თბილისის ისტორიის მუზეუმი

თბილისის ისტორიის მუზეუმი („ქარვასლა").

თბილისის ისტორიის მუზეუმი იოსებ გრიშა­შვი­ლის სახელობისა, ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ს ეროვნული მ უ ­ზ ე ­უ მ ი ს ა, დაარსდა 1910 წ. 10 მაისს (ქალაქის გამგეობის დადგენილება №3091) როგორც „თბილისის მუნიციპალური მუზეუმი" 1910–11 შესყიდული ექსპონატების ბაზაზე; 1914–23 მუზეუმი დაკონსერვებული იყო, 1924 აღადგინეს და უწოდეს „თბილისის აღმასკომის მუზეუმი". 1943, პროფილის შესაბამისად, ეწოდა „ქალაქ თბილისის სა­ხელმწი­ფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი", 1996 წელს მუზეუმს მიენიჭა ი. გრიშა­შვი­ლის სახელი. 2004-იდან იგი დიდი სამუზეუმო გაერთიანების – სა­ქართვ. ეროვნ. მუზეუმის შემადგენლობაშია. 1924-მდე განთავსებული იყო ზუბალაშვილების უპოვართა სახლში, 1925–36 – წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის ეკლესიაში (ამჟამად საზ-ბა „თბილისელის" გამგეობის შენობა), 1936–84 – ყოფ. კომკავშირის ხეივანში (ამჟამად – სოლოლაკის ხეივანი) არსებულ შენობაში; 1984-იდან „ქარვასლის" შენობაშია, რ-ის რეკონსტრუქცია-რეგენერაცია და ადაპტაცია სწორედ ამ დაწესებულებისთვის ჩა­ტარ­და.

თავდაპირველად მუზეუმი ასახავდა ქალაქის თვითმმართველობის საქმიანობას, შემ­დგომში მისი ფუნქციები გაფართოვდა. ამჟამად იგი თბილ. ისტ. კვლევისა და პოპულარიზაციის მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი სამეცნ.-საგანმან. კერაა. მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილ. ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები, ­ქართვ. და უცხ. მხატვართა ნამუშევრები. არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, ძვირფასი ლითონების, ეთნოგრაფიის, სახვ. ხელოვნების, ფოტონეგატივების, საარქივო დოკუმენტების ექსპონატები გადანაწილებულია ათ ძირითად ფონდში. ექსპონა­ტთა რაოდენობა აღწევს 50 ათასს, რ-თა შორის გვხვდება იშვიათი ნიმუშები: V ს. აქატის საბეჭდი გემა ვახტანგ გორგასლის გამოსახულებით; ცნობილი მხატვრების – ფ. რუბოს, ლ. გუდია­შვი­ლის, გ. გაბა­შვი­ლის, მ. თოიძის, დ. კაკაბაძის, ა. ციმაკურიძის, ე. ახვლედიანის, ქ. მაღალა­­შვი­ლის, ს. ქობულაძის, გ. ბაშინჯაღიანის, ა. ბაჟბეუქ-მელიქიანის, ო. შმერლინგისა და სხვათა ნამუშევრები, რ-ებშიც თბილისი მთელი თავისი მრავალფეროვნებით და კონტრასტებით წარმოგვიდგება; XIX ს. ­ქართვ. არისტოკრატთა პორტრეტები; თეკლა ბატონიშვილისა და მუხრანბატონთა ექსპონატები; თბილ. უძველესი რუკები და გეგმები; XIX ს. თბილისური შენობების მაკეტები (მ. შ. ისეთებიც, რ-ებიც არ აშენებულა); ი. ზარეცკის კოლექცია და სხვ. ფონდის შევსების წყა­როებია: სამეცნ. ექსპედიციები თბილ. ძვ. და ახ. უბნებში, შემოწირულობები და დროებითი გამოფენების დეპარტამენტიდან შემოსული მხატვრული ნახატები.

1925 მუზეუმში მოეწყო პირველი ექსპოზიცია თემაზე – „ძველი თბილისი" (ნ. ბადრია­შვი­ლის ხელმძღვანელობით), 1928 – მეორე ექსპოზიცია სახელწოდებით „ახალი თბილისი". 1933–37 მუზეუმმა მოამზადა ექსპოზიცია, რ-იც გამოიფინა ლონდონსა და პარიზში. 1941-იდან დღემდე, თ. ი. მ-მა მოაწყო ათეულობით თემატური გამოფენა, მ. შ. თბილ. 1500 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სტაციონარული ექსპოზიცია (1958); 1984 ოქტომბერში, "ქარვასლის" შენობაში გადასვლისთანავე, მის ფონდებში არსებული ექსპონატების საფუძველზე, მუზეუმი გაიხსნა შემდეგი ექსპოზიციებით: არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ი. ზარეცკის კოლექცია, „ძველი თბილისის უბნების რესტავრაცია-რეგენერაცია" (ფოტოგამოფენა, ხელმძღვ. შ. ყავლა­­შვი­ლი, გ. ბათია­შვი­ლი) და „ძველი თბილისი მხატვ­რო­ბაში"; 2009 მოეწყო არქეოლ. ექსპოზიცია „უძველესი თბილისი – ევრაზიის კულტურათა გზაჯვარედინი" და სხვ.

წარსულის ამსახველ მასალასთან ერთად თ. ი. მ. წარმოგვიდგენს თანამედროვე ხელოვნებასაც – ქართ. ნეოექსპრესიონიზმის, ტრანსავანგარდის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ფიგურაციის, ინსტალაციის, ვიდეოარტის, პერფომანსისა და სხვ. თანამედროვე მიმდინარეობათა ნიმუშებს.

ლიტ.: თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები, თბ., 1966.

მ. თავაძე