თაქ-ქილისა

თაქ-ქილისა. ფერისცვალების ეკლესია. ადრეული შუა საუკუნეები.

თაქ-ქილისა, ქარ­თუ­ლი ხუროთმოძღვრების ძეგლი წალკის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბეშთაშენის მახლობლად. აზერბ. ენაზე ნიშნავს ერთ ეკლესიას. მართლაც, აქ, გზის პირას, დგას ერთი, ადრეული შუა საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა – ფერისცვალების ეკლესია. ინტერიერი ბოძების ორი წყვილით სამ ნავადაა დანაწევრებული. შუა ნავი მაღალია და ფართო. ყოველ ნავს ცილინდრული კამარა ხურავს. ბოძების დას. წყვილსა და მიმდებარე კედლებს შორის, მოგვიანებით ახალი კედლები ჩაუშენებიათ და ბაზილიკის გვერდითი ნავების ბოლოში მცირე სადგომები მოუწყვიათ, რ-ებსაც შესასვლელი ცენტრალური ნავიდან აქვთ. საკურთხეველი ეკლესიის იატაკის მიმართ ერთი საფეხურითაა შემაღლებული. კარი სამხრ-იდან და დას-იდანაა. ეკლესია შიგნით შელესილი და შეთეთრებულია. გარედან კი მოპირკეთებული იყო კარგად დამუშავებული ქვით, რ-ებიც ძირითადად აღმ., დას. და ჩრდ. კედლების ქვედა ნაწილებს შემორჩათ. კედლების დიდი ნაწილი კი, ნატეხი ქვითაა აღდგენილი. აღმ. და დას. კედელში ჩასმულია ქვები, რ-ებზეც ამოკვეთილია ყურძნის მტევნები, მტრედები, იხვები და სხვა გამოსახუ­ლებანი. ეკლესიის კარნიზს თაროს ფორმა აქვს; სახუ­რავი კრამიტისაა. კედლებ­ში, აქა-იქ, ჩასმულია ასომთავ­რულით შესრულებული (თუმცა დაზიანებული) წარწერებიანი ქვები. ეკლესიის სამხრ. შესასვლელის წინ დგას XIX ს. ნათალი ქვით ნაშენი,. თაღებით გახსნილი სამსართულიანი სამრეკლო, რ-ის I სართული ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებს. 1998 ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ეკლესია შეაკეთეს.

ლიტ.: Т а к а й ш в и л и  Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, вып. 4, Тфл., 1913.