თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი – თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო დაწესებულება.
თბილ. ბალნეოლ.-კლიმ. კურორტი. დაარსდა 1937. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბან ხარფუხში. თ. ბ. კ-ის შენობა სამსართულიანია (არქიტექტორები: ი. ჟიტკოვსკი, მ. კალაშნიკოვი, ბ. კარბინი), ვესტიბიულის ორივე მხარეს შიდა ეზოებია, რ-თა ირგვლივ განლაგებულია სააბაზანოები, სამკურნ. და დამხმარე სათავსოები. კომპლექსის ბირთვს წარმოადგენს შიდა ეზო, რ-საც მთელ პერიმეტრზე კოლონადა გასდევს. თ. ბ. კ. კლიმატურად ხელსაყრელ ზონაში მდებარეობს, იგი გამოირჩევა როგორც კლიმ. თავისებურებებით, ასევე მრავალდარგოვანი ფიზიოლ. სამკურნ. საშუალებებით (ბალნეოთერაპია, ფიზიოთერაპია, ტალახით მკურნალობა, სამკურნ. ფიზკულტურა). თ. ბ. კ-ის სამკურნ. ფაქტორებიდან აღსანიშნავია უნიკალური მინერ. წყალი, რ-იც თავის ფიზ.-ქიმ. თვისებებით ეკუთვნის სულფიდურ-თერმული და ჰიპერთერმული წყლების ჯგუფს (30–470°C). კურორტის სამკურნ. კომპლექსში გამოყენებულია აგრეთვე კუმისის ტბის ლამის და ახტალის ფსევდოვულკანური წარმოშობის უნიკალური ტალახი. ცენტრის სტრუქტურაში გაერთიანებულია განყოფილებები: საკონსულტაციო, დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული (კლინიკური, იმუნოფერმენტული, ბაქტერიოლოგიური; ელექტროკარდიოგრაფიის, დოპლეროგრაფიის, ექოსკოპიის, რენტგენოგრაფიის, ბალნეოლ. (მინ. წყლის აბაზანა, სუბაკვალური და რექტალური გამორეცხვები, წყლით სამკურნ. „ჰიდროპათია“, საინჰალაციო, შესხურებით მკურნალობა), სადიაგნოსტიკო და ფიზიოთერაპიული კაბინეტები. ცენტრში, პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის გარდა, მიმდინარეობს სამეცნ. მუშაობა, რ-ის ძირითადი მიმართულებებია:
1. საქართველოს საკურორტო რესურსების – მინერ. წყლების, სამკურნ. ტალახის, კლიმ. პირობების და სხვა ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოვლენა და შესწავლა, ადამიანის ორგანიზმზე მათი ფიზიოლ. და თერაპიული მოქმედების დადგენა;
2. ფიზიოთერაპიული ფაქტორების ექსპერ. და კლინ. შესწავლა;
3. ბუნებრივი და პრეფორმირებული ფიზ. ფაქტორების (სამკურნალო, პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით) გამოყენების პრინციპების და მეთოდების დამუშავება და მათი საკურორტო პრაქტიკაში დანერგვა;
4. კურორტებზე ავადმყოფთა მკურნალობის ჩვენებების დადგენა. ცენტრში გახსნილია მასაჟის სკოლა, ასევე ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს თსსუ-ის კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამედ. ტურიზმის დეპარტამენტი. 1999-იდან ცენტრის გენ. დირექტორია ნ. სააკაშვილი.