თბილისის სამასწავლებლო სკოლა, საოსტატო ინსტიტუტი, პირველი პედაგოგიური სასწავლებელი საქართველოში. გაიხსნა 1866 თბილისში. თავდაპირველად სამი კლასისაგან შედგებოდა, იღებდნენ დაწყებითი სკოლის კურსდამთავრებულებს; 1871-იდან გადაკეთდა საოსტატო-სამასწავლებლო ინ-ტად და ეწოდა ალექსანდრე II-ის სახელი. ამზადებდნენ მასწავლებლებს ამიერკავკ. საქალაქო (შემდგომში – უმაღლესი დაწყებითი) სასწავლებლებისათვის. სწავლება 4-წლიანი იყო, რუს. ენაზე. ასწავლიდნენ საღვთო სჯულს, პედაგოგიკას, რუს. ენას, გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკა-გეომეტრია-ხაზვას, ბუნებისმეტყველებას, ჰიგიენასა და პოპულარულ მედიცინას, სუფთა წერას, გალობას, აგრეთვე ტანვარჯიშსა და ხელგარჯილობას. ქართ. ენა არასავალდებულო საგანი იყო და კვირაში 4 საათი ეთმობოდა. სკოლა ყოველწლიურად საშუალოდ უშვებდა 14–15 მასწავლებელს. თ. ს. ს-მ 1919-მდე იარსება. ამავე წელს გადაკეთდა თსუ-ის პედაგოგიურ ინ-ტად (იხ. თბილისის საპედაგოგიო ინსტიტუტი), რ-მაც 1923 წ. ივლისამდე იარსება.
დ. გურგენიძე