„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“ (შპს), თბილისის აეროპორტი. განლაგებულია ქალაქის სამხრ.-აღმ. ნაწილში, ცენტრიდან 18 კმ-ზე. ქალაქის ცენტრს უკავშირდება სამზოლიანი ორმხრივი საავტ. გზით, ხოლო თბილ. ცენტრ. რკინიგზის სადგურს – რკინიგზის ხაზით. თბილისში პირველმა აეროპორტმა ფუნქციონირება 1923 დაიწყო. მდებარეობდა მე-3 საცხოვრებელი მასივის (ახლანდ. ვარკეთილი-1) ტერიტორიაზე, შედგებოდა საფრენი მინდვრისა და ხის პატარა ოროთახიანი ნაგებობისაგან („აეროვაგზალი”). 1933 ამჟამად მოქმედი თბილ. აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა პირველი საბაზისო, იმ დროისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აეროპორტი „ქვემო ალექსეევკა” (ახლანდ. ბესარიონ ქებურიას დასახლება), რ-მაც ხელი შეუწყო საქართვ. სამოქალაქო ავიაციის განვითარებას. 1956 წლის 22 სექტემბერს ამ აეროპორტიდან განხორციელდა ტუ-104 ტიპის სამგზავრო რეაქტიული თვითმფრინავის პირველი საცდელი გაფრენა. რეაქტიული თვითმფრინავების მასობრივმა დანერგვამ განაპირობა ახ. სამგზავრო ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. 1958 წლის 14 დეკემბერს მწყობრში ჩადგა რიგით მეორე, ახ. აეროვაგზლის შენობა (არქიტექტორები: გ. ელკინი, ვ. ბერიძე) საათში 260 მგზავრის გამტარუნარიანობით. 1971-იდან იგი სამთავრობო აეროვაგზალი გახდა. 1971 წ. 5 მაისს ამოქმედდა რიგით მესამე აეროვაგზალი (არქიტექტორები: ვ. ბერიძე, შ. თოდრია), რ-ის გამტარუნარიანობა საათში 1000 მგზავრს შეადგენდა. 1981-იდან თბილ. აეროპორტმა მიიღო საერთაშ. სტატუსი და დაიწყო საერთაშ. რეისების შესრულება აღმ. ევრ. ქვეყნებში.
საავიაციო გადაზიდვების ინტენსიურმა მატებამ აუცილებელი გახადა ახ. სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა საერთაშ. სტანდარტების გათვალისწინებით. 1995 ამ მიზნით აეროვაგზალს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც გაიზარდა მისი გამტარუნარიანობა, თუმცა იგი მაინც ვერ აკმაყოფილებდა საერთაშ. სტანდარტებს, რამაც განაპირობა მთავრობის მიერ ახ. სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება.
ახ. სამგზავრო ტერმინალი (აეროვაგზალი), რ-იც ტენდერში გამარჯვებულმა თურქულმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ” („ტავ აეროპორტების ჰოლდინგის” შვილობილი კომპანია) ააშენა, გაიხსნა 2007 თებერვალში. აქედან სრულდება რეგულ. რეისები ევროპისა და აზიის 30-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით. აეროპორტში სამგზავრო მომსახურებას ძირითადად აღნიშნული თურქ. კომპანია უზრუნველყოფს. „თ. ს. ა-ის” მართვის უფლება „ტავ ჯორჯიას” 20 წლის ვადით, 2027-მდე გადაეცა. 1999 განხორციელდა საქართვ. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს რეორგანიზაცია, რის შედეგად შეიქმნა სააქციო საზ-ბა „თბილისის აეროპორტი”, 2000-იდან ეწოდა სააქციო საზ-ბა „თ. ს. ა.”, ხოლო 2010-იდან გახდა შპს „თ. ს. ა.”, რ-ის აქციების 100% ფლობს სახელმწიფო.
თბილ. აეროპორტი ორი ასაფრენ-დასაფრენი ზოლით (ძირითადი და დამხმარე) დღე-ღამის განმავლობაში ემსახურება სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდს. აქვს თვითმფრინავების სადგომი 57 გასაჩერებელი ადგილით. აეროპორტის სანავიგაციო სისტემები შეესაბამება საერთაშ. სტანდარტებს.
„თ. ს. ა-ის” ტერმინალში 2 დარბაზი (ჩამოფრენისა და გამგზავრების) და 2 ბიზნესდარბაზია (ჩამოფრენისა და გამგზავრების) განთავსებული. აეროპორტში შექმნილია მგზავრთა მრავალფეროვანი მომსახურების სრული პაკეტი, რ-იც აკმაყოფილებს საერთაშ. სტანდარტებს. მგზავრთა გამტარუნარიანობა საათში 2 ათასს შეადგენს. გარდა ამისა, აეროპორტში ფუნქციონირებს სამთავრობო ტერმინალი. 1971 აშენებული სამგზავრო ტერმინალი ამჟამად დახურულია. 2012-იდან აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 1 მლნ-ზე მეტ მგზავრს ემსახურება.
მგზავრთა უკეთ მომსახურების მიზნით 2008 თბილ. ცენტრ. რკინიგზის სადგურიდან გაყვანილ იქნა რკინიგზის 17,3 კმ-იანი მონაკვეთი „თ. ს. ა-მდე”. აეროპორტის რკინიგზის სადგური, გარდა აეროპორტის მგზავრებისა, სხვა მოქალაქეებსაც ემსახურება.
2010 დუბაიში „თ. ს. ა-მა” მიიღო ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო განვითარებადი აეროპორტი” (ყოფ. დსთ-ის ქვეყნებს შორის), 2011 კი ასევე დუბაიში მოიპოვა ჯილდო „საუკეთესო აეროპორტი ყოფილ დსთ-ის ქვეყნებში”; ამავე წელს თბილისში დასახელდა გამარჯვებულად ნომინაციაში „საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სერვისი”, ხოლო 2013 უკრაინაში (დონეცკი) – ნომინაციაში „საუკეთესო აეროპორტი მარკეტინგის სფეროში”.
ნ. დუმბაძე