თარხანი

თარხანი, (თურქ.), 1. დიდი ფეოდალის სახელი თურქული და მონღოლური მოდგმის ხალხებში; 2. გადასახადებისაგან თა­ვი­სუ­ფა­ლი და გარკვეული პრივილეგიების მქონე პირი, რ-საც ეძლეოდა ­თარხნობის ანუ შეუვალობის სიგელი. მონღოლთა დაპყრობითი ომების შედეგად გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკა­სიასა და რუსეთში. საქარ­თველო­ში თ. და თარხნობა თა­ვი­სუ­ფა­ლისა და შეუვალობის მნიშვ­ნე­ლო­ბით შემოვიდა (დადასტურებულია XIV ს. დოკუმენტში). იხმარებოდა აზატის (იხ. აზატები) სინონიმადაც. თარხნობას ანიჭებდნენ როგორც თავადაზნაურობას, ეკლესია-მონასტრებს, დიდვაჭრებს (შეუვალობის სახით), ისე გლეხებს (ზოგიერთი გადასახადის ამოკვეთის სახით). XVII–XVIII სს. საგლეხო საგადასახადო დავთრებში თ. მსახურის სინონიმად იხმარებოდა (იგულისხმებოდა მე­ბეგრე გლეხის „თავი ბეგრისაგან” გათავისუფლება და მსახურად დადგენა). XVII ს. 30-იანი წლების ბოლოს როსტომ მეფემ გ. სააკაძის ­შვილს – იორამს უბოძა თარხნობა, როგორც საპატიო ტიტული, რაც სააკაძეთა გათავადებას გულისხმობდა. აქედან მომდინარეობს თარხნიშვილების გვარი. თარხნიშვილთა სათავადო სახლის უფროსი XIX სმდე თარხნის ტიტულს ატარებდა.

გ. ჯამბურია