თბილისის კონსერვატორია ვანო სარაჯიშვილის ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ა, უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი, მუსიკალური განათლების ძირითადი კერა საქართველოში. დაარსდა 1917 წ. 1 მაისს თბილ. პირველი სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე [სამუსიკო სასწავლებლისთვის სახსრების შეგროვება 1891 ა. რუბინშტეინის კონცერტით დაიწყო, შემომწირველებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ძმების – სტეფანე, ლევან და იაკობ ზუბალაშვილების წვლილი; სასწავლებლის შენობა (არქიტ. ა. შიმკევიჩი) 1917 გადაეცა კონსერვატორიას]. წლების განმავლობაში კონსერვატორია ევრ. ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი იყო კავკასიაში. თავდაპირველად იგი აერთიანებდა საკუთრივ სასწავლებელს და 2-წლიან უმაღლეს სამუსიკო სკოლას. 1921 ფილარმონიულ საზ-ბასთან არსებული სამუსიკო სასწავლებელი გადაკეთდა მეორე კონსერვატორიად (დირექტორი დ. არაყიშვილი), რ-იც დემოკრ. პრინციპების დამკვიდრებით გამოირჩეოდა. 1924 პირველი და მეორე კონსერვატორია გაერთიანდა და ახ. უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელს სახელმწ. კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა. მას კარგი პროფ. საფუძველი ჩაუყარა პედაგოგთა პირველმა თაობამ, რ-თა შორის იყვნენ: ფ. ლისტის, ვ. ვენიავსკის, ა. მარმონტელის, პ. ჩაიკოვსკის, ი. მოშელესის მოწაფეები; რ. ჯულიარდის სკოლის დამაარსებლები რ. და ი. ლევინები; გ. ნეიჰაუზი, ფ. კესნერი, ლ. ტრუსკოვსკი, ე. ვრონსკი, ო. ბახუტაშვილ-შულგინა, ვ. ვილშაუ, კ. მინიარი, ე. გუზიკოვი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი; ლა სკალას ყოფილი სოლისტი ე. ბროჯი; პეტერბურგის და მოსკოვის კონსერვატორიების პროფესორ-მასწავლებლების მიერ აღზრდილი ქართვ. მუსიკოსები: კომპოზიტორები – ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი; პიანისტები – ა. თულაშვილი და ა. ვირსალაძე; მევიოლინეები – ლ. იაშვილი და ლ. შიუკაშვილი; მომღერლები – დ. ანდღულაძე, ს. ინაშვილი; დირიჟორები – ო. დიმიტრიადი, ე. მიქელაძე; მუსიკისმცოდნეები – შ. ასლანიშვილი, ვ. დონაძე, გ. ჩხიკვაძე, პ. ხუჭუა და სხვ. კონსერვატორიაში სტუდენტთა რაოდენობა ყოველთვის დაკავშირებული იყო ქვეყნის საზ. ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებთან. 1917 თ. კ-ში იყო 16 სტუდენტი, 1921 მეორე კონსერვატორიაში – 1636 სტუდენტი, 1924 პირველ და მეორე კონსერვატორიებში – 876 სტუდენტი, 1925 თ. კ-ში – 400 სტუდენტი. XX ს. 20-იან წლებში, პროლეტკულტელთა ლოზუნგის „ხელოვნება მასებს" შესაბამისად, მეორე კონსერვატორიაში გაიხსნა საღამოს სწავლების ფაკ-ტი, 1924 – ორი მუშფაკი. XX ს. 30-იან წლებში დამტკიცდა სწავლების 5-წლიანი ვადა. დაარსდა ყველა ძირითადი კათედრა და ასპირანტურა: კომპოზიციის (გამგე ს. ბარხუდარიანი), კამერული ანსამბლის (გამგე ი. აისბერგი), სპეც. ფორტეპიანოს (გამგე ა. ვირსალაძე), სოლო სიმღერის (გამგე ე. ვრონსკი), სიმებიანი საკრავების (გამგე კ. მინიარი), კამერული სიმღერის (გამგე დ. შვედოვი), საერთო ფორტეპიანოს (გამგე თ. კობიაშვილი), ენისა და ლიტ-რის (გამგე გ. ნათაძე), ქართ. ხალხ. მუსიკის (გამგე ზ. ფალიაშვილი), საინსტრუქციო (გამგე კ. მეღვინეთუხუცესი), ისტ.-თეორ. (გამგე კ. რაბინოვიჩი), სასულე ინსტრუმენტების (გამგე ვ. ხოსროშვილი), სადირიჟორო სპეციალობის (გამგე ე. მიქელაძე), საზ.-პოლიტ. დისციპლინათა (გამგე ე. ბურჭულაძე) კათედრები. დროთა განმავლობაში ზოგიერთი კათედრა გაიყო ან, პირიქით, შეუერთდა სხვა სპეციალობები, გაჩნდა ახ. კათედრები, ფაკ-ტები, განყ-ბები, კლასები, კაბინეტები, წრეები.
1947-იდან კონსერვატორია ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
თ. კ-მ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოსი, მ. შ. ქართვ. კომპოზიტორთა მთელი თაობები: ა. ბალანჩივაძე, შ. მშველიძე, ა. მაჭავარიანი, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, რ. ლაღიძე, დ. თორაძე, ბ. კვერნაძე, ს. ნასიძე, ნ. გაბუნია, გ. ყანჩელი, ნ. მამისაშვილი, ი. კეჭაყმაძე, თ. ბაკურაძე, ი. ბარდანაშვილი, ზ. ნადარეიშვილი და სხვ.; დირიჟორები: ჯ. კახიძე, ვ. მაჭავარიანი და სხვ.; კონსერვატორიის კურსდამთავრებულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობდნენ, მ. შ.: ე. ვირსალაძე, რ. კერერი, დ. ბაშკიროვი, ლ. ვლასენკო, თ. ამირეჯიბი, ნ. ანდღულაძე, მ. დოიჯაშვილი, თ. გაბარაშვილი, ლ. თორაძე, მ. იაშვილი, ა. ნიჟარაძე, ა. კორსანტია, პ. ბურჭულაძე, ე. ანჯაფარიძე, ლ. ჭყონია, ნ. და ე. ჭყონიები, ი. ალიბეგაშვილი (თამარი), ლ. ათანელი, ა. სიმონიშვილი, თ. ჯავახიშვილი (ივერი), ნ. სურგულაძე და სხვ.
1995-იდან თ. კ. გადავიდა ორსაფეხურიანი სწავლების ევრ. საგანმან. სისტემაზე. 2005-იდან თ. კ. არის კონსერვატორიების ევრ. ასოციაციის წევრი, ამავე წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესის საგანმან., კრედიტებისა და შეფასების საერთაშ. სისტემას.
2013 თ. კ-ში იყო საშემსრულებლო ხელოვნების ფაკ-ტი, რ-ზეც მოქმედებდა საბაკალავრო პროგრამები: კლავიშიანი საკრავები, აკად. გუნდის დირიჟორობა, სოლო აკად. სიმღერა (ქალები, ვაჟები), საორკესტრო სიმებიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი, არფა, გიტარა), საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები (ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი, ტუბა, ტრომბონი, დასარტყამი საკრავები); კომპოზიციის ფაკ-ტი (პროგრამა კომპოზიცია); მუს. თეორიის ფაკ-ტი (პროგრამა მუს. თეორია); მუს. მენეჯმენტის ფაკ-ტი (პროგრამები: მუს. ტექნოლოგია, მუს. ჟურნალისტიკა, მუს. მენეჯმენტი), ჯაზის ხელოვნების ფაკ-ტი; მოქმედებდა ქართ. ენაში მომზადების პროგრამები აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის.
2013 კონსერვატორიაში მუშაობდა 180-მდე პროფ.-მასწავლებელი, რ-ებიც ეწევიან აქტ. პედაგოგიურ, პროფ. საშემსრულებლო და სამეცნ. მოღვაწეობას: გამოდიან კონცერტებით, ატარებენ მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებს, მონაწილეობენ საერთაშ. კონფერენციებში, სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
2013 თ. კ-ში 400-მდე სტუდენტი სწავლობდა. თ. კ-ის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული კონსერვატორიის სასწ.-სამეცნ. და საკონცერტო ცხოვრებაში, სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშ., რესპ. კონკურსებსა და კონფერენციებში.
თ. კ-ს ფართო საერთაშ. კავშირები აქვს; 2000-იდან კონსერვატორიაში სისტემატურად ტარდება მასტერკლასები, ყოველწლიური „საგაზაფხულო საშემსრულებო სემინარები".
თ. კ-ს დადებული აქვს ორმხრივი ხელშეკრულებები თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. ესენია: სტოკჰოლმის საუნივერსიტეტო საოპერო კოლეჯი (შვედეთი; 2013); ჩეზარე პოლინის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პადუა, იტალია; 2012); ვენის მუს. და საშემსრულებლო ხელოვნ. უნ-ტი (ავსტრია; 2012); კატოვიცეს მუს. აკადემია (პოლონეთი; 2012); ლიტვის მუს. და თეატრის აკადემია (ვილნიუსი; 2011); ბელარუსის მუს. სახელმწ. აკადემია (მინსკი; 2010); კრაკოვის მუს. აკადემია (პოლონეთი; 2009); პადერევსკის სახელობის მუს. აკადემია (პოზნანი, პოლონეთი; 2008); მუს. და თეატრის უმაღლესი სკოლა (ჰამბურგი, გერმანია; 2008); ჯ. ვიტოლის სახ. ლატვიის მუს. აკადემია (2008); ნორვეგიის მუს. აკადემია (2008); ესტონეთის მუს. და თეატრის აკადემია (2007); კლაიპედის უნ-ტი (ლიტვა; 2006); ხელოვნ. სახელმწ. უნ-ტი (ხარკოვი, უკრაინა; 2005); მუს. და თეატრის უმაღლესი სკოლა (მიუნხენი, გერმანია; 2008).
თ. კ. მნიშვნელოვანი კულტ. და სამეცნ.-საგანმან. კერაა, აქ ეწყობა სხვადასხვა სახის მუს. ფორუმები, რესპ. და საერთაშ. კონკურსები, თემატური საღამოები და საკონცერტო ციკლები, სტუდენტთა ძალებით ხორციელდება საოპერო დადგმები. სხვადასხვა წლებში კონსერვატორიის მცირე და დიდ საკონცერტო დარბაზებში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები: ვ. ჰოროვიცი, ე. პეტრი, ო. რიდი, ს. რიხტერი, დ. ოისტრახი, ე. გილელსი, მ. როსტროპოვიჩი და სხვ.
თ. კ. მუს. ხელოვნების სამეცნ. კვლევის ძირითადი ცენტრია საქართველოში. აქ ეწყობა კონფერენციები და სიმპოზიუმები როგორც ქვეყნის, ისე საერთაშ. მასშტაბით. 2003 დაარსდა ტრად. მრავალხმიანობის კვლევის საერთაშ. ცენტრი, რ-იც ახორციელებს სხვადასხვა სახის, მ. შ. საერთაშ., პროექტებს. კონსერვატორიაში იქმნება და გამოიცემა სამეცნ. და სასწ.-მეთოდური ლიტ-რა. ბეჭდვითი გამომცემლობის პარალელურად, 2004-იდან ფუნქციონირებს სამეცნ. ელექტრონული ჟურნალი.
თ. კ-ის ბ-კაში დაცულია 53000-მდე დასახელების წიგნი და 100000-მდე დასახელების სანოტო მასალა. ბ-კის ფონდი იქმნებოდა XIX ს. II ნახევრიდან საქართველოში შემოტანილი ლიტ-რით. ფონდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კერძო პირების შემოწირულობები (ი. და ზ. ფალიაშვილების საკლავირო, ა. თულაშვილის საფორტეპიანო, ე. გუზიკოვისა და სხვა ცნობილი მუსიკოსების ბ-კები). 2004 თ. კ-ს მრავალფეროვანი სანოტო მასალა უსახსოვრა ცნობილმა ამერ. მეცენატმა, ქ. ნიუპორტის საერთაშ. ფესტივალის ორგანიზატორმა მარკ მალკოვიჩ III-მ. ფონდში წარმოდგენილია ცნობილი ევრ. მუს. გამომცემლობების ნიმუშები (RICORDI, BREIKOPF, PETERS, SALLIVAN) და სხვ. განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს მე-15 – მე-18 საუკუნეების ლიტ-რის 200-მდე დასახელება. ბ-კაში ინახება ქართვ. ფოლკლორისტებისა და კომპოზიტორთა თაობების მიერ ქვეყნის ყველა კუთხეში მოწყობილი მუს.-ეთნოგრ. ექსპედიციების შედეგად მოძიებული მასალები. ბ-კა ყოველწლიურად იღებს დაახლოებით 20000 მომხმარებელს.
თ. კ-ის ფონოთეკის კაბინეტი გაიხსნა 1917. წლების განმავლობაში მუს. ჩანაწერები მხოლოდ მაგნიტურ ფირებსა და ფირფიტებზე ინახებოდა, XX ს. 90-იანი წლების ბოლოდან კი დაიწყო ძვ. ფირსაკრავებიდან მთელი ხმოვანი მასალის გადატანა კომპაქტდისკებზე. 2002 ფონოთეკის ძირეული რეორგანიზაცია მოხდა. შეიცვალა მისი ტერიტ. განთავსების პირობები, ტექ. აღჭურვილობა. 2013 ფონოთეკა სამ კაბინეტს მოიცავს: მოსასმენ დარბაზს, მუს. ჩანაწერების საცავს და აუდიოჩამწერ სტუდიას. ფონოთეკა აღჭურვილია უახლესი აუდიო- და ვიდეოაპარატურით.
საგამომცემლო საქმიანობას თ. კ. ახორციელებს 1972-იდან. კონსერვატორიის რეგულ. გამოცემებია: სასწ. ლიტ-რა, მუსიკისმცოდნეობის საკითხები, ტრად. მრავალხმიანობის კვლევის საერთაშ. ცენტრის გამოცემები, მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია.
თ. კ-ის არქივში დაცულია კონსერვატორიის ყოფილი სტუდენტების: რ. კერერის, დ. ბაშკიროვის, ლ. ვლასენკოს პირადი საქმეები; მსოფლიოში ცნობილი ვიოლონჩელისტის რ. გარბუზოვას შესახებ ინფორმაცია; მასალები ლ. ათანელის, პ. ბურჭულაძის, საქართვ. სახელმწ. კვარტეტის, ნ. გამგებელის შესახებ და სხვა.
თ. კ-ის ტრად. მრავალხმიანობის კვლევის საერთაშ. ცენტრი დაარსდა 2003, ტრად. მრავალხმიანობის I საერთაშ. სიმპოზიუმში მონაწილე ქართვ. და უცხოელი მონაწილეების თაოსნობითა და იუნესკოს მხარდაჭერით. ცენტრს ავსტრალიაში აქვს საზღვარგარეთული ბიურო (ხელმძღვანელი მელბურნის უნ-ტის პროფესორი, ქართვ. ეთნომუსიკოლოგი ი. ჟორდანია). ცენტრს ჰყავს საერთაშ. სამეთვალყურეო საბჭო, რ-ის შემადგენლობაში შედიან მსოფლიოს გამოჩენილი ეთნომუსიკოლოგები. ტრად. მრავალხმიანობის კვლევის საერთაშ. ცენტრის მიზანია მრავალხმიანობით დაინტერესებული მკვლევრების ერთმანეთთან დაკავშირება, ამ სფეროში არსებული სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა დროს გამოცემული მასალების და ჩანაწერების თავმოყრა და მკვლევრებისა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა; მსოფლიო მრავალხმიანობის რუკისა და მონაცემთა ბაზის შექმნა, ტრად. მრავალხმიანობის საერთაშ. სიმპოზიუმების ორგანიზება და მათი მოხსენებების კრებულების გამოცემა. მას აქვს ფართო საერთაშ. კავშირები მსოფლიოს გამოჩენილ ეთნომუსიკოლოგებთან და მრავალხმიანობის კვლევის სამეცნ. ცენტრებთან.
2009 თ. კ-ში გაიხსნა ახ. სტრუქტურული ერთეული – სამუსიკო სემინარია – თერთმეტწლედი, რ-ის მიზანია განსაკუთრებული მუს. ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, განვითარება და მათი პროფ. ორიენტაცია ადრეული ასაკიდან.
1952 თ. კ-ის ისტორიაში მესამედ, 1924 და 1936 შემდეგ, გაიხსნა საოპერო სტუდია, რ-იც არის ვოკალურ-სცენური ოსტატობის სკოლა კონსერვატორიის აკად. სიმღერის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის.