თბილისის სამედიცინო აკადემია პ. შოთაძის სახელობისა, თვითმმართველობის პრინციპით მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სასწავლო უნივერსიტეტი. თსა (შპს) დაფუძნდა 1992, ფუნქციონირებს სახელმწ. ლიცენზიის და აკრედიტაციის საფუძველზე. თსაის დამფუძნებლები არიან პროფესორები პ. შოთაძე, დ. წვერავა და ექიმთა დახელოვნების თბილ. სახელმწ. ინ-ტი; 2000, პ. შოთაძის გარდაცვალების შემდეგ, აკადემიას მისი სახელი ეწოდა.
თსა-ში მოქმედებს ორი საგანმან. პროგრამა – „სამკურნალო საქმე” და „სტომატოლოგია”; კურსდამთავრებულებს ენიჭებათ, შესაბამისად, დიპლომირებული ექიმისა და დიპლომირებული სტომატოლოგის აკად. ხარისხები; პროგრამა ერთსაფეხურიანია და შეესაბამება უმაღლესი აკად. განათლების მეორე საფეხურს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული ექიმის აკად. ხარისხი (Medical Doctor).
პროგრამის მიზანია დიპლომირებული ექიმების მომზადება, მათთვის ღრმა კლინ. აზროვნების განვითარება, სამედ. პრაქტიკული საქმიანობისთვის აუცილებელი საერთაშ. სტანდარტების შესაბამისი სამედ. განათლების მიცემა, კლინ. დისციპლინებში მეცადინეობების დროს კლინ. შემთხვევების ანალიზი ხდება კლინ. გარემოში. კლინ. და კვლევით უნარ-ჩვევებს სწავლების ადრეულ ეტაპზე სტუდენტები გამოიმუშავებენ თსა-ის სამეცნ.-კვლ. და კლინ. უნარჩვევების სტუდენტურ ცენტრში.
საგანმან. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს საბუნებისმეტყველო, ქცევითი, სოც. და კლინ. მეცნიერებების უახლეს კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემ. ცოდნა, რ-საც იყენებს პრაქტ. საქმიანობაში. საგანმან. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია განაგრძოს სწავლა დოქტორანტურაში ან გაიაროს რეზიდენტურის კურსი კონკრეტულ სპეციალობაში და უნიფიცირებული სახელმწ.-სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.
ერთსაფეხურიანი საგანმან. პროგრამა სტომატოლოგია გათანაბრებულია უმაღლესი აკად. განათლების მეორე საფეხურთან. პროგრამის ხანგრძლივობაა 5 წელი. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული სტომატოლოგის აკად. ხარისხი (Doctor of Dental Medicine).
პროგრამის მიზანია: დიპლომიებული სტომატოლოგების მომზადება, მათთვის სტომატოლოგიური პრაქტ. საქმიანობისთვის აუცილებელი საერთაშ. სტანდარტების შესაბამისი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული განათლების მიცემა, კლინ., კვლევითი და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების, ექიმის პროფესიისთვის მნიშვნელოვანი ეთიკური ღირებულებების და დამოკიდებულებების გამომუშავება.
საგანმან. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს სამედ. და უფრო ფართოდ – სტომატოლოგიური დისციპლინების უახლეს კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემ. განათლება, აგრეთვე ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების ღრმა ცოდნა. საგანმან. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია განაგრძოს სწავლა დოქტორანტურაში ან გაიაროს რეზიდენტურის კურსი და უნიფიცირებული სახელმწ. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.
თსა-ში სწავლება მიმდინარეობს აკად. სასწ. კორპუსში, სადაც განთავსებულია სათანადო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორიები, კომპიუტერული ცენტრი, კლინ. და სამეცნ.-კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა; აგრეთვე – კლინ. ბაზებზე, რ-ებთანაც გაფორმებულია საიჯარო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები.
თსა-ში 2010-იდან მიმდინარეობს ექიმ-სპეციალისტების მომზადება რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფ. მზადების) აკრედიტებული მიდგომებით 5 სპეციალობაში: თერაპიული სტომატოლოგია, კარდიოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, დერმატოვენეროლოგია, სამედ. რეაბილიტაცია და სასპორტო მედიცინა.
თსა თანამშრომლობს სხვა უმაღლეს და სამეცნ.-კვლ. დაწესებულებებთან, ასევე პროფესიულ ასოციაციებთან. თსა-ში ტარდება სამეცნ. კვლევები, უზრუნველყოფილია სასწ. პროცესთან სამეცნ.-კვლ. საქმიანობის მჭიდრო კავშირი, ვითარდება საერთაშ. სამეცნ.-კვლ. საქმიანობა.
1993-იდან თსა დაამთავრა 1600-ზე მეტმა სტუდენტმა. 50-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის აკად. ხარისხი.
თსა არის სამედ. განათლების საერთაშ. დირექტორიის (IMEDFAIMER) წევრი.
თსა-ში ფუნქციონირებს კლინ. და კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი, სისტემატურად ტარდება სტუდენტთა, რეზიდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნ. კონფერენციები.
თსა-ს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები მსოფლიოს და საქართველოს სხვადასხვა სამეცნ.-სასწ. ცენტრებთან.