თედორე ივანეს ძე, (31. V. 1557 – 6. I. 1598), რუსეთის მეფე 1584–98, ივანე IV მრისხანისა და ანასტასია რომანოვას ვაჟი, რიურიკთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.
თ. ი. ძ-ის მეფობაში ქვეყნის სამეურნეო ცხოვრებას აღმავლობა დაეტყო, რუსეთ-შვედეთის ომის (1590–93) შედეგად რუსეთმა დაიბრუნა ლივონიის ომის (1558– 83) დროს დაკარგული მიწები ბალტიისპირეთში, გაცხოველდა ურთიერთობა კავკასიასთან, განსაკუთრებით – კახეთის სამეფოსთან. კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ელჩებისა და რუსი ელჩების ინტენს. მიმოსვლას მოჰყვა კახეთ-რუსეთის სამხ. კავშირის დადება და კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლა (1587). რუს. მეფე კისრულობდა კახეთის დაცვას საგარეო მტრებისაგან. 1587–89 კახეთ-რუსეთის ხელშეკრულება რამდენადმე ზღუდავდა კახეთის მეფის დამოუკიდებლობას საგარეო პოლიტიკის სფეროში. 1590-იდან თ. ი. ძ. თავის თავს „ივერის ქვეყნისა და ქართველი მეფეების ხელმწიფეს" უწოდებდა.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII საუკუნეთა მიჯნაზე, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.4, თბ., 1973.
ნ. ნაკაშიძე