თბილისის ქართული გიმნაზია, სათავადაზნაურო გიმნაზია , 1878 თბილისში დაარსდა „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოება”, რ-მაც აირჩია გამგე-კომიტეტი (თავ-რე გ. ერისთავი, თავ-რის ამხანაგი კ. მამაცაშვილი, წევრები: ვ. თულაშვილი, ნ. ცხვედაძე, ი. გოგებაშვილი, ლ. მაღალაშვილი, დ. ერისთავი და ნ. ქანანოვი). კომიტეტმა საზ-ბის წესდების საფუძველზე 1879 გახსნა ვაჟთა პირველი ქართ. სათავადაზნაურო დაწყებითი სკოლა; 1884–85 სასწ. წელს სკოლაში გაიხსნა პირველი პროგიმნაზიური კლასები და 1890-იდან უკვე პროგიმნაზიად გადაკეთდა, 1896 დაემატა გიმნაზიური კლასები და 1899–1900 სასწ. წლიდან სასწავლებელი 8-კლასიანი გიმნაზია გახდა. სწავლება მიმდინარეობდა გიმნაზიის საერთო პროგრამით, რ-საც ქართ. ენის, საქართვ. გეოგრ. და ისტ. სწავლება დაემატა. 1900 თ.ქ.გ-თვის დაიწყო ახ. შენობის მშენებლობა ვაკეში. სამშ. კომისიაში შედიოდნენ: ნ. ცხვედაძე (თავ-რე), ე. თაყაიშვილი, კ. ყავრიშვილი და არქიტ. შ. კლდიაშვილი. კომისიის მიზანი იყო ისეთი შენობის აგება, რ-შიც შემდგომ ქართ. უნ-ტი მოთავსდებოდა. 1902 თ.ქ.გ-ში გაიხსნა სამხატვრო კლასი, 1903 – სამკითხველო დარბაზი. იმართებოდა ქართ. და რუს. წარმოდგენები. 1904–05 სასწ. წელს გიმნაზიის მოწაფეებმა გამოსცეს კრებ. „ღელვა” (რედაქტორები: გ. ავალიანი, მ. ზანდუკელი, პ. დადვაძე), 1909–10 სასწ. წელს კი – ნაბეჭდი ჟურნალები: „პირველი ნაბიჯი”, „მოწაფის ნაბიჯი”, „ჩანგი”. ამავე წელს გიმნაზიასთან შეიქმნა მშობელთა წრე (კომიტეტი), რ-ის თავ-რე იყო ვ. ბარნოვი. 1918-თვის გიმნაზიის მოსწავლეთა სოც. შემადგენლობა ასეთი იყო: 201 თავად-აზნაურთა წრიდან, 175 მოქალაქე, 93 მოხელის შვილი, 56 სას. წოდებიდან, 392 გლეხი. 1906-იდან თ.ქ.გ-ის შენობაში განთავსებული იყო თბილ. ქალთა ქართ. გიმნაზიაც, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის მუზეუმი, ხოლო 1915–18 – სამხ. ჰოსპიტალი. 1918 თ.ქ.გ-ის შენობა გადაეცა თბილ. სახელმწ. უნ-ტს. ამ წლიდან 1921-მდე თ. ქ. გ., ვაჟთა VII გიმნაზიის სახელწოდებით, ახლანდ. რუსთაველის პროსპექტის №34 მდებარე შენობაში ფუნქციონირებდა.