„თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა“ (სააქციო საზოგადოება), კვების მრეწველობის საწარმო. აშენდა 1940 როგორც თბილისის ჩაის გადამწონი ფ-კა. აფასოებდა შავ და მწვანე ბაიხაოს ჩაის. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში შეადგენდა 5 ათ. ტ დაფასოებულ ჩაის. 1954–55 ჩატარდა ფ-კის ტექ. გადაიარაღება და საწარმოს სიმძლავრემ 10 ათ. ტ დაფასოებული ჩაი შეადგინა, ხოლო 1983–89, რეკონსტრუქციის შემდეგ, მისი სიმძლავრე წელიწადში 21 ათ. ტ-მდე გაიზარდა. ძირითადი პროდუქცია იყო სხვადასხვა ხარისხის ბაიხაოს ჩაი: „საქართველოს თაიგული", უმაღლესი ხარისხის, I, II და III ხარისხისა და სხვ. სანედლეულო რესურსებს იღებდა საქართვ. სხვადასხვა ჩაის პირველადი გადამმუშავებელი ფ-კიდან, აგრეთვე ინდოეთიდან და ჩინეთიდან (როგორც საკუპაჟე მასალას). გამოშვებული პროდუქცია იგზავნებოდა სსრკ-ის რესპუბლიკებსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში.
1990-იდან საწარმოს ჩაის მიწოდება შეუწყდა როგორც შიდა ქსელიდან, ისე უცხოეთიდან. 1993-იდან ფ-კა გასაღების ბაზრის დაკარგვის გამო მუშაობდა 10%-იანი დატვირთვით და წელიწადში უშვებდა 2000 ტ დაფასოებულ ჩაის, რ-იც გადიოდა ძირითადად დსთ-ის ქვეყნებში. 1996 თბილისის ჩაის საწონი ფ-კის ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზ-ბა „თ. ჩ. ს. ფ." ამ პერიოდიდან საწარმო თავისი პროფილით აღარ ფუნქციონირებს.