თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი

თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, ქალთა პირველი ღია პედაგოგიური სასწავლებელი ამიერკავკასიაში (დიდი მთავრის ოლღა ალექსანდრეს ასულის უწყებისა). დაარსდა 1865, იღებდნენ 8–18 წლის ასაკის გოგონებს, რ-ებსაც საშინაო და დაწყ. კლასების მასწავლებლებად ამზადებდნენ. სწავლების კურსი 3-საფეხურიანი იყო: ელემენტარული (I–II კლასები), ზოგადი განათლების (III–IV კლასები), სპეც. პედაგოგიკის (V–VI კლასები). სწავლება ფასია­ნი იყო (წელიწადში 200 მანეთამდე), არასავალდებულო საგ­ნე­ბის (გერმ., ფრანგ., სომხ., აზერბ. ენები, ცეკვა, მუსიკა) შეს­წავლისათვის ქირას დამატებით იხდიდნენ. უკანასკნელი (მაღალი) კლასის მოსწავლეები დაწყებით კლასებში პედ. პრაქტიკის გავლის, საცდელი გაკვეთილების წარმატებით ჩატარებისა და გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების შემდეგ საშინაო მასწავლებლის წოდებას ღებულობდნენ. 1870 სასწავლებელს დაემატა VII პედ. კლასი და გადაკეთდა ქალთა პირველ გიმნაზიად. 1873 გიმნაზიასთან გაიხსნა პროგიმნაზია. კურსდამთავრებულები იღებდნენ საშ. განათლებას უმაღლეს სასწავლებლებში შესვლის უფლების გარეშე.

ვ. გაგუა