თევდორე

თევდორე, დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი. მოღვაწეობდა XI ს. დასასრ. და XII ს. I ნახევარში. მოხატა ზემო სვანეთის 4 ეკლესია: იფრარის, კვირიკესი და ივლიტესი (ლაგურკა), ნაკიფარისა და წვირმის. ამ ოთხი ძეგლიდან თევდორეს სახელი მოხსენიებულია იფრარისა და ნაკიფარის წარწერებში, დანარჩენი ორი მოხატულობა მკვლევართა მიერაა თევდორესათვის ან მისი მოწაფეებისათვის მიკუთვნებული. მხატვრ. თავისებურების მიხედვით ყველაზე ადრინდელია სოფ. იფრარის (კალის თემი) მთავარანგელოზთა ­ერთნავიანი ეკლესიის მხატვ­რო­ბა. სხვა სვანურ ძეგლებთან შედარებით ეკლესია უხვადაა განათებული. მოხატულობა ძირითადად კარგად არის შემონახული. კანკელის ფრესკულ წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესია მოხატა მეფის მხატვარმა თევდორემ 1096. მოხატულობა მკაცრი და მონუმენტურია. მიუხედავად იმისა, რომ მხატვ­რო­ბაში დეკორ.-ხაზობრივი დინამიკა ჯერ კიდევ თავშეკავებულადაა გამომჟღავნებული, ოსტატი მაინც ცდილობს მოცულობის გადმოცემას, რასაც აღწევს კიდეც ფიგურათა სამოსლის დამუშავებით. ასევე კანკელის ფრესკული წარწერით დასტურდება, რომ თ-ს მოუხატავს წმ. კვირიკესა და ივლიტეს ერთნავიანი ეკლესიაც (კალის თემი). შ. ამირანა­შვი­ლი მხატვ­რო­ბას 1112 წლით ათარიღებს. იფრართან შედარებით ლაგურკის მოხატულობაში უფრო ძლიერია ემოციური მხარე – მეტია დინამიზმი, დეკორაციულობა, ნახატი უფრო თა­ვი­სუ­ფალი და ცოცხალია. თ-ს მოხატული მესამე ეკლესია სოფ. ნაკიფარშია (იფარის თემი). წარწერის თანახმად, მხატვ­რო­ბა 1130 ეკუთვნის. ფრესკები ძირითადად კარგად არის შენახული, მოხატულობის მონუმ. განყწობილება, კოლორიტი და ხატვის მანერა (ფერადოვანი ლაქების განაწილება) წინა ორ მხატვ­რო­ბას ჰგავს, თუმცა სხვაობაც შეიმჩნევა. ნაკიფარის მხატვ­რო­ბაში, რ-იც ქრონოლოგიურად იფრარისა და ლაგურკის მხატვრობის შემდეგდროინდელია, კარგად ჩანს მხატვრის ევოლუცია, უფრო ძლიერადაა განვითარებული ემოციური მხა­რე, დრამატიზმი. იგი თავისი სტილით ახლოსაა ბეთანიისა და ყინწვისის მხატვ­რო­ბასთან. არის მოსაზრება (თ. ვირსალაძე), რომ სოფ. წვირმის (იფარის თემი, ნაკიფარიდან 2 კმ-ზე) მაცხოვრის ეკლესიის მხატვ­რო­ბაც თ-ს ეკუთვნის. მხატვრობის მანერა, კოლორიტი, თემის იკონოგრაფიული გადაწყვეტა მართლაც ახლოსაა თ-ს მხატვ­რობასთან. თ-ს მიერ შესრულებული კომპოზიციების ფიგურათა მოძრაობა მსუბუქი და თა­ვი­სუ­ფა­ლია, უარყოფილია სახეთა გადმოცემის ტრად. სტატიკურ-ფრონტალური მანერა, რ-იც ადრინდ. ეპოქისათვის იყო დამახასიათებელი. ფიგურათა სამოსლის მოხაზულობა, ნაოჭების რთული და დეტალური დამუშავება სწორად გადმოგვცემს ადამიანის ტანის აგებულებას. თ. ძლიერი ინდივიდუალობის მხატვარია, მისი შემოქმედება XI–XII სს. ქართ. მონუმ. მხატვრობის დიდი მიღწევების მაჩვენებელია.

ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა ­შ ვ ი ­ლ ი  შ., ქართუ­ლი ხელოვნების ისტორია, თბ., 1971; ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; Аладашвили Н., А л и б е г а ш в и л и  Г., В о л ь с к а я  А., Росписи художника Тевдоре в Верхней Сванетии, Тб., 1966; მ ა თ ი ვ ე, Живописная школа Сванети, Тб., 1983.

ნ. ალადა­შვი­ლი