თბილისის მაზრა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის ცენტრალურ ნაწილში. მოიცავდა ისტ. ქვემო ქართლს, მდ. ალგეთის ზემო წელს, ყარაიაზის ველს და გარეკახეთს. 1803 წ. 23 სექტემბერს იმპერატორის ბრძანებით, ლორეს მაზრა თ. მ-დ გადაკეთდა. მის შემადგენლობაში შედიოდა აგრეთვე ბამბაკის, ბორჩალოს, ყაზახის, შამშადილისა და შურაგელის დისტანციები.
1840 წ. 10 აპრ. ბრძანების თანახმად ეს დისტანციები (გარდა ბორჩალოს დისტანციისა) ახალშექმნილ ელიზავეტოპოლის მაზრას გადასცეს, რ-იც საქართველო-იმერეთის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა. 1868, როდესაც ელიზავეტოპოლის გუბ. შეიქმნა, ხსენებული დისტანციები ამ გუბერნიას მიაკუთვნეს.
1840 აპრილში, სენატის ბრძანების თანახმად, თ. მ. საქართველოიმერეთის გუბ. შემადგენლობაში შევიდა და იგი ოთხგორის, დუშეთის, თბილისის და ბორჩალოს უბნებად დაყვეს.
1846 წ. 14 დეკემბერს თ. მ. თბილ. გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა. 1862 წ. 16 მარტს ახ. ადმ.-ტერიტ. ერთეულები – ლორეს და თრიალეთის საპრისტავოები დაარსდა. 1867 წ. დეკემბერში თ. მ-ს ჩამოაშორეს დუშეთის უბანი და დუშეთის მაზრა შექმნეს.
თ. მ-ის აღმ. ნაწილში ახ. დასახლებული პუნქტების შექმნამ მის შემადგენლობაში კიდევ ერთი ახ. ადმ.-ტერიტ. ერთეულის – ყარაიაზის საპრისტავოს შექმნა განაპირობა, რ-იც საბოლოოდ 1873 კამერალური აღწერით განმტკიცდა.
1870 თ. მ-ს ჩამოაშორეს ლორეს, თრიალეთისა და ბორჩალოს საპრისტავოები, რ-თაგან დამოუკიდებელი ერთეული – შულავერის დროებითი ადმ. განყოფილება შექმნეს. იგი შემდეგში ბორჩალოს მაზრად გადაკეთდა. როდესაც კვლავ აღადგინეს მაზრების უბნებად დაყოფა, თ. მ. სართიჭალის, თბილისისა და ყარაიაზის საპოლიციო უბნებად დაყვეს. თ. მ. გაუქმდა 1930.
ზ. ცინცაძე