინების (კუკების) თეატრი, რ-იც ჯერ კიდევ VII ს. დამდეგს თავისი წარმოდგენებისათვის ბიბლიურ სიუჟეტებს იყენებდა. შუა საუკუნეებში განვითარდა სასახლის კარის თეატრი ანუ "სახიობა" – ნიღბოსანთა წარმოდგენები მუსიკის თანხლებით. პარალელურად ვითარდებოდა ხალხ. თეატრი "ბერიკაობისა" და "ყეენობის" ფორმით. XVIII ს-ში ერეკლე IIის სასახლის კართან შეიქმნა საერო თეატრი დიპლომატისა და საზ. მოღვაწის გ. ავალიშვილის ხელმძღვანელობით (იხ. ავალიშვილის თეატრი). 1850 თ-ში დაარსდა ქართ. პროფ. თეატრი, რ-ის ფუძემდებელი იყო გ. ერისთავი.

thumb|კინოთეატრი ­"აპოლო". XX ს. 10-იანი წლები.

1882 ლ. მესხიშვილის მონაწილეობით დადგმულმა დ. ერისთავის "სამშობლომ" საეტაპო როლი ითამაშა გმირულ-რომანტიკული სათეატრო ესთეტიკის განვითარებაში. ამავე პერიოდში თეატრ. რეპერტუარში დიდი ადგილი დაიკავა კომედიის ჟანრის ნაწარმოებებმაც. ი. მაჩაბლის თარგმანებმა [უ. შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო", "რომეო და ჯულიეტა", "მეფე ლირი" (ი. ჭავჭავაძესთან ერთად)] მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თეატრში სალიტ. ენის დამკვიდრებას. თეატრში შეიქმნა ფართომასშტაბიანი რეალისტური სამსახიობო სკოლა. გამოჩნდნენ პირველი პროფ. რეჟისორები: ა. წუწუნავა, ა. ფაღავა, ვ. შალიკაშვილი, მ. ქორელი და სხვ. 1918 შეიქმნა ჯაბადარის სტუდია (ვ. ანჯაფარიძე, მ. გელოვანი, შ. ღამბაშიძე, მ. ჭიაურელი, ა. ვასაძე, დ. ანთაძე და სხვ.). 1920 თეატრს მიენიჭა სახელმწ. სტატუსი, 1921 კი – შოთა რუსთაველის სახელი. 1922 ა. ფაღავამ დააარსა სტუდია, რ-იც 1923 გადაკეთდა სათეატრო ინ-ტად. 1922–26 რუსთაველის თეატრს სათავეში ედგა კ. მარჯანიშვილი. ამ პერიოდში კ. მარჯანიშვილმა და ა. ახმეტელმა ერთობლივად დადგეს არაერთი სპექტაკლი. 1926, კ. მარჯანიშვილის წასვლის შემდეგ, თეატრს სათავეში ჩაუდგა ა. ახმეტელი (1935-მდე), რ-ის სპექტაკლებში აისახა ტრაგიკული წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქა. 1930 თ-ში გადმოვიდა კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული სახელმწ. თეატრი, რ-საც 1933 კ. მარჯანიშვილის სახელი ეწოდა. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა ა. ხორავას და ა. ვასაძეს შემდგომ წლებში მაყურებლის მოწონება დაიმსახურა სპექტაკლებმა, რ-თა რეჟისურა ეკუთვნოდა ვ. ყუშიტაშვილს, ა. თაყაიშვილს, ა. ჩხარტიშვილს, დ. ალექსიძეს, ვ. ტაბლიაშვილს, დ. ანთაძეს და სხვ. ახ. თაობის რეჟისორთა (მ. თუმანიშვილი, ა. დვალიშვილი, ე. იოსელიანი, გ. ლორთქიფანიძე) დადგმები გაბედული, რეფორმატორული ძიებებით გამოირჩეოდა. მაყურებელთა მოწონებას ყოველთვის იმსახურებდა რუს., სომხ. და აზერბ. სახელმწიფო დრამ. თეატრები, მოზარდ მაყურებელთა, თოჯინების თეატრები და სხვ. გრიბოედოვის თეატრი აღიარებულია საუკეთესო რუსულენოვან თეატრად რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულთა შორის. თ-ის წამყვან თეატრებს წარმატებით ხელმძღვანელობდნენ რ. სტურუა, თ. ჩხეიძე, შ. გაწერელია, გ. ჟორდანია და სხვ. განსაკუთებით უნდა აღინიშნოს რუსთაველის თეატრის ბრწყინვალე საზღვარგარეთული გასტროლები და რ. ჩხიკვაძის სამსახიობო ხელოვნება.

თ-ში შეიქმნა ახ. თეატრები: სატირისა და იუმორის სახელმწ. თეატრი თ. ჩანტლაძის ხელმძღვანელობით (1962), მეტეხის თეატრი (1974), პანტომიმის სახელმწ. თეატრი (1976), ახმეტელის სახ. დრამ. თეატრი (1979), თეატრსტუდია (მარიონეტები) რ. გაბრიაძის ხელმძღვანელობით (1981), მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრი (1975), ერთი მსახიობის თეატრი "ვერიკო" (1987), სამეფო უბნის თეატრი (1997), "თეატრალური სარდაფი" (1997), თეატრი ათონელზე (2005) და სხვ. თ-ში სისტემატურად ეწყობა საერთაშ. თეატრ. ფესტივალები.

პირველი კინემატოგრაფიული სეანსი თ-ში ჩატარდა 1896 წ. 16 ნოემბერს. ძმები ლუმიერების "სინემატოგრაფი" (1895, პარიზში ჩვენების შემდეგ) მხოლოდ ერთი დღით ჩამოიტანეს და სათავადაზნაურო თეატრში პირველი კინოსეანსიც უჩვენეს ქალაქის საზოგადოებას. XX ს. თ-ში სინემატოგრაფიული ბუმით დაიწყო. სეანსები საზაფხულო თეატრში, ე. წ. "ნემენცების ბაღში" (მიხეილის ქუჩაზე, ახლანდელ დავით აღმაშენებლის გამზირზე), ქალაქის ღია ბაღებსა თუ პარკებში იმართებოდა და თ-ის საზ-ბის ყველა ფენას ერთნაირად იზიდავდა.

1904 წელს თ-ში უკვე არსებობდა მთელი რიგი კინოთეატრებისა – "სკიფი" (გოლოვნის, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე), "ბიოსკიპი", "ურანი", "მულენ ელექტრიკი". ეს პატარა კინოთეატრები 50– 60 მაყურებლისათვის იყო განკუთვნილი. 1909 თ-ში აშენდა კინოთეატრი "აპოლო" (მიხეილის ქუჩაზე), სადაც აჩვენებდნენ უცხოურ, უპირატესად ფრანგულ კინოსურათებს. გაზ. "კავკაზის" ცნობით 1914 ბოლოს, იმავე მიხეილის ქუჩაზე (იქ სადაც დღეს ჯ. კახიძის სახ. მუსიკალური ცენტრია) გაუხსნიათ რუსეთის იმპერიაში ყველაზე დიდი კინოთეატრი "პალასი", რ-იც იმდროისათვის უახლესი კინოტექნიკით იყო აღჭურვილი.

XX ს. 10-იან წლებში თ-ში ფუნქციონირებდნენ უცხ. ფირმები: "პატე", "გომონი" (საფრანგეთი), "ამბროზიო", "ჩინესი" (იტალია). 1909 იტალ. ჯ. ვიტროტიმ, თ-ში დაარსა იმპროვიზებული სტუდია, რ-მაც გადაიღო დოკუმენტური კინოსიუჟეტები – "თბილისიდან მლეთამდე", "თბილისი კავკასიის დედაქალაქი" და სხვ. 1910 ექიმმა და საზ. მოღვაწემ ა. სობეტინსკიმ პარიზში შეძენილი აპარატურით თ-ში საკუთარი კინოლაბორატორია დააარსა. 1910–14 ქალაქის მნიშვნელოვანი მოვლენები ასევე აისახა მოკლემეტრაჟიან კინოსიუჟეტებში: 1915 კინოოპერატორმა ი. ნაცვლიშვილმა გადაიღო თბილისში ჩამოსვენებული ა. წერეთლის სამგლოვიარო პროცესიის მსვლელობა სადგურის მოედნიდან მთაწმინდისაკენ. ეს კინოფირი რამდენიმე კვირის განმავლობაში გადიოდა კინოთეატრ "ლირაში". 10-იანი წლების დასაწყისში ვ. ამაშუკელის მიერ გადაღებულ იქნა კინოქრონიკა "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში".

ქართ. კინოს განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო 1921-იდან, როდესაც ასპარეზზე გამოვიდა რეჟისორთა ახ. თაობა – ი. პერესტიანი, მ. ჭიაურელი, ნ. შენგელაია, კ. მიქაბერიძე, მ. კალატოზიშვილი, დ. რონდელი, გ. მდივანი, ს. დოლიძე, ნ. სანიშვილი, ლ. ესაკია, მ. გელოვანი. 1928 თ-ის კინოსტუდიაში ჩამოყალიბდა კინოქრონიკის სექტორი ( ხელმძღვ. ს. დოლიძე), ამავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ქართ. მულტიპლიკაციას ვ. მუჯირის ხელმძღვანელობით. 30-იან წლებში შეიქმნა რამდენიმე ისტ.-რევ. ფილმი (ს. დოლიძის "დარიკო", მ. ჭიაურელის "არსენა", დ. რონდელის "დაკარგული სამოთხე" და სხვ.). XX ს. 40-იან წლებში გადაიღეს მ. ჭიაურელის ორსერიიანი ფილმი „გიორგი სააკაძე“, ს. დოლიძისა და დ. რონდელის „ჯურღაის ფარი“; კინოდოკუმენტალისტებმა (გ. ასათიანი, შ. ჩაგუნავა, შ. ხომერიკი, შ. შიოშვილი და სხვ.) შექმნეს მეორე მსოფლიო ომის ფაქტობრივი მატიანე. ომის შემდგომი პერიოდის პირველ წლებში შეიქმნა ისტ.-ბიოგრ. ფილმები „დავით გურამიშვილი“ (რეჟისორები ნ. სანიშვილი, ი. თუმანიშვილი) და „აკაკის აკვანი“ (რეჟ. კ. პიპინაშვილი), კომედიები – „ჭირვეული მეზობლები“ (რეჟ. შ. მანაგაძე), „ქეთო და კოტე“ (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი და შ. გედევანიშვილი), „ჭრიჭინა“ (რეჟ. ს. დოლიძე) და ა. შ. 1955 ეკრანზე გამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორების თ. აბულაძისა და რ. ჩხეიძის „მაგდანას ლურჯა“, რ-მაც პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა საერთაშ. ასპარეზზე (მთავარი პრიზი კანის ფესტივალზე, 1956; პრემია ედინბურგში, 1956). ამ ფილმით ახ. ეტაპი დაიწყო ქართ. კინემატოგრაფიაში.

1953 თ-ის კინოსტუდიას ეწოდა „ქართული ფილმი“, 1958 მისი კინოსექტორის ბაზაზე ჩამოყალიბდა დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდია. 1968 შეიქმნა ტელეფილმების სტუდია. "ქართულ ფილმში" გადაღებულია ჟანრობრივად და პროფ. დონით განსხვავებული ფილმები, რ-ებსაც აერთიანებს მაღალი ზნეობრივი პრინციპები, უკომპრომისობა. ასეთებია: თ. აბულაძის „სხვისი შვილები“ (1958), რ. ჩხეიძის „ჯარისკაცის მამა“ (1964, მთ. როლში – ს. ზაქარიაძე) და „ნერგები“ (1972), გ. შენგელაიას „ალავერდობა“ (1962), ე. შენგელაიას და თ. მელიავას „თეთრი ქარავანი“ (1963), მ. კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“ (1967), ო. იოსელიანის „გიორგობისთვე“ (1966), „იყო შაშვი მგალობელი“ (1971), „პასტორალი“ (1976) და სხვ. რ. გაბრიაძის სცენარების მიხედვით შექმნილია ფილმები: ე. შენგელაიას "არაჩვეულებრივი გამოფენა" (1968) და "შერეკილები" (1974), გ. დანელიას "არ იდარდო" (1969) და "მიმინო" (1977). დიდი წარმატება ხვდა წილად პირველ ქართ. მიუზიკლს "ვერის უბნის მელოდიები" (1973, რეჟ. გ. შენგელაია, კომპოზიტორი გ. ცაბაძე, ქორეოგრ. ი. ზარეცკი, ოპერატორი ა. მღებრიშვილი), ნ. მჭედლიძის კომედიას "პირველი მერცხალი" (1974), რ. ესაძის, ი. კვირიკაძის ფილმებს და სხვ. ქართ. კინოს ფენომენის არსებობის ნათელი დადასტურებაა თ. აბულაძის ტრილოგია: "ვედრება" (1967, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით), "ნატვრის ხე" (1976, გ. ლეონიძის მოთხრობათა მიხედვით), "მონანიება" (1984). კინოხელოვნების მნიშვნელოვანი მოვლენაა შვიდსერიიანი ფილმი "დათა თუთაშხია" (1977, ჭ. ამირეჯიბის რომანის მიხედვით, რეჟისორები გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, მთ. როლში – ო. მეღვინეთუხუცესი).

60–70-იან წწ. ინტენსიურად წარიმართა ქართვ. კინოდოკუმენტალისტთა მუშაობა. ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს წლები გ. ასათიანისთვის („ნაირსახოვანი ამერიკა“, 1961; „ალჟირის დღიური“, 1962; „ძველი კულტურის ქვეყანა, 1963); ამავე პერიოდში შეიქმნა გ. პატარაიას „რუსთაველის ნაკვალევზე“ და „შორია გურჯისტანამდე“, რ. თაბუკაშვილის „ქართველები იტალიაში“ (1980), „კვალი ნათელი“ (1978), „ალპური ვარსკვლავი“ (1979), „მთანი მაღალნი“ (1981), "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" (1985, ე. თაყაიშვილის ცხოვრების შესახებ) და სხვ. საინტერესო ნამუშევრები შექმნეს მულტიპლიკატორებმა. ტელეფილმების სტუდიაში შეიქმნა ქ. ხოტივარის "სერენადა", გ. კანდელაკისა და ლ. სიხარულიძის "ფეხბურთი უბურთოდ", ლ. ელიავას "ბზიანეთი", ი. ჩხაიძის "ძველი ქართული საგალობლები"; შესანიშნავი ქართ. ფილმი "თუში მეცხვარე" (1977, რეჟ. ს. ჩხაიძე, ოპერატორი ი. ონოფრიშვილი).

80-იანი წწ. დიდმნიშვნელოვანი მოვლენით დაიწყო – კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი გამოუშვა ქართ. კინოსკოლამ (ახლანდ. საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი). ძირითადად კინოფაკულტეტზე აღიზარდა კინემატოგრაფისტების ახალი თაობა (გ. ჩოხელი, თ. ბაბლუანი, ნ. ჯორჯაძე, ნ. ჯანელიძე, ა. ცაბაძე, დ. ცინცაძე, გ. მგელაძე, გ. ოვაშვილი, ზ. ჟუჟუშაძე და სხვ.). 90-იანი წლების დასასრულსა და XXI ს. 10-იან წლებში დაწინაურდა ახალგაზრდა კინორეჟისორთა თაობა (ზ. ურუშაძე, გ. ოვაშვილი, ლ. კოღუაშვილი, ნ. ექვთიმიშვილი და სხვ.), რ-თა მაღალმხატვრული დონით გადაღებული ფილმები საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს ახალი წარმატებისა და აღიარების საწინდარი გახდა (ზ. ურუშაძის ფილმი "მანდარინები" აშშ-ის კინემატოგრაფიის უმაღლესი ჯილდოს "ოსკარის" ნომინანტი გახდა).

თ-ში, სამეფო კარზე, მუშაობდნენ მხატვრები, კალიგრაფები, მინიატიურისტები, ოქრომჭედლები. XVI–XVIII სს-ში უკვე შეიძლება საუბარი ქართ. ს ა ხ ვ ი თ ი ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ი ს თბილისურ ნიმუშებზე, კერძოდ, ანჩისხატის ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია 1683; XVII–XVIII სს-ში იღებს სათავეს გამოჩენილ კალიგრაფთა რამდენიმე საგვარეულო, რ-ებიც დაკავშირებული იყო თ-თან (ალექსი-მესხიშვილები, მიქაძეები). XIX ს. დასაწყისიდან წამყვანი გახდა საერო მხატვრობა, რ-იც ძირითადად თ-ში ვითარდებოდა. მისი მთავარი ჟანრი პორტრეტი იყო. 20–30-იან წლებში უკვე სრულად ჩამოყალიბებულია "ტფილისური პორტრეტის სკოლა". 80-იანი წლებიდან შემოქმედებით ასპარეზზე გამოვიდა ქართვ. მხატვართა თაობა, რ-თა დიდ ნაწილს მიღებული ჰქონდა პროფ. განათლება. თბილისურ ფერწერაში, პორტრეტის გარდა, მკვიდრდება სხვა ჟანრებიც, სახელდობრ, პეიზაჟი, ნატიურმორტი, ყოფითი სიუჟეტები. ქართ. სახვითი ხელოვნების განვითარების ამ საფეხურის წარმომადგენლები არიან: რ. გველესიანი, ა. ბერიძე, დ. გურამიშვილი, გ. გაბაშვილი, ა. მრელაშვილი და მ. თოიძე. უდიდეს მოვლენად იქცა 1888 თ-ში ე. წ. "ქართველიშვილისეული ვეფხისტყაოსნის" გამოცემა, რ-ის ილუსტრაციები უსასყიდლოდ შეასრულა უნგრელმა მხატვარმა მ. ზიჩიმ.

XIX ს. 60–70-იანი წლები საზ. აზრის გამოცოცხლების, ეროვნ.- განმათ. იდეების გაღვიძების ხანა თ-ში მხატვართა შემოქმედებითი ცხოვრების გააქტიურებითაც აღინიშნა. ამ დროს მოღვაწეობდა ადგილ. და ჩამოსულ მხატვართა ჯგუფი: გ. გაგარინი, ნ. ჩერნეცოვი, თ. ჰორშელტი, ლ. ლაგორიო, ლ. პრემაცი, ფ. ხოდოროვიჩი, პ. კოლჩინი, ფ. რუბო, პ. ფრანკენი და სხვ. მათ შემოქმედებაში აისახა თ-ისთვის დამახასიათებელი ხედები, ქმნიდნენ თბილისელთა პორტრეტებს, ძვირფას მხატვრულ დოკუმენტებს იმდროინდელი იერსახის აღსადგენად. თ-ში დაიდგა მეფისნაცვლის მ. ვორონცოვის პირველი სკულპტურული ძეგლი (1867, მოქანდაკეები: ნ. პიმენოვი, ნ. კრეიტანი) სამხრ. კავკასიაში. თ-ში მოღვაწე მხატვართა ინიციატივით 1873 დაარსდა "კავკასიის სამხატვრო საზოგადოება". მათივე თაოსნობით 1874 გაიხსნა სამხატვრო სკოლა ხატვისა და ქანდაკების კლასებით. XIX–XX სს. მიჯნაზე ჩაისახა ახ. ქართ. გრაფიკაც, რ-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირველ ქართვ. გრავიორ-ქსილოგრაფს გ. ტატიშვილს. განსაკუთრებით ფართოდ განვითარდა საჟურნალგაზეთო გრაფიკა. ამ დარგში აქტიურად მუშაობდნენ: ა. გოგიაშვილი, შ. ქიქოძე, მ. თოიძე, ო. შმერლინგი და სხვები. 1914 პირველად გამოიცა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ერთტომეული, რ-ის ილუსტრაციები და გაფორმება ჰ. ჰრინევსკის ეკუთვნის. ამ პერიოდში თ-ში ცხოვრობდა და თავის ნაწარმოებებს ქმნიდა თვითმყოფადი მხატვარი ნ. ფიროსმანაშვილი (ფიროსმანი). XX ს. დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა ქართ. ქანდაკების განვითარებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ი. ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული. ამ დროს სახვით ხელოვნებაში მომხდარი მოვლენებიდან აღსანიშნავია დ. შევარდნაძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით თ-ში "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" დაარსება (1916). მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ასევე სამხატვრო აკადემიის დაარსება (1922).

თ-ის თემაზე შექმნილი ნამუშევრები დაკავშირებულია ა. ციმაკურიძის, ვ. სიდამონ-ერისთავის, დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, ქ. მაღალაშვილის, ე. ლანსერეს, ე. თათევოსიანის, ბ. ფოგელის, ა. ბაჟბეუქმელიქიანის, ი. თოიძის, შ. მაყაშვილის, კ. სანაძის, ი. ვეფხვაძის, უ. ჯაფარიძის, ა. ქუთათელაძის სახელებთან.

XX ს. 20-იანი წლების ბოლოდან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ქართ. ქანდაკებაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ი. ნიკოლაძემ. მას მხარში ამოუდგნენ ნ. კანდელაკი და გ. სესიაშვილი. 30- იანი წლების დასაწყისში მოქანდაკეთა რიგებს შეემატნენ სამხატვრო აკად. კურსდამთავრებულნი. ნაყოფიერად დაიწყეს მუშაობა ვ. თოფურიძემ, თ. აბაკელიამ, ს. კაკაბაძემ, კ. მერაბიშვილმა, შ. მიქატაძემ, რ. თავაძემ და სხვ.

თ-ის სამხატვრო აკად. XX ს. 50–60-იანი წლების გამოშვებამ ძირითადად განაპირობა ქართ. სახვითი ხელოვნების შემდგომი მიმართულება და განვითარება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით: ე. კალანდაძეს, გ. ქუთათელაძეს, კ. მახარაძეს, ზ. ნიჟარაძეს, რ. თარხან- მოურავს, დ. ერისთავს, ჯ. ხუნდაძეს, ნ. იგნატოვს, რ. თორდიას და სხვ.

თ-ში დაიდგა ე. ამაშუკელის, მ. ბერძენიშვილის, დ. მიქატაძის, გ. ოჩიაურის, მ. მერაბიშვილის და სხვათა მიერ შესრულებული არაერთი გამორჩეული ქანდაკება. საყოველთაოდ ცნობილია ზ. წერეთლის შემოქმედება, რ-ის ნამუშევრები დაიდგა მსოფლიოს მრავალ ქალაქში. გ. შხვაცაბაიას ქანდაკება "მშვიდობის ჩირაღდანი" დადგმულია საბერძნეთში, ოლიმპიაში. ფართო აღიარება მოიპოვეს სცენოგრაფებმა: ი. გამრეკელმა, პ. ოცხელმა, ს. ვირსალაძემ, გ. ალექსი-მესხიშვილმა, თ. მურვანიძემ; გრაფიკოსმა ვ. გრიგოლიამ, მისმა მოწაფეებმა და მიმდევრებმა; გამოყენებით ხელოვნებაში – ა. კაკაბაძემ, რ. იაშვილმა, გ. ყანდარელმა. XX ს. 40– 50-იან წლებში აღორძინდა ადრე ცნობილი ქართ. ოქრომჭედლობის სკოლა (კ. გურული, ი. ოჩიაური, გ.ზ. გაბაშვილი).

თბილისელ ხელოვანთა ბრწყინვალე თანავარსკვლავედის მრავალმა წარმომადგენელმა (მომღერლები, მუსიკოს-შემსრულებლები, მოცეკვავეები, მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები) საერთაშ. აღიარება მოიპოვა. მსოფლიოს საუკეთესო თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში უდიდესი წარმატება ხვდა წილად დ. გამრეკელს, ზ. ანჯაფარიძეს, მ. ქასრაშვილს, ზ. სოტკილავას, ნ. ბრეგვაძეს, ნ. ანანიაშვილს, პ. ბურჭულაძეს, ე. ვირსალაძეს, ლ. ისაკაძეს, მ. მდივანს, ე. ბოლქვაძეს, ვ. ათანელიშვილს და მრავალ სხვა თბილისელ ხელოვანს. XX–XXI სს. მიჯნაზე შემოქმედებით ასპარეზზე წარმატებით გამოვიდა ნიჭიერი ახალგაზრდობა.

თ-ის მრავალმხრივ კულტ. ცხოვრებაში სათანადოდ არის წარმოდგენილი ხელოვნების სხვა დარგები: ესტრადა, ცირკი, ფოტოგრაფია და სხვ.

ლ. მენაბდე

გ. გვერდწითელი

მ. ქავთარაძე

ა. ჩხეიძე

ვ. კიკნაძე

გ. დოლიძე

თ. გერსამია

ლ. ძნელაძე

 

VIII. მედიცინა.

ისტ. წყა­როების მიხედვით, სამედ. ცოდნის მქონე პირები თ-ში უმეტესად მეფეთა, ფეოდალთა კარზე და ეკლესიებთან არსებულ სამედ. კერებში მოღვაწეობდნენ. ფართოდ იყო გავრ­ცელებული ხალხ. ­მედიცინა. დავით IV აღმაშენებლის დროს აგებული სასნეულოებისა და საავადმყოფოების მომარაგება წამლებით, სამედ. ინვენტარითა და საკვებით სამეფო ხაზინის ხარჯზე ხდებოდა. როგორც დავითის მემატიანე წერს, მეფე თავად შემოუვლიდა ხოლმე სასნეულოებს, ­ავადმყო­ფებს მოიკითხავდა, წყალობას გაიღებდა. იმჟამინდელი ქართ. სამედ. ხელნაწერები ადასტურებენ მკურნალების მომზადებისა და ცოდნის მაღალ დონეს.

უდიდესი ­ქართვ. ექიმისა და მოაზროვნის ზაზა ფანასკერტელციცი­შვი­ლის "სამკურნალო წიგნი – კარაბადინი" (XV ს.) ერთერთი მნიშვნელოვანი სამედ. ძეგლია. მასში განხილულია თეორ. და პრაქტ. მედიცინის საკითხები. მნიშვნელოვანი სამედ. ნაშრომია დავით XI-ის (დაუთ-ხანის) "იადიგარ დაუდი" (XVI ს.). ამავე პერიოდის სამედ. საქმიანობისა და აზროვნების შე­სა­ხებ საგულისხმო მასალას იძლევა ს.-ს. ორბელიანის შემოქმედება. XVIII ს. II ნახევრიდან ვახტანგ VI-სთან ერთად მოსკოვსა და პეტერბურგ­ში წასული ახალგაზრდები ეუფლებოდნენ სამედ. განათლებას. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ი. გრუზინოვი (ნამჩევაძე) – დიდი ­ქართვ. ანატომი და ფიზიოლოგი, რ-იც ითვლება ნეიროფიზიოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად მსოფლიოში. სამედ. საქმის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ერეკლე II, იგი ევროპიდანაც იწვევდა ექიმებს. 1740 გაიხსნა პირველი აფთიაქი (წამალხანა).

რუსეთის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ანექსიის შემდეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დამკვიდრდა რუს.-ევრ. მედიცინის ტრადიციები, ხოლო მომდევნო წლებში – ჯანმრთელობის დაცვის რუს. სისტემა. შეიქმნა სამაზრო ექიმის თანამდებობა, საკარანტინო სამსახური და სხვ. 1803 თ-ში ამოქმედდა პირველი ოფიც. ორგანო – საექიმო მმართველობა. იგი ხელმძღვანელობდა მოსახლეობის სამედ. მომსახურებას. გაიხსნა თ-ის სამხ. ჰოსპიტალი, რ-იც ერთადერთი სტაციონარი იყო. 1811 დაარსდა "მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი". ეპიდემიებთან ბრძოლის მიზნით ამავე წლიდან შემოიღეს საყოველთაო აცრები. 1820 გაიხსნა სამოქალაქო ტიპის პირველი სტაციონარი 12 საწოლზე.

1868 აშენდა და გაიხსნა 150-საწოლიანი საავადმყოფო, რ-თანაც 1872 შეიქმნა საფერშლო სკოლა. 1873 თ-ში დაარსდა პირველი სამეანო-გინეკოლ. დაწესებულება, რ-იც ორი წლის შემდეგ გადაკეთდა ოლღას სახ. ამიერკავკ. სამეანო ინ-ტად. 1889 გაიხსნა პასტერის სადგური, 1899 – სულით ავადმყოფთა თავშესაფარი (80 საწოლით). ამ პერიოდში თ-ში იყო აგრეთვე ექიმ მ. გედევანი­შვი­ლისა და სხვათა კერძო სამკურნალოები. 1876 ქალაქში მუშაობდა 36 ექიმი და 237 საშ. მედმუშაკი, ხოლო 1913 ექიმთა რაოდენობა შეადგენდა 289-ს, საწოლთა რაოდენობა კი – 1478-ს.

სა­ქარ­თვე­ლოს დემოკრ. რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ფუნქ­ციონირებდა 45 საავადმყოფო (1200-მდე საწოლით). სამედ. მომსახურება ფასიანი იყო, მაგრამ მძიმე სოც.-ეკონ. სიტუაციის გათვალისწინებით, დაწესებული იყო მნიშვნელოვანი მატერიალური შეღავათები. ოფიციალურად დაშვებული იყო კერძო სამედ. პრაქტიკა. უდიდეს მოვლენად იქცა თ-ის სახელმწ. უნ-ტში სამკურნ. ფაკ-ტის შექმნა. მის ბაზაზე 1930 დაარსდა სამედ. ინ-ტი (იხ. თბილისის სახელმ­წი­ფო სამედიცინო უნივერსიტეტი).

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სა­ხელმ­წი­ფოს გადაეცა მთელი სამედ. დაწესებულებები. მნიშვნელოვნად გაფართოვდა სამკურნ.-პროფილაქტიკურ დაწესებულებათა ქსელი, ამაღლდა ექიმთა და საშ. სამედ. პერსონალის დონე. უკვე 1930-თვის იყო 75 საავადმყოფო და 78 სხვა­და­სხვა სა­ხის სამკურნ.-პროფილაქტიკური დაწესებულება, სადაც მუშაობდა 1883 ექიმი და 1784 მედმუშაკი. შეიქმნა სამედ. პროფილის მრავალი სამეცნ.-კვლ. დაწესებულება. 1961– 65 თბილისში აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მრავალ ჯანდაცვის ობიექტს. პოლიკლინიკური ქსელის განვითარებასთან ერთად განვითარდა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებები.

სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991) შემდეგ შეიქმნა ახ. საზ. ურთიერთობების ადეკვატური სა­მართლებრივი ბა­ზა; სამედ. დახმარების მნიშვნე­ლოვანი წილი გადავიდა სადაზღვევო პრინციპებზე; მკვეთრად გაიმიჯნა სა­ხელმ­წი­ფოს, დამქირავებლისა და ინდივიდის უფლება-მოვალეობანი ჯანდაცვის სფე­რო­ში, გაჩნდა სადაზღვევო კომ­პანიები. 2012 სტაციონარები დაკომპლექტებული იყო 12,8 ათ. საწოლით, მუშაობდა 21,8 ათ. ექიმი, მ. შ. 1,3 ათ. სტომატოლოგი; საშ. სამედ. პერსონალის რაოდენობა შეადგენდა 17,9 ათასს. საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქარ­თუ­ლი ოცნების" გამარჯვების შემდეგ, 2013-იდან ამოქმედდა მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა-რეაბილიტაციაში დიდ როლს ასრულებს თბილისის კურორტების ჯგუფი.

ლ. აბაშიძე

ს. ბაქრაძე

 

IX. ფიზიკური კულტურა და სპორტი.

"ჩოგანბურთი". კრისტოფორო დე კასტელის ალბომიდან.

ძვ. თ-ში გა­ვრცე­ლე­ბულ სპორტ. ას­პა­რე­ზო­ბა­თა შო­რის აღსა­ნიშ­ნა­ვია ჩო­გან­ბურ­თი (ცხენბურ­თი), მშვილ­დოს­ნო­ბა, ფა­რიკა­ო­ბა, ისინ­დი, ყა­ბა­ხი, თარჩია, მოქნევა, ჩეხვა, მკერდაობა; მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნა­დირო­ბას (თ-ის და­არ­სე­ბის ლე­გენდაც ნა­დი­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა). გა­ვრცე­ლე­ბუ­ლი იყო აგ­რეთ­ვე მუშა­ი­თო­ბა – აკ­რო­ბა­ტი­კის თა­ვი­სებუ­რი სა­ხე­ო­ბა – თოკზე სიარული, ლახ­ტაობა – ცი­ხე­სი­მაგ­რის დაცვის ერ­თგვა­რი იმი­ტა­ცია, ლე­ლობურ­თი – ახ­ლანდ. რაგ­ბის მსგავსი თამაში. თ-ს ჰქონდა ასპარეზი, ყაბახი დადგმული იყო ქალაქგარეთ, ბურთის სათამაშო ადგილი საბურთალოზე და დიდუბეში იყო. ჯერ კი­დევ VII–VIII სს-ში თ-ში ინ­დო­ელ ვაჭ­რებს შემო­უ­ტა­ნი­ათ ჭადრაკი, რ-იც სა­კმა­ოდ ფარ­თოდ და­ნერ­გი­ლა ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში. ამას ადას­ტუ­რებს თბი­ლი­სე­ლი ხე­ლოს­ნე­ბის მი­ერ სპი­ლოს ძვლისა და ხი­სა­გან ოს­ტა­ტუ­რად გამოკვე­თი­ლი სა­ჭად­რა­კო ფი­გუ­რე­ბი. სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ ­ქართვ. ქა­ლებს მზით­ვად "ვე­ფხის­ტყა­ოსან­თან" ერ­თად ძვირ­ფა­სად ნა­კეთებ ჭად­რაკ­საც ატან­დნენ. განსაკუთრებული პოპულარობით თ-ში სარგებლობდა ქართ. ჭიდაობა, რ-იც გამოირჩეოდა ხერხებისა და ილეთების მრავალფეროვნებით და წარმოადგენდა სამხ.-ფიზ. წვრთნის ერთ-ერ­თ უმ­თავ­რე­ს კომ­პო­ნენტს. ს.-ს. ორ­ბე­ლი­ა­ნის ენ­ციკ­ლოპე­დი­ურ ლექ­სი­კონ­ში („სი­ტყვის კო­ნა“) გან­მარ­ტე­ბუ­ლია 800-ზე მეტი სპორტ. ტერ­მი­ნი. ცნო­ბი­ლია, რომ XII–XIII სა­უ­კუ­ნე­თა მი­ჯნაზე სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­ვე არ­სე­ბობდა ფი­ზ. აღ­ზრდის კომპლექსური სის­ტე­მა, რ-საც ­ქართვ. მეფეები და ფე­ო­და­ლე­ბი სა­მხ. მიზ­ნე­ბი­სა­თვის იყე­ნებ­დნენ.

ქართ. ყოფაში დანერგილ სპორტთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ევრ. მოგზაურები და მისიონერები. განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალ. მისიონერის დონ კრისტოფორო დე კასტელის (XVII ს.) მიერ შექმნილი ნახატების ციკლი, რ-თა შორისაა სპორტ. ჩანახატები: "ყაბახი", "ჩოგანბურთი", "ჩოგნით მობურთალი ქალი", "ნიშანში სროლა", "ნადირობა".

XIX ს. II ნა­ხევ­რი­დან თ-ში თან­და­თა­ნო­ბით მკვიდ­რდე­ბო­და სპორტის კლა­სი­კუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი. დი­დუ­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1840 მოე­წყო ი პ ო დ რ ო მ ი, სა­დაც, ცხენო­სან­თა შე­ჯიბ­რე­ბის გარდა, სხვა მა­სობ­რი­ვი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბიც ტარდე­ბო­და. XIX ს. 70-იანი წლების ბოლოს თ-ში დაარსდა ჭადრაკის მოყვარულთა წრე, 80-ია­ნ წლებში გერ­მა­ნელ­თა და­სახ­ლე­ბა­ში – ტან­მო­ვარ­ჯი­შე­თა საზ-ბა; 1888 ჩამო­ყა­ლიბ­და ვე­ლო­მოყ­ვა­რულ­თა საზ-ბა, ხო­ლო 1892 გა­იხ­სნა პირვე­ლი ვე­ლოტ­რე­კი. მოგვიანებით თ-ში ძალზე პოპულარული გახდა სა­ქართვ. ზღვის­პი­რე­თი­დან შემოსული და და­მკვიდ­რე­ბუ­ლი ფეხბურთი, რ-იც ორ­გა­ნუ­ლად შეერწყა ქართ. ხა­სი­ათსა და ინ­ტე­რესებს. იგი­ვე ით­ქმის კა­ლათ­ბურთზეც. მას თ-ში, რო­გორც ირ­კვე­ვა, 1901-იდან იც­ნობ­დნენ. 1896 ვაჟთა I გიმ­ნა­ზი­ა­ში ჩამო­ყა­ლი­ბდა ტანვარ­ჯი­შის მო­ყვა­რულ­თა წრე, რ-ის ბა­ზა­ზეც შემ­დეგ­ში შეიქმნა ტანმო­ვარ­ჯი­შე­თა საზ-ბა „სო­კო­ლი“. ამ დროს თ-ში არსებობდა მოჭიდავეთა, ძალოსანთა, ფეხბურთელთა, მოფარიკავეთა, ველოსიპედისტთა და მსროლელთა წრეები.

ქართველ ტანმოვარჯიშეთა ჯგუფი. XX ს. 10-იანი წლების დასა­წყისი.

1917 დაარსდა კი­დევ ერ­თი ტანმო­ვარ­ჯი­შე­თა საზ-ბა – „ამი­რა­ნი“. 1918 წ. 25 აგვისტოს, გ. ნი­კო­ლა­ძისა და „სო­კო­ლის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის გ. ეგ­ნა­ტა­შვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ორი საზ-ბა გა­ერ­თი­ან­და და შეიქ­მნა „შე­ვარ­დე­ნი“, რ-იც სა­ქართვ. სა­ხელმ­წი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კიდებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში (1918–21) ქართ. სპორტის ფლაგ­მა­ნად იქ­ცა. ამ დროს ფიზ. აღ­ზრდა სავალდებულო სა­გა­ნი გა­ხდა თით­ქმის ყველა სკო­ლა­ში და, პირ­ველ რიგ­ში, ახალ­შექ­მნილ თსუ-ში. მო­მდევ­ნო წლებ­შიც თ-ის სპორტ. მო­ძრა­ობას წარ­მარ­თავ­დნენ ყოფ. „შე­ვარდნე­ლე­ბი“, რ-თა სა­ზრუ­ნა­ვი იყო არა მარ­ტო ტან­ვარ­ჯი­შის, არა­მედ ფეხ­ბურ­თის, ფა­რი­კა­ო­ბის, ჩოგბურ­თის, ძა­ლოს­ნო­ბის – მთე­ლი სპორტ. მო­ძრა­ო­ბის წინ­სვლა და გან­ვი­თა­რე­ბა. სსრკ-ში პირ­ვე­ლი ალ­პი­ნის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­იქმნა თ-ში 1924. მო­მდევ­ნო წლებ­ში ქართულმა ალ­პი­ნის­ტურ­მა სკოლამ ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბე­ბი მო­ი­პო­ვა არა მარ­ტო კავ­კა­სი­ო­ნის, არა­მედ პა­მი­რის, ტი­ან-შა­ნი­სა და ჰი­მა­ლა­ის ურ­თუ­ლე­სი მწვერ­ვა­ლები­სა და ქე­დე­ბის და­ლაშ­ქვრა­ში.

1923-იდან ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­­ დე­ბო­და რესპ. და ­სა­ქა­ლა­ქო პირ­ველო­ბე­ბი სპორტის სხვა­და­სხვა სა­ხეო­ბა­ში, დაფუძნდა სპორტ. საზ-ბა "დინამო". 1925 ჩამო­ყა­ლიბ­და თ-ის „დი­ნა­მოს“ ოს­ტატ ფეხ­ბურ­თელთა გუნ­დი (იხ. თბილისის დინამოს ფეხბურთელთა გუნდი), ხო­ლო 1933 – თ-ის „დი­ნა­მოს“ ოს­ტატ კა­ლათბურ­თელ­თა გუნ­დი (იხ. თბილისის დინამოს კალათბურთელთა გუნდი). 1933 და­არ­სდა ფიზ­კულტ. ტექნი­კუ­მი, 1934 – სსრკ-ში პირ­ვე­ლი სპორტ. სკო­ლა. 1935 თსუ-თან შე­იქმნა ფიზ­კულტ. ფაკ-ტი, რ-იც 1938 და­მო­უ­კი­დე­ბელ ინ-ტად გადა­კეთდა. ამავე წელს შეიქმნა თბილისის "დინამოს" წყალბურთელთა გუნდი, ხოლო 1956 – თბილისის "ბურევესტნიკის" ხელბურთელთა გუნდი.

თ-ის ოფი­ცერ­თა სა­ხლის, ხო­ლო შემ­დგომ თ-ის „დი­ნა­მოს“ კა­ლათბურ­თე­ლებ­მა ­არა­ერ­თხელ მო­ი­პო­ვეს სსრკ-ის ­ჩემ­პი­ო­ნის წო­დე­ბა; 1962 თ-ის „დი­ნა­მოს“კალათბურთელთა გუნდი ევრ. ჩემ­პი­ონ­თა თასს და­ე­უფლა. თ-ის „დი­ნა­მოს“ ფეხ­ბურ­თელ­თა გუნდ­მა 1964 პირ­ვე­ლად მო­ი­პო­ვა საბჭ. კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნის წო­დე­ბა. 1978 ­კვლავ გა­ი­მე­ო­რა ეს მი­ღწე­ვა, 1981 კი ტრი­უმ­ფით გან­ვლო ევრ. ტურ­ნი­რი და თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სი მოიპოვა. ხელბურთში თ-ის "ბურევესტნიკი" სსრკ-ის პირველი ჩემპიონი გახდა (1962).

ჭადრაკის სასახლე.

თანამედროვე ქართ. სპორტის ოლიმ­პი­უ­რი მა­ტი­ა­ნე იწყე­ბა 1952იდან. პირ­ველ ოლიმ­პი­ურ ოქ­როს მე­დალს და­ე­უფ­ლა თბი­ლი­სე­ლი დ. ცი­მა­კუ­რი­ძე (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­დაო­ბა); ოქ­როს მე­დლე­ბი მო­ი­პო­ვეს მ. ჯუ­ღელ­მა (ტან­ვარ­ჯი­ში) და რ. ჩი­მიშ­კი­ან­მა (ძა­ლოს­ნო­ბა). შემდგომში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: გ. კარ­ტო­ზია, მ. ცალ­ქალა­მა­ნი­ძე, ა. ქო­რი­ძე, რ. შავ­ლაყა­ძე, ნ. ასა­თი­ა­ნი, ვ. კა­ჭა­რა­ვა, რ. რუ­რუა, ვ. სა­ნე­ე­ვი (სამჯერ), ლ. თედია­შვი­ლი (ორჯერ), ზ. სა­კანდე­ლი­ძე, მ. ქორ­ქია, შ. ჩო­ჩი­შვილი, ა. ან­პი­ლო­გო­ვი, ვ. ბლა­გი­ძე, ქ. ლო­სა­ბე­რი­ძე, შ. ხა­ბა­რე­ლი, ვ. აფ­ცი­ა­უ­რი, დ. გო­ბე­ჯი­შვი­ლი, ვ. გო­გო­ლა­ძე, გ. კე­ტა­შვი­ლი, ნ. სალუქ­ვა­ძე.

1989 თ-ში შეიქმნა სა­ქართვ. ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი). XXV ოლიმპიურ თამაშებზე ­ქართვ. სპორტსმენები გამოვიდნენ დსთ-ის სახელით (ბარსელონა, 1992). ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: კ. კახიაშვილი, ლ. ხაბელოვი, დ. ხახალეიშვილი.

XXVI ოლიმპიური თამაშებიდან საქართველო მონაწილეობს ოლიმპიადებში როგორც დამოუკიდებელი სა­ხელმ­წი­ფო, რ-ის სახელით ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: გ. ასანიძე, ზ. ზვიადაური, მ. კვირკველია, ი. ცირეკიძე, რ. მინდორა­შვილი, ლ. შავდათუა­შვი­ლი.

ზემოთ ხსენებულ სპორტსმენთა გარდა, ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ თბილისში აღზრდილი სპორტსმენები: ა. მეკოკიშვილი, და კ. კახიაშვილი (პირველი ­ქართვ. სამგზის ოლიმპიური ­ჩემპიონი). ოლიმპიადების პრიზიორი წლების განმავლობაში იყო სსრკ-ის წყალბურთელთა ნაკრების კაპიტანი პ. მშვენიერაძე. ჩოგბურთში სსრკ-ის მასშტაბით ლიდერობდა ა. მეტრეველი, ველოსპორტში კი – ო. ფხაკაძე.

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე სხვადა­სხვა დროს გა­მარ­ჯვე­ბა მო­პოვე­ბუ­ლი აქვს მრავალ თბი­ლი­სელ სპორ­ტსმენს. მ. შ. აღსანიშნავია ვ. ბალავაძე – პირველი ­ქართვ. მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო; 1957, სტამბოლი).

ცალ­კე უნ­და აღი­ნიშ­ნოს ქართ. სა­ჭად­რა­კო სკოლის წარმატებები. ა. ებრალიძემ აღზარდა თბილისელი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი ტ. პეტროსიანი. ვ. ქარსელაძემ შექმნა ქალთა ქართ. საჭადრაკო სკოლა, რ-ის წარმატებები, უპირველესად, მსოფ­ლი­ოს ხუთ­გზის ჩემ­პი­ო­ნე­ბის ნ. გა­ფრინ­და­შვი­ლისა და მ. ჩი­ბურ­და­ნი­ძის სა­ხე­ლებს უკავ­შირ­დე­ბა. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სა­ხელმწი­ფო, 1992-იდან მონაწილეობს მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადებზე, სადაც ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა გაიმარჯვეს, 1992, 1994, 1996, 2008 წლების გუნდურ შეჯიბრებებში.

XX ს. 80-იან წლებში თ-ში იყო 250-მდე დიდი და მცირე სპორტ. დარბაზი და ოთახი, 4 დახურული და 6 ღია საცურაო აუზი, 185 კალათბურთის, 192 ფრენბურთისა და 82 ხელბურთის მოედანი, 19 ჩოგბურთის კორტი, 31 ფეხბურთის მოედანი, 40 დიდი და მცირე ტირი, სასროლო სტენდი, 5 სტადიონი, სპორტის სასახლე, ველოტრეკი, იპოდრომი, მძლეოსნობის დახურული მანეჟი, ჭადრაკის სასახლე, ა. ჯაფარიძის სახ. მთამსვლელთა კლუბი და სხვ.

2000 თ-ში მო­ქმე­დებდა 13 სტა­დი­ო­ნი, 46 სა­ცუ­რაო აუ­ზი, 3 მძლე­ოს­ნუ­რი მა­ნეჟი, 206 სპორტ. დარ­ბა­ზი, 15 სა­ტრე­ნაჟორო და 94 არას­ტან­დარ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, 4 საჭად­რა­კო კლუ­ბი, 22 სა­ჩოგ­ბურ­თო კორ­ტი, 56 სა­ფეხ­ბურ­თო, 192 საკა­ლათ­ბურ­თო, 120 სა­ფრენ­ბურ­თო და 92 სა­ხელ­ბურ­თო მო­ე­და­ნი, სანიჩ­ბოს­ნო ბა­ზა, სა­ცხე­ნოს­ნო ბა­ზა, იპოდ­რო­მი. მოღ­ვა­წე­ობდა 600-ზე მე­ტი პე­და­გო­გი და 800-ზე მე­ტი მწვრთნე­ლი.

ბოლო მონაცემებით ქალაქში ფუნქ­ციონირებდა შემდეგი სპორტ. ობიექტები: ბ. პაიჭაძის სახ. ეროვნ. სტადიონი "დინამო არენა"; მ. მესხის სახ. სტადიონი; თ-ის სპორტის სასახლე; ნ. გაფრინდა­შვი­ლის სახ. თ-ის ჭადრაკის სასახლე; 11 კომპლექსური სპორტ. ცენტრი; მ. კეკელიძის სახ. კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტ. ცენტრი (4 დარბაზი) და კალათბურთის სასახლე (2 დარბაზი); 7 საცურაო ცენტრი 13 საცურაო აუზით; ფეხბურთის 6 სასწ. ცენტრი 20 საფეხბურთო მოედნით; ჩოგბურთის სამი სპორტ. ცენტრი 20 კორტით; ველოტრეკი დიდ დიღომში; რაგბის 4 სპორტ. კომპლექსი 6 მოედნით; მძლეოსანთა ზამთრის მანეჟი; სა­ქართვ. ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნ. ცენტრი – ფალავანთა კლუბი 3 სავარჯიშო დარბაზით; სამბოს, ძიუდოს სპორტ. დარბაზები და სხვ. ამ ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო საკუთრებაა.

წყა­რო: ვახუშტი , აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქარ­თლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: ანთაძე კ., ნადარეიშვილი ნ., თბილისთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტების ქრონოლოგია, კრ.: თბილისი. ეკონომიკურგეოგრაფიული გამოკვლევა, თბ., 1989; ბ ე ნ დ ი ა ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ა., საქალაქო თვითმმართველობა და ბრძოლა მისი დემოკრატიზაციისათვის სა­ქარ­თვე­ლოში (1875–1917), თბ., 1982; ბ ე რ ი ძ ე  ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება 1801– 1917 წლებში, ტ. 1–2, თბ., 1960–63; ბ ე რ ი ძ ე  თ., ძველი თბილისის სურათები, თბ., 1980; გ ვ რ ი ტ ი ­შ ვ ი ­ლ ი  დ., მ ე ს ხ ი ა  შ., თბილისის ისტორია, თბ., 1952; გ რ ი შ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ი., ლიტერატურული ნარკვევები (თბილისის ისტორიისათვის), თბ., 1957; გ უ გ უ ­­ შ ვ ი ­ლ ი  პ., სა­ქარ­თვე­ლოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX საუკუნეებში, წგ. 1–7, თბ., 1949–84; თბილისი. I. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1978; თბილისი. ენციკლოპედია, თბ., 2002; თბილისის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990; კ ა რ ბ ე ლ ა ­­ შ ვ ი ­ლ ი  მ., კ ი ნ წ უ რ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ს., ჯ ა ნ ბ ე რ ი ძ ე  ნ., თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 1958; კ ვ ი რ კ ვ ე ლ ი ა თ., თბილისის ისტორიული ბირთვი, თბ., 1960; ლ ო მ თ ა ­თ ი ძ ე  გ., თბილისის არქეოლოგიური შესწავლილობა, «ისტორიის ინ-ტის შრომები», 1960, ტ.5; მ ე ს ხ ი ა  შ., გ ვ რ ი ტ ი ­შ ვ ი ­ლ ი  დ., დუმბაძე მ., ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ა., თბილისის ისტორია, თბ., 1958; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., დავით აღმაშენებელი; მეფე თამარი, თბ., 2002; საქართველო. ენციკლოპედია, ტ. 1–2, თბ., 1997–2012; სა­ქართვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1–6, თბ., 1970–79; უ კ ლ ე ბ ა  დ., თბილისის და მისი მიდამოების ბუნება, წგ.: თბილისი. ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა, თბ., 1989; ქარ­თუ­ლი საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1–3, თბ., 1979–83; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე  ო., "განჯისკარის" 1948 წლის არქეოლოგიური გათხრის ანგარიში, «მასალები სა­ქარ­თვე­ლოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1955, ტ. 1; Д ж а о ш в и л и В. Ш., Тбилиси. Экономико-географический очерк, Тб., 1971; И о с е л и а н и  П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866; М е с х и а  Ш. А., города и городской строй феодальной Грузии (XVII-XVIII вв.), Тб.,1959.