„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ (შპს), კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დანიშნულებაა მოსახლეობის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის უსაფრთხო სატრანსპორტო მომსახურებით. ფუნქციონირება დაიწყო „თბილისის მეტროპოლიტენის” სახელწოდებით 1966-იდან, როდესაც გაიხსნა მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი დიდუბე–რუსთაველის მიმართულებით. 1997-იდან ჩამოყალიბდა როგორც შპს „თბილისის მეტროპოლიტენი”, 2006-იდან დაერქვა შპს „თბილისის მეტრო”, ხოლო 2009-იდან გახდა შპს „თ.ს.კ.”, რ-ის 100%იანი წილის მფლობელია თვითმმართველი ქ. თბილისი. ამჟამად კომპანიის მფლობელობაშია თბილისის მეტროპოლიტენი, რ-ის საექსპლოატაციო არეალი წარმოადგენს დაახლოებით 62,5 კმ სიგრძის მიწისქვეშა საგვირაბო კონსტრუქციას, ორი დამოუკიდებელი ხაზით და 22 სადგურით, რ-საც ყოველი 3,5–4 წთ-ის ინტერვალით ემსახურება მოძრავი შემადგენლობები ორი სამატარებლო დეპოთი. 2009 კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური ავტობუსები და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება სამი ავტოპარკისა და ერთი სერვისცენტრის სახით. 2012 კომპანიის საქმიანობის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და მის აქტივებს დაემატა ახლად აშენებული რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა. ოპერატიულობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით „თ. ს. კ.-ს” გააჩნია დამოუკიდებელი ციფრული და ენერგომომარაგების სადისპეტჩერო ქსელი, სადაც გაერთიანებულია მისი ყველა სტრუქტურული ერთეული.
კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროა სატრანსპორტო მომსახურება, მგზავრთა გადაყვანა და საგანგებო ან სამხ. მოქმედების პერიოდში მოსახლეობის სამოქალაქო-თავდაცვითი ღონისძიებების გატარება. ამის უზრუნველსაყოფად საწარმოს ევალება შემდეგი ფუნქციების შესრულება: თავისი საქმიანობის სფეროში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაცია; მგზავრთა უსაფრთხო მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა; მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საექსპლუატაციო მუშაობის გრაფიკის შედგენა და მისი შესრულება; მგზავრთა გადაყვანა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის ერთიან ქსელში მოძრაობის ოპერატიული მართვის, აღრიცხვისა და კონტროლის საშუალებით; ტექ. დონისა და ტექ. საშუალებების ექსპლუატაციის საიმედოობის დაცვა და ამაღლება, ტექნოლ. პროცესების სრულყოფა, ახ. ტექნიკისა და გამოცდილების დანერგვა და სხვ.