თაღი

თაღი თიღვის ამაღლების ეკლესია 1152

თაღი, კედელში დაყოლებული ღიობის ან ორ საბრჯენს (ბოძები, სვეტები, პილონები და სხვ.) შორის მდებარე სივრცის მრუდწირული გადახურვა მალის სიგრძის, დატვირთვისა და დანიშნულების მიხედვით. თ-ს აკეთებენ ქვით, რკინაბეტონით, ლითონით, ხით. თ-ის საბრჯენ კვეთს ქუსლი ეწოდება, ხოლო მის უმაღლეს, შუა კვეთს – კლიტე. მისი მოხაზულობა სხვა­და­სხვაგვარია: ნახევარწრიული (ყველაზე გავრცელებული სახე), ისრული (დამახასიათებელია გოტიკური არქიტექტურისათვის), ნალისებრი (გავრცელებუ­ლია არაბული ქვეყნების არქიტექტურაში), კილისებრი, მრავალფრთიანი მცოცავი (სხვა­და­სხვა სიმაღლის საბრჯენებზე) და სხვ. პირველად თ. (ქვისა) გამოჩნდა ძვ. აღმოსავლეთში, სადაც მშენებლობისთვის ვარგისი ხის უქონლობის გამო ვერ აკეთებდნენ დიდმალიან კოჭოვან გადახურვებს. შემდეგ თ-ს ფართოდ იყენებდნენ ანტ. რომის არქიტექტურაში (შენობები, აკვედუკები, სატრიუმფო თაღები). თ. დღესაც ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან ელემენტად რჩება. ცალკე აღმართული სატრიუმფო ან შენობასთან დაკავშირებული თ. ხშირად განსაზღვრავს ანსამბლის ხასიათს.