„თბილსრესი“

„თბილსრესი“ (სააქციო საზოგადოება), თბილისის სახელმწი­ფო რაიონული ელექტროსადგური, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი მსხვი­ლი ბაზისური თბოელექტროსადგური. მდებარეობს გარდაბანში, თბილისიდან 36 კმ-ზე. „თ.” კონდენსაციური ტიპისაა. მთელი სიმძლავრე ემსახურება ელექტროენერგიის წარმოებას, ხოლო თბოენერგიას უმნიშვნელო რაოდენობით გამოიმუშავებს. შედგებოდა 10 ენერგობლოკისაგან, ამჟამად მის შემადგენლობაშია 2 მოქმედი ენერგობლოკი. სადგურის დადგმული სიმძლავრეა 272 მეგვტ (2013 წ. 1 იანვრის მდგომარეობით).

1958 წ. მაისში საკავშ. მთავრობამ გადაწყვიტა თბილ. მახლობლად ელექტროსადგურის აშენება. 1958 წ. ივლისში საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით ელექტროსადგურის ასაშენებლად გამოიყო მიწის ნაკვეთი მცხეთის რ-ნში, ზაჰესთან ახლოს, მაგრამ იმის გამო, რომ სადგურის ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ მოსალოდნელი იყო დედაქალაქის ეკოლ. დაბინძურება, მთავრობამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და 1959 წ. მაისში სადგურის ასაშენებლად სა­ბო­ლო­ოდ შეარჩია რუსთავი (გარდაბნის რ-ნი).

„თ-ის” მშენებლობა დაიწყო 1960 წ. მარტში. პირველი სამი ენერგობლოკი 1963–65 ამოქ­მედდა, რ-თა სიმძლავრე 450 (3×150) ათ. კვტ შეადგენდა, ხოლო 1967–72 მათ დაემატა კიდევ 800 (5×160) ათ. კვტ სიმძლავრის ხუთი ბლოკი. თბოელექტროსადგურის ამოქმე­დება ახ. ნაბიჯი იყო სა­ქართვ. ელექტროენერგეტ. განვითარებაში. მისმა ამუშავებამ ელექტროენერგიის წარმოებაში მკვეთრად შეცვალა ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოსადგურების სიმძლავრეებს შორის მანამდე დამყარებული პროპორცია. თუ 1963 თესების ხვ. წ. ელექტროენერგიის საერთო გამომუშავებაში იყო 36,9%, 1970 წ. – 70,5%, 1975 წ. – 77,9%-მდე გაი­ზარდა. აქედან ძირითადი წილი „თ-ზე” მოდიოდა. თავისი არსებობის ისტორიაში „თ-მა” ყველაზე მეტი ელექტროენერგია – 7763 მლნ. კვტ.სთ –1977 წ. გამოიმუშავა.

1990–94 ჩა­ტარ­და “თ-ის” რეკონსტრუქცია-გაფართოება. ამის შედეგად ექსპლუატაციაში შევიდა ახალი თაობის ზეკრიზისული პარამეტრებით მომუშავე მე-9 (1991) და მე-10 (1994) ენერგობლოკები, თითოეული 300 მეგვტ სიმძლავრის. 2000 წლის აპრილში აღნიშნული ბლოკები შეიძინა ამერ. კომპანიამ „ეი-ი-ეს-მა” და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს „ეი-ი-ეს–მტკვარი”. 2004-იდან მისი მეპატრონეა რუს. კომპანია „რაო-ე-ესი” (შემ­დგომში „ინტერრაო”), რ-იც ფუნქციონირებს შპს „მტკვარი–ენერგეტიკის” სახელწოდებით.

1998 წ. მაისიდან თბილ. სახელმწ. რაიონული ელექტროსადგურის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „თ.” მის შემადგენლობაში დარჩენილი რვა ბლოკიდან მთლიანად ამორტიზებულია ექვსი და შედარებით ქმედითუნარიანია ორი (N3, N4).

საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში №10 ­ბლოკის მწყობ­რიდან გამოსვლისა და საწვავის (ბუნებრივი გაზისა და მაზუთის) ქრონიკული ­დეფიციტის გამო სადგურში მკვეთრად იცვლებოდა ელექტროენერგიის გამომუშავება. „თ-ის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია (მლნ. კვტ.სთ): 1965 წ.–1447,0; 1970 წ.–4946,3; 1975 წ.–7723,9; 1980 წ.–6734,7; 1985 წ.–6948,9; 1990 წ.–5578,1; 1995 წ.–699,2; 2000 წ.–1520,1; 2005 წ.–292,1; 2010 წ.–90,6; 2012 წ.–1106,2; 2013 წ. – 816,8. „თ-ის” წილი სა­ქართვ. ელექტროენერგიის საერთო გამომუშავებაში შეადგენს 8,3 %-ს, ხოლო თბოსადგურებში – 48,1%-ს (2013).

„თ-ის” ქმედითობა მნიშვნელოვნად განაპირობებს სა­ქარ­თვე­ლოს ელექტროენერგიით უზრუნ­ველ­ყოფის დონეს, ამიტომ მისი ნორმალური მუშაობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი პირობაა.

დ. ჩომახიძე