„თბილისი მარიოტი“

სასტუმრო „თბილისი მარიოტი"

„თბილისი მარიოტი“ (Tbilisi Marriott), უმაღლესი კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. მდება­რეობს ქალაქის ცენტრში, შოთა რუსთაველის პროსპექტისა და გ. ჭან­ტურიას ქუჩის კუთხეში.

სასტუმრო აშენდა სომეხი მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით. მშენებლობა დაიწყო 1911 ა. ოზეროვის პროექტით. მშენებლობის პროცესში საჭირო გახდა პროექტის გადაკეთება. არქიტ. გ. ტერმიქელოვმა სასტუმროს ახ. პროექტი შეადგინა. მშენებლობა 1915 დასრულდა. იგი თავი­დანვე მაღალი კლასის სასტუმროდ იყო ჩაფიქრებული და მას „მაჟესტიკი" (ფრანგ. „დიდებული") დაერქვა. I მსოფ­ლიო ომის დროს სასტუმროში სამხ. ლაზარეთი განთავსდა, ხოლო გასაბ­ჭოების შემდეგ, 1921, იგი სა­ქართვ. პროფ. კავშირებს გადაეცა. სხვა­და­სხვა დროს შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყო გამომც. „ტექნიკა და შრომა", წიგნების და ჩაის სპეციალიზებული მაღაზიები, სასტუმროს სარდაფის სართულში კი – კინოთეატრი „ლუქსემბურგი" (ყოფ. „მინიონი", შემ­დგომში – „თბილისი").

1935 გა­დაწყ­და შენობის რეკონსტრუქცია და მისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნება. 1939 წ. 14 თებერვალს სასტუმრო საექსპლუატაციოდ გადაეცა და ეწოდა „თბილისი". იგი თავდაპირველად ექვემდებარებოდა სსრკ უცხოეთის ტურიზმის სა­ხელმწ. კომიტეტს, შემ­დგომში კი – სააქციონერო საზ-ბა „ინტურისტს".

1991–92, თბილ. ომის დროს, სასტუმროს შენობა ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. შეიქმნა შოთა რუსთაველის პროსპექტისა და მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-რეკონსტრუ­ქციის კო­მისია. რეკონსტრუქციის პროექ­ტი შეიმუშავეს არქიტ.-რესტავრა­ტორებმა გ. მეტრეველმა და ვ. ქურთიშვილმა. 1996-იდან შენობა „ჯი-ემ-თი ჯგუფის" კომპანია – "„ი-ემ-თი სასტუმროების" მფლობელობაშია, რ-მაც განახორციელა სასტუმროს რეკონსტრუქცია და მის მართვაზე ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიოში სასტუმრო­ების მართვის ერთ-ერთ ლიდერთან, ამერ. კომპანია „მარიოტ ინტერნეშენელთან". სასტუმრო გაიხსნა 2002 წ. 26 სექტემბერს და აქ „თ. მ." განთავსდა.

შვიდსართულიანი ნაგებობა გამოირჩევა მაღალი არქიტ.-მხატვრული ღირსებებით. გამოყენებულია კლასიკური ხუროთმოძღვრული მოტივები, შენობის ფასადის მრუდწირული კუთხე დღესაც მოხდენილად ერწყმის შოთა რუსთაველის პროსპექტს. მისი თავდაპირველი სახე შენარჩუნებულია. ამჟამად „თ. მ-ში" სხვა­და­სხვა კატეგორიის 127 ნომერია, აქედან 1 – ვიცე-საპრეზიდენტო და 2 – საპრეზიდენტო აპარ­ტამენტი; სასტუმროში არის 8 დარბაზი საკონფერენციო შეხვედრებისათვის, რ-თაგან 6 ქართველ მეფეთა (ფარნავაზის, მირიანის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის) სახელს ატარებს, დანარჩენი 2 კი – წვეულებათა დარბაზი და სანადიმო ოთახია. ფუნქციონირებს ლობი ბარი „მაჟეს­ტიკი", კაფე და რესტორანი „პარნასი", ღია პათიო, ბიზნეს­ცენტრი, გამაჯანსაღებელი ცენტრი და სხვ. „თ. მ." აღჭურვილია უახლესი მოწყობილობებით.