თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი პეტროს ადამიანის სახელობისა, დაარსდა თბილისში 1921, თუმცა სცენისმოყვარეთა წარმოდგენები სომხურ ენაზე იმართებოდა ჯერ კიდევ 1856-იდან მ. ჩიმიშკიანის ხელმძღვანელობით. მასთან აღიზარდა გამოჩენილ მსახიობთა რამდენიმე თაობა. პირველ თაობას წარმოადგენდნენ მსახიობები: გ. აბრიკიანი, ა. სუკიასიანი, ა. მანდინიანი, აგრეთვე პ. ადამიანი, სირანუიში, ი. ჰრაჩია და სხვ. პირველი რეჟისორები იყვნენ: ს. ქაფანაკანიანი, თ. სევუმიანი, ლ. ქალანთარი და სხვ. სწორედ ლ. ქალანთარის მეცადინეობით 1921 ჩამოყალიბდა ახლანდელი თეატრი, რ-საც ამავე წელს მიენიჭა სახელმწ. თეატრის სტატუსი. თეატრში მოღვაწეობდა სომხ. რეალისტური დრამატურგიის ფუძემდებელი გ. სუნდუკიანი. 1927–28 თეატრ. სეზონს ხელმძღვანელობდა ცნობილი ტრაგიკოსი მსახიობი ვ. ფაფაზიანი. იდგმებოდა სომეხი, ქართველი, რუსი და ევროპელი კლასიკოსების ნაწარმოებები. 1955 თეატრს მიენიჭა ს. შაუმიანის სახელი. სხვადასხვა დროს თეატრში მოღვაწეობდნენ მსახიობები: ო. მაისურიანი, ო. გულაზიანი, ვ. ფაფაზიანი, ა. არმენიანი, გ. და მ. ბეროიანები, გ. ნერსესიანი, ა. ლუსინიანი, ლ. ამირბეკიანი, ფ. აკოფიანი, ა. ჟამკოჩიანი, ს. ელიაზარიანი, ს. სოსიანი და სხვ. რეჟისორები – ა. ბურჯალიანი, ს. ქაფანაკანიანი, ა. აბრამიანი, ვ. ბჟიკიანი, რ. ჩალტიკიანი და სხვ. სომეხ და ქართველ თეატრის მოღვაწეთა შორის არსებობდა გარკვეული ურთიერთთანამშრომლობა – 1875 სომეხმა მსახიობმა გ. ჩიმიშკიანმა მთავარი როლი შეასრულა ქართული თეატრის სპექტაკლ „პეპოში”, სომხ. თეატრის განვითარებაში სომეხ მოღვაწეებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა მსახიობებმა: ვ. აბაშიძემ, ნ. გოცირიძემ, გ. დარისპანაშვილმა. სპექტაკლები დადგეს რეჟისორებმა: დ. ანთაძემ, დ. ალექსიძემ, გ. ჟურულმა, გ. ლორთქიფანიძემ, ვ. გოძიაშვილმა, ს. ჭელიძემ, ლ. პაქსაშვილმა. სპექტაკლებს აფორმებდნენ მხატვრები: პ. ოცხელი და ი. გამრეკელი; კომპოზიტორები: ა. ბალანჩივაძე, შ. მშველიძე, ვ. აზარაშვილი, გ. ყანჩელი. 1993 თეატრს მიენიჭა პეტროს ადამიანის სახელი. თეატრის საუკეთესო დადგმებია: ა. შირვანზადეს „ნამუსი” (1922, 2000), გ. სუნდუკიანის „პეპო” (1922), ს. შანშიაშვილის „არსენა” (1939), შ. დადიანის „ნაპერწკლიდან” (1939), მ. მრევლიშვილის „ზვავი” (1956), ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის „მე ვხედავ მზეს” (1975), ა. შირვანზადეს „მორგანის მძახალი” (1978), ა. ცაგარლის „ხანუმა” (1995), ჟ. კოქტოს „ადამიანის ხმა” (1997), ა. ცაგარლის და ქ. ბახუტაშვილის „ძველი ვოდევილები” (1999), უ. შექსპირის „ოტელო” (1999), დ. დემირჭიანის „მამაცი ნაზარი” (2000), მ. ფ. ახუნდოვის „ხათაბალა” (2006), გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი” (2012), ა. აივაზიანის „დიპლიპიტო” (2013) და სხვ.
თეატრის დასში მოღვაწეობენ (2014) მსახიობები: რ. ოგანესიანი, ს. შეკოიანი, ფ. აგაჯანიანი, ფ. ხაჩატუროვი, მ. ბარსეგიანი, ლ. მკრტიჩიანი, ე. ხაჩატუროვა, ს. ეღიაზარიანი, ჟ. კარაპეტიანი; რეჟ. და მსახიობი ლ. უზუნიანი; რეჟ. – რ. მათიაშვილი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ა. ბაიანდურიანი.
თეატრში ფუნქციონირებს თეატრ. სტუდია. პ. ადამიანის სახ. თბილისის სახელმწ. სომხ. დრამ. თეატრი ერთადერთი სომხური სახელმწ. თეატრია, რ-იც არსებობს სომხეთის საზღვრებს გარეთ.
მ. გოგოლაშვილი
ზ. სოფრომაძე