დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი, დაფუძნდა 1976;
1975 დავითგარეჯის კომპლექსი შევიდა საქართვ. ისტ. და კულტ. ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნ.-საწარმოო სამმართველოს გამგებლობაში, ხოლო 1979 სახელმწ. მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. დ. მ.-ნ-ის გეოგრ. საზღვრები: ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – თეთრსენაკებისა (თეთრი უდაბნო) და დოდორქის ჩრდ.-აღმ. კალთები; სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – საქართვ. საზღვარი; სამხრეთ-დასავლეთიდან – წამებულის, ნათლისმცემლის მონასტრები, ბერების სერიდან – 2 კმ-ით დაშორებული უსახელო ხევი; ჩრდილო-დასავლეთიდან – თეთრსენაკების (თეთრი უდაბნოს) სერის უკიდურესი ჩრდ.-დას. მხარე. ამ ტერიტ. სამოქმედო რადიუსი დავითის ლავრიდან არის 23 კმ. მუზეუმ-ნაკრძალი მეურვეობას უწევს შემდეგ ძეგლებს: დავითის ლავრას, დოდორქას, ნათლისმცემელს, ჩიჩხიტურს, უდაბნოს, ბერთუბანს, ქოლაგირს, ვერანგარეჯას, ბერების სერს, თეთრ ქვაბებს, პირუკუღმას, წამებულს და მღვიმე მაღაზანს.
XX ს. 70-იან წლებში დავითგარეჯის ტერიტ. ახლოს აშენდა საბჭ. არმიის დიდი სამხ. პოლიგონი (მოიცავდა საქართვ. და აზერბ. ტერიტორიას), რ-მაც საფრთხე შეუქმნა ამ ისტ.-არქიტ. ძეგლს. 1997 ქართ. არმიას მიეცა რუს. სამხ. პოლიგონით სარგებლობის უფლება (პოლიგონს დაერქვა „ალგეთის საწვრთნელი ბაზა"). საქართვ. მთავრობამ გაითვალისწინა ჰააგის საერთაშ. კონვენციის რეკომენდაცია, იმის შესახებ, რომ ისტ.-არქიტ. ძეგლებთან დაუშვებელია სამხ. ბაზების – პოლიგონების – არსებობა და ქართ. არმიას მისცა მითითება (1997) მხოლოდ ვიწრომასშტაბიანი მანევრების ჩატარებისა 3 წლის ვადით.
დ. მ.-ნ. არის დაწესებულება, რ-იც ახორციელებს ისტ. და კულტ. ძეგლთა აღრიცხვა-ფიქსაციას, შესწავლა-პოპულარიზაციასა და დაცვას. დ. მ.-ნ-ში დაცული ყველა ექსპონატი: ეთნოგრაფიული, დეკორატიული ხელოვნებისა და კედლის მხატვრობის ნიმუშები, ქვისა და ხეზე ნაკვეთი ჩუქურთმები, მის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლ. ნივთები და სხვა წარმოადგენს მუზეუმ-ნაკრძალის ძირითად ფონდს (1097 საფონდო ერთეული). დ. მ.-ნ. უზრუნველყოფს მათ აღრიცხვას, დაცვასა და გამოყენებას.
დ. მ.-ნ-ის ძირითადი მიზანია მის სამოქმედო ზონაში არსებული მატერ. კულტ. ძეგლების მოვლა-პატრონობა, შესწავლა და პოპულარიზაცია.
მუზეუმ-ნაკრძალი აწყობს ექსპედიციებს, მონაწილეობს არქეოლ. გათხრებში და ძეგლების შესწავლასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობაში. გამოსაცემად ამზადებს ბუკლეტებს, ფოტო-ალბომებს, სამუზეუმო ექსპონატების კატალოგებს და სხვ. საინფორმაციო და სამეცნ. მასალებს.