თბილელი მარინე სტანისლავის ასული (25. X. 1920, ქ. თელავი, – 24. III. 2002, თბილისი), მსახიობი, საქართვ. სახ. არტისტი (1966). 1940 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტი და იმავე წელს ჩაირიცხა თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის დასში. 1946-იდან კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მსახიობი იყო. 1974-იდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. გამოირჩეოდა ჭეშმარიტი არტისტიზმით, სცენური მომხიბვლელობით, მუსიკალობით, პლასტიკურობითა და გარდასახვის უნარით. როლები: თეკლა ბატონიშვილი (ს. შანშიაშვილის „კრწანისის გმირები“), ფლორელა (ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი“), ლარისა (ნ. ოსტროვსკის „უმზითვო“), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის „რევიზორი“), კეკელა („ძველი ვოდევილები“), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის?!“ მიხედვით), ნათელა (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), მილენინა (ა. გელმანის „დასაწყისი“), იორკის მთავრის მეუღლე (უ. შექსპირის „რიჩარდ III“) და სხვ. 1955-იდან მოღვაწეობდა კინოშიც. მაღალი პროფ. კულტურა, ფაქიზი ირონია მის ეკრანულ სახეებს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებდა. როლები: ბუბუსია („აბეზარა“, 1955), ფატმანი („ბაში-აჩუკი”, 1956), მართა („ქალის ტვირთი”, 1957), ალისა („თოჯინები იცინიან”, 1963), თაშნაურა („ჩირიკი და ჩიკოტელა“, 1972) და სხვ. თ-მა საინტერესო სახეები შექმნა სომხურ ფილმებში: როზალია („პატიოსნებისათვის“, 1955, ერევნის კინოსტუდია), გოჰარი (“დედის გული”, 1958), ზარუი („თორმეტი თანამგზავრი”, 1962) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999) და სხვა სახელმწ. ჯილდოებით.
ლიტ.: გ ე გ ი ა მ., მარინე თბილელი, თბ., 1974.