თბილისის გუბერნია, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1846 წ. 14 დეკემბერს. თ. გ. დაყოფილი იყო თბილისის, გორის, სიღნაღის, თელავის და ელიზავეტპოლის მაზრებად. ამას გარდა თ. გ-ის შემადგენლობაში შედიოდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის, გორისა და ოსეთის ოკრუგები.
1858 წ. 19 ივნისს თ. გ-ს ჩამოაშორეს ოსეთის ოკრუგში შემავალი ნარის უბანი (ისტ. დვალეთი) და იგი კავკასიის ხაზის მარცხ. ფრთას გადასცეს, რ-იც შემდეგში თერგის ოლქის შემადგენლობაში შევიდა.
1864 რუს. ადმინისტრაციამ დანერგა საქართველოს ადმ.-ტერიტ. დაყოფის ისეთი სისტემა, რ-იც რუს. იმპერიის შიდა გუბერნიებისათვის იყო დამახასიათებელი. 1864 წ. 15 სექტემბერს იმპერატორმა დაამტკიცა წესდება თ. გ-ის სასოფლო თემებად დაყოფის შესახებ. 1865 წ. 11 აპრილს კავკ. მეფისნაცვალმა თ. გ-ში სასოფლო თემების შექმნის წესდება გამოაცხადა. გამოქვეყნდა სასოფლო თემების სია.
კაპიტალ. ურთიერთობის განვითარებამ, როგორც რუს. იმპერიის ცენტრ. გუბერნიებში, ასევე საქართველოშიც განაპირობა რეფორმების ჩატარება.
1867 წ. 9 დეკემბერს გამოქვეყნდა უმაღლესი დებულება კავკ. და ამიერკავკ. მმართველობის შეცვლის შესახებ, რ-ითაც მთელი ამიერკავკ. და, კერძოდ, თ. გ-ის ახ. ადმ.-ტერიტ. დაყოფის სისტემა დამტკიცდა.
თ. გ. ექვს მაზრად დაიყო: ახალციხის, გორის, დუშეთის, სიღნაღის, თელავის და თბილისის. აქ ჩამოთვლილი ექვსი მაზრიდან ოთხი – თბილისის, გორის, თელავისა და სიღნაღის – 1867 წ. 9 დეკემბერის დებულებამდეც არსებობდა. თ. გ-ის შემადგენლობაში (ამავე დებულებით) ქუთაისის გუბერნიას ჩამოაცილეს და თ. გ-ს გადასცეს ახალციხის მაზრა, კვლავ აღადგინეს დუშეთის მაზრა. თ. გ-ში, ადრე არსებული ლორე-თრიალეთის საპრისტავოს გარდა, კიდევ ერთი ახ. ადმ.-ტერიტ. ერთეული–ყარაიაზის საპრისტავო შეიქმნა. თ. გ-ის შემადგენლობაში დარჩა აგრეთვე თიანეთის ოკრუგი და შირაქის საპრისტავო.
1867 წ. 9 დეკემბრიდან მაზრების უბნებად დაყოფა გაუქმდა. ამავე წლის დებულების საფუძველზე 1868 წ. 12 თებერვალს გამოიცა კავკ. მეფისნაცვლის ცირკულარი, რ-შიც აღნიშნული იყო, რომ დებულებით გათვალისწინებული ცვლილებანი 1868 წ. 19 თებერვალს განორციელდებოდა. აღნიშნული ცირკულარი თ. გ-ში კიდევ რამდენიმე კერძო ხასიათის ადმ.-ტერიტ. ცვლილებას ითვალისწინებდა. ახალციხის მაზრის შემადგენლობაში გამოიყო განსაკუთრებული საპრისტავო ახალქალაქის სახელწოდებით. იგი ყოფილი ახალქალაქის უბნის სოფლებისაგან შეიქმნა. თიანეთის ოკრუგი თიანეთის საპრისტავოდ გადაკეთდა და თელავის მაზრას შეუერთდა. ჩამოთვლილი ადმ.-ტერიტ. ცვლილებები ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონ. განვითარების შედეგი იყო.
თ. გ-ის ასეთმა ადმ.-ტერიტ. დაყოფამ 1874-მდე იარსება.
1874 მომზადდა ახ. დებულება თ. გ-ის მაზრებად დაყოფის შესახებ. ამავე წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნდა სახელმწ. საბჭოს დებულება, რ-ის მიხედვითაც თ. გ-ის შემადგენლობაში ახალქალაქისა და თიანეთის მაზრები უნდა შექმნილიყო. ახალქალაქის მაზრა ყოფილი ახალქალაქის საპრისტავოსაგან შეიქმნა, თიანეთის მაზრა ყოფილი თიანეთის საპრისტავოსაგან ჩამოყალიბდა.
1880 წ. 6 მაისს თ. გ-ის შემადგენლობაში კიდევ ერთი ახ. ადმ.ტერიტ. ერთეული – ბორჩალოს მაზრა შექმნეს, რ-მაც ყოფილი ლორე-თრიალეთისა და ბორჩალოს საპრისტავოები მოიცვა.
ადმ. მმართველობის სიძნელეებმა მთავრობა აიძულა მაზრების უბნებად დაყოფის სისტემას კვლავ დაბრუნებოდა. 1888 წ. 10 აპრილს გამოქვეყნდა დებულება თ. გ-ის მაზრების საპოლიციო უბნებად დაყოფის შესახებ (საპრისტავოები საპოლიციო უბნებად გადაკეთდა).
თ. გ-ის ახ. ადმ.-ტერიტ. დაყოფა საბოლოო იყო და XIX ს. განმავლობაში არავითარი ცვლილება არ განუცდია.
XIX ს. დასასრულს აღმ. საქართველოს და, ნაწილობრივ, სამხრ.-დას. საქართველოს (სამცხე-ჯავახეთი) მომცველი მტკვრისა და მისი შენაკადების აუზში მდებარე და ყოვლის მხრით მთებითა და მდინარეებით შემოფარგლული თ. გ., რ-ის შემადგენელი ნაწილები ურთიერთთან მჭიდრო ეკონ. კავშირში იმყოფებოდა, ერთ მთლიან, განუყოფელ ადმ.-ტერიტ. ერთეულს წარმოადგენდა. თ. გ. გაუქმდა 1917.
ზ. ცინცაძე