თბილისის „დინამოს“ კალათბურთელთა გუნდი

საბჭოთა კავშირის 1950 წლის ჩემპიონი თბილისის "დინამოს" ოსტატ კალათბურთელთა გუნდი. სხედან (მარცხნიდან): ს. თორთლაძე, გ. რუხაძე, ლ. ინწკირველი, შ. ქორქაშვილი; დგანან (მარცხნიდან): გ. ავალიშვილი (მწვრთნელი), ო. ქორქია (გუნდის კაპიტანი), დ. გოძიაშვილი, ნ. ჯორჯიკია, ვ. ჟღენტი, ჯ. ნიჟარაძე.
ევროპის 1962 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი "დინამოს" ოსტატ კალათბურთელთა გუნდი. სხედან (მარცხნიდან): ა. კილაძე, გ. მინაშვილი, ი. ხაზარაძე, ლ. ინწკრიველი; დგანან (მარცხნიდან): რ. გოგელია, ა. სხირელი, ო. ქორქია (მწრთნელი), ვ. ალთაბაევი, ლ. მოსეშვილი, უ. ჯონსი (""ფიბას" გენერალური მდივანი), ვ. უგრეხელიძე, ა. ლეჟავა.

 თბილისის „დინამოს“ კალათბურთელთა გუნდი  ვაჟ კალათბურთელთა გუნდი – თბილისის „დინამო" – შეიქმნა 1933 და თავიდანვე დაიმკვიდრა ადგილი სსრკ-ის საუკეთესო საკალათბურთო კლუბებს შორის. დინამოელთა ღირსებას ამ პერიოდში იცავდნენ: რ. მდივანი, შ. ყიასა­შვი­ლი, ვ. ციცი­შვი­ლი, ლ. ფალავანდი­შვილი, ა. წერეთელი, ვ. მდივანი და ა. კარპოვი.

მნიშვნელოვან წარმატებებს „დინამომ" მიაღწია მეორე მსოფლიო ომის შემ­დგომ პერიოდში, როდესაც გუნდში მოვიდნენ წამყვა­ნი მოთამაშეები, პოპულარული კალათბურთელები: ო. ქორქია და ნ. ჯორჯიკია. ამ წლებში გ. ავალი­შვი­ლის ხელმძღვანელობით თბილ. დინამოელები სამჯერ გახდნენ სსრკ-ის ჩემპიონები (1950, 1953, 1954). 1968 გუნდი ერთხელ კიდევ გახდა სსრკ-ის ჩემპიონი. საკავშ. ჩემპიონატების პარალელურად „დინამოს" კალათბურთელები წარმატებით ასპარეზობდნენ სსრკ-ის თასის გათამაშებაშიც. მათ 4-ჯერ მოიპოვეს ეს საპატიო ჯილდო (1949, 1950, 1951, 1969).

თბილ. დინამოელებმა საკავშ. ჩემპიონატებზე (1947, 1960, 1961 და 1969) 4-ჯერ მოიპოვეს მე-2 ადგილი, ხოლო 1948, 1952, 1965, 1977 – მე-3 ადგილი. 1959 მათ გაიმარჯვეს სსრკ-ის ზამთრის პირველობაზე. თბილ. „დინამო" იყო პირველი გუნდი, რ-იც 1950 გახდა სსრკ-ის ჩემპიონი და მოიგო თასი; 1960 იყო ევრ. ქვეყნების ჩემპიონთა თასის ფინალისტი, 1969 – ევრ. ქვეყნების თასების მფლობელთა თასის ფინალისტი. 1962 თბილ. „დინამომ" ჟენევაში ევრ. ჩემპიონთა თასი მოიპოვა, გუნდმა თანამიმდევრულად დაამარცხა რუმინეთის „კკა" ბუქარესტსა (77:76) და თბილისში (82:77), თურქ. „დარუშაფაქი" – სტამბოლსა (80:67) და თბილისში (84:48), მოსკ. „ცსკა" – მოსკოვსა (75:71) და თბილისში (77:66), ხოლო ფინალში – მადრიდის „რეალი" (90:83). გუნდის ღირსებას იცავდნენ: გ. მინა­შვი­ლი, რ. გოგელია, ვ. ალთაბაევი, ლ. მოსე­შვი­ლი, ა. ლეჟავა, ა. სხიერელი, ი. ხაზარაძე, ვ. უგრეხელიძე, ა. კილაძე, ლ. ინწკირველი, ა. პეტროვი (მწვრთნელი – ო. ქორქია).

დინამოელი კალათბურთელები რე­გულარულად შეჰყავდათ სსრკის ნაკრების შემადგენლობაში. თითქმის ათი წლის განმავლობაში ნაკრების კაპიტანი იყო ო. ქორქია. ნაკრებში თამაშობდნენ აგრეთვე: ნ. ჯორჯიკია, გ. მინა­­შვი­ლი, ზ. საკანდელიძე, ვ. უგრეხელიძე, ლ. მოსე­შვი­ლი, ა. სხიერელი, ა. ლეჟავა, მ. ქორქია, ნ. დერიუგინი. ამ შე­მადგენლობამ ოლიმპიურ თამა­შებზე, მსოფლი­ოსა და ევრ. ჩემპიონატებზე მოიპოვა 16 ოქროს, მრავალი ვერცხლისა და ბრინჯა­ოს მედალი. გუნდის წარმატებებში მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლილი მიუძღვით საბჭ. კავშირი­სა და სა­ქართვ. დამს. მწვრთნელებს: გ. ავალი­შვილს, შ. დიასამიძეს, ო. ქორქიას, ლ. ინწკირ­ველს, ლ. მოსე­შვილს, მ. კეკელიძეს, გ. მეუნარგიას.

სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თბილ. „დინამო" მონაწილეობს ქვეყნის ჩემპიონატში. კლუბი გახდა სა­ქართვ. პირველი ჩემპიონი (1991), კიდევ ორჯერ მოიპოვა სა­ქართვ. სუპერლიგის ჩემპიონის ტიტული (2003; 2014) და დაეუფლა სა­ქართვ. თასს (2004).