თაღლაურის სამაროვანი, ძვ. წ. XIII–XII სს. არქეოლოგიური ძეგლი სოფელ იყალთოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილ თაღლაურში (ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი). 1964 შემთხვევით აღმოჩნდა 1 ორმოსამარხი. 1977 იქვე გამოვლინდა მეორე ორმოსამარხი. შეისწავლა ივ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. ისტორიის არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის კახეთის არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). ორმოსამარხები ოთხკუთხაა. მისი ზომებია: 2მ×1,60მ; 1,80მ×1,30მ. პირველად აღმოჩენილ ორმოსამარხში მიცვალებული ესვენა მარჯვ. გვერდზე, მოხრილი კიდურებით, თავით ჩრდ-კენ, მეორე მიცვალებულის დაკრძალვის პოზის დადგენა არ მოხერხდა. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ დერგი, სადღვებელი, ქილა, ქვაბქოთანა, ქოთანი, ბადია, სურა, სასმისი, აგრეთვე ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევარი, ზამბარისებური სვია, ბოლოებგახსნილი 2 ბეჭედი, შუბისპირი, რ-საც მასრაზე 2 სამსჭვალე ნახვრეტი აქვს და რელიეფური სალტე შემოუყვება. მასალა ინახება თელავის ისტ. მუზეუმში.
ლიტ.: მ ა ი ს უ რ ა ძ ე ბ., იორ-ალაზნის ზემო დინების გვიანბრინჯაორკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1993; ნ უ ც უ ბ ი ძ ე ა., ალაზნის ველის ძვ.წ. XIV–XII სს. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1981.
ც. მენაბდე