თევდორე კველთელი

თევდორე კველთელი (გ. 1609), სოფ. კველთის მღვდელი. XVII ს. დასაწყისში სამცხე-საათაბაგო ოსმალებს ჰქონდათ დაპყრობილი. 1609 ისინი ქართლშიც შემოიჭრნენ. ლუარსაბ II ამ დროს საზაფხულო რეზიდენციაში – ცხირეთში იყო მცირე ამალით.

ოსმალები შემოვიდნენ ქარ­თლის საზღვრებში, გამოიარეს ჯავახეთი, თრიალეთი და მანგლისს მოადგნენ. გადაწვეს სოფლები და გადარჩენილი მოსახლეობა ტყვედ ჩაიგდეს. საყარაულო რაზმებმა იარალისა და ზაქარიას მეთაურობით გვიან შეიტყვეს ­მტრის შემოსვლა, რ-იც ცხირეთისაკენ ცდილობდა გაჭრას. სოფ. კველთასთან ოსმალებმა შეიპყრეს „მღვდელი ერთი, სა­ხე­ლით თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღმრთისა" და მეფის სამყოფისაკენ გაძღოლა უბრძანეს. თ. კ-მ სათანადოდ შეაფასა მდგომარეობა და მტერი სხვა გზით წაიყვანა – გოსტიბიდან ერთაწმინდაზე ჩამოიყვანა, ცხირეთს გზა აუქცია და სოფ. ქვენადრისისაკენ წაუძღვა. მეფესთან მყოფ გიორგი სააკაძესა და სარდალ ზაზა ციცი­შვილს ამ დროს ჯარის მომზადების საშუალება მიეცათ. ოსმალები ცხირეთს საკმაოდ დაშორებულები იყვნენ, როდესაც მღვდლის საქციელს მიხვდნენ. მათ თ. კ. აწამეს და თავი მოჰკვეთეს.

თ. კ. სა­ქარ­თვ. მართმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად.  წმინდა მოწამე თევდორე მღვდლის ხსენების დღეა 8(21) ივნისი.

წყა­რო: ბერი ეგნატა­შვი­ლი, ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქარ­თ­ლის ცხოვრება, ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ.,–ათე­ნი, 2003.

მ. ზალდასტანიშვილი