თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი, (თბილისის წითელდროშოვანი უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი ბაქოს 26 კომისრის სახელობისა), სასწავლებლის ისტორია დაიწყო 1920 წ. 20 აგვისტოს ასტრახანში, სადაც შეიქმნა აღმ-ის კურსანტთა ბრიგადა, რ-იც მე-11 არმიის რიგებში იბრძოდა რუსეთ-საქართველოს 1921 ომში. 24 თებ. ტაბახმელაზე წითელი კურსანტები დამარცხდნენ ქართვ. იუნკრებთან ბრძოლაში. თბილ. დაკავების შემდეგ კურსანტთა მე-6 პოლკი იუნკერთა სასწავლებლის ყაზარმებში დაბინავდა. 1921 წ. 14 აპრილს პოლკი გადაკეთდა ქვეითმეტყვიამფრქვევთა მე-2 კურსებად. 25 მაისიდან ეწოდა ბაქოს ქვეითმეტყვიამფრქვევთა მე-13 სამეთაურო კურსები. 1922 წ. 7–15 სექტემბერს აქტ. მონაწილეობას იღებდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხევსურეთის აჯანყების ჩახშობაში. ამავე წლის 22 ოქტომბერს კურსები გარდაიქმნა ბაქოს ქვეით სკოლად; მონაწილეობდა 1924 აგვისტოს აჯანყების ჩახშობაში. 1924 წ. 21 ოქტომბერს დაერქვა თბილ. ქვეითი სკოლა. 1927 გადაკეთდა ამიერკავკ. ქვეით სკოლად. 1929 წ. 10 თებერვალს სკოლასთან შეიქმნა საარტ. დივიზიონი და დაიწყო ოფიცერ-არტილერისტთა მომზადება. ამავე წლის 20 ნოემბერს მიენიჭა ბაქოს 26 კომისრის სახელი. 1935 წ. 8 ოქტომბერს გადაკეთდა ამიერკავკ. გაერთიანებულ სამხ. სკოლად. 1937 წ. 16 მარტს დაერქვა თბილ. სამხ. სასწავლებელი. 1938 მოხდა მისი რეორგანიზაცია სამთო-საარტ. სასწავლებლად. მეორე მსოფლიო ომის წლებში სასწავლებელმა ფრონტისათვის მოამზადა 6 ათასზე მეტი არტილერიის ოფიცერი. 1956 წ. 8 ოქტომბერს გადაკეთდა თბილ. საარტ. სასწავლებლად. 1969 წ. 1 ივნისიდან ეწოდა თბილ. უმაღლესი საარტ. სამეთაურო სასწავლებელი (4-წლიანი სწავლებით). პირველი გამოშვება, რ-მაც გაიარა უმაღლესი სასწავლებლის სრული პროგრამა, შედგა 1973. სსრკ-ის დაშლის შემდეგ (1992) სასწავლებელი გადაიტანეს (1993) ქ. ეკატერინბურგში (რუსეთი).
ლიტ.: Б р о н ш т е й н Н. Б., Ц е й т л и н И. С., Тбилисское высшее артиллерийское, Тб., 1990.
მ. წურწუმია