თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და მისი ფილიალები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გაიხსნა 1909 წ. 18 მაისს დიდი მთავრის და კირკის ქუჩების გადაკვეთაზე (ამჟამად კ. მარჯანიშვილის და დ. უზნაძის ქუჩები), სახალხო სახლში (ამჟამად კ. მარჯანიშვილის თეატრი), რ-იც ააგეს ქველმოქმედმა ძმებმა: სტეფანე, ივანე, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილებმა. ბ-კას საფუძვლად დაედო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის მიერ გადაცემული ლიტ-რა. ასევე საკმაო რაოდენობის წიგნები შესწირა მას „სიფხიზლის საზოგადოებამაც". ბ-კა არსებობდა ქალაქის მცირე დოტაციით, აგრეთვე სარგებლობის გადასახადით და შემოწირულებით. ბ-კა ატარებდა იაკობ ზუბალაშვილის სახელს. 1928 ბ-კა გადავიდა პლეხანოვის გამზირზე (ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირი). N103-სა და შეროზიას ქ. N2-ის (ამჟამად ზ. ჭავჭავაძის ქ.) კუთხეში მდებარე სასტუმროს შენობაში და ეწოდა „ა. ჯაფარიძის სახ. თბილ. საქალაქო მასობრივი ბიბლიოთეკა N1". 1933-იდან ბ-კა გარდაიქმნა „თბილისის მასობრივ სანიმუშო-საჩვენებელ ბიბლიოთეკად", ხოლო 1944-იდან ეწოდა „თბილისის ა. ჯაფარიძის სახელობის სახელმწიფო სამეცნიერო ბიბლიოთეკა" და დაეკისრა ქალაქის ბ-კების მეთოდური ხელმძღვანელობა.
XX ს. 80-იანი წლებიდან, როდესაც საბჭოთა კავშირში მასობრივი ბ-კების ქსელის ცენტრალიზაცია განხორციელდა, იგი იქცა ქალაქის ცენტრ. დაწესებულებად და მას ადმინისტრაციულად ფილიალების სახით დაექვემდებარა ქალაქის სხვადასხვა რ-ნებისა და უბნების ბ-კები, 1994 წ. მაისში, მწერალთა ერთი ჯგუფის წინადადებით, საბიბლიოთეკო სისტემის ქალაქის ქსელის ცენტრ. ბ-კას მ. ჯავახიშვილის სახელი ეწოდა. 2006 წ. 9 ნოემბერს საქართვ. პრეზიდენტის (N673) ბრძანების საფუძველზე, მ. ჯავახიშვილის სახ. ბ-კის გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართ. იურიდ. პირი – თბილ. მთავარი ბიბლიოთეკა, რ-საც 2007 მას დაექვემდებარა აგრეთვე სა ქართვ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნ. ბ-კებიც. 2008 წ. 12 მაისს სსიპ თბილ. მთავარი ბ-კა გადავიდა გ. ტოვსტონოგოვის ქუჩა N2-ში (ყოფ. 25 თებერვლის ქუჩა, სადაც მანამდე მდებარეობდა რუს. საშ. სკოლა და მასწავლებელთა დახელოვნების ინ-ტი).
თბილ. საბიბლიოთეკო ქსელის წიგნადი ფონდი 2013 წ. 1 იანვრისათვის შეადგენდა 1013202 ცალს, მ. შ. მთავარი ბ-კის წიგნადი ფონდი იყო 86673 ცალი. 2013 წ. 1 იანვრისათვის თბილ. მთავარ ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებდა შემდეგი განყ-ბები: დამუშავება-დაკომპლექტების; კატალოგების ორგანიზაციის; საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული; აბონემენტის; საბავშვო ლიტერატურის; სამკითხველო დარბაზის; სანოტო-სამუსიკო; უცხო ენების ლიტერატურის; საინფორმაციო-კომპიუტერული; ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტის.
თბილისსა და მის შემოგარენში ფუნქციონირებს მთავარი ბ-კის ათეულობით ფილიალი, მ. შ. ლადო ასათიანის სახ. ბ-კა - ფილიალი (დაარსდა 1972); მირზა გელოვანის სახ. ბ-კა-ფილიალი (დაარსდა 1963; იხ. აგრეთვე ახალგაზრდობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკა მირზა გელოვანის სახელობისა). თბილ. მთავარ ბ-კაში ფუნქციონირებს აბონემენტის, მუსიკალური, საბავშვო და სამკითხველო დარბაზები. სამკითხველო დარბაზი მკითხველს ემსახურება წიგნით ადგილზე; აბონემენტის დარბაზი ლიტ-რას გასცემს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით: მუს. განყ-ბა გასცემს სანოტო წიგნებს, ხოლო საბავშვო განყ-ბის ფუნქციაა მკითხველის მომსახურება როგორც ადგილზე წიგნით, ასევე წიგნების გაცემა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილ. მთავარ ბ-კას 1973-იდან გამოცემული აქვს მოკლე ბიბლიოგრ. საძიებლები და მეთოდური მასალები ბიბლიოთეკართა დასახმარებლად. 1946–72 ბ-კა დაჯილდოვდა სსრკ კულტ. სამინისტროს I ხარისხის დიპლომითა და მრავალი სიგელით. თბილ. მთავარი ბ-კის დირექტორები იყვნენ ე. ტროპი, შ. ასათიანი (1935–41), ნ. ჭელიძე (1946–76), ნ. მესხი (1976– 80), ა. გურგენიძე (1980–82), ი. შანავა (1983–89), 1989-იდან ც. კალმახელიძე (2007 წ. 15 მარტიდან თბილ. მთავარი ბ-კის გენ. დირექტორი).
ც. კალმახელიძე