თბილისის კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმ-კაბინეტი, შეიქმნა 1997 წ. მაისში. მის ფონდებში დაცულია ქართ. მუს. კულტ. მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები, მუსიკოსების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა (XIX ს. II ნახევრიდან): 1850-ით დათარიღებული აფიშები, პროგრამები, ხელნაწერები, კედლის ფაიფურის სამშვენისები, ქართვ. მხატვართა მიერ საოპერო სპექტაკლებისათვის შექმნილი ესკიზები, ლიბრეტოები; კონსერვატორიის ისტ. ამსახველი დოკუმენტაცია (კონსერვატორიის სამხატვრო საბჭოს 1917–19 წწ. ოქმები), ავტოგრაფები, ცალკეული და ჯგუფური ფოტოები, მ. შ.: ზ. ფალიაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, დ. არაყიშვილის, ა. ვირსალაძის, კ. ალიხანოვის, ფ. კესნერის, ა. თულაშვილის, ა. რუბინშტეინის, ლ. ტრუსკოვსკის, ვ. ჰოროვეცის, ა. და ვ. ლევინების, დ. ანდღულაძის და სხვ. მუსიკოსების პირადი ნივთები, მ. შ.: მ. გლინკას, პ. ჩაიკოვსკის, თ. შალიაპინის, ი. ჰოფმანის, ტ. დიუბუას, ს. რახმანინოვის ავტოგრაფები. ექსპოზიციას ამშვენებს ამერ. „კარპენტერის" ფირმის ფისჰარმონიები; ს. რახმანინოვის პირადი „Bechstein" ის ფირმის როიალი, რ-იც 1912 წ. საკონცერტო ტურნეს შემდეგ დაუტოვებია კომპოზიტორს. როიალი, ანა თულაშვილის რეკომენდაციით, 1925 თ. კ-მ კერძო პირისაგან შეიძინა. 1999–2005 გაიზარდა სამუზეუმო ექსპონატებისა და საფონდო მასალის რაოდენობა. მუზეუმში ტრადიციულად ტარდება კონსერვატორიაში მოღვაწე მუსიკოსების, ღვაწლმოსილი პედაგოგების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული მოძრავი და სტაციონარული ექსპოზიციები, იმართება კონფერენციები, თემატურად მრავალფეროვანი კამერული, შემოქმედებითი საღამოები სტუდენტების, პროფესორმასწავლებლების და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით.
თ. კ-ის შენობა, როგორც არქიტ. ძეგლი, შეტანილია კულტ. მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. კონსერვატორიაზე მზრუნველ მეცენატთა, ბიზნესჯგუფებისა და მეგობრების თანადგომის შედეგად, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად, რეკონსტრუირებულია კონსერვატორიის დიდი (500 ადგილი) და მცირე (200 ადგილი) საკონცერტო დარბაზები; კამერული (80 ადგილი), საოპერო სტუდიის და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის სარეპეტიციო დარბაზები; საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე ტექ. საშუალებებით აღჭურვილი ფონოთეკა და ხმის ჩამწერი სტუდიები. თ. კ-ის მზრუნველთა საბჭო შეიქმნა 2002.
სხვადასხვა წლებში თ. კ-ს ხელმძღვანელობდნენ: ნ. ნიკოლაევი (1917–18), ა. ჩერეპნინი (1919–22), მ. იპოლიტოვ-ივანოვი (1924–25), ზ. ფალიაშვილი (1918–19; 1922–23; 1930–31), დ. არაყიშვილი (1926–29); ა. ხოფერია (1929–30), გ. შავგულიძე (1931–32), ა. დუდუჩავა (1932), ა. ხოფერია (1933–37); გ. კილაძე (1938–40; 1940–41; 1944–51), შ. მშველიძე (1940), ვ. გოკიელი (1941–43), ი. ტუსკია (1952–62), ო. თაქთაქიშვილი (1962–64), ს. ცინცაძე (1965–84), ნ. გაბუნია (1984– 2000), მ. დოიჯაშვილი (2000–11), რ. კიკნაძე (2011-იდან).