თბილისის ობსერვატორია, შუა საუკუნეების ასტრონომიული ობსერვატორია თბილისში. არაბი გეოგრაფის ალ-ისტახრის ცნობით (930) VIII ს. დამლევს არსებობდა თბილისში, ნარიყალაზე, მის შახტახტად წოდებულ ნაწილში. მარაღის ობსერვატორიის დამაარსებელმა ნასირ ალ-დინ ტუსიმ (1201–74) ამ ობსერვატორიის პროექტის შესადგენად და მომავალი სამუშაოს დასაგეგმავად მიიწვია თვალსაჩინო მეცნიერი, ექიმი, ფილოსოფოსი და ასტრონომი თახარ ალ-დინ ალ-ხილათი (1191–1284), რ-იც აქ XIII ს-ში მოღვაწეობდა. როგორც ჩანს, ობსერვატორია მონღოლთა ხანაშიც განაგრძობდა არსებობას.
უკანასკნელ წლებში ნარიყალაზე არქეოლ. გათხრების დროს, სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას ნაპოვნია ზოდიაქოს თანავარსკვლავედების გამოსახულებათა მოტივებზე შექმნილი, ორნამენტით შემკული საათების მანიშნებელდანაყოფებიანი ქვის ციფერბლატი, რ-საც მზის საათისათვის დამახასიათებელი აუცილებელი დეტალის–გნომონის სამაგრი აქვს.
ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., მესხია შ., თბილისის ისტორია, თბ., 1952; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე გ., XIII საუკუნის თბილელი მეცნიერი მარაღის ობსერვატორიაში, «მაცნე». ისტორიის, არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1984, №2; Б а д р и а ш в и л и Н., Тбилиси, Тб., 1957.
გ. გიორგობიანი