თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო

თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო, დაარსდა 1329 წ. 6 თებერვალს. რომის პაპმა ­იოანე XXII-მ სპეც. ბულით გააუქ­მა თურქებისაგან შევიწროებული სმირნის საეპისკოპოსო და იგი თბილისში გადაიტანა, რადგან გიორგი V ბრწყინვალის მიერ ისევ გაერთიანებული და მონღოლთა ბატონობისგან თა­ვი­სუ­ფა­ლი საქართველო ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა კათოლიკობის პროპაგანდისათვის. ამავე დროს, XIII ს-იდან კათოლიკე მისიონერების პროპაგანდის შედეგად თბილისში მომრავლდნენ ­ქართვ. კათოლიკეები. საეპისკოპოსოს მიეცა ქართულენოვანი ტიპიკონი. მისი დაარსება იმითაც იყო გამოწვეული, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სამეფო კარი და ქართ. ეკლესია კეთილგანწყობას იჩენდა კათოლიკე მისიონერებისადმი. ამავე პერიოდში, ზოგიერთი წყა­როს ცნობით, სოხუმშიც არსებულა კათოლ. საეპისკოპოსო. თ. კ. ს. რომის პაპმა დაუმორჩილა სპარსეთში არსებულ სულთანიეს ეპისკოპოსს. პირველი ეპისკოპოსი იყო ქართ. ენის კარგი მცოდნე, დომინიკელთა ორდენის მისიონერი იოანე ფლორენციელი (1329–48), რ-მაც ამ თანამდებობაზე 19 წელი დაყო, მეორე – ბერტანო კოლეტი (1349–56) და სხვ. თ. კ. ს-მ იარსება XVI ს. 10-იან წლებამდე. ამ ხნის განმავლობაში სულ 13 ეპისკოპოსი განაგებდა ეპარქიას. მისი გაუქმება განაპირობა ერთიანი სა­ქარ­თვე­ლოს ფეოდ. დაქუცმაცებამ და დასუსტებამ. საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობა არ შეწყვეტილა. ­ქართვ. კათოლიკეები სულთანიეს საეპისკოპოსოს მრევლად ირიცხებოდნენ. სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1920 წ. 20 ოქტ., თ. კ. ს. ­კვლავ აღდგა. მის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი ნატალე გაბრიელ მორიონდო.

სა­ქარ­თვე­ლოს გასაბჭოების (1921) შემდეგ თ. კ. ს. გააუქმეს, რომის პაპის წარმომადგენლები საქართველოდან გააძევეს, კათოლ. ეკლესიებიც დახურეს. მოქმედი იყო მხო­ლოდ თბილ. პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია, რ-იც ლიტვის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1993 თებერვალში, თბილისში ვატიკანის წმ. ტახტის სადესპანო გაიხსნა და ­კვლავ აღდგა ლათ. წესის კათოლიკეთა სამოციქულო საეპისკოპოსო. დღესდღეობით სა­ქარ­თვე­ლოში მოქმედებს არაერთი კათოლ. ეკლესია, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, უდეში და ა. შ.

ლიტ.: თ ა მ ა რ ა ­შ ვ ი ­ლ ი  მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902; მ ი ს ი ვ ე, ქარ­თული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995; კ ი კ ნ ა ძ ე  ვ., ლათინური წყა­რო XIV ს. სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, «თსუ შრომები», 1983, ტ. 243; ლომსაძე შ., გვიანი შუა საუკუნეების სა­ქარ­თველოს ისტორიიდან. ახალციხური ქრონიკები, თბ., 1979; მ ი ს ი ვ ე, მიხეილ თამარა­შვი­ლი და ქართველი კათოლიკენი, თბ., 1984.

ე. ბუბულა­შვი­ლი