თბილისის ციხე

თბილისის ციხე (ნარიყალა) რესტავრაციის შემდეგ.

თბილისის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. წავკისისწყლის ­მარცხენა მხა­რეს, სოლოლაკის ქედის უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე, ­მტკვრისკენ სოლივით შეჭრილ მაღალკლდოვან თხემზე. IV–XVIII სს. ქართ. და უცხოენოვან საისტ. წყა­რო­ებ­ში გვხვდება კალის, შურისციხის, ტფილისის ქალაქის, ციხის, მაღლაციხის, ნარიყალის სახელწოდებით. ვარაუდობენ, რომ ციხის ადგილზე დასახლება ძველ­თაგანვე იყო (აღმოჩენილია ძვ. XIII–XII სს. ბრინჯაოს სატე­ვარი).

ძვ. ქართ. საისტ. წყა­როები და მემატიანეები, კერძოდ ლეონტი მროველი, თ. ც-ის დაარსებას სპარსთა მეფის პიტიახშს, 368 ქართლში მოსულ ქრამ ხუარ ბორზარდს მიაწერს: „და აღაშენა ერისთავმან სპარსთამან ტფილისი კართა შორის ციხედ მცხეთისად”. „ქარ­თლის ცხოვრების” ერთ-ერთ ვარიანტში შესაბამისი ადგილი ასე იკითხება (ს): „აღაშენა ერისთავმან სპარსთამან ტფილისის კართა შორის შურისციხედ ციხედ მცხეთისად”. „ქარ­თლის ცხოვრების” ძვ. სომხური თარგმანი კი გვამცნობს, რომ სპარსელებმა „ააგეს ციხე ტფილისის კარს მცხეთის საწინააღმდეგოდ”. მაშასადამე, თბილისი სპარსელი პიტიახშის ადგილსამყოფელი იყო, საიდანაც მას მცხეთაში მყოფი ქარ­თლის მეფის კონტროლი უნდა განეხორციელებინა შურისციხის მეშვეობით. ამასვე იმეორებს ვახუშ­ტი ბატონი­შვი­ლი, ოღონდ „კართა შორის ციხის” ნაცვლად მას „შურისციხეს” უწოდებს. იგი თ. ც-ს „მაღალ ციხედაც” მოიხსენიებს: “... მაღალს ციხეში არს ეკლესია გუმბათიანი წმინდის ნიკოლოზისა და სასახლე მეფისა, პალატნი დიდ-დიდნი და შუენიერნი”. რაც შეეხება ტერმინ „ნარიყალას”, იგი პირველად XVII ს-ში გვხვდება. უნდა აღინიშნოს, რომ XVII–XVIII სს. ყველა მნიშვ­ნელოვან ციხეს (დმანისის, გორის, სიღნაღის და ა. შ.) ჰქონია თავისი ნარიყალა, შემდგომში კი ეს სახე­ლი მხო­ლოდ თ. ც-ს შემორჩა.

VI ს. II ნახევარში თბილ. პოლიტ.-ეკონომიკურად მომძ­ლავრე­ბასთან ერთად გაიზარდა თ. ც-ის სტრატეგიული მნიშვნელობაც. იგი წარმოადგენდა ფეოდ. ქალაქის დომინანტს, მის ძირითად თავდაცვით ნაგებობას. თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მან ­მტრის არაერთი დამანგრეველი შემოსევა განიცადა. პირველი დიდი განსაცდელი თბილისსა და მის ციხეს 627 დაატყდა, როდესაც მას ალყა შემოარტყა ბიზანტ. კეისარ ჰერაკლესა და ხაზართა ხაკან ჯიბღუს გაერთ. ლაშქარმა. სპარსთა დამხმარე რაზმით გაძლიერებულმა ქალაქის დამცველებმა უკუაგდეს მტერი. 628 მოკავშირეებმა ­კვლავ შემოუტიეს კალას, ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლის შემდეგ აიღეს იგი და დაანგრიეს.

მომდევნო საუკუნეებში ქალაქსა და მის ციხეს არაბთა ბატონობის ხანგრძლივი პერიოდი დაუდგა. XI ს-ში ბაგრატ IV-მ არაერთხელ სცადა თბილ. გათავისუფლება. 1045 ქალაქის ბერების მიერ მიწვეულმა ბაგრატმა პირველ რიგში თბილ. მთავარი ციტადელი აიღო, რ-იც მემატიანეს დარიჯელის სახე­ლით აქვს მოხსენიებული. 1122 დავით აღმაშენებელმა ქალაქთან ერთად თ. ც-ც შემოიმტკიცა და მას შემდეგ, მთელი საუკუნის განმავლობაში, ციხესიმაგრეს აღარ განუცდია მტრის შემოტევა.

1226 თბილისს დიდი ძალებით შემოუტია ჯალალედინმა. ქალაქის მაჰმადიანთა დახმარებით, რ-ებმაც ღალატით მოკლეს ციხისთავი მემნა ბოცოს ძე და მტერს გალავნის კარი გაუღეს, ჯალალედინმა მოახერხა ქალაქის აღება (იხ. აგრეთვე სტ. ხვარაზმელები სა­ქარ­თვე­ლო­ში).

შემდეგი დიდი შემოსევა თ. ც-მ განიცადა 1386, თემურლენგის I ლაშქრობის დროს. ნოემბერში მან ალყა შემოარტყა თბილისს. მტერს გაუჭირდა ძლიერ გამაგრებული ციხის აღება. ქალაქის დამცველები მეფე ბაგრატ V-ის მეთაურობით ციხის გალავნიდან გამოდიოდნენ და მის მისადგომებთან ებრძოდნენ მტერს. მაშინ, თემურლენგის ბრძანებით, ქალაქის ირგვლივ კედლის სანგრევი მანქანები განალაგეს და 21 ნოემბერს, სასტიკი ბრძოლის შემდეგ, აიღეს ქალაქი და მისი ციხე (იხ. აგრეთვე სტ. თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში).

1522 თ. ც., ციხისთავის ღალატით, ორი წლით დაიპყრო შაჰ ისმაილ I-მა (ზოგი მოსაზრებით, მისმა მხედართმთავარმა დივ-სულთანმა). 1541 თბილისზე ილაშქრა შაჰ თამაზ I-მა, ამჯერადაც ციხისთავი გულბაათი მოღალატე აღმოჩნდა და ციხე მტერს ჩააბარა. 1578 თ. ც-ს დაეუფლა მუსტაფა ლალა-ფაშა და 1606-მდე ციხეში ოსმალთა გარნიზონი იდგა, შემდეგ კი, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი ყიზილბაშებს ეპყრათ.

როსტომის მეფობის დროს (1632–58) ხიდისყურიდან კალის ციხემდე ზღუდე გაუვლიათ და ქალაქი და ციხე გაუყვიათ. ამის შემდეგ გაჩნდა მიკროტოპონიმი „დაბლა ციხე” – „მაღლა ციხის” საპირისპიროდ. სწორედ ამ ხანებში თბილისში იმყოფებოდა თურქი მოგზაური ევლია ჩელები, რ-მაც დაგვიტოვა ციხის აღწერილობა: „...დიდი ციხე მდინარე ­მტკვრის სამხრეთითაა... ციცაბო კლდეზე... აშენებული. დიდი ციხის გარშემოწერილობა ექვსი ათასი ნაბიჯია, მაგრამ ძველი ნაშენია. კედლის სიმაღლე სამოცი წყრთაა. სამოცდაათი ბურჯი და სამი ათასი ქონგური აქვს. მდინარე მტკვარს წყლისათვის განკუთვნილი ერთი ხვრელიანი კოშკი გადაჰყურებს; ალყის დროს იქიდან იკლავენ წყურ­ვილს. გალავნის შიგნით ექვსასი ბანიანი სახლია. ხანის სასახლე ამ ციხეშია. ჯამე, ქარვასლა, აბანო და მცირე ბაზარი აქვს... დიდი ციხის აღმოსავლეთით ბუნებრივი ცხელი წყალია”. როგორც ჩანს, თ. ც-ის აღწერისას ევლია ჩელების სწორედ „დაბლა ციხე” ჰქონდა მხედველობაში. გაზვიადებულად უნდა მივიჩნიოთ მის მიერ მოწოდებული ციხის გალავნის სიმაღლეც.

1747–48 ციხესიმაგრეები: თაბორი, მეტეხი, ნარიყალა აბდულაბეგის მომხრე ყიზილბაშებს ეკავათ. ერეკლე II-მ თავდაპირველად თაბორის და მეტეხის ციხეები აიღო, შემდეგ – დაბლა ციხე, ბოლოს კი ნარიყალაც დაიკავა და ყიზილბაშებს სა­ბო­ლო­ოდ ამოუკვეთა ფეხი ამ ადგილებიდან. უკანასკნელი დამანგრეველი შემოსევა თ. ც-მ 1795, აღა-მაჰმადხანის ლაშქრობისას, განიცადა. კრწანისის ომის დროს „სახელოვანი აღალუა ციხისთავი... ნარიყალას ბურჯებიდან ყუმბარას აყრიდა სეტყვასავით სპარსთა რაზმებს...” სპარსელებმა ქალაქის აღების შემდეგ აიკლეს და გაავერანეს ნარიყალა. 1796 სარაიდარებმა ფარსადანამ და სტეფანემ აღადგინეს ბრძოლების დროს დანგრეული ციხის კედლები (იხ. აგრეთვე კრწანისის ბრძოლა 1795).

ქართლ-კა­ხე­თის სამეფოს რუს. იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თ. ც-მ დაკარგა ადრინდ. მნიშვნელობა. 1827 მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა და დაანგრია ციხის კედლები, ბურჯები და კოშკები, შეიწირა სტამბოლის გოდოლის დიდი ნაწილიც. XIX ს. I ნახევარში ციხის ერთ-ერთ შენობაში დენთის საწყობის აფეთქების შედეგად დაინგრა თ. ც-ის თითქმის ყველა ნაგებობა, მ. შ. წმ. ნიკოლოზის ეკლესიაც. საუკუნეთა განმავლობაში ციხე ბევრჯერ დანგრეულა, ასევე ბევრჯერ აღუდგენიათ და გადაუკეთებიათ. ჩვენამდე მოაღწია XII–XIII სს. და XVII ს. ნაგებობათა სახით.

თ. ც. შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ძირითადი ნაწილისაგან. აღმ. ნაწილი გეგმით კვადრატულია (70 მ×70 მ), დასავლეთისა – სწორკუთხა (60 მ×20 მ); ციხის კედლები (სისქე 1,5 მ – 2,0 მ) გამაგრებული იყო მრგვალი და სწორკუთხედი კოშკებით და ბურჯებით. ციხის კედლებში შემორჩენილია 2 კარის ნაშთი. ერთი, „განჯის კარად” წოდებული, ახლანდელი ბოტან. ბაღის მხა­რეს, მეორე, უფრო დიდი – ციხის ჩრდ.-აღმ. მხა­რეს. ამ კართან თ. ც-ის უძველესი (ადრინდ. შუა საუკუნეების ხანის) თლილი ქვის დიდი კვადრებით ნაგები კედლის ნაშთია. ციხის დანარჩენი ნაწილი ნაგებია კვადრ. ფორმის ქართ. აგურით და ნატეხი ქვით, გაჯისა და კირის ხსნარზე. თ. ც. მიუდგომელი იყო. მთაგორიან რელიეფზე განლაგებული საციხო ნაგებობები რთულ სისტემას ქმნიდა. შედარებით ადვილად შესაღწევი გზა დას-იდან იყო, რის გამოც ციტადელი ამ მხა­რეს უფრო მეტად იყო გამაგრებული. ციხის წყლით მომარაგება საგანგებო სისტემით ხდებოდა, არხისა და აკვედუკის მეშვეობით. ეს უკანასკნელი გამოსახულია თბილ. ტურნეფორისეულ (1701) ნახატზე. ციხის ეკლესია დატანილია ვახუშტი ბატონი­შვი­ლის მიერ შედგენილ 1735 გეგმაზე, უფრო გვიან, 1800 კი – ჩუიკოს მიერ შედგენილ გეგმაზეც. ციხის ტერიტორიაზე XX ს. 60–80-იან წლებში ჩა­ტარ­და არქეოლ. გათხრები [იხ. თბილისის დედაციხის (ნარიყალას) არქეოლოგიური გათხრები], გამოვლინდა შუა საუკუნეების სხვა­დასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები, აგრეთვე კერამიკა, მინა, მონეტები. 70–80-იან წლებში მიმდინარეობდა ციხის სარესტავრაციო სამუშაოები. 90-იან წლებში XII–XIII სს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ძვ. საფუძველზე აშენდა ახ. ეკლესია.

წყა­რო: მოქცევაჲ ქარ­თლისაჲ. შატბერდის კრებული, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979; ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­­ შვი­ლის გამოც., ტ. 1, 4, თბ., 1955–73; ქარ­თლის ცხოვრება, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: კვირკველია თ., ძველთბილისური დასახლებანი, თბ., 1985; მესხია შ., გ ვ რ ი ტ ი ­შ ვ ი ­ლ ი  დ., დუმბაძე მ., სურგულაძე ა., თბილისის ისტორია, თბ., 1958; ჯ ა ნ ა ­ შ ი ა  ს., თბილისის ისტორია, შრომები, [ტ.] 1, თბ., 1949.

თ. ბერიძე