გორგონეიონი

გორგონეიონი თიხის ანტეფიქსი გორგონის გამოსახულებით ძვ. წ. III ს. ვანი

გორგონეიონი, გ ო რ გ ო ნ ი ს ი ( ბერძნ Gorgōn - გორგონა), ნიღაბი მედუზა გორგონის გამოსახულებით. ანტიკურ პერიოდში წარმოადგენდა ავი თვალისაგან დასაცავ სიმბოლოს, მოგვიანებით მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია დარჩა. იგი გამოისახებოდა ბრინჯაოს კრატერებზე, მოხატულ ლარნაკებზე, არქიტექტურულ ტერაკოტასა და ფრონტონის სკულპტურულ შემკულობაზე. მეტად პოპულარული იყო ჯერ კიდევ არქაული ხანის საბერძნეთში. ძვ. წ. VII ს. დასასრულისათვის უკვე შემუშავდა მისი იკონოგრაფიული ტიპი. მას გამოსახავდნენ მრგვალი სახით, დიდი, გამობურცული თვალებით, მოცინარი პირითა და დაკრეჭილი კბილებით (ზოგჯერ სპილოს ეშვის მსგავსი). გორგონს ენა გარეთ აქვს გამოყოფილი, დიდი ცხვირი კი – დაბრტყელებული. შუბლზე კულულები გველების სახით არის გამოსახული, მედუზა ხშირად წვეროსანია. ძვ. წ. V ს-თვის გორგონის ახ. ტიპი გაჩნდა, რ-ის მიხედვითაც იგი უკვე ლამაზი ქალია. გ. ხშირადაა დატანილი ატიკურ მოხატულ ლარნაკებზე, როგორც ფარის ემბლემა. დაახლ. ძვ. წ. 530 შემდეგ გ. ხშირად გვხვდება ათენას ეგიდაზე, ატიკურ წითელფიგურულ ლარნაკებსა და ქანდაკებებზე. საქართვ. ტერიტორიაზე გ-ით შემკული ანტეფიქსები აღმოჩენილია ვანის ნაქალაქარზე ძვ. წ. IV ს. პირველი ნახევრის ფენაში, აგრეთვე 1963 ნიჩბისში აღმოჩენილ ბრინჯაოს სურებზე, რ-ებზეც ე. წ. „პათეტიკური ტიპის" გორგონაა გამოსახული, ხოლო თვითონ სურები იტალიკური წარმოების საუკეთესო ნიმუშებს განეკუთვნება. ისინი ავგუსტუსის ხანით, არა უგვიანეს ახ. წ. I ს. პირველი მეოთხედით, თარიღდება.

ლიტ.: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ო., ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო (იბერია), თბ., 1968.

დ. ახვლედიანი