თბილისისათვის ბრძოლა 627–628

თბილისისათვის ბრძოლა 627– 628, ბიზანტიასა და ირანს შორის მიმდინარე ომის (602–628) ერთ-ერთი ეპიზოდი. ირანთან ბრძოლაში განცდილი რამდენიმე მარცხის შემდეგ იმპ. ჰერაკლემ 626 კავშირი დადო თურქთა დას. სახაკანოსთან, რ-ის მესვეურები, თავის მხრივ, ცდილობდნენ კავკ. ქვეყნებიდან ირანი გაეძევებინათ და ამ გზით ჩინური და შუააზიური აბრეშუმი ირან. ვაჭრების შუამავლობის გარეშე გაეტანათ ბიზანტიაში. ინტერესთა ასეთმა ერთობამ განაპირობა სამხ. კავშირი ირანის წინააღმდეგ. მოკავშირეები თბილისთან 627 ზაფხულში თურქთა დას. სახაკანოს მბრძანებელთა სურვილით მოვიდნენ. ჰერაკლეს მთავარი ამოცანა ირანის დამარცხება და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება იყო, თურქებს კი აბრეშუმის გზის დაუფლება აინტერესებდათ. ორთვიანი უშედეგო ალყის შემდეგ ჰერაკლემ ირანის შუაგულისაკენ გაილაშქრა (გზაში მას თურქ მოკავშირეთა ლაშქარი ნელ-ნელა ჩამოშორდა). 627 წ. 12 დეკემბერს ქ. მოსულის ახლოს (ნინევიის ნანგრევებთან) ჰერაკლემ გადამ­წყვეტი გამარჯვება მოიპოვა. 628 ირან. ტახტზე ასულმა კავად შიროემ ბიზანტ. იმპერიას ხოსრო II-ის (591–628) მიერ დაპყრობილი ტერიტორიები (მ. შ. „ქარ­თლის დიდი ნაწილი თბილისამდე") დაუბრუნა. ზავი ირანთან სეპარატული იყო, რადგან ჰერაკლემ იგი მოკავშირეებთან შეუთანხმებლად დადო. 628, როცა ჰერაკლეს მოკავშირე თურქები ჯიბღუსა და შათის სარდლობით ხელახლა მოადგნენ თბილისს და ალყა შემოარტყეს, ჰერაკლე გარდაბნის მხა­რეში იმყოფებოდა. ­თბილისის დაცვას ირანელებთან ერთად ქართ. წყა­როების – „მოქცევაჲ ქარ­თლისაჲს" და „ქართლის ცხოვ­რების" – მიხედვით ქარ­თლის ერისმთავარი სტეფანოზ I ხელმძღვანელობდა, რ-იც ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა. 628 შემოდგომაზე თურქებმა თბილისი აიღეს. ქარ­თლის ირან. ნაწილი ჰერაკლემ თურქთაგან მიიღო და ქარ­თლის ერისმთავრად ბიზანტ. ორიენტაციის, სარწმუნოებით დიოფიზიტი ადარნასე დასვა.

ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე  ვ., აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო, თბ., 1997; მ ი ს ი ვ ე, რატომ არ მონაწილეობდა იმპერატორი ჰერაკლე 628 წელს თბილისის აღებაში?, «მნათობი», 1997, № 5; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.

ვ. გოილაძე