„თბილქალაქმშენი“, დედაქალაქის მთავარი სამშენებლო ორგანიზაცია. შეიქმნა 1925. წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელი ერქვა („ახალმშენი”, „სკოლმშენი”, „თბილმშენი”, „მთავართბილმშენი”). „თბილმშენი” შეიქმნა 1935. 1947 მას შეუერთდა ტრესტი „ინჟმშენი”. 1957 „თბილმშენი” გადაკეთდა საცხოვრ. და სამოქალაქო მშენებლობის სამმართველოდ – „მთავართბილმშენად”, რ-საც 1959 გამოეყო „თბილგაზმშენი”. 1963-იდან „მთავართბილმშენი” საქართვ. მშენებლობის სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა; მას ევალებოდა ქალაქის მეურნეობის რეკონსტრუქცია, საცხოვრებელი, კულტ. და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, დაგეგმარება და ა. შ. 30-იან წლებში აიგო „იმელისა” და ცირკის შენობები, ფუნიკულიორის ზედა პლატო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ახლანდ. თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის აღმართს. განსაკუთრებით მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში: აშენდა კინოთეატრი ს. შაუმიანის ქუჩაზე (ახლანდ. ქეთევან დედოფლის გამზირი), „საქჩაის სახლი”, სკოლები, საცხოვრ. სახლები, სპორტის სასახლე, სას.-სამ. ინ-ტი დიღომში, ქორწინების სახლი დ. უზნაძის ქუჩაზე, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, სასტუმროები: “საქართველო”, “ივერია”, „აჭარა”, „აფხაზეთი”, ფიზკულტ. და ვეტ. ინ-ტები, თსუ-ის მაღლივი კორპუსი, საცურაო აუზი ვაკეში, მეტეხის, ვერის, დიდუბის (ახლანდ. გალაკტიონის სახ.) ხიდები, ყველა კომუნიკაცია მტკვრის სანაპიროზე; ხელნაწერთა ინ-ტი; განახლდა ლოკომოტივის ძვ. სტადიონი, დაიდგა შოთა რუსთაველისა და ა. გრიბოედოვის ძეგლები; აშენდა ტელეცენტრი, კავშირგაბმ. სამინისტროს, სამეცნ.-ტექ. ბიბლიოთეკის, ჭადრაკის სასახლის შენობები; საცხოვრ. მასივები და სახლები (საბურთალო, ნუცუბიძის ზემო პლატო, ვარკეთილი, ვაზისუბანი, „სამგორი”, „თემქა”, „მუხიანი”, გლდანი, დიღომი, დიდი დიღომი, ყოფ. მერვე ლეგიონი, ქვემო და ზემო ფონიჭალა ხევძმარი, ვაშლიჯვარი და სხვ.). „მთავართბილმშენის” ხელმძღვანელები სხვადასხვა დროს იყვნენ: კ. მორეტი, ა. ჩიტაშვილი, გ. ვაშაკიძე, გ. კვიჭიძე, ი. ქევხი შვილი, თ. ჯანაშია, ა. თოფურია. 1975 „მთავართბილმშენს” სახელწოდება შეეცვალა და „თბილქალაქმშენი” დაერქვა.
1995 გაერთიანება „თ.” დაიყო სააქციო საზოგადოებებად, შეიქმნა 17 სააქციო საზ-ბა, 1997 კი მოხდა მათი პრივატიზაცია.
იხ. აგრეთვე სტ. თბილისი (თავი არქიტექტურა).