თბილისის სახელმწიფო სამ­ხატვრო აკადემია

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ვესტიბიული.

თბილისის სახელმწიფო სამ­ხატვრო აკადემია ა. ქუთათელაძის სახელობისა (1933-მდე – სა­ქარ­თვე­ლოს სამხატვრო აკადემია), პირველი ეროვნული უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი, დაარსდა 1922. აკადემიის დაარსებას ნიადაგი შეუმზადეს XIX ს. 70-იანი წლებიდან თბილისში არსებულმა სამხატვრო სკოლებმა და ევრ. ქვეყნების სამხატვრო სასწავლებლებსა და სტუდიებში განსწავლულმა მხატვრებმა; ხოლო აკადემიის დაარსების თაოსანი იყო 1916 შექმნილი ქართვ. მხატვართა საზ-ბა. დაარსებისას აკადემიაში მოღვაწეობდნენ გ. ჩუბინაშვილი (პირველი რექტორი), გ. გაბაშვილი, ი. ნიკოლაძე, ე. ლანსერე, ა. კალგინი, ჰ. ჰრინევსკი, ი. შარლემანი, ო. შმერლინგი და სხვ. XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს სასწავლებელში მოღვაწეობა დაიწყეს ნ. კანდელაკმა, საფრანგეთიდან ახლად დაბრუნებულმა დ. კაკაბაძემ და ლ. გუდიაშვილმა; XX ს. 30-იან წლებში პედა­გოგებად მიიწვიეს აკადემიაში აღზრდილი მხატვრებიც. 1922–29 მ. თოიძის სამხატვრო სტუდია ახალგაზრდებს სამხატვრო აკადემიაში შესასვლელად ამზადებდა.

XX ს. 30-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა მთავრობამ ჩაატარა განათლების სისტემის რეორგანიზაცია, რ-ის მიზანი იყო ამ სისტემის იდეოლოგიზირება და სახელოვნებო სფეროში „საწარმოო ესთეტიკის” დამკვიდრება, რასაც შედეგად აკადემიის დახურვა მოჰყვა. 1931 აკადემია სამხატვრო-ტექ. ინ-ტად გადაკეთდა, შემდეგ სახვითი ხელოვნ. დარგები მიუერთეს სა­ხელმწ.-პედ. ინ-ტად გარდაქმნილ თსუ-ს, ხოლო არქიტ. ფაკ-ტი – სამშენებლო ინ-ტს. 1933 აღდგა თსუ, ხოლო სახვითი ხელოვნ. ფაკ-ტის ბაზაზე კვლავ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სამხატვრო სასწავლებელი – თ.ს.ს.ა. 1937 მას დაუბრუნდა არქიტ. ფაკ-ტიც. ამ პერიოდისთვის აკადემიაში უკვე 4 ფაკ-ტი იყო: ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკისა და არქიტექტურის. ქანდაკების ფაკ-ტზე ფუნქციონირებდა 1927 გახსნილი კერამიკის განყ-ბა.

XX ს. 30-იან წლებში სსრკ-ში მიმდინარე რეპრესიების ტელღამ თ.ს.ს.ა-საც გადაუარა; დახვრიტეს პროფესორები ჰ. ჰრინევსკი, ვ. კოტეტიშვილი, ა. დუდუჩავა და სხვ. 1943 დაარსდა ხატვის კათედრა, რ-საც სათავეში ჩაუდგა ს. ქობულაძე; 1947 დ. კაკაბაძის ინიციატივით შეიქმნა თეატრ. სახელოსნო, რ-საც მხატვარი თავად ხელმძღვანელობდა; მოგვიანებით ამ მიმართულებას ცნობილი ქართვ. თეატრის მხატვარი ფ. ლაპიაშვილი უძღვებოდა. XX ს. 40–50-იან წლებში საკმაოდ შეიზღუდა შემოქმედებითი თავისუფლება. აკადემიიდან დაითხოვეს დ. კაკაბაძე. 50–60-იან წლებში აკადემიაში პედაგოგ-მხატვართა ახ. თაობა მოვიდა. ნიჭიერ მხატვრებთან თანამშრომლობა განაპირობებდა სკოლის მაღალ დონეს და ავტორიტეტს. თ.ს.ს.ა. იყო ერთადერთი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი კავკასიაში, რ-იც ათწლეულების განმავლობაში ამზადებდა შემოქმედთა კადრებს სომხ., აზერბ., ჩრდ. კავკ. რესპუბლიკებისათვის.

სსრკ-ში განათლების სფეროს მოდერნიზაციის გამო, XX ს. 50იანი წლების ბოლოს შეიქმნა თ.ს.ს.ა-ის დახურვის საფრთხე. აკადემიის იმდროინდელი რექტორის ა. ქუთათელაძის ძალისხმევით აკადემია დახურვას გადაურჩა. 1999 თ.ს.ს.ა-ს მიენიჭა ა. ქუთათელაძის სახელი.

1959 ჩამოყალიბდა გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის კათედრები: გობელენისა და ქსოვილების მხატვრული გაფორმების, ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების, ხისა და ლითონის ნაკეთობათა და სამრეწველო ხელოვნების, რ-თა ბაზაზე 1961, მანამდე არსებულ კერამიკის განყ-ბასთან ერთად, შეიქმნა დეკორ.-გამოყენებითი ხელოვნ. ფაკ-ტი (1998-იდან – დიზაინის ფაკ-ტი). 2010 დიზაინის ფაკ-ტის ბაზაზე შეიქმნა ლურჯი სუფრის კვლევითი ლაბორატორია, სადაც აღადგინეს სახიანი ქსოვილის ბეჭდვის უძველესი ტრადიციული ტექნოლოგიები.

1966 ფერწერისა და არქიტექტურის ფაკ-ტზე ამოქმედდა რესტავრაციის 2 განხრა – არქიტექტურის რესტავრაცია და ფერწერის რესტავრაცია, ხოლო 1967 ლ. რჩეულიშვილის, ვ. ბერიძისა და სხვ. ხელოვნებათმცოდნეთა მცდელობით და მხარდაჭერით შეიქმნა ხელოვნ. ისტორიისა და თეორიის ფაკ-ტი. 2005 რესტავრაცია ცალკე მიმართულებად გამოიყო, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკ-ტს შეუერთდა და, შესაბამისად, ფაკ-ტსაც ეწოდა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკ-ტი. 1994 გაიხსნა ქართ. შრიფტის სამეცნ.კვლ. ლაბორატორია.

2005 აკადემიაში გაიხსნა კომპიუტერული ხელოვნების, გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციების ფაკ-ტი, რ-საც 2006 ფოტოგრაფიის და ახალი მედიების კავკასიის ინ-ტი შეუერთდა და მედიახელოვნების ფაკ-ტი ეწოდა. 2007 შეიქმნა ახ. ანიმაციის სტუდია, სადაც სტუდენტები ეუფლებიან ანიმაციური ფილმის (ნახატი, თოჯინური, პლასტელინის, სილა-ფხვნილის ანიმაცია) შექმნის სხვადასხვა ტექნიკას.

2004–06 სა­ქარ­თვე­ლოს საგანმან. სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფონზე აკადემია მიუერთდა ბოლონიის პროცესს, რის შედეგადაც მოხდა სასწავლო პროგრამების სრული მოდერნიზაცია. აკადემია გადავიდა სწავლების სამსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).

2014-თვის თ.ს.ს.ა. არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო სახელოვნებო სასწავლებელი, სადაც ასწავლის 117 პროფესორი და 202 მოწვეული პედაგოგი, სწავლობს 1800-მდე სტუდენტი. აკადემიაში მოქმედებს 5 ფაკ-ტი: სახვითი ხელოვნების; არქიტექტურის; მედიახელოვნების; დიზაინის; რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკ-ტები. სახვითი ხელოვნების ფაკ-ტი აერთიანებს 4 სასწ. მიმართულებას: ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკებისა და ხატვის მიმართულებებს; არქიტექტურის ფაკ-ტზე 3 მიმართულებაა: სამოქალაქო არქიტექტურის, გარემოს დიზაინის და ინტერიერის დიზაინის; მედიახელოვნების ფაკ-ტი აერთიანებს 3 მიმართულებას: ციფრული მედიის, გრაფიკული დიზაინის და ფოტოგრაფიის; დიზაინის ფაკ-ტი აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: მხატვრული კერამიკა, მხატვრული მინა, ტექსტილის დიზაინი, მოდის დიზაინი, სამრეწველო დიზაინი, ხის მხატვრული დამუშავების და ავეჯის დიზაინი, სამკაული და ლითონის დეკორატიული პლასტიკა; რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკ-ტზე 2 მიმართულებაა: ხელოვნების ისტორია და თეორია და რესტავრაციაკონსერვაცია.

ამ ფაკ-ტებზე ხორციელდება 24 საბაკალავრო, 30 სამაგისტრო, 5 სადოქტორო და 2 პროფესიული პროგრამა.

თ.ს.ს.ა-ში მოქმედებს ბ-კა, რ-შიც დაცულია უნიკალური რარიტეტები; ასევე მოქმედებს მუზეუმი, გობელენის მუზეუმი და რამდენიმე საგამოფენო დარბაზი: დიდი საგამოფენო დარბაზი, მცირე საგამოფენო დარბაზი „აკადემია +”, „აკადემია ჰოლი”.