თბილისის საეკლესიო მუზეუმი, დაარსდა 1888 სიონის ტაძართან ი. ჭავჭავაძის, დ. ბაქრაძისა და სხვათა თაოსნობით. თ. ს. მ-ის მიზანი იყო საქართვ. ეკლესია-მონასტრებში შემონახული წერილობითი ძეგლების წარმოჩენა, შეკრება, შენახვა და შესწავლა. მუზეუმმა თავი მოუყარა მრავალ უძველეს, უნიკალურ ქართ. ხელნაწერს (V–VI სს. პალიმფსესტები მოხატული ხელნაწერი წიგნები და სხვ.). თ. ს. მ-ის ფონდი 1921 თბილ. უნ-ტს გადაეცა, 1930 კი სხვა სიძველეთსაცავების ფონდებთან ერთად – საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბას. თ. ს. მ-ის ხელნაწერთა აღწერილობა შეადგინეს თ. ჟორდანიამ (1902 გამოსცა 2 ტომად 800 ხელნაწერის აღწერილობა), მ. ჯანაშვილმა (1908 გამოსცა 240 ხელნაწერის აღწერილობა); თ. ს. მ-ში 1908-ის შემდეგ შემოსული ხელნაწერები კვლავ აღიწერა 1921–28 წლებში. 1927 თ. ს. მ-მა შეწყვიტა არსებობა. მუზეუმის გამგეები სხვადასხვა დროს იყვნენ დ. ბაქრაძე (1888–97), მ. ჯანაშვილი (1898–1927)