თბილელი ბერები, შუა საუკუნეების თბილისის საქალაქო თვითმმართველობის წარმომადგენლები. „ტფილელნი ბერნი” და „ქალაქის ბერნი” მოხსენიებული არიან „მატიანე ქართლისაში” XI ს. 40-იანი წწ. მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ტერმინის შესატყვისი უნდა იყოს „ქალაქის თავადნი”, „ქალაქის თავკაცნი”, „ქალაქის უხუცესნი”. ვარაუდობენ, რომ თ. ბ-ის ინ-ტი არაბთა ბატონობის დროს გაჩნდა თბილისის საამიროში. თ. ბ-ს ირჩევდნენ მოქალაქეთა ზედაფენიდან. ისინი ამ ფენის წარმომადგენლები და ინტერესების დამცველნი იყვნენ თბილ. ამირას კარზე, ამდენად მათი ხელისუფლება ქალაქის თვითმმართველობის ორგანოს წარმოადგენდა. თ. ბ. ხშირად უპირისპირდებოდნენ თბილ. ამირებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ისინი ამირათა ხელისუფლების დასუსტების პერიოდში.
XI ს. 80-იანი წლებიდან (ჯაფარიან ამირათა გადაშენების შემდეგ) 1122-მდე (თბილ. გაერთ. საქართველოს სამეფოსთან შეერთებამდე) თ. ბ. თბილ. სრულუფლებიანი გამგებლები გახდნენ. ამ პერიოდში, შ. მესხიას აზრით, თბილისში საქალაქო კომუნა („ქალაქის საბჭო”) არსებობდა.
არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი XII ს. დამდეგს თბილისზე წერდა: „თბილისის ხალხმა ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზისთან კაცი გაგზავნა და სთხოვა ჩაებარებინა თბილისი, რომელიც ორმოც წელს, დაახლოებით, თვით ხალხის ხელში იყო... თითო თვე თითოეული ამ ხალხიდან იღებდა ხელში გამგებლობას და ასე გაატარეს ორმოცი წელიწადი”.
დავით აღმაშენებელმა, აიღო რა თბილისი (1122), იგი სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილა და, ცხადია, ძლიერ შეზღუდა მოქალაქეთა წარმომადგენლობის ხელისუფლება, თუმცა თ. ბ-ის ხელისუფლება თბილ. შემოერთების შემდეგაც არსებობდა, მაგრამ არა წინანდელი უფლებებით.
ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი გ., თბილისის მმართველობა X–XI საუკუნეებში, «თსუ შრომები», 1964, ტ. 108; თბილისის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990; მ ე ს ხ ი ა შ., საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში, თბ., 1962.
მ. ლორთქიფანიძე