თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (5. I. 1862, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 21. II. 1953, თბილისი), ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918–21, 1945). 1883 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1887 – პეტერბურგის საიმპერატორო უნ-ტის ისტორია-ფილოლ. ფაკ-ტი მეცნ. კანდიდატის ხარისხით. შემდეგ თ. სამშობლოში დაბრუნდა და 1887–94 თბილ. სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში ასწავლიდა ბერძნ. და ლათ. ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. 1894–1904 იგი სათავადაზნაურო გიმნაზიას ხელმძღვანელობდა.
თ. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშობაში, რ-ის გამგეობის წევრად დაუსწრებლად აირჩიეს 1888. XIX ს. 90-იანი წლებიდან მუშაობა დაიწყო საქართვ. სიძველეთა შეკრებისა და მათი მეცნ. დამუშავებისათვის. პირველი შედეგები 1890 გამოაქვეყნა „ივერიაში” („საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” წიგნსაცავებში არსებული ხელნაწერთა აღწერილობები), გამოსცა „სამი ისტორიული ხრონიკა” (მოქცევაჲ ქართლისაჲ, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, მესხური მატიანე). 1899–1915 თ-ის რედაქტორობით გამოიცა დოკუმენტთა კრებ. „საქართველოს სიძველენი” (ტ. 1–3).
თ-მა შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“ (1888), ახლებურად წაიკითხა და დაათარიღა შატბერდული „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“ (1891), „სიბრძნე ბალავარისა” (1895), „მელის წიგნი” (1899), „თიმსარიანი” (1903); მეცნიერულად აღწერა „აბდულმესიანის”, „თამარიანის”, „ამირანდარეჯანიანის”, „როსტომიანის”, „შაჰნავაზიანის”, „ბარამიანის”, „ქილილა და დამანას” და ძვ. ქართ. მწერლობის სხვა ძეგლების ხელნაწერები. დიდ ყურადღებას აქცევდა ქართვ. ხალხ. სიტყვი ერების ნიმუშების შეკრებას და გამოცემას, რედაქტორობდა „ხალხური სიტყვიერების” ორტომეულს (1915–18), აღმოაჩინა და მეცნ. კომენტარებით გამოაქვეყნა ქართ. სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი „გარიგება ჴელმწიფის კარისა” (1920), შეაგროვა და აღწერა „ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერთა ერთი ნაწილი – თავი მოუყარა 17 ხელნაწერს (1646 – უძველესი, 1680 – გიორგი XI-თვის გადაწერილი), რ-თაგან ბევრი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; სულ 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები, გადაარჩინა პელაგია წერეთლისეული ხელნაწერი; ერთ-ერთმა პირველმა შენიშნა, რომ ვახტანგ VI-ის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსანი” ვრცელი ხელნაწერების შემოკლებულ რედაქციას უნდა წარმოადგენდეს. შეისწავლა ბარათაშვილისეული, დადიანისეული, რუმიანცევისეული, ჯანაშვილისეული და მარიამისეული „ქართლის ცხოვრების” ტექსტები (უკანასკნელი გამოაქვეყნა 1906).
1892 თ. ი. ჭავჭავაძესთან ერთად მონაწილეობდა განჯიდან თბილისში ნ. ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში. მისივე რედაქტორობით წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზ-ბამ გამოსცა ნ. ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული. დიდი მნიშვნელობა აქვს თ-ის ნაშრომებს: „არქეოლოგიური ექსკურსიები” (წგ. 1–5, 1905–15), „ხელნაწერთა აღწერილობანი” (ტ. 1–4, 1902–12).
თ. ეწეოდა ფართო არქეოლ. საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა წინაქრისტ. ხანის სასაფლაო დებედის ხეობაში, სოფ. ვორნაკში. დიდი წვლილი მიუძღვის ახალგორის განძის შეგროვებასა და დაცვაში. მან კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს, განძის უმეტეს ნაწილს თავი მოუყარა და საბოლოოდ კავკ. მუზეუმში დააბინავა. მნიშვნელოვანი იყო თ-ის არქეოლ. მოგზაურობა სამხრ. საქართველოში, პირველი ექსპედიცია შედგა 1902 (თ-თან ერთად იყვნენ ხუროთმოძღვარი ს. კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ა. მამუჩაიშვილი). გამოკვლეულ იქნა ახალციხისა და ახალქალაქის, აგრეთვე არტაანისა და ოლთისის ოლქების ზოგიერთი ძეგლი. 1907 თ-მა შეისწავლა არტაანის ოლქის კოლის რ-ნის ძეგლები და დაასრულა ოლთისის ოლქის ძეგლების შესწავლა (თ-თან ერთად ექსპედიციაში იყვნენ ხუროთმოძღვარი ა. კალგინი და ფოტოგრაფი ვ. ლიოზენი). განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თ-ის მიერ 1917 მოწყობილ ექსპედიციას (ხუროთმოძღვარი ა. კალგინი, მხატვრები: დ. შევარდნაძე, ლ. გუდიაშვილი და მ. ჭიაურელი), რ-ის დროსაც შესწავლილ იქნა ხახულის, იშხნის, ოშკის, ექექისა და სხვ. ტაძრები, ოთხთა ეკლესია, თორთომის ციხე და სხვ. თ-მა აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა, გაარკვია ლიტ-რაში მანამდე უცნობი ზოგიერთი მონასტრის სახელი, თ-ის არქეოლ. მოგზაურობებმა დიდი როლი შეასრულა ქართ. კულტ. ძეგლების აღწერის, აზომვისა და შესწავლის საქმეში (შეისწავლა მოხატულობა, ჭედური ხატები, საეკლ. ჭურჭელი, მინიატიურები). თ-ის ნაშრომი „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის” დაჯილდოებულია რუს. საიმპერატორო არქეოლ. საზ-ბის დიდი ოქროს მედლით (1911 წ. 28 მარტი).
1907 ისტ. მოყვარულთა წრის ბაზაზე თ-მა დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება (პირველი თავ-რე იყო 1921 წლამდე, ემიგრაციაში წასვლამდე) და მისი პერიოდული გამოცემა „ძველი საქართველო” (ტ. 1–4, 1909–15).
თ. იბრძოდა საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად, აქტიურად მონაწილეობდა თბილ. უნ-ტის დაარსებაში. იგი თავმჯდომარეობდა უნ-ტის დამფუძნებელთა პირველ შეკრებას 1917 წ. 12 მაისს, რ-იც შედგა თბილისში, პ. მელიქიშვილის ბინაში. თ. იყო ახლად დაარსებული უნ-ტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი, არქეოლ. კათედრის გამგე. ივ. ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე აირჩიეს „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების” კომისიაში. 1918 წ. 21 მაისს უნ-ტის საბჭომ მას დისერტაციის დაუცველად (Honoris Causa) მიანიჭა დოქტორის ხარისხი. თ-ის სასწავლო კურსი, არქეოლ. გარდა, მოიცავდა უძველეს წარწერებს, ხელნაწერებს, სიგელ-გუჯრებს, სა ქართვ. ეკლესია-მონასტრების ისტორიას და სხვ.
1918 წ. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თ. გახდა საქართვ. დემოკრ. რესპ. დამფუძნებელი კრების დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ გადაწყდა ეროვნ. განძის საზღვარგარეთ გატანა, რ-ის მეთვალყურედ დამფუძნებელმა კრებამ თ. დანიშნა. 1921 იგი განძთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა. ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგად თ-მა საქართვ. საგანძური (ძვირფასი ნივთები და ხელნაწერები თბილ. მუზეუმებიდან, სურათები ეროვნ. გალერეიდან, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, სახაზინო ქონება, ბორჯომის სასახლის ქონება მდიდარი ბიბლიოთეკებით და სხვ.) მეტად რთულ პირობებში დაიცვა – გაუძლო ინგლისისა და აშშ-ის მუზეუმების შემოტევებს (გარკვეული ნაწილის გაღების სანაცვლოდ დანარჩენი განძის უფასოდ შენახვის პირობა და ა. შ.), მეორე მსოფლიო ომის წლებს, როდესაც საშიშროება იყო, გერმანელებს განძი ოკუპირებული საფრანგეთიდან გაეტანათ.
თ. ემიგრაციის წლებშიც ინტენს. სამეცნ. მუშაობას ეწეოდა – მოიძია და გამოაქვეყნა საფრანგეთის საცავებში შემონახული ქართ. ხელნაწერები, აქტიურად მონაწილეობდა სამეცნ. ორგანოების („ბიზანტიონი”, „გეორგიკა” და სხვ.) საქმიანობაში, აქვეყნებდა გამოკვლევებს საქართვ. ისტორიასა და წყაროთმცოდნეობაში (იხ. თ-ის ნაშრომები: „სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები”, ნაწ. I, პარიზი, 1929; „ქართული სიძველენი ევროპელ ანტიკვარებთან”, პარიზი, 1929; „პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართ. ხელნაწერები და ოცი ქართული საიდუმლო დამწერლობის ნიშანი”, პარიზი, 1933; „მეფეთა და კათალიკოზთა სულთა მატიანე ნიკორწმინდის ხელნაწერში”, პარიზი, 1939 და სხვ.). მის ნაშრომებში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ცნობების შემცველი მასალა, რ-ის შუქზეც ახლებურად გამოიყურება ზოგიერთი ისტ. ფაქტი, ნათელი ხდება ესა თუ ის მოვლენა, ზუსტდება თარიღები, დგინდება ამა თუ იმ ისტ. პირის ვინაობა. თ. იყო პარიზის ნუმიზმატთა საზ-ბისა (1922) და პარიზის სააზიო საზ-ბის წევრი (1925). 1937–39 ხელმძღვანელობდა „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდს”.
1944 ბოლოს, განძის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თ. შეხვდა სსრკ ელჩს საფრანგეთში ა. ბოგომოლოვს და გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ შ. დე გოლის სახელზე, რ-ის მოსკოვში ვიზიტისას ეს საკითხი დადებითად გადაწყდა. 1945 წ. 11 აპრილს მთელი განძი უკლებლივ დაუბრუნდა საქართველოს.
1945 წ. 10 მაისს თ. აირჩიეს თსუ-ის პროფესორად, 1946 – საქართვ. მეცნ. აკად. ნამდვილ წევრად. 1949 წ. 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ ოფიციალურად დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება. ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ იგი თანამშრომლობდა მეცნ. აკად., უნ-ტისა და სახელმწ. მუზეუმის სამეცნ. ორგანოებთან.
ცხოვრების ბოლო პერიოდში თ. სახელმწ. უშიშროების მიერ იზოლაციაში მოექცა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა.
დაბადებიდან 100 წლის თავზე თ-ის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. 2000 წ. 5 მაისს მეუღლესთან ერთად დაიკრძალა მთაწმინდის პანთეონში. მისი მოღვაწეობის შესახებ გადაღებულია დოკ. ფილმი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი” (1985, რეჟ. რ. თაბუკაშვილი). მუზეუმები გაიხსნა თ-ის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილზე, თბილისში (ვაშლოვანის ქ. № 7) და მშობლიურ სოფელ ლიხაურში. მის სახელს ატარებს გურიანთავაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი გურიაში, მწვერვალი კავკასიონზე, ქუჩა თბილისში. თ-ის ძეგლები დგას თბილისსა და ქუთაისში. მიენიჭა საქართვ. ეროვნ. გმირის წოდება (26. X. 2013). 2013 წელი იუნესკოს ეგიდით თ-ის საიუბილეო წლად გამოცხადდა. 2002 წ. 17 ოქტომბერს საქართვ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ თ. წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ხსენების დღეა 3(16) იანვარი, დაწესდა „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის” მედალი. მის სახელზე აიგო ტაძრები თბილისსა (2008) და კიკეთში (2010).
თხზ.: 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ., 1960; რჩეული ნაშრომები, ტ. 1, თბ., 1968; თხზულებანი, 12 ტომად, თბ., 2016 - 22.
ლიტ.: აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის არქივი, ე. კელენჯერიძის გამოც., თბ., 1972; აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა. სტ. კრებული, თბ., 1966; მ ე გ რ ე ლ ი ძ ე ი., ექვთიმე თაყაიშვილი, თბ., 1990; მეტრეველი რ., ბადრიძე შ., ექვთიმე თაყაიშვილი, თბ., 1962; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ა., ექვთიმე თაყაიშვილი, თბ., 1977; ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებისა და ნათლობის თარიღების საეკლესიო ჩანაწერი, იხ. კრ.: „დიდი ექვთიმე”, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2014. ექვთიმე თაყაიშვილი. ბიობიბლიოგრაფია, რედ. რ. მეტრეველი, ი. ღარიბაშვილი, თბ., 2010.
რ. მეტრეველი