თბილისის ზარაფხანა, სახელმწიფო სახელოსნო, სადაც მონეტები იჭრებოდა. 1678 საბუთის მიხედვით, ზარაფხანა და მისი უბანი მდებარეობდა კალაში – თათრის მოედნის ჩრდ.-დას-ით, სიონის ტაძრის მახლობლად.
თ. ზ-ის ადრ. ადგილმდებარეობა არაა ცნობილი. სავარაუდოა, რომ VI ს. დასასრულს იგი უკვე მოქმედებდა (იხ. ქართველ მმართველთა სახელით მოჭრილი მონეტები). რუსეთთან შეერთების შემდეგ თ. ზ. ფუნქციონირებდა 1804 წ. 15 სექტემბრიდან 1834 წ. 13 თებერვლამდე და როსტომ მეფის სასახლის ტერიტორიაზე მდებარეობდა. თ. ზ-ის გახსნასთან დაკავშირებით მოიჭრა ოქროსა და ვერცხლის მედლები. მონეტებზე თ. ზ-ის სახელი პირველად აღინიშნა არაბულ დირჰემზე, რ-იც ჰიჯრით 85 წ. (704) მოიჭრა, უკანასკნელად კი – 1833 გამოშვებულ ქართ. თეთრზე. ამ ქრონოლ. შუალედში ზარაფხანაში ქართვ. მეფეთა და აგრეთვე უცხ. მმართველთა სახელით იჭრებოდა სპილენძის, ვერცხლის და, უფრო იშვიათად, ოქროს მონეტები, თუმცა ზარაფხანის სახელი ზედ ყოველთვის აღნიშნული არ არის.
ლიტ.: ბ ე რ ძ ნ ი შ ვ ი ლ ი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965; კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1967.
გ. დუნდუა