თბილისის კომიტეტი

თბილისის კომიტეტი, სო­ციალ-დემოკრატიული, თბილისის ს.-დ. ორგანიზაციისა და წრეების ხელმძღვანელი ცენტრი.

1901 იანვ.-მარტში (ჟანდარმერიის ცნობის მიხედვით) თბილისში უნდა არსებულიყო ს.-დ. ორგანიზაცია (წრე), რ-ის სამოქმედო ასპარეზს, როგორც ჩანს, წარმოადგენდა თბილისი, მისი ფაბრიკა-ქარხნები და სხვა საწარმოები. ეს ორგანიზაცია თბილისში არსებული მუშათა ს.-დ. ჯგუფებისა და წრეების მიერ ოფიციალურად არჩეული ხელმძღვ. ორგანო არ ყოფილა, მაგრამ იგი აშკარად კოორდინატორის ფუნქციებს ასრულებდა. ეს ფაქტი იძლევა საშუალებას დასკვნისათვის, რომ ე. წ. თბილ. „ინტელიგენტთა ს.-დ. წრე" იყო გარდამავალი საფეხური XIX ს. 90-იანი წლების შუა ხანებიდან თბილისში არსებული ს.-დ. ჯგუფებიდან საქალაქო ს.-დ. ორგანიზაციისაკენ (კომიტეტისაკენ).

1901 მარტსა და ივლისში მომხდარი დაპატიმრებების შედეგად ეს წრე მთლიანად ჩავარდა. თბილ. მუშათა ს.-დ. ჯგუფები და წრეები კოორდინატორის გარეშე დარჩნენ. დღის წესრიგში დადგა საქალაქო ს.-დ. ორგანიზაციის შექმნის საკითხი. 1901 წ. 27 ოქტომბერს და 4 ნოემბერს ი. ჯუღა­­შვი­ლის (სტალინის) ხელმძღვანელობით გაიმართა კონსპირაციული კრებები, რ-ებმაც მოამზადეს ნიადაგი თბილ. ს.-დ. ორგანიზაციის შექმნისათვის. 1901 წ. 11 ნოემბერს ავლაბარში, კონსპირაციულ ბინაზე 25 სოციალ-დემოკრატი ინტელიგენტი შეიკრიბა. აირჩიეს თბილ. საქალაქო ს.-დ. კომიტეტი ვ. ცაბაძის (თავ-რე), ი. ჯუღა­შვი­ლის (სტალინი), ს. ჯუღელის, გ. ყარაჯაევის, ზ. ჩოდრი­­შვი­ლის, გ. ჩხეიძის შემადგენლობით. ამ ორგანოს უწოდებდნენ „ცენტრა­ლურ კომიტეტს", „საორგანიზაციო კო­მიტეტს", „კომიტეტს". სამეცნ. ლიტ-რაში დამკვიდრებულია სახელ­წოდება – „თბილისის ს.-დ. კომიტეტი". ორგანიზაციის ფუნქ­ცია ასე განისაზღვრებოდა: 1. მოწინავე მუშების განვითარებაზე ზრუნვა იმ მიზნით, რომ მათ ინტელიგენტებისაგან დამოუკიდებლად შეძლონ ს.-დ. წრეების შექმ­ნა; 2. ინტელიგენტების ­მეშვეობით მუშებისათვის არალეგალური ლიტ-რის მიწოდება; 3. საიდუმლო სალაროდან სახსრების განაწილება; 4. თბილისთან ახლოს, რომელიმე სოფელში, საიდუმ­ლო სტამ­ბების ორგანიზებისთვის სახს­რე­ბის გამონახვა. სხდომაზე იმსჯელეს ს.-დ. მოძრაობის მიზნებსა და სხვა ორგანიზაციულ საკითხებზე. ამრიგად, 11 ნოემბერს ინტელიგენტ და მუშა სოციალ-დემოკრატთა კონსპირაციულ შეკრებაზე არჩეული თ. კ. იყო საერთო-საქალაქო ს.-დ. ორგანიზაციის არჩევითი ­ხელმძღვ. ორგანო და ამდენად ხელმძღვა­ნელობდა ­მოძრაობას მთელი ქალაქის მასშტა­ბით. ამის შემდეგ კომიტეტი თავის სხდომებს კონს­პირაციულად მართავდა და მო­ქმე­დების, იდეოლოგიური და ორგანიზაციული მუშაობის სხვადასხვა საკითხს განიხილავდა. თუ რა დამოკიდებულება არსებობდა კომიტეტის ჩამოყალიბების დასაწყისში რუს. ს.-დ. მუშათა პარტიასთან, მასალებიდან არ ჩანს. მოგვიანებით, 1902 დეკემბრისთვის, იგი უკვე რუს. ს.-დ. ორგანიზაციას წარმოადგენდა და მის შემადგენლობაში იყო გაერთიანებული. თბილ. ს.-დ. ორგანიზაციისა და მისი კომიტეტის შექმნა „რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატთა დასის" (გაზ. „ბრძოლის" ბანაკი) ძალებით განხორციელდა და ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს: ი. ჯუღაშვილმა, ვ. ცაბაძემ, გ. ყარაჯაევმა, ს. ჯუღელმა, ზ. ჩოდრიშვილმა, კ. გოგუამ და სხვ., აგრეთვე ვ. კეცხოველმა და ა. ენუქიძემ. 1902 გაზაფხულზე თბილ. ს.-დ. ორგანიზაციის წევრები დააპატიმრეს და 1903 რუსეთში გადაასახლეს. ამ მძიმე დარტყმის მიუხედავად, კომიტეტი მუშაობას განაგრძობდა. 1905–07 რევ. დასაწყისისათვის თ. კ-ში ბოლშევიკებს ძლიერი პოზიციები ეკავათ. ისინი სა­თავე­ში ედგნენ მუშათა გაფიცვებს, პოლიტ. დემონსტრაციებს, შეიარაღებულ ბრძოლებს; ჰქონდათ არალეგალური სტამბები, გამოსცემდნენ და ავრცელებდნენ პარტ. და რევ. ლიტ-რას. 1905, ნ. ჟორდანიას თბილისში დაბრუნების შემდეგ, თ. კ-ში უპირატესობას მენშევიკები დაეუფლნენ. 1908 კომიტეტი გაიყო მენშევიკებად და ბოლშევიკებად. რაიონული ორგანიზაციების აღდგენის მიზნით მენშევიკებმა თბილ. ორგანიზაციაში გაძლიერებული მუშაობა გააჩაღეს. 1909 სექტემბრისათვის მენშევიკების საოლქო კომიტეტი რსდმპ-ის თ. კ-ს არ ცნობდა და ახ. კომიტეტის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. ოქტომბრისათვის, რეორგანიზაციის შემდეგ, მენშევიკთა პოზიციები უფრო განმტკიცდა. 1910 დააპატიმრეს რსდმპის თ. კ-ის ბოლშევიკი წევრები. ივნის-ივლისში მენშევიკთა და ბოლშევიკთა გაერთ. კრებები მოეწყო, მაგრამ ერთიანი ორგანიზაციის აღდგენა ვერ მოხერხდა. აქედან დაწყებული ბოლშევიკებმა ვერ მოახერხეს თავიანთი ორგანიზაციის აღდგენა, ვიდრე არ შექმნეს 1912 რსდმპ-ის თბილ. ჯგუფი.

ვ. გურული