თბილისის საამირო, არაბთა მიერ საქართველოში შექმნილი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული (დაახლ. VIII ს. 30-იანი წლებიდან – XI ს. 80-იან წლებამდე). თ. ს-ს მართავდა არაბი მოხელე – ამირა. თ. ს. არაბთა სახალიფოს დიდი პროვინციის, ე. წ. „არმენიის" (ე. ი. ამიერკავკასიის), ერთ-ერთი ოლქი იყო და თბილ. ამირა ამ „არმენიის" ვალის ემორჩილებოდა. თბილ. ამირას ხალიფა ნიშნავდა (ზოგჯერ – „არმენიის" ვალიც). თ. ს-ში თავდაპირველად მთელი აღმ. საქართველო შედიოდა. შესაბამისად, მის ამირებს ქართლის ამირებიც ეწოდებოდათ. დროთა განმავლობაში, დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად, ქართ. დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნის პარალელურად, საამიროს ფარგლები თანდათან შეიზღუდა. IX–X სს-ში თ. ს-ს საზღვარი ჩრდ-ით დიღმის ხევის ჩათვლით ვრცელდებოდა; სამხრ-ით საამიროს შემადენლობაში დარჩა ციხეები: ბირთვისი, ორბეთი და ფარცხისი; დას-ით თრიალეთი ესაზღვრებოდა; აღმ. საზღვარი ძირითადად მტკვარზე გადიოდა. თბილისის ამირას ხელქვეითი არაბი ამირები ისხდნენ აღმ. საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქებში: რუსთავში, დმანისში, ხუნანში. თბილ. ამირას კარზე არაბ მოხელეთა დიდი შტატი იყო (შურტა, მუჰთასიბი, ამიდი, რაისი, ყადი და სხვ.). თ. ს-ს ადმ. წყობილება ახლო აღმოსავლეთისა და ამიერკავკ. არაბული საამიროების მსგავსი იყო. თ. ს-ში მომრავლდა არაბული მოსახლეობა, აიგო მეჩეთები. VIII ს. დასასრულსა და IX ს. დასაწყისში (არაბთა სახალიფოს პოლიტ. დასუსტების ხანიდან) თბილ. ამირებმა დაიწყეს ბრძოლა სახალიფოს ცენტრ. ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და ხელისუფლების მემკვიდრეობით თანამდებობად გადაქცევისათვის. VIII–IX სს-ში ხალიფები გზავნიდნენ დამსჯელ ექსპედიციებს თბილ. ურჩი ამირების დასამორჩილებლად (იხ. ბუღა თურქის ლაშქრობა 853; ხალიდ იბნ იაზიდის ლაშქრობები თბილისში). IX ს. დასაწყისიდან 853-მდე თბილისში ამირობა შუაბიანების სახლის ხელთ იყო. ამ სახლის წარმომადგენლები ენერგიულად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის. ისჰაკ იბნ ისმაილ იბნ შუაბი (ქართ. წყაროებში–საჰაკი), რ-ის მოღვაწეობას უკავშირდება თბილისის (სოღდებილის) ციხის გამაგრება და სხვ. ღონისძიებანი, 853 დამარცხდა ხალიფის სარდალ ბუღა თურქთან ბრძოლაში. იგი სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ თბილისში ამირებად შაიბანიანების სახლის წარმომადგენლები იყვნენ, ხოლო IX ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე (თბილისში ამირათა ხელისუფლების გადავარდნამდე) – ჯაფარიანები, რ-ებიც, ფაქტობრივად უკვე გამოეყვნენ სახალიფოს ცენტრ. ხელისუფლებას. თუმცა თ. ს-ში, ისევე როგორც სახილიფოს სხვა პროვინციებში, არაბ. მონეტა იჭრებოდა ხალიფის სახელით, მაგრამ X ს. 40-იანი წლებიდან, ფაქტობრივი პოლიტ. დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად, ჯაფარიანი ამირები მათ მიერ მოჭრილ მონეტებზე ხალიფის სახელთან ერთად საკუთარ სახელსაც აღნიშნავდნენ და აღიარებდნენ ბაღდადის ხალიფის უზენაეს რელიგ. ხელისუფლებას.
თ. ს-ში ძირითადად ქართველები ცხოვრობდნენ. საამიროს არსებობის პერიოდში ისინი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მომიჯნავე მხარეთა ქართ. მოსახლეობასთან. IX ს. დასაწყისიდან ქართ. სამეფო-სამთავროები და თ. ს. ერთმანეთს ეცილებოდნენ საქართვ. შიდა რაიონების ხელში ჩასაგდებად. საამირო, ფაქტობრივად, მხოლოდ თავის დასაცავად იბრძოდა და თანაც უშედეგოდ. მან თანდათან დაკარგა ციხესიმაგრეები და მიწები. XI ს. დასაწყისამდე საამიროს ტერიტ. თბილისითა და მისი შემოგარენით შემოიფარგლა და ამირაც ერთიანი საქართველოს მეფის გავლენის ქვეშ მოექცა. XI ს. 80-იანი წლებიდან, ჯაფარიან ამირათა გადაშენების შემდეგ, თბილისში ხელისუფლება გადავიდა ადგილობრივი თვითმმართველობის – თბილელი ბერების ხელში.
ლიტ.: თბილისის საამირო, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., თბილისის საამიროს ისტორიიდან, «მიმომხილველი», 1951, № 2; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად); ჯ ა ნ ა შ ი ა ს., არაბობა საქართველოში, შრომები, [ტ.] 2, თბ., 1952.
მ. ლორთქიფანიძე