თბილისის დედაციხის (ნარიყალას) არქეოლოგიური გათხრები

არქეოლოგიური გათხრები დედაციხეზე

თბილისის დედაციხის (ნარიყალას) არქეოლოგიური გათხრები, სისტემატური არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1966 შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით (გ. ლომთათიძე, ი. გძელი­შვი­ლი, ო. ტყეშელა­შვი­ლი, ლ. რჩე­ული­შვი­ლი, რ. გვერდწითელი). ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ციხის ხელში ჩასაგდებად გამართული ბრძოლების შედეგად იგი მრავალგზის არის დანგრეული, დაზიანებული, აღდგე­ნილი და გადაკეთებული. ამის გამო ზღუდეებისა და გოდოლების პერანგს ჭრელი აღნაგობა აქვს. გამოვლენილია შუა ფეოდ. ხანის მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკა (აღმოჩენილი ნაშთების უმეტესობა გვიანფეოდალურ ხანას ეკუთვნის), ქვათლილებით შემოსილი და უხვად მოჩუქურთმებული ტაძრის (შიდა ფართობი – 10,5 მ ×17,5 მ) ნაშთი, რ-იც XII–XIV სს-ში უნდა იყოს აგებული. გამოვლინდა აგურის სხვა ნაგებობებიც, მ. შ. ერთი, შიგნიდან კარგად შელესილი, კერამ. მონაპოვრის მიხედვით რუსთაველის ხანისაა. აქვე აღმოჩნდა ჩუქურთმიანი ქვის ნატეხი, რ-იც დიდი ტაძრის დეტალებისაგან განსხვავდება და უფრო ადრინდელია. არქეოლგების ვარაუდით დედაციხის შიგნით ადრევე არსებობდა საყდარი, რ-ის საძირკველზე შუა ფეოდ. ხანაში დიდი გუმბათიანი ტაძარი აუგიათ. დედაციხეზე მრავალრიცხოვან საგანთა შორის ნაპოვნია მოუჭიქავი და ცისფრად მოჭიქული კრამიტი და შორენკეცები, მო­ჭიქული ჯამ-ჭურჭელი, ქაშანურისა და თეთრი თხელი ფაიფურის მდიდრული იმპორტ. ჯამ-ჭურჭელი, მინის მდიდრული ჭურჭელი (ნაწილობრივ იმპორტ.), ქალის ძვირფასი ფეხსაცმელი, თითო-ოროლა სამკაული, ქვისა (უფრო ძველი) და თუჯის (საარტილერიო) უამრავი სატყორცნი ბირთვი (მათი ნაწილი ციხისთვის ნასროლია, ნაწილი – ციხის მარაგის ნაშთია), თიხის ყალიონები, რკინის ხელსაწყოიარაღი, დიდი რაოდენობის ქართ. და უცხ. (მეტწილად სპილენძის) მონეტები, მოყოლებული რუსუდან მეფის დროიდან რუს. იმპ. ეკატერინემდე, ზოგი – უფრო ახალიც. განსაკუთრებული მნიშვნელობი­საა „მეფეთა საკადრისი", ძვირფასი ქაშანურისა და მინის სუფრის უნიკალური ჭურჭელი.

ლიტ.: ლ ო მ თ ა თ ი ძ ე  გ., სა­ქარ­თველოს მოსახლეობის კულტურა და ყოფა I–XIII სს. ( არქეოლოგიური მასალების მიხედვით), თბ., 1971; ლ ო მ თ ა თ ი ძ ე  გ., ტ ყ ე შ ე ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ო., გ ძ ე ლ ი ­­შ ვ ი ­ლ ი  ი., პირველი არქე­ოლოგიური კამპანია თბილისის დედაციხეზე, ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. ისტორიის ინ-ტის XVI სამეცნიერო სესია, მიძღვნილი 1966 წ. საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი, თბ., 1977.

ე. გოგაძე