თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, შეიქმნა კ. ბენდუქიძის ინიციატივით 2007 წელს ორი უმაღლესი სასწავლებლის – ESM-თბილისისა და თბილისის აზიისა და აფრიკის ინ-ტის გაერთიანების შედეგად. 2007–12 თავისუფალ უნ-ტში გაიხსნა ოთხი სკოლა: სამართლის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათ., ფიზ. და მართვისა და საზ. მეცნ. სკოლები; აშენდა საუნივერსიტეტო შენობა და მთლიანად განახლდა სასწ. გარემო. თ. თ. უ. ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში მართავს მოკლევადიან სასწ.-სამეცნ. სემინარებს, ე. წ. ზაფხულის და ზამთრის სკოლებს, სადაც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები და მკვლევრები ლექციებს კითხულობენ და ატარებენ მეცადინეობებს.
2013 წ. 1 იანვრისთვის თ. თ. უ-ში სწავლობდა 620 სტუდენტი, აქედან 540 – ბაკალავრიატში, 80 – მაგისტრატურაში და 14 – დოქტორანტურაში. თ. თ. უ. დაამთავრა 1517 ადამიანმა, მუშაობს 82 პროფესორ-მასწავლებელი, საუნივერსიტეტო კომპლექსის ფართობი მოიცავს 5353 კვ. მ-ს, უნ-ტის რექტორია გ. ჩიქოვანი. თ. თ. უ-ში მოქმედებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფ. განვითარების პროგრამები. თ. თ. უ-ს აქვს საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს ინსტიტუციური აკრედიტაცია, CEEMAN-ის (Central and East European Management Development Association) პროგრამული აკრედიტაცია. თავისუფალი უნ-ტის ბიზნესის სკოლა (ESM) შეიქმნა 1992, 2007 შევიდა თ. თ. უ-ის შემადგენლობაში. ბიზნესის სკოლას მიღებული აქვს ცენტრ. და აღმ. ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია. ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებს ფინანსების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის კონცენტრაციით. ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრებს. 2009 განახლდა სამაგისტრო პროგრამა, დაემატა ბიზნესის პრაქტიკუმი, რ-იც საშუალებას აძლევს სტუდენტს, თეორიაში მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში.
თავისუფალი უნ-ტის აზიისა და აფრიკის ინ-ტი, დაარსდა 1991 და 2007 შევიდა თ. თ. უ-ის შემადგენლობაში. დაარსების პირველივე წლებიდან ინ-ტი თანამშრომლობს აღმ. ქვეყნების, ევროპისა და აშშ-ის უნ-ტებთან. აზიისა და აფრიკის ინ-ტის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს საერთაშ. ურთიერთობების სპეციალისტებს, რ-ებიც სრულყოფილად შეისწავლიან ახლო და შორეული აღმოსავლეთის ენებს, ისტორიას, კულტურას, რელიგიას და ეკონომიკას.
თავისუფალი უნ-ტის სამართლის სკოლა შეიქმნა 2009. ამზადებს სამართალმცოდნეებს, რ-თაც ექნებათ საფუძვლიანი თეორ. ცოდნა და იურისტისთვის საჭირო პრაქტ. უნარ-ჩვევები. სკოლის პროგრამა მოიცავს როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის მიმართულებებს და ფოკუსირებულია კერძო (ბიზნეს) სამართალზე. თ. თ. უ-ს აქვს კონსტიტუციური სამართლის კლინიკა, ახ. პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ კონსტ. კონტროლის ყველა პრობლემას, კონტექსტში აღიქვან ამ პრობლემების არსი და ჩამოაყალიბონ პოზიცია მათი გადაწყვეტის უპირატესი გზების შესახებ.
თავისუფალი უნ-ტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა (MACS) შეიქმნა 2009, სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო 2010. სკოლა სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამას კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკაში და ყოველწლიურად იღებს 32 აბიტურიენტს.
თავისუფალი უნ-ტის ფიზიკის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამას ფიზიკაში. იღებენ თეორ. ცოდნას ფიზ. ფუნდამენტურ მიმართულებებში, ატარებენ ექსპერიმენტებს თანამედროვე ლაბორატორიაში და აქტიურად არიან ჩართული კვლევით სამუშაოებში.
თავისუფალი უნ-ტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული იღებს საბაკალავრო განათლებას ჰუმანიტარულ საგნებში (ისტორია, ხელოვნება და ლიტერატურა), სოც. და პოლიტ. მეცნიერებებში (ფილოსოფია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია და ფსიქოლოგია), ითვისებს ბიზნესის, ეკონ. და სამართ. საწყისებს, დახელოვნდება პროექტების მართვასა და ადმინისტრირებაში.
სტუდენტი დამატებით ირჩევს ძირითადისგან განსხვავებულ სპეციალობას (კერძო და ბიზნესსამართალი, საერთაშ. და საჯარო სამართალი, მათემატიკა, პროგრამირება, ენები) და უნ-ტის დამთავრების დროისათვის იღებს ორ ან მეტ დიპლომს, რაც კიდევ უფრო ზრდის ადამიანის წარმატების შანსს. თ. თ. უ-ის სადოქტორო პროგრამა საშუალებას აძლევს მეცნიერს (დოქტორანტს) შეარჩიოს თანამშრომლობის ოპტიმალური ფორმა და ინდივიდუალური პროგრამა, რ-იც შედგება როგორც სასწავლო, ისე სამეცნ.-კვლ. კომპონენტებისგან, ინდივიდუალურია სადოქტორო პროგრამის ხანგრძლივობაც და სწავლების მეთოდებიც.
თავისუფალ უნ-ტში მოქმედებს კონფუცის ი ნ-ტი, მისი ფუნქციებია: დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს სხვადასხვა მიმართულების ჩინური ენის კურსები ინოვაციური ტექნოლოგიების, მულტიმედიისა და ინტერნეტის გამოყენებით. 2011 თავისუფალ უნ-ტში შეიქმნა ბიზნეს- სამართლის ეროვნული ცენტრი, რ-იც ხელს უწყობს სტუდენტების, სამართლის პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების განათლებას ბიზნესსამართლის სფეროში.