თბილისის იუნკერთა სასწავლებელი, სამხედრო-სასწავლო დაწესებულება რუსეთის იმპერიის არმიისათვის უმცროს ოფიცერთა მოსამზადებლად; შეიქმნა ყირიმის ომის (1853–56) შემდგომ პერიოდში კავკ. სამხ. ოლქთან. სწავლა 2-წლიანი იყო. სასწავლებელში მიიღებოდნენ ყველა წოდებისა და რელიგ. მრწამსის ახალგაზრდები (გარდა იუდაიზმის მიმდევრებისა). 1901 გატარებული რეფორმების შედეგად გადაკეთდა თბილ. ქვეით იუნკერთა სასწავლებლად, რ-იც გათვლილი იყო 400 იუნკერზე. სწავლა 3-წლიანი გახდა. საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918) შემდეგ თ. ი. ს. სამხ. სკოლად გადაკეთდა.