თბილისის ქვაბული, მტკვრის ხეობა ზემო ავჭალიდან (ჩრდ-ით) ფონიჭალამდე (სამხრ-ით). სიგრძე დაახლ. 42 კმ, მაქს. სიგანე – 10 კმ. შემოსაზღვრულია: დას-იდან და სამხრ-იდან თრიალეთის ქედის განშტოებებით – საწკეპელას, მსხალდიდის, ლისის, მთაწმინდის, თაბორისა და თელეთის ქედებით; აღმ-იდან – ივრის ზეგნის ჩრდ.-დას. ნაწილით, ჩრდ-იდან – საგურამოს ქედის კალთებით. ქვაბულის ფსკერის დონე 350–450 მ ფარგლებში ცვალებადობს. კალთები ზოგან 600–1500 მ აღწევს. აგებულია უმთავრესად ზედაეოცენური ტერიგენული და ტუფოგენური ქანებით. სამხრ. ნაწილში არის შუა ეოცენის ვულკანოგენური წყება. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია მეოთხეულ (მდინარეულ და ტბიურ) დანალექებს. ქვაბულის ჩრდ. ნაწილი ალუვიური ვაკეა (დიღმის ვაკე). უფრო სამხრ-ით, მტკვრის ხეობაში, კარგადაა გამოხატული ტერასული საფეხურები, რ-ზეც გაშენებულია თბილისი. ქალაქს აღმ-ით, მდ. მტკვრის პარალელურად, მიუყვება მტკვრის ძვ. ხეობა, სადაც ადრე მცირე მლაშე ტბები იყო, ახლა კი, სამგორის სარწყავი სისტემის აგების შემდეგ, თბილისის წყალსაცავია. თ. ქ-ში მტკვარს მარჯვნიდან ერთვის მდ-ები: დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი, მარცხნიდან – გლდანისხევი და ლოჭინისხევი. ტბებიდან აღსანიშნავია ლისისა და კუს ტბები. თ. ქ. ოდესღაც ტყით იყო შემოსილი, რ-იც ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ მთის კალთების მაღალ, ძნელად მისადგომ ნაწილებში. ქვაბულის ფსკერი კულტ. მცენარეულობას უჭირავს, გავრცელებულია აგრეთვე ჯაგეკლიანი სტეპი. აქა-იქ ტუგაის (ჭალის) ტყეებია.
ლ. მარუაშვილი