თბილისის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი გ. ელიავას სახელობისა ( ს ს ი პ ), განათლების და მეცნიერების სამინისტროსი.
დაარსდა 1923 გიორგი ელიავას ინიციატივით, როგორც ბაქტერიოლოგიური ინ-ტი. 1936 გადაკეთდა მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის და ბაქტერიოფაგის ინ-ტად. 1952-იდან ვაქცინებისა და შრატების სამეცნ.-კვლ. ინ-ტი ერქვა. 1988 მის ბაზაზე შეიქმნა სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „ბაქტერიოფაგი". 90-იან წლებში მოხდა მისი საწარმოო ნაწილის პრივატიზება, ხოლო ინ-ტს ეწოდა ახლანდ. სახელი.
ინ-ტში, პირველად მსოფლიოში, გ. ელიავას და ბაქტერიოფაგების აღმომჩენის ფ. დ’ერელის ხელმძღვანელობით დაიწყო ბაქტერიული ვირუსების ანუ ბაქტერიოფაგების სისტემატიზებული ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა, რაც დღემდე წარმოადგენს ინ-ტის მუშაობის ძირითად მიმართულებას. ინ-ტის მეცნიერთა მიერ შექმნილია პათოგენური და პირობით-პათოგენური ბაქტერიების მუზეუმი და მათ მიმართ აქტ. ბაქტერიოფაგების კოლექცია. შემუშავებულია აგრეთვე მათი პრაქტ. გამოყენების მეთოდოლ. პრინციპები, რის საფუძველზეც შეიქმნა 30-ზე მეტი სამკურნალო, პროფილაქტიკური და სადიაგნოსტიკო ფაგური პრეპარატი. ამჟამად ინ-ტის მიერ დაარსებული კომპანია „ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები" აწარმოებს რამდენიმე სხვადასხვა სახის პოლი- და მონოვალენტურ ბაქტერიოფაგურ პრეპარატს, რ-იც ფართოდ გამოიყენება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ინ-ტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ადამიანის და ცხოველების სხვადასხვა ინფექციის, მ. შ. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების ეტიოლოგიური სტრუქტურის შესწავლა და მათ წინააღმდეგ სპეციფ. ბაქტერიოფაგური პრეპარატების შექმნა; ფუნდამენტური გამოკვლევები ბაქტერიოფაგიაში, კერძოდ, ახ. ბაქტერიოფაგების მოლეკულურ-ბიოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლა, პატრონ უჯრედთან ურთიერთქმედების მექანიზმების დადგენა; წყლის, საკვების და გარემოს ეკოლ. მონიტორინგი; მცენარეთა დაავადებების ბიოკონტროლის სტრატეგიის შემუშავება ფაგური ტექნოლოგიების საფუძველზე; ადამიანისა და ცხოველების განსაკუთრებით საშიში ბაქტერიული ინფექციების გამომწვევების კვლევა და მათი საწინააღმდეგო ბიოლ. პრეპარატების შექმნა.
ინ-ტში ფუნქციონირებს 6 სამეცნ. ლაბორატორია, ბაქტერიოფაგების კოლექცია, კვლევისა და განვითარების განყ-ბა. ინ-ტის თანამშრომლების მიერ დაფუძნებულია გ. ელიავას სახ. ფონდი.
ინ-ტი აქტიურად მონაწილეობს ბიოუსაფრთხოების ქართ.-ამერ. პროგრამაში, რეგულარულად იღებს სამეცნ. გრანტებს. ინ-ტის მეცნიერები სისტემატურად აქვეყნებენ სამეცნ. ნაშრომებს ადგილობრივ და რეიტინგულ საერთაშ. ჟურნალებში, მონაწილეობენ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.
რ. ადამია