თბილისის დარბაზობა 1490, საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ ქართლის მეფე კონსტანტინე II კვლავ ცდილობდა შემოსეული მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს ძალების გაერთიანებას. 1488–89, ქართლში იაყუბ-ყაენის შემოსევების დროს, მან დახმარებისათვის მიმართა სამცხის მთავარსა და კახეთის მეფეს, მაგრამ უარი მიიღო. 1490 თბილ. განთავისუფლებისა და ქართლიდან თურქმანების განდევნის შემდეგ კონსტანტინე II აპირებდა ბრძოლის დაწყებას კახეთის, იმერეთისა და სამცხის შემოსაერთებლად. მან მოიწვია დარბაზის სხდომა, რ-ზედაც დასვა საკითხი: „თუ რაჲ ჰყონ განდგომილებისათჳს ქუეყანათა და ვითარ მოაგონ კუალად მეფობასავე თჳსსა". დარბაზმა ერთხმად ურჩია, რომ ხელი აეღო ამ ბრძოლაზე: „ვინაჲთგან მტკიცედ სდგან ერთგულებასა ზედა თჳსთა რჩეულთა მეფეთათა იმერნი და კახნი და კუალად ათაბაგისა სამცხელნი, ამისთჳს არა განგიზრახავთ ბრძოლასა, რამეთუ თუმცა მწე ვექმნეთ ერთსა, არღარა მოგვცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კუალად აგოს ღმერთმან მეფობასავე შენსა". დარბაზის ასეთი მოთხოვნა თუ რჩევა არსებული მდგომარეობის დაკანონებას ნიშნავდა. ამრიგად, დარბაზის გადაწყვეტილებით (1490) საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლა იურიდიულადაც გაფორმდა. 1491–92 ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებმა და სამცხის მთავარმა ერთმანეთს შორის საზღვრები განაწესეს.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3–4, თბ., 1973–79.
ნ. ასათიანი